შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ერთადერთი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მაღალკვალიფიციური ადამიანური რესურსით, ევროპის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, დამსაქმებლებთან და ასოციაციებთან კონტაქტებით ტრადიციულად ქმნის ხარისხს, შესაბამისად, მუდმივად სრულყოფს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სასწავლო-საგანმანათლებლო სივრცეს, საინტერესო სტუდენტურ ცხოვრებას, სოციალურ პროექტებს.
გრძელდება და ძლიერდება პარტნიორული ურთიერთობები TEMPUS-ის ორი პროგრამის ფარგლებში, რაც უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერების გარანტია ევროპული გამოცდილებების მაგალითზე. უნივერსიტეტმა 2013 წელს ერთი, ხოლო 2014 წელს ოთხი ERASMUS MUNDUS-ის საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა მოიპოვა, რითაც გახდა ევროპული საგანმანათლებლო სივრცის სრულუფლებიანი წევრი. დღეს სასწავლო უნივერსიტეტი პროფესორთა და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების ფარგლებში (ERASMUS MUNDUS) თანამშრომლობს უცხოეთის 25 უნივერსიტეტთან.
2014 წლის 1-4 ოქტომბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი უმასპინძლებს მსოფლიო ფოლკლორისტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 17 ქვეყნის 59 მეცნიერი.