„საქართველოს ბანკმა“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის 7 მილიონ დოლარზე მეტი სესხი გამოყო
„საქართველოს ბანკი“ განაგრძობს სამშენებლო სექტორის მხარდაჭერასა და დაფინანსებას. ლიდერი ბანკის დაფინანსებით დედაქალაქს კიდევ ერთი საერთაშორისო სტანდარტის საცხოვრებელი კომპლექსი შეემატა. ამჯერად ირაკლი აბაშიძის ¹70-ში. ბანკის წარმომადგენლებმა ბანკის მიერ დაფინანსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ჟურნალისტებთან ერთად დაათვალიერეს. სამშენებლო სამუშაოებს სამშენებლო კომპანია შპს „ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპი“ ახორციელებს, რომელსაც ბანკმა მხოლოდ ამ პროექტისთვის 7 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი სესხი გამოუყო.
სულხან გვალია („საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე): თავდაპირველად მინდა ვისაუბრო ამ პროექტის მნიშვნელობაზე და აღვნიშნო, რომ ბანკი სამშენებლო სექტორს მომავალშიც აუცილებლად დააფინანსებს. ამჯერად ბანკმა 7 მილიონი აშშ დოლარი საკრედიტო რესურსი კომპანია „გდგ-ს” გამოუყო. აღნიშნული თანხითა და კომპანიის მიერ ჩადებული კაპიტალით მთლიანად შეიკრა დაფინანსება, რაც ამ კომპლექსის დასრულებისთვისაა გათვლილი. „საქართველოს ბანკი“ განაგრძობს სხვადასხვა პროექტის დაფინანსებას, მათ შორის, სამშენებლო სფეროშიც მნიშვნელოვანია, რომ 2013 წელს მხოლოდ სამშენებლო სექტორზე „საქართველოს ბანკმა” 122 მილიონ დოლარზე მეტი სესხი გასცა.
რაც შეეხება აბაშიძის ქუჩა ¹70-ში მშენებარე კომპლექსს, მოიცავს 176 ბინას, 206 ავტოსადგომს, 2,52 კვადრატულ მეტრ სავაჭრო და საოფისე ფართს. კომპლექსის მთლიანი სასარგებლო ფართის მოცულობა ჯამში 27.003 კვადრატულ მეტრს შეადგენს (ავტოსადგომების ფართების გარეშე). რაც შეეხება საცხოვრებელ კომპლექსს, აღჭურვილი იქნება საკუთარი აუზითა და ფიტნესკლუბით. საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა ამ მომენტისთვის აქტიურად მიმდინარეობს და ამ დროისთვის 6 სართული უკვე აშენებულია. სამშენებლო სამუშაოების 90 პროცენტი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული პროექტი რიგით მესამეა, რომელსაც შპს „გდგ“ ახორციელებს „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით – გასულ წელს, „საქართველოს ბანკის“ დაფინანსებით, უკვე განახორციელა ორი პროექტი თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე, რისთვისაც ბანკმა ჯამში 10 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის სესხი გამოყო. კორპორაციული საბანკო საქმიანობის მიმართულებით „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო სესხების პორტფელი, 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 1.8 მილიარდ ლარს შეადგენს.
კომპანია „გდგ-ს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ბეჟან წაქაძის განმარტებით, „ეს იქნება დახურული სივრცე, თავისი ეზოთი. უკანა მხარეს ექნება დახურული საცურაო აუზი, რომელიც ამ კომპლექსის შემადგენელი ნაწილი გახდება. ასევე, განსაზღვრულია საერთო პარკინგი 100 ავტომობილზე, ხოლო დამოუკიდებელი, ინდივიდუალური სადგომები 215 ავტომობილზე გამოყოფილია მიწის ქვეშ. კორპუსს არ ექნება ტიპური სადარბაზო – ჩვეულებრივ სადარბაზოებზე უარის თქმა ჩვენი კომპანიის ერთგვარი ინოვაციაა. კორპუსს სამი შესასვლელი და ერთიანი ჰოლი (650 კვადრატული მეტრი ფართობით) ექნება. რაც შეეხება კორპუსის გარე სახეს, ის მთლიანად ქართული კერამიკული აგურით შენდება, კიბე-საფეხურები კი ბერძნული მარმარილოთი მოპირკეთდება.
რაც შეეხება ფასებს: ამ საცხოვრებელ კორპუსში 1 კვადრატული მეტრის ფასი 1 300 აშშ დოლარიდან იწყება – რა თქმა უნდა, იგულისხმება თეთრი კარკასი, ხოლო, ზედა სართულებზე ფასები შედარებით მაღალია. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მშენებლობის პროცესში გამოიყენება ძვირად ღირებული მასალა და ადგილიც პრესტიჟულია (ვაკის პარკიდან სულ 100 მეტრში), ფასი, დამეთანხმებით, არც ისე დიდია. ბინების 30 პროცენტი უკვე გაყიდულია. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ურთიერთობები საქართველოს ლიდერ ბანკთან კვლავაც წარმატებით გაგრძელდება და ერთობლივად კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ.