რატომ უნდა გქონდეთ სახლში ბონსაი და რა ენერგიით მუხტავს ის ადამიანს
ბონსაი ოთახის პირობებში გაზრდილი პატარა ზომის მცენარეა. მიუხედავად იმისა, რომ პატარაა, ამავე სახეობის დიდი მცენარის ზუსტი ასლია. მისი კულტურა პირველად ჩინეთში ჩაისახა და შემდეგ იაპონიაში განვითარდა, სადაც მისი რამდენიმე სახე გამოიყვანეს. არსებობს სწორი ბონსაი, დახრილი და ასე შემდეგ. მისი ისტორია იაპონიაში დაახლოებით კამაკურას პერიოდში, ანუ 1192 – 1333 წლებში იწყება. ბონსაის მნიშვნელობასა და გამოყენებაზე მრავლად არის ისტორიული და ლიტერატურული ცნობები შემონახული.
ბონსაის გამოზრდა ძალიან რთული პროცესია. მცენარეს უნდა შეუქმნათ განსაკუთრებული პირობები, რომ არ გაიზარდოს. ზრდას განსაკუთრებით ანელებს ულტრაიისფერი სხივები და ძლიერი ქარი. ასევე, საჭიროა მისი გადაჭრა, შეკვრა და ასე შემდეგ, რომ ფორმა მიიღოს.
ბონსაის ხეები მძიმე შრომის ნაყოფია. ბონსაის ყველა მოყვარულს ესმის ეს და ამიტომაცაა, რომ ეს პატარა ხე მათში გასაოცარ აღფრთოვანებას იწვევს.
თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის სახურავზე, კოლექციონერ ალექსანდრე მესხს ბონსაის ნამდვილი ბაღი აქვს. იქ ხვდები, რომ ბუნების სილამაზეს და ადამიანის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. ბატონი ალექსანდრე, პროფესიით მშენებელია, თუმცა, ყოველდღე ამ აივანზე საათობით რჩება და ტკბება იმ სანახაობით, წლების განმავლობაში რომ შექმნა.
ალექსანდრე მესხი: ბონსაი ოთახის პირობებში გამოზრდილი მომცრო ზომის ხე ან სხვა მცენარეა, რომელსაც შენარჩუნებული აქვს ბუნებრივ პირობებში არსებული ხის მთელი სილამაზე. ბონსაი სიტყვასიტყვით ნიშნავს ,,ლანგარზე გაზრდილს”. ბონსაი იმით განსხვავდება ჩვეულებრივი ქოთნის მცენარეებისგან, რომ თუ ქოთნის მცენარისთვის უმნიშვნელოვანესი ყვავილები ან ფოთლებია, ბონსაის შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, ხის ყველა ნაწილის პროპორციის შენარჩუნებაზე ზრუნავენ. ბონსაი ხშირად 30 სანტიმეტრი სიმაღლისაა, მაგრამ მთებში გაზრდილი მაღალი, დატოტვილი ხის ზუსტი ასლია.
– თავად, რატომ დაინტერესდით ჯუჯა ხეებით და რამდენი ბონსაი გაქვთ გამოყვანილი?
– სრულიად შემთხვევით მოხდა ეს და დღესაც გრძელდება. ბავშვობაში, ტელევიზიით ვნახე გადაცემა ბონსაიზე და იმდენად მომეწონა, გონებაში ჩამრჩა მისი სილამაზე, რომ წამოვიზარდე, გადავწყვიტე, თავად შემექმნა. ბევრი ვიწვალე, რომ ამ ხეებზე ინფორმაცია მომეპოვებინა, მაგრამ ვერსად, ვერაფერი ვნახე. ბიბლიოთეკაში კი წავაწყდი ერთ წიგნს, მაგრამ ძალიან მწირი ინფორმაციით, რაც ეს ვერ გამომადგებოდა. ერთ დღესაც, 1989 წელს წავაწყდი წიგნს, სადაც დაწვრილებითი ინფორმაცია იყო ბონსაიზე. მაგრამ, პრაქტიკის გარეშე, ძნელია მისი გამოყვანა და მოვლა. მინდა, კლუბი გავაკეთო და ბონსაის ყველა მოყვარული გავაწევრიანო, გამოფენები მოვაწყო და ხალხმა ნახოს ეს სილამაზე. სულ პირველად სამი თუთა გამოვიყვანე, თესლი ჩავაგდე, ამოვიდა და დღესაც, 24 წლის ასაკში, ამ სახურავზე დგას და ისხამს ნაყოფს. ვხუმრობ ხოლმე, ესენი ჩემი შვილები არიან, მრავალშვილიანი მამა ვარ-მეთქი (იცინის). დაახლოებით, 25 სრულწლოვანი ბონსაი მაქვს, დანარჩენი კი გაზრდის პროცესშია. ათი წელი დამჭირდა, რომ მივმხვდარიყავი, როგორ მომევლო და გამომეყვანა ბონსაი. მთავარი ფორმაა და მისი მიცემა არც ისე რთულია. რთულია მისი კლიმატის სწორად შერჩევა და უბრალოდ, სწორად გაზრდა. სხვათა შორის, ბონსაის სამშობლოდ ჩინეთი მიიჩნევა. სამარხის გათხრის დროს, აღმოაჩინეს მერვე საუკუნის პრინცის საფლავის კედელზე გამოსახული მსახური, რომელსაც ხელში ქვაზე გაზრდილი ბონსაი უჭირავს. ეს ისტორიულად დადასტურებული ფაქტია, რომ პირველი ნახატი ბონსაის ამ სამარხში აღმოაჩინეს. უამრავი ვერსია არსებობს ბონსაის წარმოშობის შესახებ, თუმცა რომელია სწორი, რთული საკითხია.
– პირად საუბარში მითხარით, ბონსაის გამოზრდა რთული არ არის, მთავარია, ადამიანმა მოინდომოსო. ამბობენ, ბონსაის ოჯახში ბედნიერება შემოაქვს, თუმცა, ალბათ, ხის ჯიშსაც გააჩნია?
– ბედნიერება მოაქვს თუ არა ვერ გეტყვით, თუმცა იაპონიაში მსგავსი დატვირთვა მცენარეებს აქვს. იმასაც ამბობენ, ქოთანში, მიწაში ჩარგული ბონსაი სახლში, ადამიანის მიწასთან კავშირს ნიშნავსო. ეს ფილოსოფიად მიმაჩნია და ჩემი აზრით, მას დადებითი ენერგეტიკა ნამდვილად გააჩნია და, უფრო დეკორატიული დანიშნულება აქვს. თუმცა, ის რომ ხეებთან კონტაქტის დროს ადამიანი ენერგიით იმუხტება და მცენარეები ჰაერს წმენდს, ეს ფაქტია. აი, თუნდაც ერთი მიზეზი, რატომაც უნდა გქონდეთ სახლში ბონსაი (იცინის). ბონსაის გამოზრდა იოლი არ არის. ჯერ ერთი, უნდა შეირჩეს ისეთი მცენარე, რომელსაც ბონსაიდ გახდომის თანდაყოლილი მონაცემები აქვს. მეორეც, უნდა გამოითვალოს მზისა და სინათლის საჭირო ნაკადი, წყლის რაოდენობა და ხარისხი, სასუქები და შესაფერისი ნიადაგი. მესამე, თვალყური უნდა ადევნო, რომ ხემ ფორმა შეინარჩუნოს, კერძოდ, უნდა გადაჭრა, გადარგო, ცალკეული ტოტები მავთულით შეუკრა და ასე შემდეგ. საბოლოოდ კი, იზრდება პროპორციული, მაგრამ მინიატურული ხე. ბონსაის გამოზრდა საკმაოდ ნატიფი და შრომატევადი საქმეა. მაგალითად, ავიღოთ ჩვეულებრივი ვაშლის ხე, რომელსაც ჩვენთან „გოლდენს” ეძახიან – 14 წლის წინ, ვიყიდე პატარა ნერგი და დავიწყე მისი ფორმირება. 4-5 წელია, ყვავის და ისხამს საკმაოდ ბევრ ვაშლს. მაგალითად, შარშან, ამ პატარა ხემ 4 კილო ვაშლი მოისხა. სიმაღლეში 55 სანტიმეტრია და გაზაფხულზე, განსაკუთრებით ლამაზია მისი ყვავილობა. ეს სახურავი ჩემთვის ძალიან საყვარელი ადგილია. შემიძლია, აქ მთელი 6-7 საათი დავყო და ისე გავიდეს დრო, ვერც კი გავიგო. როცა ცუდ ხასიათზე ვარ, აქ ამოსვლას ვერიდები, რომ მათ არ „შემამჩნიონ”. ბონსაი ცოცხალი, სულიერია და მას სათუთი მოპყრობა სჭირდება. ბონსაის ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, მის ფორმას უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მთავარია, როგორ გამოიყურება ხე. ორი შემთხვევა მქონდა, როცა ბონსაი მომიკვდა და ის საშინელი განცდა, ახლაც მახსოვს. ერთი არასწორი მოვლის ბრალი იყო, მეორე კი ქარმა გადმომიგდო.
– ბონსაი არ გაგიყიდიათ?
– ბონსაი ცოცხალი ბუნების იმიტაციაა და როცა მას წლებია, თავად ქმნი, მერე ამ ქმნილების გაყიდვა რთულია. მე არ გამიყიდია, თუმცა აუქციონზე, ბონსაიმ რეკორდი დაამყარა – 300 წლის იაპონური თეთრი ფიჭვი, მილიონ სამასი ათას დოლარად გაიყიდა. ეს კოლექცია ჩემთვის შეუფასებელია. რა ვქნა, შვილებივით ვზრდი და მათი გაყიდვის სურვილი არ მაქვს. ეს საქმე სიამოვნებას მანიჭებს და ყოველდღიურად ენერგიით მავსებს.