ქურდული ცხოვრება
ერთხელ ოქროსფრჩხილა მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეაში იმყოფებოდა. მან ერთ-ერთი სურათის წინ შეკრებილ ოციოდე დამთვალიერებელს ამ სურათის ისტორიის მოყოლა დაუწყო სანამ ისინი მას პირდაღებულები უსმენდნენ, ოქროსფრჩხილამ ოცი საფულე მოიპარა, პალტოს სხვადასხვა ჯიბეში ჩაილაგა და იქიდან აორთქლდა... ის მხოლოდ ერთხელ იჯდა ციხეში და არა ჯიბგირობისთვის, არამედ იმის გამო, რომ სასწავლო მანქანით რაიკომის მდივნის „ვოლგა“ დაამტვრია. ექვსი თვით ჩასვეს და სწორედ მაშინ გავიცანი ის ბუტირკის ციხეში. ასე თქვა: ღმერთმა დამსაჯა, რადგან ისეთ საქმეს მოვკიდე ხელი, რომელიც ჩემი საქმე არ იყოო...
შავი სამყაროს ისტორიაში ოქროსფრჩხილას მსგავსი შემოქმედი კრიმინალი არცთუ ბევრი ყოფილა. მათი უმრავლესობა აფერისტი და ჯიბგირი იყო, მარტო „კრასავჩიკის“ ისტორიები რად ღირს. მართლაც პროფესიონალი აფერისტი, ისეთ სპექტაკლებს დგამდა, სტანისლავსკისაც კი შეშურდებოდა. კრასავჩიკი მრავალმხრივ განათლებული, უნიჭიერესი ადამიანი გახლდათ, ცხრა ენას სრულყოფილად ფლობდა. შეეძლო, მთელი შექსპირი ზეპირად წაეკითხა ან კლასიკურ ფილოსოფიაზე ესაუბრა. ის ხატავდა, ძერწავდა და შეეძლო, ნებისმიერი საბუთი გაეყალბებინა. ერთი ფრანგი მაგნატი კი ისე დააბოლა, კრემლის კომპლექსი და ოსტანკინოს ტელეანძა მიჰყიდა... მისივე გაყიდულია მდინარე მოსკვას მარჯვენა სანაპირო, სადაც იაპონელებს რესტორნების ქსელი უნდა გაეშენებინათ. კრასავჩიკმა იმდენი ქნა, გერმანელი მილიონერის ქალიშვილი შეაბა, მასზე დაქორწინდა და უცხოეთში გაემგზავრა. დღესდღეობით საკმაოდ ასაკოვანია, მაგრამ მსხვილ ბიზნესს კურირებს... ერთი სიტყვით, კრიმინალურ სამყაროში ბევრი ნიჭიერი ადამიანი მოღვაწეობს და ჩემი ცხოვრების განმავლობაში ბევრ მათგანს პირადად ვიცნობდი. მარტო „ხურდას“ სახელი რად ღირს. ხურდა ყალბი ფულის მჭრელი იყო და მილიონ-ნახევარი მანეთი ჰქონდა დაბეჭდილი. ის სრულიად შემთხვევით, ცოლის დაბეზღებით, დაიჭირეს და დახვრეტა მიუსაჯეს. ექსპერტებმა კი მისი დაბეჭდილი ფული ნამდვილისგან ვერ გაარჩიეს. ბოლოს ხურდა „კაგებემ“ წაიყვანა და მათთან მუშაობდა.
ასე რომ, კრიმინალური სამყარო მხოლოდ მკვლელებისა და მოძალადეებისგან არ შედგება. ერთხელ, ვლადიმირის კრიტში ერთი კაცი გავიცანი, რომელიც პუშკინის შემოქმედებას აყალბებდა. შუახნის კაცი იყო, ყველა პატივს სცემდა და ძია სტიოპას ვეძახდით. ძია სტიოპას ათი წელი ჰქონდა მისჯილი პოლიტპატიმრის სტატუსით, რადგან პუშკინის შემოქმედების გაყალბება სახელმწიფოსა და მისი წეს-წყობილების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად ჩაითვალა. ძია სტიოპა პროფესიით ფილოლოგი იყო და ცნობილი მწერლებისა და პოეტების შემოქმედებას იკვლევდა. თავის საქციელს ის სულ სხვაგვარად ხსნიდა. ერთხელ, როცა ძალიან მორიდებულად ვკითხე, თუ რატომ აყალბებდა პუშკინს, მან მითხრა:
– მინდოდა, პუშკინის ტყავში მეგრძნო თავი და ის სიყვარული და დიდება გამომეცადა, რაც პუშკინის მიმართ არსებობს, – მიპასუხა ძია სტიოპამ, მე კი ვუთხარი:
– ძია სტიოპა, პუშკინის გაყალბების მაგივრად, რომ თქვენი ნაწარმოებები თქვენი სახელით გამოგექვეყნებინათ, მაშინაც ხომ პოპულარული და ცნობილი იქნებოდით?
– არა, კობრა, – ღიმილით თავი გააქნია ძია სტიოპამ, – ჯერ ერთი, არავინ გამომიქვეყნებდა და რომც გამოექვეყნებინათ, იტყოდნენ, პუშკინს ბაძავსო და საყოველთაო დაცინვის ობიექტი გავხდებოდი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, გაყალბება და თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა. ჩემ მიერ ვითომ პუშკინის აღმოჩენილ ლექსებზე ორი მონოგრაფია დავწერე და თხუთმეტი ლექსი პუშკინის პოეზიის რჩეულშიც შეიტანეს. შენ ვერ წარმოიდგენ, რა ბედნიერი ვიყავი, როცა ჩემი ლექსები პუშკინის ლექსები ეგონათ. ცენტრალურმა ტელევიზიამ ორი დიდი გადაცემა მიუძღვნა ჩემს აღმოჩენას და ფილოლოგიის დოქტორის ხარისხიც კი მივიღე პუშკინოლოგიაში.
– ძია სტიოპა, როგორ დააჯერეთ ისინი, რომ პუშკინის ლექსები აღმოაჩინეთ?
– ჩემი აღმოჩენა მეცნიერებათა აკადემიაში მივიტანე, – გაეცინა ძია სტიოპას.
– ჰო და, როგორ დააჯერეთ მათ, რომ პუშკინი აღმოაჩინეთ? დარწმუნებული ვარ, იქ არიფები არ იქნებიან.
– რის არიფები. იქაურობა მსოფლიო კორიფეებითაა სავსე.
– როგორ გააცურეთ ისინი?
– რადგან ასე ძალიან გაინტერესებს, მაშინ ყველაფერს თავიდან მოგიყვები. მომისმენ? თავს არ შეგაწყენ?
– რა თქმა უნდა, მოგისმენთ, ძია სტიოპა. რა თავს შემაწყენთ, რას ბრძანებთ, – ვუთხარი ძია სტიოპას.
– მოკლედ ასე, ჩემო კობრა. პუშკინს ბავშვობიდანვე ვაღმერთებდი, მის შემოქმედებას დეტალურად ვსწავლობდი და, რა თქმა უნდა, ვბაძავდი. თხუთმეტი წლის რომ ვიყავი, ექვსი ლექსი მქონდა დაწერილი. მაშინ გამიჩნდა იდეა, გამეკეთებინა ის, რაც შემდეგ გავაკეთე და რისთვისაც ახლა ციხეში ვზივარ. რუსულს ძალიან ცნობილი ფილოლოგი მარია ანტონოვნა ზორინა მასწავლიდა. ის ცნობილი პუშკინოლოგი იყო და მისი შემოქმედება საფუძვლიანად იცოდა. ჩემი გეგმა ძალიან უბრალო გახლდათ. მე მისთვის ჩემი ლექსი უნდა წამეკითხა, პუშკინის დაწერილად გამესაღებინა და შედეგს დავლოდებოდი – თუ ზორინა მიხვდებოდა, რომ ვატყუებდი, მაშინ ვეტყოდი ვიხუმრე, მაინტერესებდა, რა აზრის ხართ ჩემს ლექსზე-მეთქი. ერთხელ, მარია ანტონოვნამ კლასგარეშე საკითხავი პუშკინის ლექსების მოძიება და სწავლა დაგვავალა. შემდეგ გაკვეთილზე ზორინას ჩემი ორი ლექსი წავუკითხე და შედეგის მოლოდინში გავისუსე. მარია ანტონოვნამ თავი გააქნია და თქვა:
– მე მეგონა, რომ პუშკინი სრულად მქონდა შესწავლილი, მაგრამ გამოდის, რომ ვცდებოდი. ეს ორი ლექსი მე პირველად მოვისმინე დღეს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი პუშკინის გენიალობაში. ყოჩაღ, სტიოპა! ბავშვებო, ტაში დავუკრათ პუშკინსა და სტიოპას.
მთელმა კლასმა ტაში დასცხო. მარია ანტონოვნა ზორინას სიტყვები კი ჩემი შეფასების საუკეთესო კრიტერიუმი იყო. იმ მომენტში თავი პუშკინი მეგონა და მტკიცედ გადავწყვიტე, ჩემი გეგმა განმეხორციელებინა – პუშკინი გამეყალბებინა. ზორინას მხრიდან რომ ზედმეტი ეჭვები ამერიდებინა თავიდან, გაკვეთილის დასრულების შემდეგ, მასთან მივედი და ვუთხარი:
– მარია ანტონოვნა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავვარდი. თქვენი რჩევა და დახმარება მჭირდება.
– რაშია საქმე, რა მოხტა სტიოპაჩკა? – შეწუხდა ზორინა.
– მარია ანტონოვნა, მე რომ დღეს პუშკინის ლექსები წაგიკითხეთ, ის წიგნი ჩემი მეზობლისგან ვითხოვე. ძველი გამოცემა იყო, ალბათ, ასი წლის წინანდელი. ერთი სიტყვით, ეს წიგნი ჩემმა უმცროსმა ძმამ ბუხარში შეაგდო და სულ მთლად დაწვა. არ ვიცი, რა ვქნა. წიგნი ხომ უნდა დავუბრუნო პატრონს და სად ვიშოვო?
– ცუდი საქმე დაგმართნია, – სერიოზული სახით მითხრა ზორინამ, – მე პუშკინის ძალიან ბევრი გამოცემა მაქვს სახლში, მაგრამ გარწმუნებ, რაც შენ გჭირდება, არა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენ მიერ წაკითხული ლექსები არ მეუცხოებოდა, რადგან ყველა ჩემი წიგნი გადაღეჭილი მაქვს და ზეპირად ვიცი. ბუკინისტები თუ გვიშველიან. ამისთვის კი, წიგნის გამომცემლობის დასახელება და თარიღი უნდა ვიცოდე.
– არ ვიცი, მარია ანტონოვნა, – სინანულით გავაქნიე თავი, – წიგნს ჭრელი, მაგარი ყდა ჰქონდა და ლექსები მეცამეტე და მეთოთხმეტე გვერდებზე იყო დაბეჭდილი. მხოლოდ ეს დამამახსოვრდა. ისე, რომ ვნახო, ვიცნობ.
ზორინამ რამდენიმე მისამართი მომცა და მითხრა:
– ესენი ბუკინისტები არიან. ჩემი სახელით მიხვალ და შენს გასაჭირს მოუყვები. ისინი წიგნებს გიჩვენებენ და თუკი საჭირო გამოცემა ექნებათ, გამოგატანენ.
ზორინას დიდი მადლობა გადავუხადე და ბუკინისტების მისამართები გამოვართვი. ასე კი იმიტომ მოვიქეცი, რომ ზორინას თავად არ მოეთხოვა ის წიგნი, რომელშიც მისთვის უცნობი პუშკინის ლექსები იყო დაბეჭდილი. ეს ისტორია კი იმით დასრულდა, რომ ზორინას ვუთხარი:
– მარია ანტონოვნა, ბუკინისტებს საჭირო წიგნი არ აღმოაჩნდათ და იძულებული გავხდი, მეზობლისთვის სრული სიმართლე მეთქვა.
– იმან, რა გითხრა? – მკითხა ზორინამ.
– ნუ ინერვიულებ, შენი ჭირიც წაუღიაო, – ვუთხარი რუსულის მასწავლებელს.
ერთი სიტყვით, ჩემი გრანდიოზული გეგმის განხორციელების გზაზე პირველი გამოცდა წარმატებით ჩავაბარე. ამან კი, დიდი სტიმული მომცა და პუშკინის შესწავლას საფუძვლიანად მოვკიდე ხელი. ფილოლოგიის ფაკულტეტი რომ დავამთავრე, უკვე პუშკინის ოცი ლექსი მქონდა გაყალბებული და შესაფერის მომენტს ვეძებდი, რომ ჩემი გეგმა სისრულეში მომეყვანა. მუშაობა დავიწყე ლიტერატურის ინსტიტუტში და ხშირად დავდიოდი მივლინებებით იმ ადგილებში, სადაც პუშკინს უმოღვაწია. ერთ-ერთი ასეთი ვოიაჟის დროს, კავკასიაში, პუშკინის ეპოქის ცარიელი ფურცლები ვიპოვე ერთი ქოხის სხვენში. სწორედ ეს იყო, რაც მე მჭირდებოდა, ჩემ მიერ ფალსიფიცირებული ლექსები სწორედ იმ ფურცლებზე გადავიტანე, წინ კი ასეთი ტექსტი დავურთე: „იმის გამო, რომ ცხენით ჯირითის დროს ხელი დავიზიანე, მე, თავადი ალექსანდრე პუშკინი, ჩემს ლექსებს ვაწერინებ ჩემი კარნახით დიაკვან პეტრე ალექსეევს“. ასეთი შესავალი კი იმიტომ მჭირდებოდა, ხელნაწერისთვის რომ გრაფოლოგიური ექსპერტიზა ჩაეტარებინათ, დადგინდებოდა, ლექსები პუშკინის ხელით რომ არ იყო დაწერილი და სიყალბე გამოაშკარავდებოდა. მე მკვლევარი ვიყავი და ზუსტად ვიცოდი, რომ მსგავსი ხელნაწერების აღმოჩენისას მხოლოდ და მხოლოდ გრაფოლოგიურ ექსპერტიზას ატარებდნენ ხელწერის დასადგენად, აგრეთვე, ამოწმებდნენ ქაღალდსაც, რომ მისი სიძველე დაედგინათ. მელანს კი არ ამოწმებდნენ და უფრო ამიტომ, გადავწყვიტე ასე თამამად, ეს აფერა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას არ ვიზამდი, რადგან პუშკინისდროინდელ მელანს ვერსად ვიშოვიდი და არც ქიმიკოსი ვიყავი, რომ მელანი თავად დამემზადებინა. ერთი სიტყვით, გაყალბებული ნაწერები ისევ იმ ადგილზე დავდე, სადაც ფურცლები ვიპოვე და ზუსტად ხუთი წლის მერე „აღმოვაჩინე“ გენიალური პუშკინის აქამდე უცნობი ლექსები.
– როგორ დაიწვი, ძია სტიოპა?
– ისევ და ისევ მელნის გამო.
– როგორ?
– ექსპერტიზა ჩაუტარეს.
– თქვენ არ თქვით, ექსპერტიზას არ უტარებენო?
– სამწუხაროდ, ჩაუტარეს და ეს ყველაფერი ერთი ფეთხუმი, დაუდევარი ჩემი კოლეგის გამო მოხდა.
– ეგ როგორ?
– როგორ და, ჩემი აღმოჩენა ხომ პუშკინის ხელნაწერთა ინსტიტუტში იყო შენახული. ჰოდა, ვიღაც ბობოლა პარტიულის ცოლი საკანდიდატო დისერტაციას იცავდა პუშკინის შემოქმედებაზე. იმ ქალს, რა თქმა უნდა, ქმრის ბლატით, უფლება მისცეს, ჩემი აღმოჩენით ესარგებლა და ხელნაწერებთან მიუშვეს. იმ კრეტინს კი ხელნაწერზე ყავა გადაესხა. ეს ამბავი რომ არ გახმაურებულიყო, ხელნაწერი ვიღაც ქიმიკოსს მიუტანეს, რომ ყავის ლაქები მოეშორებინა. სწორედ ამ ქიმიკოსმა გამოიკვლია მელანი და დაადგინა, რომ 1955 წელს იყო დამზადებული მოსკოვის ქიმიურ ქარხანაში, ანუ 130 წლით გვიან, ვიდრე ეს ლექსები დაიწერა. ერთი სიტყვით, ყველაფერი გაირკვა. მე სხვა გზა არ მქონდა და დანაშაული ვაღიარე. იმის მაგივრად, რომ აფერისტობისთვის სამი წელი მოეცათ, სახელმწიფოს წეს-წყობილების წინააღმდეგ მიმართული ქმედებისთვის ათი წელი მომისაჯეს და აქ გამომამწყვდიეს.
– აბა, ესენი ხალხია? – აღვშფოთდი მე, როდესაც ძია სტიოპამ მოყოლა დაასრულა და დავამატე, – პირიქით, თქვენთვის ყველა პირობა უნდა შეექმნათ, რომ გეღვაწათ და ახალი შედევრები შეგექმნათ.
– კარგი იქნებოდა, მთავრობაც რომ შენნაირად ფიქრობდეს, მაგრამ კანონი კანონია და ჩემისთანა ადამიანებს მთელი სიმკაცრით სჯის, – მითხრა ძია სტიოპამ და ღიმილით თავი გააქნია. მერე კი, მკითხა:
– გინდა, ლექსები წაგიკითხო?
– თქვენი თუ პუშკინის?
– ჩემი, რომლებსაც პუშკინისეულად ვასაღებდი.
– წაიკითხეთ.
ძია სტიოპამ ხუთი ლექსი წამიკითხა და მკითხა:
– როგორია?
– ძალიან მაგარი და რაც მთავარია, თავად პუშკინის დაწერილს ბევრად სჯობს.
– შეიძლება, მართალიც კი ხარ, მაგრამ პუშკინი მაინც პუშკინია და რაც არ უნდა მასზე კარგად წერდე, მაინც არავინ დაგიფასებს, – ნაღვლიანად მითხრა ძია სტიოპამ და ნარზე წამოწვა.
ძია სტიოპასა და პუშკინის არ იყოს, ადამიანები ძალიან ხშირად არც გენიოსებს აფასებენ და არც მათ მიერ მოტანილ სიკეთეს. ხშირად ასეთ ხალხს დევნიან და ცილს სწამებენ. ზოგჯერ კი თავიდანაც იშორებენ და ფიზიკურად უსწორდებიან. ერთხელ, ჩრდილოეთ ურალში ვიხდიდი სასჯელს. იქ მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იმ პერიოდში ერთადერთი ქურდი ვიყავი. შავი ზონა იყო და რა თქმა უნდა, ქურდული პალაჟენია ტრიალებდა. ერთ დღეს იქ ერთი ქართველი, ახალგაზრდა კაცი მოიყვანეს. ის დღესაც ცოცხალია, უცხოეთში ცხოვრობს და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სხვა სიტუაციაა, თავის სამშობლოს სათოფეზეც არ ეკარება. ამ კაცის ვინაობის გამხელა არ მინდა და პირობითად მას ვანოს ვუწოდებ... ერთი სიტყვით, ეს ვანო მაშინ მხოლოდ ოცდახუთი წლის იყო და აშკარად ეტყობოდა, რომ ძალიან შეეშინდა. მისი მოქმედებიდან და ყველა მოძრაობიდან ჩანდა, რომ მოკვლის ეშინოდა. ერთი შეხედვით, ფსიქიურ ავადმყოფს ჰგავდა, თუმცა აშკარად არ იყო გიჟი. ხუთწლიანი პატიმრობა ექიმის უფლებამოსილების გადამეტებისა და არაკვალიფიციურობის გამო ჰქონდა მისჯილი. ერთ დღეს ვანო ჩემთან მოვიხმე და ვუთხარი:
– დაჯექი ძმაო, შენთან საქმე მაქვს.
ვანომ შეშინებული მზერა მომაპყრო და მართალია, დაჯდა, მაგრამ ხშირ-ხშირად უკან იყურებოდა. მე გამეცინა და ვკითხე:
– გეშინია, არავინ მოგეპაროს?
– თქვენ რა იცით? – მითხრა ვანომ. სკამიდან წამოხტა და ისე დადგა, რომ მეც დავენახე და ბარაკში შემოსასვლელი კარიც.
– ამას რა ცოდნა უნდა, ძმაო. აშკარად გეტყობა, შეშინებული ხარ. მითხარი, რა გჭირს, ვერაფრით დაგეხმარები?
ვანომ ეჭვით შემომხედა და მითხრა:
– აქ რატომ დამიბარეთ, რა გნებავთ ჩემგან?
– ყველაფერი კარგი, ძმაო. ჯერ ერთი, რომ ამ ზონაში ორი ქართველი ვართ და ერთმანეთს არ ვიცნობთ. თანაც, მე ამ ზონის მაყურებელი ვარ და უნდა ვიცოდე, რა ხალხი ზის აქ. მთავარი კი ისაა, რომ ძალიან შეშინებული ჩანხარ და მაინტერესებს, რა გჭირს. იქნებ რამეში დაგეხმარო.
ჩემმა სიტყვებმა ვანო ოდნავ დაამშვიდა და მკითხა:
– მაინც, რა გაინტერესებთ?
– უპირველესად, რატომ ხარ ასე შეშინებული?
– ჩემი მოკვლა უნდათ და იმიტომ.
– ვის უნდა შენი მოკვლა?
– დამპალ ექიმებს. უფრო სწორად კი, სამედიცინო მაფიას. იმ ხალხს, ვისაც მე ყელში გავეჩხირე. ვინც აქ გამომამწყვდია და ვინც მე ორი თავდასხმა მომიწყო.
– უფრო კონკრეტულად მითხარი.
ვანომ პაუზა გააკეთა და ჯერ კარისკენ გაიხედა, შემდეგ მწველი მზერა მესროლა და საცოდავად მკითხა:
– აქ მოსაკლავად ხომ არ შემომიტყუეთ?
ვანოს სიტყვების გამო, თანაც ქურდის მიმართ ნათქვამს, მის პატრონს კარგს არაფერს დააყრიდნენ, მაგრამ მე გამეღიმა და მივუგე:
– არა. ნუ გეშინია. მე მართლა შენი დახმარება მინდა და დამშვიდდი.
– ბოდიშს გიხდით. ისე ვარ შეშინებული, ყველასა და ყველაფერში ეჭვი მეპარება, – მითხრა ვანომ.
– რატომ, რა შეგემთხვა? – ვკითხე ვანოს. მან კი მიპასუხა:
– ექიმი-ალერგოლოგი ვარ. 23 წლის ასაკში უკვე სწავლების ათწლიანი პროგრამა მქონდა გავლილი, პლუს პრაქტიკა და ეს ყველაფერი ხუთ წელიწადში დავძლიე. ამასთან ერთად, ბალახებისგან ძალიან ეფექტური წამალი დავამზადე, რომელიც ალერგიის ერთ-ერთ უმწვავეს სახეობას არჩენს და ისე გავითქვი სახელი, ყველა ამ კატეგორიის ავადმყოფი მხოლოდ ჩემთან მოდიოდა სამკურნალოდ. ერთი სიტყვით, კოლეგები გადავიმტერე და დევნა დამიწყეს. თავიდან ანონიმურად მირეკავდნენ სახლში, საქართველოში სამედიცინო პრაქტიკის შეწყვეტისა და სხვა რესპუბლიკაში წათრევისკენ მომიწოდებდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მარწმუნებდნენ, რომ შარშანდელი თოვლივით უკვალოდ გამაქრობდნენ. მე ამ ყველაფრის არ შემშინებია, პირიქით, ისეთ აზარტში ჩავვარდი, მათი გაღიზიანება უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა და მიხაროდა, რომ ყველა ჩემს კოლეგას ვჯობდი. ასე გაგრძელდა ერთი წელიწადი და ამ ხნის განმავლობაში ათასობით ავადმყოფი განვკურნე. იმდენი ფული ვიშოვე, ორი ბინა, ორი აგარაკი და ფეშენებელური ავტომობილი შევიძინე. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ ფულს არავის ვთხოვდი და წამალსაც უფასოდ ვატანდი ყველას. მით უმეტეს, რომ მისი დამზადება არაფერი მიჯდებოდა. ამან კიდევ უფრო მეტად გადარია ფულისტი ექიმები და პირველი თავდასხმა მომიწყვეს. ერთ საღამოს სამსახურიდან სახლში დავბრუნდი. გარაჟი გავაღე და მანქანა შევიყვანე. უცებ გარაჟის კარი დაიხურა. სამმა, რკინის ჯოხებით შეიარაღებულმა ნიღბიანმა ისე სასტიკად მცემა, ორ ადგილზე ძვალი მქონდა მოტეხილი. შემდეგ მანქანის ქვეშ შემაგდეს, მანქანას ბენზინი გადაასხეს და ცეცხლი მოუკიდეს. სიკვდილისგან იმან მიხსნა, რომ გარაჟის „იამაში“ ჩავვარდი და ცეცხლი არ მომეკიდა. ამ დროს სრულიად შემთხვევით, სახანძრო დახმარების მანქანამ გამოიარა. მათ ჩემი გარაჟიდან გამომავალი სქელი კვამლი დაინახეს და ჩემი ბედი, რომ შიგნით შუქი ენთო. „იამაში“ უგონოდ მყოფი შემნიშნეს და სიკვდილს გადამარჩინეს. სამი თვე თაბაშირში მქონდა მარცხენა ხელ-ფეხი, მაგრამ პაციენტები არც მაშინ მომკლებია. მეც ჩვეულ რიტმში განვაგრძობდი მუშაობას. მილიციაში არ მიჩივლია და ეს ყველაფერი უბედურ შემთხვევად მოინათლა – სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა. თუმცა, არაოფიციალურად დაცვა დავიქირავე და ოთხი ადამიანი დღე-ღამის განმავლობაში მიცავდა. პირველად მაშინ შემომეპარა შიში, მაგრამ დავძლიე, თუმცა დაცვა კვლავ მყავდა. როდესაც გამოვჯანმრთელდი და ფეხზე წამოვდექი, ისევ განვაახლე სამსახურში სიარული. თუმცა, მანქანას უკვე ჩემი ერთ-ერთი მცველი მართავდა და დანარჩენი მცველებიც ჩემს სიახლოვეს იყვნენ. ერთ მშვენიერ დღეს, ოთხივე ჩემი მცველი მილიციამ დააპატიმრა და მიუხედავად იმისა, რომ უიარაღონი იყვნენ, ოთხი პისტოლეტი ჩაუდეს და საქმეები შეუკერეს. მათი მილიციიდან გამოხსნა სოლიდური თანხა დამიჯდა, მაგრამ ოთხივემ დიდი ბოდიში მომიხადა და ჩემს დაცვაზე უარი განაცხადეს. კონფიდენციალურად მითხრეს, რომ თუკი კვლავ ჩემთან დაბრუნდებოდნენ, მილიცია დააპატიმრებდათ. მაშინ კი, უკვე ვერანაირი ფულით ვერ დააღწევდნენ თავს პატიმრობას. აშკარა იყო, რომ ჩემმა კოლეგებმა დიდი ფული გადაუხადეს მილიციას, ჩემი დაცვა რომ გაეუქმებინათ. აქედან ისიც აშკარა იყო, რომ ჩემს წინააღმდეგ ახალი თავდასხმა მზადდებოდა და ამჯერად უკვე ვეღარ გადავურჩებოდი სიკვდილს. პირველი სერიოზული წიკებიც მაშინ დამეწყო და თავდაცვის მიზნით, არალეგალურად პისტოლეტი შევიძინე, ერთ-ერთმა ჩემმა პაციენტმა მაყიდინა. პისტოლეტი მუდამ თან მქონდა და ამან დამამშვიდა. გავიდა სამი თვე. თანდათან შიში გამიქრა და ყურადღებაც მოვადუნე, მაგრამ პისტოლეტს მაინც არ ვიშორებდი. ერთ საღამოს წყნეთში ავედი ჩემს აგარაკზე. მანქანა რომ გარაჟში შევაყენე და სახლის მეორე სართულზე ავედი, კეფაში მძიმე საგანი მომხვდა და გავითიშე. გონზე რომ მოვედი, იატაკზე ხელებგაბაწრული ვეგდე. ჩემ წინ კი ოცდაათ წელს გადაცილებული მამაკაცი იდგა. ერთ ხელში ჩემი პისტოლეტი ეჭირა, მეორეში კი – თავისი და თვალი რომ გავახილე, ირონიულად მითხრა:
– გონზე მოხვედი? სულ მალე სამუდამოდ დაკარგავ გონებას.
მივხვდი, რომ პისტოლეტებიანი მამაკაცი დაქირავებული მკვლელი იყო და ვუთხარი:
– რას მერჩით, რა დაგიშავეთ?
– პირადად მე – არაფერი.
– მაშინ, რა გნებავთ ჩემგან?
– მე ჩემს სამუშაოს ვასრულებ, – მითხრა დაქირავებულმა მკვლელმა და იარაღი დამიმიზნა. იმ მომენტში ნამდვილად არ შემშინებია. უბრალოდ, რაღაც უცნაური გრძნობა დამეუფლა და ვუთხარი:
– ერთი წუთი გაჩერდით და მომისმინეთ!
მკვლელს იარაღი არ დაუშვია და მითხრა:
– თქვი, გისმენ.
– ჩემი მოკვლით დიდ ბოროტებას ჩაიდენ. ძალიან ბევრ ადამიანს გადაიკიდებ, გააუბედურებ და ღმერთი ამას არ გაპატიებს.
– ღმერთი არ არსებობს, – მითხრა მკვლელმა და სასხლეტში თითი გაუყარა.
მე კი ვუთხარი:
– საპირისპირო რომ დაგიმტკიცო, დამანებებ თავს?
დაქირავებული მკვლელი აბსოლუტურად დარწმუნებული იყო თავის სიტყვებში, ამიტომ გაეცინა და მითხრა:
– თუ ამას დამიმტკიცებ, მაშინ, შვილს გეფიცები, არ მოგკლავ და თავს დაგანებებ.
– მაშინ ყურადღებით მომისმინე და ნაჩქარევ გადაწყვეტილებას ნუ მიიღებ.
– გისმენ.
– ღმერთი არსებობს, რადგან შენ მე შემხვდი, – შენობით ლაპარაკზე გადავედი. მკვლელი კი ჯერ დაიბნა, შემდეგ ირონია გამოეხატა სახეზე და მითხრა:
– რას ბოდავ, ეგ რა დამტკიცებაა.
– იარაღი დაუშვი. ჩემს მოკვლას ყოველთვის მოასწრებ. ხომ გითხარი, ნუ იჩქარებ-მეთქი. ერთი თხოვნა შემისრულე.
– რა თხოვნა?
– რა და ბუფეტში ატამი მიდევს, მიდი და მომიტანე.
– ატამი? – გაიმეორა დაქირავებულმა მკვლელმა. შემდეგ მთელ ტანში დაბურძგლა. ხელებსა და სახეზე კი ისე მსხვილად დაფოთლა, იფიქრებდით, ცხელი ზეთი შეასხესო. ამ ყველაფერს კი საშინელი ხველება დაერთო და თხუთმეტიოდე წამის შემდეგ დაქირავებულ მკვლელს ყელში სპაზმი მოაწვა, იხრჩობოდა... ორივე პისტოლეტი ხელიდან გაუვარდა.
– ჩქარა, მაცივარი გამოღე და საყინულეში რომ მწვანე აბებია, ერთი ცალი გადაყლაპე, – ვუთხარი დაქირავებულ მკვლელს. მან სასწრაფოდ შეასრულა ჩემი მითითება და ნახევარ წუთში სპაზმი და ხველება შეუჩერდა, დაფოთვლამაც გაუარა და კანი გაუკრიალდა. მან შვებით ამოისუნთქა და თქვა:
– ეს რა იყო?
– ეს ის იყო, რაც მე გითხარი და ღმერთი ნამდვილად არსებობს, – მშვიდად მივუგე დაქირავებულ მკვლელს, რადგან დარწმუნებული ვიყავი, სიკვდილს გადავურჩი.
– მაინც, რა მოხდა?
– მოხდა ის, რომ ალერგიის უმძიმესი ფორმით ხარ დაავადებული, რაც შენი კანის დათვალიერებითა და სუნით გავიგე. იგივე სჭირს, ალბათ, შენს შვილს, თუ რამდენიმე გყავს – შვილებს და მხოლოდ მე შემიძლია თქვენი ხსნა. ახლა კიდევ იტყვი, რომ ღმერთი არ არსებობსო?
– მართალს ამბობ?
– დაფიქრდი და მიხვდები.
– რაც მითხარი, სწორია. მე და ჩემს შვილს რაღაც გვჭირს და უკვე ათი წელია, ამ კრეტინმა ექიმებმა ვერაფერი გაგვიგეს. უამრავი ფული გადავიხადე, მაგრამ არაფერი გვშველის.
– სწორედ იმ კრეტინი ექიმების დაქირავებული ხარ. მე გიშველით შენ და შენს შვილს, თანაც უფასოდ.
– მართლა?
– რა თქმა უნდა, – ვუთხარი დაქირავებულ მკვლელს და დავამატე, – აი, ხომ ხედავ, ღმერთი არსებობს. სწორედ მან შეგახვედრა ჩემთან. ახლა კი პირობა შეასრულე და აღარ მომკლა. მე კი მკურნალობას დაგინიშნავთ, წამალს მოგცემთ და ერთ თვეში მორჩებით.
დაქირავებულმა მკვლელმა ხელები ამიხსნა და ფეხზე წამომაყენა. შემდეგ მომიბოდიშა. საკუთარი პისტოლეტი ქამარში ჩაიდო, ჩემსას მჭიდი გამოაცალა, გამომიწოდა და მითხრა:
– აი, თქვენი იარაღი, გამომართვით.
– გეშინიათ, რომ არ გესროლოთ? – ღიმილით ვუთხარი დაქირავებულ მკვლელს, – ეგ მე არ მჭირდება. აქედან რომ წახვალთ, გადააგდეთ. ახლა კი დანიშნულებას დაგიწერთ და წამალს გაგატანთ.
დაქირავებულ მკვლელს ქაღალდზე დავუწერე, თუ როგორ უნდა მიეღოთ მას და მის შვილს ჩემი წამლები და გავისტუმრე. წასვლის წინ მან ისევ მადლობა გადამიხადა და მითხრა:
– ბოდიშს გიხდით, ექიმო, რომ თქვენი მოკვლა მინდოდა. მადლობა ღმერთს, რომ თვალები ამიხილა. რაც შეიძლება, მალე გავყიდი მთელ ჩემს ქონებას და აქედან გავუჩინარდებით, რომ უკვე ჩემზე არ დაიწყონ ნადირობა. თქვენ კი საკუთარ თავს გაუფრთხილდით. ჩემი დამქირავებლები საშინელი ხალხია და არ მოგეშვებიან.
– მშვიდობით. გავითვალისწინებ თქვენს რჩევას.
ჩემს კოლეგებს ახალი მკვლელი არ დაუქირავებიათ და ჩემს გასანადგურებლად სხვა გზა აირჩიეს. მათ სამი კიბოთი დაავადებული ადამიანი მოისყიდეს, რომლებიც თვალით არასდროს მინახავს. მათ სასამართლოში მიჩივლეს, თითქოსდა, ჩემმა არასწორმა მკურნალობამ დააავადა ისინი კიბოთი. სასამართლომ ექიმობის უფლება ჩამომართვა და ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯა. ციხეში გამომწყვდევამდე კი, ექვსი თვე ფსიქიატრიული კლინიკის განსაკუთრებულ ბლოკში დამაწვინეს. სადისტ-ჯალათმა ექიმებმა ჩემი ფსიქიკურად შერყევის ეპოპეა დაიწყეს. ჩემს მშობლებსა და ნათესავებს ათასობით ჩემ მიერ მორჩენილი ხალხი რომ არ დაერაზმათ, ჩემი სიცოცხლე საგიჟეთში დასრულდებოდა. მაგრამ, მთავრობა დიდმა სკანდალმა შეაშინა და ციხეში გადამიყვანეს. იქიდან კი აქ, რუსეთში გამომიშვეს და როგორც ვხვდები, ჩემი მოკვლა საქართველოდან შორს უნდათ. აი, რატომ ვარ ასე შეშინებული და რა შეგიძლიათ თქვენ, როცა ჩემი განადგურება ასეთ მონსტრს სურს.
ვანოს სიტყვები მაინცდამაინც სასიამოვნო არ იყო და სხვა ჩემს ადგილზე მას ბევრად უხეშად მოექცეოდა. მე კი ის შემეცოდა, თან მის ნიჭსა და კვალიფიკაციას პატივს ვცემდი და ვუთხარი:
გაგრძელება შემდეგ ნომერში