ენაშეჩვეულები
ანუ ვის ეპატარავება გაერო თვალებში
სახელდობრ, ჩვენ აფხაზური მედიასაშუალებიდან შევიტყვეთ, რომ გაეროს წარმომადგენელმა აფხაზეთის სანახები მიათვალიერ-მოათვალიერა, დე-ფაქტო პრეზიდენტ ანქვაბსაც შეხვდა და 15 მილიონი აშშ დოლარიც შესთავაზა ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განსახორციელებლად.
მეორე მხრივ, თავად აფხაზური საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილმა ქართული მედიასაშუალებებიდან გაიგო, რომ გაეროს გუმანში ჰქონია 15 მილიონი აშშ დოლარის მათთვის დახარჯვა. იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთის ბიუჯეტი, გაწიე-გამოწიე, 150 მილონ აშშ დოლარამდეა, დამეთანხმებით, რომ 15 მილიონი მეტად შთამბეჭდავი ციფრია.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გვარწმუნებს, რომ ეს ყოველივე თბილისთან შეთანხმებით ხორციელდება. მეტიც, აქამდეც ხორციელდებოდა. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე გაეროს დამკვირვებლებს აღარ უშვებენ (2008 წლის შემდეგ), შესაბამისად, საინტერესოა, დათანხმდებიან თუ არა ჩვენებური სეპარატისტები ამ შემოთავაზებას, თუმცა ისიცაა, თაფლი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ფული) იყოს, ბუზი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რასაკვირველია, იმ ფულის ამთვისებელი) ბაღდადიდან მოვაო.
მოვა თუ წავა, ამ ფაქტს „ნაციონალური მოძრაობა“ ფრიად უარყოფითად გამოეხმაურა, სხვათა შორის, იმ მოტივით, რომ გაეროს მიერ შეთავაზებულ თანხას, როგორც ირწმუნებიან, სეპარატისტები ოკუპანტებს გადასცემენ შეიარაღების შესაძენად. სახელდობრ, ქ-ნი თაქთაქიშვილი შეშფოთებულია, ხომ არ შეუწყობს ხელს ეს 15 მილიონი ოკუპანტების გაძლიერებასო?!
თუ გავითვალისწინებთ, რომ დამფინანსებელი მხარე გაეროა, ზემომოყვანილი ლოგიკა, რბილად თუ ვიტყვით, უცნაურია, თუმცა ფაქტია, რომ აწ უკვე ოპოზიციონერმა „ნაციონალებმა“, როგორც ბ-ნი მერაბიშვილი იტყოდა, მეტად შეაჩვიეს ენა ამ ჩვენს დასავლეთელ პარტნიორ ორგანიზაციებს?!