ვანილისა და შოკოლადის პუდინგი
საჭირო ინგრედიენტები: 2 სადილის კოვზი შაქრიანი ვანილი, 1 სადილის კოვზი კარაქი, 3 სადილის კოვზი კაკაოს ფხვნილი, 3 სადილის კოვზი ფქვილი, 1/2 ჭიქა (1 ჭიქა=250 მილიგრამს) შაქარი, 2 ჭიქა რძე (დაახლოებით ნახევარი ლიტრი), ნიგოზი – მოსაყრელად.
მომზადების წესი: შეურიეთ ერთმანეთში შაქარი და ფქვილი. დაასხით რძე, დადგით ცეცხლზე და მუდმივი მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე. ცოტა ხანს ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, კრემივით. როცა შესქელდება, გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ კარაქი და ძალიან კარგად აურიეთ.
გაყავით მთლიანი მასა ორ ტოლ ნაწილად და ნახევარი სხვა ჭურჭელში გადაიღეთ. ერთს დაუმატეთ შაქრიანი ვანილი, მეორეს – კაკაო. ორივე „კრემი“ ცალ-ცალკე დადგით დაბალ ცეცხლზე და ცოტა კიდევ ადუღეთ უკეთ შესქელებამდე. ხშირად მოურიეთ, რომ არ მიიწვას. ნიგოზი დააქუცმაცეთ ან დაჭერით. შეგიძლიათ, მოსაყრელად დაფხვნილი ვაფლიც გამოიყენოთ. თუმცა, ამ შემთხვევაში, დესერტი სუფრაზე მაშინვე უნდა მიიტანოთ, რომ ვაფლი არ დარბილდეს და გემო არ დაკარგოს. პუდინგი ფენებად მოათავსეთ მინის მაღალ ჭიქებში. ფენებს შორის მოაყარეთ დაქუცმაცებული ნიგოზი, ზემოდან კი მოაყარეთ ნიგოზი და გახეხილი შოკოლადი. შედგით დესერტი მაცივარში და კარგად გააცივეთ, თან, შესქელდება კიდეც. გემრიელია და საკმაოდ ნოყიერიც.