შენც რომ მისმენდიო
ანუ რატომაც არა?!
მმართველი „ოცნებასა“ და მმართველთა მიერ ლამის ერთადერთ ოპოზიციურ ძალად აღიარებულ „ნაციონალებს“ შორის პოლიტდაპირისპირებამ უკვე ისეთი მასშტაბი შეიძინა, რომ მეორენი პირველებს ლამის იმის გამოც გაატარებენ კრიტიკის ქარცეცხლში, თუკი 2014 წლის სექტემბერში „ნატო“ „მაფს“ გვიწყალობებს.
იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციას კრიტიკისას მეტად ბევრი სუსტი მხარე აქვს (ან კი როგორ არ ექნება, როდესაც ხელისუფლებაში, არც მეტი, არც ნაკლები, 9 წელი იყო?!), ბუნებრივია, მმართველებს არც კი სჭირდებათ დიდი ძალისხმევა თავდასხმის მოსაგერიებლად (თუნდაც, მარტივი პრინციპით: „ყვავმა ყვავს უთხრა, შავი ხარო“).
თუმცა არც ოპონენტებს სძინავთ და ამ ტაქტიკას ოპერატიულად დაუპირისპირეს პრინციპი: თუ ჩვენ ცუდად ვიქცეოდით, განა უნდა მოგვბაძოთო.
შესაბამისად (რაკი არ უნდა მიჰბაძონ), ფარულ მოსმენებსაც აპროტესტებენ (ორჯერ მეტს გვისმენენ, ვიდრე ჩვენ ვუსმენდითო) და პროკურატურაში დაკითხვებზე გამოძახებასაც. ამ მარაქაში ხალხის რჩეული აკაკი ბობოხიძეც გაერია: ჯერ ერთი, აღიარა, რომ თავადაც იმ ხელისუფლების წარმომადგენელია, რომელიც უკანონობას უკანონობაზე სჩადიოდა, ოღონდ შენიშნა, რომ ახლებიც ფრიად მალე დაემსგავსნენ.
ბუნებრივია, ჯობდა, არ დამსგავსებოდნენ, თუმცა, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ პოლიტიკურ სტატუსს (და მატერიალურსაც) გადავხედავთ (ანუ იმას, რომ თავზე ბეწვიც არ შერხევიათ), ვითომ რატომ არ უნდა დამსგავსებოდნენ?!