„სულ რაღაც“
ნავთობის გემო
მართალია, დაკვირვებული დასავლეთი 2008 წელსვე ივარაუდებდა, რომ 2014-ში მოხდებოდა ის, რაც მოხდა, მაგრამ 1990 წლის შემდეგ პირველად ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა სწორედ დღეს გადაისროლა ბაზარზე ნავთობის საკუთარი სტრატეგიული მარაგის უმნიშვნელო ნაწილი; ექსპერტები გვარწმუნებენ, ტესტირების მიზნითო, თუმცა შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა.
საერთო ჯამში, ლაპარაკია 5 მილიონ ბარელზე, რაც ჩვენი აშშ-ის სტრატეგიული მარაგის, სულ რაღაც, ერთადერთი პროცენტია. თუმცა ამ „სულ რაღაცამ“ ნავთობის ფასი 2 პროცენტით გააიაფა და 100 დოლარს ქვემოთ ჩამოიყვანა. თავის მხრივ, აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტრო გვარწმუნებს, რომ უკრაინა არაფერ შუაშია და ღონისძიება რამდენიმე თვით ადრე დაიგეგმა, თუმცა ისიცაა, ჩვენ ხილი ვჭამოთ, მებაღეს რას ვკითხულობთ?!
„ხილს“ კი ასეთი გემო აქვს: ნავთობის ვაჭრობით მიღებული შემოსავლები რუსეთის მთლიანი ბიუჯეტის თითქმის ნახევარს უკაკუნებს, ამ შემოსავლების მისაღებად კი რფ-თვის აუცილებელია, რომ ბარელის ფასი 102 დოლართან მერყეობდეს. შესაბამისად, თუ ფასი დაეცემა, ვერც ბიუჯეტს შეასრულებენ.
ხოლო, თუ ამის პარალელურად, დასავლეთის ბანკები რუს მოვალეებს 650 მილიარდი დოლარის კრედიტის დაბრუნებას მოსთხოვენ, მაშინ, როცა რფ-ის ოქროს სავალუტო რეზერვი დაახლოებით 500 მილიარდ დოლარამდეა, ცხადია, რომ ჩრდილოეთით არცთუ სახარბიელო პერსპექტივა ელით.
თუმცა ჩვენი პოლიტიკური ბედიც მოვლენების ძლიერთა ამა სოფლისათა მარიფათზეა დამოკიდებული, თუკი ნავთობი გაიაფდა, შესაძლოა, ბენზინის გაიაფებითაც გავიხაროთ, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, ჩვენებურმა მენავთობეებმა გადაწყვიტონ, რომ ჩვენთვის პოლიტიკური ხეირიც სავსებით საკმარისი იქნება და ნავთობის გაიაფების მატერიალური სიხარული მხოლოდ თავიანთთვის დაიტოვონ.