პაემნები საფლავებზე
ძალიან მხიარული და საყვარელი და მყავს. ყველაფერთან ერთად, საოცარი გულჩვილი და რომანტიკული გოგოა, მაგრამ, რატომღაც, პირად ცხოვრებაში არ უმართლებს: გაიცნობს ბიჭს, შეხვდებიან ერთმანეთს რამდენჯერმე და რომ მგონია, იპოვა თავისი ოცნების მამაკაცი-მეთქი, სწორედ მაშინ ხდება, რაღაც უცნაური და გაუთვალისწინებელი და... ჩემი დაიკო ისევ რაინდის მოლოდინის რეჟიმში გადადის.
წინა ისტორიებით თავს არ შეგაწყენთ, მარტო ბოლო შემთხვევას გიამბობთ:
ნანიმ თავისი მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნო ახალგაზრდა კაცი, რომელიც გარეგნობით მართლაც ნორმალური იყო. ჩემი დაც არ არის დასაწუნი გოგო და, მოკლედ, მოეწონათ ერთმანეთი. შოთამ მეორე დღესვე დაურეკა და პაემანზე დაიბარა. ნანიც წავიდა. პირველი პაემანი თბილისის ქუჩებში ორსაათიანი სეირნობითა და რომელიღაც სკვერში ნახევარსაათიანი შეჩერებით დასრულდა. ულაპარაკიათ ქართულ პოეზიაზე, ხელოვნებაზე და მეტზე არაფერზე. ნანის უთქვამს, გალაკტიონის „მესაფლავეზე“ მოსწავლეობის პერიოდში ათასჯერ მიტირია და მისი წაკითხვისას, ახლაც ცრემლი მადგება ხოლმე თვალზეო.
მეორე პაემანი შოთამ ჭონქაძის ქუჩაზე, ფუნიკულიორის ასასვლელთან დაუთქვა. ნანის ეგონა, პლატოზე ავალთ და ახალ რესტორანში დამპატიჟებსო, მაგრამ, შოთას უთქვამს, პანთეონში ავიდეთო. ეს არაფერი. პანთეონის ფეხით შემოვლა და ჩვენი გენიოსების საფლავების კიდევ ერთხელ ნახვა ჩემს დას კიდეც ესიამოვნა, თან, გულში გაუხარდა, რა არაორდინარული თაყვანისმცემელი მყავსო. პანთეონიდან რომ ბრუნდებოდნენ, საუბარში გაარკვიეს, რომ დედა ორივეს გარდაცვლილი ჰყავდა. როგორც ჩანს, ამის გათვალისწინებით, მესამე პაემანზე ნანის შოთა აშკარად საფლავზე მისატანი საშუალო ზომის გვირგვინით დახვდა და, სანამ ჩემი და ჰკითხავდა, რა ხდებაო, იმან დაასწრო და უთხრა – ახლა ტაქსის გავაჩერებ და დედაშენის საფლავზე მივდივართ, ოღონდ, რომელ სასაფლაოზეა დაკრძალული, მითხარიო. ნანი, ცოტა არ იყოს, დაიბნა, მაგრამ, იფიქრა, ალბათ, უნდა, რომ მასიამოვნოსო და მათი მესამე პაემანი დედის საფლავის მონახულებით ამოიწურა. ორი დღის მერე შოთა ისევ ურეკავს ნანის და ეუბნება, ვაკის პარკის ზედა შესასლველთან მოდი, ჭავჭავაძის პროსპექტზეო. არ ვიცი, გული ცუდს უგრძნობდა თუ რა იყო მიზეზი, მაგრამ, ნანის აღარ უნდოდა პაემანზე წასვლა, თუმცა, ცნობისმოყვარეობამ დასძლია და მაინც წავიდა. ამჯერად შოთა ტაქსით ელოდა, ხელში კი იების თაიგული ეჭირა. ნანი გიჟდება იებზე და გახარებულმა უთხრა – დიდი მადლობაო, თან ხელი გაიწოდა თაიგულის გამოსართმევად, მაგრამ შოთამ იქიდან მხოლოდ ერთი პატარა კონა მისცა – ეს შენი იყოს, რადგან იები გყვარებია, დანარჩენი კი დედაჩემის საფლავზე უნდა მივიტანო, ახლა იქ მივდივართო. ჩემი და კარგად აღზრდილი გოგოა და, რადგანაც წინა პაემანზე დედაჩვენის საფლავი მოინახულეს, ეუხერხულა, ეთქვა, დედაშენის საფლავზე არ წამოგყვებიო. მოკლედ, წავიდნენ, მაგრამ, ნანის მთელი გზა ხმა არ ამოუღია, შოთა კი ამქვეყნიური ცხოვრების ამაოებაზე აფრქვევდა სიბრძნეებს. უკან რომ ბრუნდებოდნენ, „რომეოს” უთქვამს, ხვალ ჩემი ბავშვობის მეგობრის საფლავზე უნდა აგიყვანო, გაუხარდებაო. აი, მაშინ კი იფეთქა ნანიმ: კი მაგრამ, თავის მოწონება თუ გინდა, ეს ქალაქი რესტორნებითაა სავსე, რაღა სასაფლაოებზე დამაწოწიალებ; მეტი ფანტაზია თვითონ თუ არ გყოფნის, შენი ძმაკაცებისთვის მაინც გეკითხა, ახალგაცნობილი გოგოს წაყვანა სად ჯობდაო.
– შენ თვითონ არ მითხარი, გალაკტიონის „მესაფლავეზე“, მომწონსო? ჰოდა, მეგონა... – ამოილუღლუღა თურმე შოთამ.
– „მესაფლავე“ მომწონს, თორემ, მესაფლავეობის კურსების გავლაზე კი არ ვოცნებობდი, – მიახალა ნანიმ, იქვე გააჩერა ტაქსი და სახლში ჭკუიდან გადასული დაბრუნდა. ახლა ის გვაინტერესებს, ღმერთმა აცხონოს, მაგრამ იმ თავისი მეგობრის საფლავზე ვინ წაიყვანა.
არა, ისე, ბედი არ უნდა ყველაფერს?!