კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ თქვა უარი ნოე ჟორდანიამ ნაცისტებთან თანამშრომლობაზე თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და როგორ წაართვა ჰიტლერთან შეთანხმებით 1939 წელს სტალინმა პოლონეთს დასავლეთ უკრაინა

მას შემდეგ, რაც რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობა დაიძაბა და უკრაინის აწ უკვე გადაყენებულმა, რფ-ისთვის კი მაინც მოქმედმა პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა ყირიმის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების სურვილსაც თითქმის დაუჭირა მხარი და უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების შეყვანასაც, მოსკოვმა უკრაინის შემადგენლობაში არსებული ტერიტორიების წარმომავლობაც გაიხსენა. კერძოდ, დასავლეთ უკრაინა, კონკრეტულად გაეროს მიერ აღიარებული უკრაინის სამხრეთ-დასავლეთი, სტალინის მიერ ნაჩუქარ ტერიტორიად შეირაცხა, ჩრდილოეთ-დასავლეთი უკრაინა – რუსეთის მეფეების საჩუქრად, აღმოსავლეთ უკრაინა – ლენინის ფეშქაშად, ყირიმი – ხრუშჩოვისად, საკუთრივ უკრაინად კი მხოლოდ კიევის გარშემო მცირე ტერიტორია მოიაზრა. წინა ნომერში ვისაუბრეთ ყირიმის ნახევარკუნძულის, თავდაპირველად, რუსეთის იმპერიაში, მოგვიანებით, უკრაინის შემადგენლობაში მოხვედრის ისტორიაზე, ამჟამად კი, ისტორიკოს ვახტანგ გურულთან ერთად, დანარჩენი უკრაინის ტერიტორიის წარმოშობის ისტორიას მიმოვიხილათ.

 

– მართლაც ასეთი შეკოწიწებულია უკრაინის ტერიტორია?

– ძველი რუსული მატიანე მერვე-მეცხრე საუკუნეებისთვის ასახელებს 12 აღმოსავლურ სლავურ ტომს, რომლებმაც საფუძველი დაუდეს ძველ აღმოსავლურ სლავურ სახელმწიფოს, კიევის რუსეთს. კიევის რუსეთი მეცხრე საუკუნის 80-იან წლებში აღმოცენდა და მოიცავდა დღევანდელი უკრაინისა და ბელორუსიის დიდ და, ასევე, დღევანდელი რუსეთის ევროპული ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილებს. 12 აღმოსავლური სლავური ტომიდან უმრავლესობა დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე ცხოვრობდა. იმხანად კიევის რუსეთში შედიოდა დღევანდელი დასავლეთ უკრაინაც. მეთორმეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან კიევის რუსეთი ცალკეულ სამთავროებად დაიშალა. დაშლის შედეგად აღმოცენდა რამდენიმე სამთავრო. კიევის რუსეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რასაც დღეს დასავლეთ უკრაინას ვუწოდებთ, აღმოცენდა ორი –  გალიჩისა და ვოლინის –  სამთავრო. ეს ორი სამთავრო მალევე გაერთიანდა, მდებარეობდა მდინარეებს –  დნესტრსა და პრუტს შორის და აღწევდა კარპატების მთების ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდობებამდე. რადგან კიევის მთავარი ვეღარ ავრცელებდა თავის ძალაუფლებას, გალიჩ-ვოლინის სამთავროს ტერიტორიაზე მეცამეტე საუკუნის დამდეგიდან პრეტენზიას აცხადებდნენ უნგრელები და პოლონელები,  თუმცა იმხანად სამთავროს დაპყრობა ვერ შეძლეს. მეცამეტე საუკუნის 30-იანი წლებიდან კი დაიწყო მონღოლთა ლაშქრობები რუსეთის დაპყრობის მიზნით. 1240 წელს მონღოლებმა დაიკავეს კიევი, ხოლო 1241 წელს შეიჭრნენ გალიჩ-ვოლინის ტერიტორიაზეც. მონღოლებმა გალიჩ-ვოლინის ტერიტორიაზე, ანუ დასავლეთ უკრაინაში ფეხი მყარად ვერ მოიკიდეს: მივიდნენ, დაარბიეს, მაგრამ მალევე წამოვიდნენ უკან. მონღოლების წასვლის შემდეგ დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე თარეშობდნენ პოლონელები და ლიტველები, რომელთაც შემდეგ ეს ტერიტორია დაიპყრეს კიდეც. მეცამეტე-მეთოთხმეტე საუკუნეებში გაძლიერდა მოსკოვის რუსეთი და მისი ტერიტორიაც თანდათან იზრდებოდა, თუმცა მის შემადგენლობაში დღევანდელი უკრაინის ტერიტორია არ შესულა.

–  დავაზუსტებ: არც დღევანდელი დასავლეთი და აღმოსავლეთ უკრაინა?

– რა თქმა უნდა. მოსკოვის მთავრებს ლიტვის დიდი სამთავროსა და პოლონეთის სამეფოს შემოტევისგან უწევდათ დასავლეთ რუსეთის ტერიტორიის დაცვა და ამიტომ ცხადია, უკრაინაზე საკუთარ გავლენას ვერ გაავრცელებდნენ. 1569 წელს პოლონეთი და ლიტვა ერთ სახელმწიფოდ –  ჟეჩ პოსპოლიტად გაერთიანდა. მის შემადგენლობაში შედიოდა უკრაინის მნიშვნელოვანი ნაწილი და, მათ შორის, დღევანდელი დასავლეთ უკრაინაც. მეჩვიდმეტე საუკუნის შუა ხანებისთვის უკრაინაში მნიშვნელოვან ძალად იქცნენ კაზაკები. შედეგად, ყირიმის სახანოსთან და პოლონეთის სამეფოსთან დაუსრულებელ ბრძოლაში ჩაბმულმა კაზაკების ჰეტმანმა ბოგდან ხმელნიცკიმ რუსეთის ქვეშევრდომობა არჩია და 1654 წელს უკრაინა რუსეთის შემადგენლობაში შევიდა.

– მთლიანად დღევანდელი უკრაინის ტერიტორია შევიდა მაშინ რუსეთის შემადგენლობაში?

– არა, 1654 წელს რუსეთის შემადგენლობაში მთელი უკრაინა არ შესულა: რუსეთს მხოლოდ დნეპრის მარცხენა ნაპირზე მდებარე უკრაინის ტერიტორია, ანუ დღევანდელი აღმოსავლეთ უკრაინა შეუერთდა. დასავლეთ უკრაინა, ანუ გალიჩ-ვოლინის სამთავროს ტერიტორია კვლავ ჟეჩ პოსპოლიტას შემადგენლობაში რჩებოდა.

– რატომ არ შეურთდა დასავლეთ უკრაინაც რუსეთს? სურვილი არ ჰქონდათ თუ სხვა მიზეზი იყო?

– მოგახსენებთ: უკრაინის რუსეთთან შეერთებას რუსეთ-პოლონეთის ომი მოჰყვა, რომელიც 1667 წელს დამთავრდა ზავით. მართალია, რუსეთს დიდი სურვილი ჰქონდა, მთელი უკრაინა შეეერთებინა, მაგრამ ვერ მოახერხა პოლონეთის იმ დონეზე დამარცხება, რომ მთელი უკრაინა წაერთმია მისთვის. ამიტომ, 1667 წლის ზავით, დასავლეთ უკრაინა კვლავ ჟეჩ პოსპოლიტას შემადგენლობაში დარჩა.

– როდესაც ამ მოვლენებიდან 100-იოდე წლის შემდეგ ერეკლემ რუსეთს მიმართა დახმარებისთვის, წამყვანი მოტივი იყო ერთმორწმუნეობა. იგივე მოტივი ჰქონდათ უკრაინელებს რუსეთთან შეერთებისას?

– რა თქმა უნდა. კაზაკები მართლმადიდებლები იყვნენ და ამიტომ რელიგიურ ჩაგვრასაც განიცდიდნენ პოლონეთისა და ლიტვის სამთავროების მხრიდან. მაგრამ მეთვრამეტე საუკუნეში ჟეჩ პოსპოლიტა ძალზე დასუსტდა, რითაც დაუყოვნებლივ ისარგებლეს მეზობლებმა. 1772 წელს რუსეთმა, პრუსიამ და ავსტრიამ ჟეჩ პოსპოლიტა დაინაწილეს. დასავლეთ უკრაინა (გალიცია) ავსტრიას ერგო; რუსეთმა ბელორუსიის აღმოსავლეთი და ლიტვის ნაწილი მიიტაცა, ხოლო პრუსიამ –  ბალტიის ზღვის სანაპირო. ასე გაწეწეს მაშინ პოლონეთი. 1793 წელს ზეჟ პოსპოლიტა მეორედ დაინაწილეს და დასავლეთი უკრაინა, ანუ გალიცია ამჯერადაც ავსტრიას ერგო. 1795 წელს განხორციელდა მესამე დანაწილება და ახლა უკვე დასავლეთ უკრაინის უდიდესი ნაწილი რუსეთს ერგო. 

–  როგორ დათმო ავსტრიამ დასავლეთ უკრაინა?

– სამჯერ იმიტომ დანაწილდა, რომ ვიღაც ყოველთვის უკმაყოფილო რჩებოდა, ბუნებრივია, უკმაყოფილო იყო ძლიერი. ინგლისი ვერ ერეოდა ამ საკითხში, თუმცა ცდილობდა რუსეთის დასუსტებას. თავიდან მიაღწია იმას, რომ რუსეთს არ მისცეს სტრატეგიული ტერიტორია, მაგრამ შემდეგ, რაკი რუსეთმა ძალა იგრძნო, ავსტრია და პრუსია მასზე აშკარად სუსტები იყვნენ, იმძლავრა და მიიღო ის, რაც სურდა. ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ ევროპაში ახალი საზღვრები ვენის კონგრესმა დაადგინა 1815 წელს. მისი გადაწყვეტილებით, პოლონეთის ტერიტორია კვლავ რუსეთს, პრუსიასა და ავსტრიას შორის გადანაწილდა. გალიცია ამჯერად უკვე ავსტრიას გადაეცა. რუსეთის იმპერიის დაცემის შემდეგ, პოლონეთმა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიდგინა და ერთ დროს რუსეთისა და ავსტრიის მიერ მიტაცებული ტერიტორიები კვლავ პოლონეთის შემადგენლობაში აღმოჩნდა.

– ანუ დღევანდელი დასავლეთ უკრაინა 1917 წლის შემდეგ პოლონეთს დარჩა?

–  დიახ. პოლონეთსა და საბჭოთა რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობა ომში გადაიზარდა და, საბოლოოდ, საბჭოთა რუსეთის დამარცხებით დამთავრდა. 1921 წლის 21 მარტის რიგის საზავო ხელშეკრულებით, დასავლეთ უკრაინა და დასავლეთ ბელორუსია პოლონეთის შემადგენლობაში აღმოჩნდა. მეტიც, დასავლეთ უკრაინა პოლონეთის შემადგენლობაში მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე შედიოდა. 1939 წლის პირველ სექტემბერს გერმანია თავს დაესხა პოლონეთს, 17 სექტემბერს კი, პოლონეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები დაიწყო საბჭოთა კავშირმა. დაიკავა კიდეც დასავლეთ უკრაინა და დასავლეთ ბელორუსია, რის შედეგადაც დასავლეთ უკრაინა უკრაინის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შეუერთდა და უკრაინის შემადგენლობაში დარჩა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც.

– ნაწილი რუსებისთვის და ჩვენებური სეპარატისტებისთვის, რომლებიც ფაშისტებს გვიწოდებენ, უკრაინის მოვლენების შემდეგ, გაჩნდა მეორე „ფაშისტი ერი“ –  უკრაინელები. ისინი აქტიურად იხსენებენ სტეფან ბანდერას თანამშრომლობას ნაცისტებთან. მე მესმის ბანდერას მოტივაცია, მისთვის რუსეთი იყო ოკუპანტი და ის თანამშრომლობდა ნაცისტებთან, როგორც საბჭოთა რუსეთთან მებრძოლ ძალასთან, ისევე, როგორც ქართველებიც იყვნენ ჰიტლერის არმიის შემადგენლობაში. ობიექტურად რომ შევაფასოთ, იყო ფაშისტური ელემენტები ბანდერას ქმედებებში?

– საერთოდ, დასავლეთ უკრაინის მოსახლეობაში გაბატონებული იყო ანტირუსული განწყობა. ეს ხალხი საუკუნეების განმავლობაში მოწყვეტილი იყო რუსულ სამყაროს, იყვნენ ხან პოლონეთის, ხან –  ავსტრიის შემადგენლობაში.

– პოლონელებისა და ავსტრიელებისადმი როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ?

– მათ მიმართ დამოკიდებულება უკეთესი იყო, ვიდრე –  რუსეთის იმპერიისადმი. დასავლეთ უკრაინის მცხოვრებლები ჩამოყალიბდნენ დასავლური მენტალიტეტით. გითხარით, რომ 1921 წლიდან დარჩნენ პოლონეთის შემადგენლობაში და მწვავედ აღიქვეს 1939 წელს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში დაბრუნება. ყველამ კარგად იცოდა, რომ პოლონეთის ეს ტერიტორია გადანაწილდა ჰიტლერისა და სტალინის შეთანხმებით. 1939 წლის 23 აგვისტოს შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი იყო, რომ საბჭოთა კავშირი თანხმობას აძლევდა გერმანიას, თავს დასხმოდა პოლონეთს. ომი რომ დაიწყებოდა, საბჭოთა კავშირის ჯარები შევიდოდნენ პოლონეთში და დაიკავებდნენ იმ ტერიტორიას, რაზეც წინასწარ შეთანხმდნენ. დასავლეთ უკრაინაში მცხოვრები უკრაინელები მიხვდნენ, რომ შეეწირნენ ორი სახელმწიფოს გარიგებას, ისე, რომ მათთვის არავის არაფერი უკითხავს. ამიტომ მათთვის საბჭოთა უკრაინისა და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში დაბრუნება იყო ტრაგედია. 1939 წლიდან დასავლეთ უკრაინაში ანტირუსული და ანტისაბჭოთა განწყობის მქონე ადამიანების საშინელი დევნა დაიწყო. ბევრი გაიქცა, ბევრიც ამოჟლიტეს, ციხეებში ჩაყარეს და გადაასახლეს. დაიწყო რეგიონის ძალდატანებითი კოლექტივიზაცია და რუსიფიკაცია. ამას დასავლეთ უკრაინის ეროვნული ძალები არ მოითმენდნენ და სწორედ ამ ნიადაგზე აღმოცენდა ეროვნული მოძრაობა, რომელსაც სათავეში ედგა სტეფან ბანდერა. ის იყო ჩვეულებრივი ეროვნული მოღვაწე, რომელსაც არ სურდა, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში დარჩენილიყო დასავლეთ უკრაინა.

– დანარჩენ უკრაინას უტოვებდნენ საბჭოთა კავშირს?

– ისინი ხვდებოდნენ, რომ სტალინი არ დათმობდა  მთელ უკრაინას, ამიტომ უნდოდათ, რომ დასავლეთ უკრაინა არ ყოფილიყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. რა თქმა უნდა, მათი საბოლოო მიზანი იყო, მთელი უკრაინა გასულიყო საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ ისიც იცოდნენ, რომ იმხანად ამას ვერ მიაღწევდნენ. ამდენად, აპროტესტებდნენ და არ ცნობდნენ ჰიტლერ-სტალინის 1939 წლის გარიგებას, რის შედეგადაც დასავლეთ უკრაინა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში აღმოჩნდა. ეროვნული მოძრაობა დაიწყო, მაგრამ, როგორც გითხარით, 1939-1940 წლებში ეროვნული ძალების დიდი ნაწილი ამოჟლიტეს, ზოგი გაიქცა, ზოგი  დააშინეს. როდესაც 1941 წელს ომი დაიწყო, დასავლეთ უკრაინის ეროვნულ მოძრაობას ჰქონდა ორი გამოსავალი: ან უნდა ეთანამშრომლათ გერმანიასთან საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და, თუ საბჭოთა კავშირი დამარცხდებოდა, რაღაცას მაინც მიაღწევდნენ; ან არ უნდა ეთანამშრომლათ გერმანიასთან და მაშინ მათი მტერი ხდებოდა როგორც საბჭოთა კავშირი, ისე გერმანია. მაგალითად, ნოე ჟორდანიამ გერმანიის სპეცსამსახურების ოფიცერს განუცხადა, მე კარგად ვიცი, ვინ არიან სტალინი და ჰიტლერი, მაგრამ ჩემი პოლტიკური მიზნებისთვის ნაცისტებთან ვერ ვითანამშრომლებთო. იმ ოფიცერმა დაწერა დასკვნაში, რომ ნოე ჟორდანიას გადაბირება შეუძლებელი იყო, მაგრამ უკრაინის ეროვნულმა ძალებმა ითანამშრომლეს ნაცისტებთან.

– ეს მათი არჩევანი იყო.

– რა თქმა უნდა, როდესაც გერმანიასთან კომპრომისზე მიდიხარ, ბუნებრივია, ის გამოგიყენებს საკუთარი მიზნებისთვის. ასეც მოხდა, გერმანიამ დასავლეთ უკრაინის ეროვნული ძალები თავის სასარგებლოდ გამოიყენა. მაგრამ ტყუილია, რომ უკრაინის ეროვნულ ძალებს გერმანელები იყენებდნენ საბჭოთა პარტიზანული მოძრაობის წინააღმდეგ. არანაირი პარტიზანული მოძრაობა არ ყოფილა დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე. იქ იყვნენ მხოლოდ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ გადასხმული ჩეკისტების რაზმები და მათ ჟლეტდნენ ბანდერელები. განსაკუთრებით დიდი შეტაკებები იყო 1944-1945 წლებში: საბჭოთა არმიისა და ჩეკისტების რაზმებმა უმოწყალოდ ხოცეს ბანდერას რაზმები, მაგრამ მათაც არანაკლები სისასტიკით ჟლიტეს საბჭოთა არმიისა და სპეცსამსახურების ნაწილები. ეს ორმხრივი ხოცვა-ჯლეტა გაგრძელდა ომის დამთავრების შემდეგაც. 1947 წელს ძირითადად დასრულდა სტეფან ბანდერას მომხრეების განადგურება, ხოლო ბოლო ნაწილებმა ემიგრაციაში გასვლა 1949 წელს მოახერხეს. მათთვის საბჭოთა ჯარი იყო აგრესორი, რომელმაც დაიპყრეს მათი სამშობლო.

– მაგალითად, აჭარა 300 წელს იყო თურქეთის ერთი ჩვეულებრივი პროვინცია, მაგრამ ჩვენ ბუნებრივად შევერწყით ერთმანეთს, მიუხედავად სარწმუნოებრივი განსხვავებისა, თითქოს არც ყოფილა ის 300 წელი. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენ ერთი ხალხი ვართ. როგორ მოხდა, რომ აღმოსავლეთ უკრაინას არ უნდოდა დასავლეთ უკრაინასთან და პირიქით?

– უკრაინის ტერიტორია მოიცავს დნეპრის დასავლეთ ნაწილს და აღმოსავლეთ ნაწილებს. დნეპრის აღმოსავლეთით მდებარე უკრაინა, ფაქტობრივად, რუსებითაა დასახლებული და იქ დომინირებს რუსული ორიენტაცია. თქვენი შეკითხვა ეხება ჩრდილო-დასავლეთ და ცენტრალურ უკრაინას, სადაც აბსოლუტური უმრავლესობა უკრაინელია. ჩრდილო-დასავლეთ უკრაინაში, რომელიც პოლონეთის შემადგნელობაში შედიოდა, ანტირუსული განწყობა საკმაოდ ძლიერი იყო. უკრაინის ცენტრალურ ნაწილში რუსული მოსახელობის შეღწევაც გაძლიერდა და რუსული გავლენაც. თუმცა მეთვრამეტე საუკუნის დამდეგამდე, პეტრეს მიერ გადახდილ პოლტავის ბრძოლამდე, დნეპრის მარჯვენა ნაპირის უკრაინაც არ იყო პრორუსული ორიენტაციის.

– იმიტომ დავსვი ეს კითხვა, რომ, როგორც ჩანს, უკრაინაში არის ერთიანი ეროვნული ცნობიერების პრობლემა. თორემ საქართველოც უმეტესად დაშლილი იყო სამეფო-სამთავროებად, მაგრამ მათი ხელისუფალნი თავს ქართველ მმართველებად მიიჩნევდნენ.

– დასავლეთ უკრაინამ დიდხანს იარსება სხვადასხვა სახელმწიფოს გავლენის ქვეშ, სულ სხვა სამყაროში, უკრაინის მეორე ნაწილი კი სრულიად სხვა სამყაროში ცხოვრობდა. მეტიც, მათი გაორების საფუძველი გახდა ისიც, რომ მართლმადიდებლობასთან ერთად უკრაინის დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ფეხი მოიკიდა კათოლიკობამ და უნიტარიზმმა.

– ჩვენთანაც ასე არ ხდებოდა, ერთი ნაწილი ოსმალეთის გავლენის ქვეშ იყო, მეორე –  სპარსეთის, ერთი –  ბიზანტიის, მეორე –  სეფიანთა ირანის?

– მაგრამ ამასობაში უკრაინელების მენტალიტეტიც შეიცვალა. დასავლეთ უკრაინელები აღიზარდნენ და ჩამოყალიბდნენ თავისუფალ, დემოკრატიულ სივრცეში, საბაზრო ეკონომიკის პირობებში, მაშინ, როდესაც მეორე ნაწილი საბჭოთა დიქტატურის პირობებში ცხოვრობდა. ქართველისთვის კი სოციალური ვითარება ირანში, თურქეთსა თუ რუსეთში თითქმის ერთნაირი იყო.

 

скачать dle 11.3