როგორ და რამდენჯერ გაიზარდა აკაკი ბობოხიძის უძრავი ქონება პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაბმის შემდეგ
ხალხის რჩეული და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - მაჟორიტარების” თავმჯდომარე აკაკი ბობოხიძე (რომელმაც თავი წინა მოწვევის პარლამენტში მუშტი-კრივისადმი ტრფიალით დაგვამახსოვრა) 1964 წელსაა დაბადებული ხონის რაიონის სოფელ გორდში. განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო და სპეციალობით მათემატიკოსია. მისი შრომითი ბიოგრაფია მასწავლებლობით იწყება. 1986 წელს ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელია წულუკიძის დასწრებულ-დაუსწრებელ საშუალო სკოლაში, სადაც 1987 წლამდე იმუშავა. თუმცა პარალელურად, 1986-1988 წლებში ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტშიც მუშაობდა ასისტენტად. 1988 წლის მარტიდან უფროს ლაბორანტადაც დაწინაურდა. 1990-1992 წლებში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი იყო, ხოლო 1992 წლის მარტიდან აგვისტომდე სახელმწიფო საბჭოს წევრი და წამყვანი სახელმწიფო მრჩეველიც გახლდათ, 1992 წლის ოქტომბერში კი საქართველოს პარლამენტის წევრადაც აირჩიეს. 1995-დან 1997 წლის ჩათვლით, მის შრომით ბიოგრაფიაში წყვეტაა, თუმცა 1998 წლის იანვრიდან საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებულა მთავარ სპეციალისტად. 2001-2004 წლებში კვლავ საქართველოს პარლამენტს დაუბრუნდა, ანუ პარლამენტის წევრად აირჩიეს და იგივე შედეგი მომდევნო მოწვევის პარლამენტში 2004 წელსაც გაიმეორა. თუმცა 2005-ში, აპრილიდან აგვისტომდე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულად გადაიყვანეს. 2006 წლის თებერვლიდან ნოემბრამდე თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის თავმჯდომარედაც ამუშავეს, თუმცა 2006 წლის ნოემბერში კვლავ იმერეთში გადაისროლეს, სადაც 2008 წლის იანვარმდე რწმუნებული-გუბერნატორი იყო. 2008 წელს ისევ პარლამენტის წევრი გახდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, ხალხის რჩეულად მერვე მოწვევის პარლამენტშიც მოგვევლინა.
აკაკი ბობოხიძის მიერ სულ პირველად შევსებული დეკლარაცია 2001 წლით თარიღდება, რომელშიც ოჯახის წევრებად მიუთითებდა მეუღლეს, 1973 წელს საგარეჯოში დაბადებულ ნანა გოდერძიშვილსა და ორ შვილს: მაგდასა და ირაკლის. იმხანად უძრავ-მოძრავ ქონებას მხოლოდ დეპუტატი ფლობდა: თბილისში ბინას (24 000 ლარი), აგარაკს გრიგოლეთში (6 000 ლარი) და 10 000 ლარად ღირებულ ავტომობილს, თუმცა ნაღდი ფული დეკლარაციის შევსების დროს მხოლოდ მის უმუშევარ მეუღლეს ჰქონდა, კერძოდ, 3 000 ლარი. 2002 წელს შევსებული დეკლარაციით, ბ-ნი ბობოხიძის მეუღლეს ნაღდ ფულად 3 500 ლარი ჰქონდა. 2003 წლის დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ აკაკი ბობოხიძეს კიდევ ერთი აგარაკი შეუძენია მცხეთაში, 7 000 ლარად ღირებული, მის მეუღლეს კი ნაღდ ფულად ამჯერად 7 000 ლარი დაუგროვებია. ოჯახში კვლავაც მხოლოდ ოჯახის თავი იყო დასაქმებული და საქართველოს პარლამენტში ღვწას მისთვის წლიურად 9 000 ლარი მოუტანია. 2004 წლის დეკლარაციის მიხედვით, ოჯახს აღარ აქვს ბინა თბილისში (დეპუტატს ის 13 500 აშშ დოლარად გაუყიდა), სამაგიეროდ, დეკლარაციის შევსების მომენტში, ნაღდ ფულად ნანა გოდერძიშვილს 7 000 ლარი ჰქონდა, დეპუტატს კი – 13 500 აშშ დოლარი და 2 400 ლარი. როგორც პარლამენტის წევრს კი, 2003 წლის განმავლობაში 9 000 ლარი აუღია. 2005 წლის დეკლარაციით, დეპუტატის ოჯახის უძრავ-მოძრავი ქონების ჩამონათვალი შემდეგნაირია: აკაკი ბობოხიძის საკუთრებაა – ავტომობილი „ნისან ტურანო“ (10 000 ლარი), მიწის ნაკვეთი გრიგოლეთში (6 000 ლარი), მიწის ნაკვეთი მცხეთაში (7 000 ლარი), საცხოვრებელი ბინა დიღმის მასივში (40 000 ლარი). მისი მეუღლის საკუთრებაა – საცხოვრებელი სახლი საგარეჯოში (80 000 ლარი), მიწის ნაკვეთი საგარეჯოში (25 000 ლარი), ავტომობილი „ფორდ ესკორტი“ (7 000 ლარი). ნაღლ ფულად დეპუტატის მეუღლეს 15 000 ლარი და 7 800 აშშ დოლარი ჰქონდა, დეპუტატს – 8 000 ლარი. იმ წელს დასაქმებული კვლავაც მხოლოდ აკაკი ბობოხიძე იყო და მის წლიურ სადეპუტატო შემოსავალს 14 750 ლარი შეადგენდა. 2007 წელს ბ-ნმა ბობოხიძემ დეკლარაცია იმერეთის რწმუნებულ-გუბერნატორის რანგში შეავსო. ოჯახის ქონების ოდენობაში ის ცვლილებაა, რომ მის მეუღლეს საგარეჯოში მიწის ნაკვეთი შეუძენია, ნაღდ ფულად კი 18 000 ლარი და 6 500 აშშ დოლარი შეუგროვებია, თავად რწმუნებულ-გუბერნატორს კი, მხოლოდ 15 000 ლარი, თუმცა ბ-ნი ბობოხიძის წლიური შემოსავალი 14 000 ლარს არ აღემატებოდა. მეორე მხრივ, ნანა გოდერძიშვილს შემოსავალი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციიდან მიუღია – 7 400 ლარი. 2008 წლის დეკლარაციით, აკაკი ბობოხიძე ბანკში ორ ანაბარზე 10 000-10 000 აშშ დოლარს ინახავდა. დეკლარაციის შევსების მომენტში რწმუნებულ-გუბერნატორს ნაღდ ფულად 12 000 ლარი ჰქონდა, მის მეუღლეს – 11 000 აშშ დოლარი. აკაკი ბობოხიძის გუბერნატორულმა შემოსავალმა 30 000 ლარი შეადგინა, მის მეუღლეს კი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციამ 12 000 ლარი მოუტანა. 2009 წელს აკაკი ბობოხიძის ანაბრებზე უკვე 22 000 აშშ დოლარი ენახებოდა, ნაღდ ფულად 15 000 ლარი და 15 000 აშშ დოლარი ჰქონდა, მის მეუღლეს კი – 23 000 აშშ დოლარი და 12 000 ლარი. ბ-ნი ბობოხიძის წლიური სახელფასო შემოსავალი 43 000 ლარამდე გაზრდილა, მისი მეუღლის (პროდუქციის რეალიზაციიდან) – 55 000 ლარამდე. ამასთან, ქალბატონს 25 000 აშშ დოლარად ღირებული ავტომანაქანაც შეუძენია. 2010 წელს აკაკი ბობოხიძის ქონების ჩამონათვალში ახალი საკუთრებაა – მიწის ნაკვეთი მუხათწყაროში. ბანკში ის 26 000 აშშ დოლარს ინახავდა და მასა და მის მეუღლეს, ერთობლივად, ნაღდ ფულად 40 000 აშშ დოლარი ჰქონდათ. თუმცა იმხანად ბ-ნი ბობოხიძის წლიურ შემოსავლად დეკლარაციაში 55 000 ლარია მითითებული. შემოსავალი ჰქონდა მის მეუღლესაც, ისევ იმავე წყაროდან – სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციამ მას 39 400 ლარი მოუტანა. სულ ბოლოს, 2013 წელს შევსებული დეკლარაციით, აკაკი ბობოხიძის ზემოჩამოთვლილი უძრავი ქონება ორი საცხოვრებელი ბინითაა გაზრდილი (230 და 70 კვ. მ. ფართობების). დეპოზიტებზე დეპუტატი 35 000 აშშ დოლარს ინახავს, ნაღდ ფულად კი, დეკლარაციის შევსების დროს, 38 000 აშშ დოლარი ჰქონდა. მისმა წლიურმა სადეპუტატო შემოსავალმა 63 000 ლარი შეადგინა, მეუღლემ პროდუქციის რეალიზაციით 51 000 ლარი მიიღო, შვილების სწავლების საფასური კი 6 600 ლარი დაუჯდათ.