კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აკურთხეს ძალით პეტრე იბერი ეპისკოპოსად და როგორ გახდა ის უშვილოთა იმედი და სნეულთა მკურნალი

მეხუთე საუკუნის დასაწყისში ბიზანტიას მართავდა თეოდოსი მეორე, ხოლო სპარსეთს - იეზდიგერდ პირველი. ორივე ხელმწიფეს სურდა, იბერია მოკავშირედ ჰყოლოდა. ქართლის ერთი ნაწილის ხელმწიფემ – ბუზმარმა, როგორც ქრისტიანმა, ბიზანტია არჩია. მას ჰყავდა ძე, უფლისწული მურვანოსი (მურვანოზი – სირიული წყაროებით – ნაბარნუგი). სხვა ვარიანტით, მურვანოსის მამა მეფე ვარაზ ბაკურია (ვარაზ-ბაქარი). ვარაზ ბაკური მეოთხე საუკუნის ბოლოს მეფობდა ქართლის ნახევარში. 

უფლისწული დაიბადა დაახლოებით 411 წელს. როცა თორმეტი წლის შესრულდა, თეოდოსი იმპერატორის მოთხოვნით, მამამ კონსტანტინეპოლში გააგზავნა შესაბამისი ამალით.

კეისარმა შვილივით შეიყვარა მძევალი. თეოდოსი  და მისი მეუღლე – ევდოქსია ძალიან მორწმუნეები იყვნენ. იმპერატორის აღმზრდელი უფროსი და, პულხერია განსაკუთრებული ასკეტიზმითა და სიწმინდით გამოირჩეოდა. სამეფო კარი თითქმის მონასტრული წესებით ცხოვრობდა. ქართველი უფლისწულიც არ ჩამორჩებოდა მათ. მან გააგრძელა განათლების მიღება, ბრწყინვალედ იცოდა ბერძნული, ასურულიც ისწავლა. იმპერატორის კარზე სწავლულებს ანცვიფრებდა თავისი ცოდნით. 

იმ დროს სპარსეთში ქრისტიანები აწამეს. მათი წმიდა ნაწილები მცხეთის სამეფო კარზე მიაბრძანეს ქრისტიანებმა, მეფემ კი თავის ძეს გაუგზავნა. უფლისწული მათ არ იშორებდა. 

რომ წამოიზარდა იერუსალიმს წასვლა გადაწყვიტა. იმპერატორი ევედრებოდა, არ წასულიყო და მცველები დაუდგინა. მურვანოსის წასვლის წინააღმდეგი იყვნენ მისივე ამალის წევრებიც, რომლებიც უფლისწულს იბერიის მომავალ ლიდერად მოიაზრებდნენ.

მურვანოსი თავის აღმზრდელ და თანამზრახველ მითრიდატე ლაზთან ერთად,  რომელიც ცნობილი ფილოსოფოსი და თეოლოგი იყო დასავლეთ საქართველოდან,  გაეშურა წმიდა ქალაქისკენ. თანამზრახველებმა ნავი იპოვეს და ღმერთს მიენდვნენ. თეოდოსი კეისარმა ბევრი ეძება ისინი, მაგრამ ამაოდ.

უფლისწულს თან ჰქონდა ნაწილი ქრისტეს ჯვრისა, ძელიცხოველს მირონი სდიოდა. 

იერუსალიმში მურვანოს უფლისწული უფლის საფლავზე ბერად ეკურთხა და უწოდეს სახელი პეტრე, მის მსახურს – იოანე (ლაზი).

ოცდახუთი წლის ასაკში წმიდა პეტრე ძვალი და ტყავიღა იყო, იმდენად დაიშრიტა ხორცი. 

პეტრე იბერმა მოწაფეებთან ერთად ააშენა ღვთისმშობლის სახელობის  ქართველთა მონასტერი. შემდეგ წავიდა პალესტინაში, იორდანეს პირას და სხვა მონასტრის შენება დაიწყო. იქვე მოეწყო ქართველთა კოლონია და სკოლა. მასთან ერთად მოღვაწეობდა მისი მოწაფე, ცნობილი მამა ზაქარია ქართველი და სხვები. პეტრე იბერის მიერ აშენებულ მონასტერში ერთ-ერთი უძველესი შემორჩენილი ნიმუშია ქართული დამწერლობისა.

წმიდა მამებმა ეგვიპტეშიც ააშენეს მონასტერი.   

ერთი ერისკაცი მათ საზღვარს ედავებოდა. ერთ დღეს მან მამა იოანეს გაარტყა და მუშები ეკლესიიდან გაყარა. პეტრე ქართველმა ეს რომ გაიგო, თურმე თქვა: „საკვირველი იქნება, თუ ის კაცი არ მოკვდება ამაღამ“. მართლაც, მოჩხუბარი კაცი დილას მკვდარი იპოვეს.

პეტრე იბერმა და იოანე ლაზმა, სხვა თანამოაზრე ქართველებთან ერთად უამრავი საქმე გააკეთეს, ემსახურებოდნენ ქართულ კულტურას და ქრისტიანობას.

გავიდა დრო, წმიდა იოანე ლაზი გარდაიცვალა.

წმიდა პეტრე იბერიელის სახელი განითქვა იერუსალიმში, პალესტინასა და ეგვიპტეში. მას თავისსავე სიცოცხლეში უწოდებდნენ „მსოფლიოში საკვირველად სახელგანთქმულ კაცს“, „მეორე მოციქულ პავლეს“, „ჩვენს პავლეს“, „ახალ მოსეს“... 

ამ დროს გარდაიცვალა ქალაქ მიუმის ეპისკოპოსი. მოქალაქეებმა პატრიარქს სთხოვეს, მამა პეტრე ეკურთხებინა ეპისკოპოსად. იცოდნენ რა პეტრე იბერის პოზიცია, პატრიარქის ბრძანებით იგი უდაბნოში იპოვეს და ძალით წაიყვანეს იერუსალიმს, რადგან ქართველი ბერი წინააღმდეგი იყო ამქვეყნიური პატივის. 

პატრიარქმა პეტრე ქართველი ეპისკოპოსად აკურთხა და გააგზავნა მიუმში, სადაც დიდი პატივით მიიღეს. 

450 წელს გარდაიცვალა იმპერატორი თეოდოსი მეორე. ტახტზე ავიდა მარკიანე კეისარი. 451 წელს ჩატარდა მეოთხე საეკლესიო კრება ქალკედონში, რომელზეც დაიგმო მონოფიზიტობა.

ანტიოქიაში, სირიასა და პალესტინაში ბევრი მონოფიზიტი იყო, რომლებიც აუჯანყდნენ ქალკედონიტებს, დიოფიზიტებს და დიდი ბრძოლები გაუჩაღეს მარკიანეს ჯარებს. რადგან ძალიან ბევრი მონოფიზიტი იყო, მათ მრავალი მართლმადიდებელი მოკლეს. აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებლებიც და მონოფიზიტებიც ცდილობდნენ, პეტრე იბერისადმი დიდი მოწიწება გამოეხატათ, რადგან სახელგანთქმული იყო მისი სიწმიდე და სიბრძნე მთელს ქრისტიანულ სამყაროში. 

წმიდა პეტრე იბერის ბიოგრაფის ცნობით, მამა პეტრემ გამოცხადება იხილა თუ როგორ აჰყავდათ გარდაცვლილ მართლმადიდებელთა სულები ანგელოზებს ზეცაში. 

ექვსი წლის მერე მეფე მარკიანე მოკვდა და კეისრის ტახტზე ავიდა ლეონ პირველი. მწვალებელმა მონოფიზიტებმა დრო იხელთეს და კვლავ არიეს ქვეყანა. მათ ქართველი მღვდელმთავრის, პეტრეს მოკვლა განიზრახეს. მის რეზიდენციასთან ვითომ ავადმყოფი ბავშვი მიიყვანეს და სთხოვდნენ, გამოსულიყო და განეკურნა ის თავისი ლოცვით. წმიდა პეტრე ყველაფერს მიხვდა და გადაწყვიტა, გასცლოდა იქაურობას, რათა მისი მოკვლის გამო უგუნურნი ცოდვაში არ ჩავარდნილიყვნენ.

გზად ერთ ადგილას გაჩერდნენ, შევიდნენ შენობაში წირვის ჩასატარებლად. შენობა საკერპე აღმოჩნდა. მთავარეპისკოპოსი პეტრე არც შეცბუნებულა და მაინც ჩაატარა წირვა. წირვისას ნაკვერჩხალი გადმოვარდა პეტრე იბერიელის საცეცხლურიდან, კერპებს ცეცხლი მოედო და დაწვა, სახლი კი გადარჩა.

ხმა გავრცელდა, რომ პეტრე იბერიელის ლოცვა  უშვილოთა იმედი და სნეულთა მკურნალი არისო და ამიტომ, უამრავი ადამიანი ცდილობდა მასთან მისვლას.

ლეონ კეისარი ჩვიდმეტი წელი მეფობდა. მისი მეფობისას ბიზანტია დაწყნარდა, მართლმადიდებლები გაძლიერდნენ. 474 წელს ლეონ პირველი გარდაიცვალა. ტახტზე ავიდა ლეონ მეორე, მან სულ რამდენიმე თვე იმეფა. იმავე წელს იმპერატორის ტახტი ზენონმა დაიკავა. 482 წელს ზენონ მეფემ სახელგანთქმული წმიდა ესაია და წმიდა პეტრე თავისთან მიიწვია. არც წმიდა პეტრეს და არც წმიდა ესაიას არ სურდათ იმპერატორთან წასვლა. წმიდა ესაიამ ღმერთს ავადმყოფობა სთხოვა, რაც მიიღო კიდეც დროებით, რათა კონსტანტინეპოლში ვერ წასულიყო. წმიდა პეტრე გადაიხვეწა. როგორც ჩანს, მათ არ უნდოდათ, ზენონის მიერ შემოთავაზებული „ჰენოტიკონისთვის“ („შეერთების წერილი”) მოეწერათ ხელი, რაც დიოფიზიტთა და მონოფიზიტთა მორიგებისკენ იყო მიმართული.

კეისარმა ზენონმა მისწერა წმიდა პეტრეს: „ჩემთვის მაინც ილოცეთ!“ ამის მერე ქართველი მეუფე კვლავ დაბრუნდა მიუმში. მიუმის მცხოვრებნი დიდი სიხარულით შეეგებნენ.

გავიდა ხანი, გარდაიცვალა წმიდა ისაია. ქართველი მეუფე თავადაც გრძნობდა ამ სოფლიდან განსვლის მოახლოებას. წმიდა ესაიას და აწ უკვე გარდაცვლილი წმიდა ზენონ სკიტელის მოწაფეები, მოძღვართა ანდერძისამებრ პეტრე იბერიელს დაუმოწაფდნენ. 

  ერთ დღესაც პეტრე იბერიელმა მრევლს განუცხადა, რომ მალე გარდაიცვლებოდა. იმავე ღამეს წმიდა ზენონ სკიტელის მოწაფედყოფილმა ათანასემ ჩვენება ნახა: ათი დღის შემდეგ წმიდა პეტრეს სულს მოიყვანს წმიდა პეტრე ალექსანდრიელი პატრიარქიო და ეს ტირილით უამბო პეტრე იბერიელს. 

  ათი დღის განმავლობაში აღარაფერი ჭამა პეტრე ქართველმა, მხოლოდ ლოცულობდა.  მეათე დღეს გამოაცხადა: „საყვარელნო შვილნო ჩემნო, ამიერითგან მიხილავ“. მოწაფეები და ხალხი ხელებზე კოცნიდნენ და ტიროდნენ. მან ისინი დაამშვიდა, შემდეგ სენაკში შევიდა. როცა მოწაფეები  მის სანახავად შევიდნენ, სენაკში საკმევლის საკვირველი სუნი დახვდათ. პეტრე იბერმა ილოცა და სული ღმერთს მიაბარა.

  სამი დღე ვერ დაკრძალეს იგი, იმდენად დიდი იყო მნახველთა და თაყვანისმცემელთა რიცხვი. წმიდა ცხედრის გარშემო საკმევლის სუნი ტრიალებდა.  

  ასე გარდაიცვალა 491 წელს პალესტინაში, ქალაქ მიუმში ქართველთა მეფის ძე, წმიდა მთავარეპისკოპოსი პეტრე – „სამკაული და სიქადული ქართველთა“. 

 

скачать dle 11.3