კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიკვდილის შემდეგ

გილფორდი

 

შეჯახება ძლიერი არ ყოფილა. სენტინმა მარტო ის დაინახა, რომ ცარიელ გზაზე მსუბუქი ავტომობილი პირდაპირ მისკენ მოქროდა. ფარების მჭახე შუქმა თვალი მოსჭრა და, რაც შეეძლო, მარცხნივ მიაბრუნა საჭე... არ უშველა – შემხვედრი ავტომობილი მისი მანქანის მარცხენა, უკანა ფრთაზე შეეხო და ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ სენტინს საჭე ვეღარ დაემორჩილებინა. მანქანა შემაღლებულ მიწაყრილზე შევარდა და ამოტრიალდა. ძლიერმა ბიძგმა სენტინი სალონიდან ამოაგდო და რამდენიმე მეტრზე გაისროლა... თავიდან ტკივილი თითქმის არ უგრძნია. დაცემა გაცილებით შოკის მომგვრელი იყო, თითქოს სადღაც უფსკრულში ჩაეშვა, სიბინძურესა და სულისშემხუთველ სიბნელეში. მერე უკვე გაუნძრევლად იწვა მიწიდან გვარიანად ამოზრდილ სარეველებში. მის თავს ზემოთ ვარსკვლავიანი ცა იყო. ვარსკვლავები თითქოს დაბლა ჩამოდიოდნენ და სიკვდილის მოახლოებას ამცნობდნენ. შიში, რომელიც კატასტროფამდე ჰქონდა, ახლა უკვალოდ გაქრა... მერე ხმები გაიგონა და გაახსენდა, რომ, ალბათ, იმ მანქანაშიც ისხდნენ ადამიანები... მათ მიმართ არც აგრესია უგრძნია და არც თანაგრძნობა.

– ის აქ არის! – გაიგონა გარკვევით და გაუკვირდა: ეძებენ? რატომ? ნუთუ მისი დახმარება უნდათ? ჯერ დაეჯახნენ, ასეთ მდგომარეობაში ჩააგდეს, ახლა კი გულმოწყალებას იჩენენ? იქნებ, სულაც არ იჩენენ გულმოწყალებას? დაყვირება გადაიფიქრა.

– არც ისეთი დარტყმა იყო, რომ ასე შორს გადაესროლა, – ეს ახალგაზრდა ქალის ხმა იყო.

– მეც ასე ვფიქრობ, – უპასუხა კაცის ხმამ. ისიც ასევე ახალგაზრდა უნდა ყოფილიყო, – მოვძებნოთ. მანქანაში ფანარია, მომიტანე!

– საერთოდ, რატომ ვეძებთ? – შეყოყმანდა ქალი, – წავიდეთ აქედან, რაც შეიძლება ჩქარა.

– არა. ხომ უნდა გავიგოთ, რა დაემართა? – კაცი ბოლომდე არ იყო დარწმუნებული საკუთარი ნათქვამის სისწორეში, – მგონი, ასე უნდა მოვიქცეთ, მომეცი ფანარი...

სენტინმა ფეხის ხმა გაიგონა, რომელიც სულ უფრო მკვეთრი ხდებოდა და კანკალმა აიტანა. ოფლმა დაასხა და პირველად იგრძნო მუცლის ღრუში მწვავე ტკივილი, რომელმაც გონება დაუბინდა. თვალი რომ გაახილა, ვარსკვლავიანი ცის ფონზე სახეები დაინახა. არ შემცდარა – ორივენი ძალიან ახალგაზრდები იყვნენ, ზედმეტად ახალგაზრდებიც კი და კიდევ უფრო შეეშინდა. ქალმა ფანარი პირდაპირ სახეზე მიანათა და მერე მთელ სხეულზე აუტარ-ჩაუტარა.

– ცოცხალია... თვალები გახელილი აქვს, მაგრამ, მგონი, დაჭრილია. მოიცა, შეიძლება, ლაპარაკი არც შეუძლია.

– დაელაპარაკე... ჰკითხე, როგორ ხარ-თქო...

– ეი, თქვენ, – სენტინი მიხვდა, რომ ეს მიმართვა უკვე მას ეკუთვნოდა, – როგორ ხართ, გტკივათ რამე?

– კი. მგონი, მოვკვდები... ალბათ, მთელი შიგნეულობა დანგრეული მაქვს, –  ნელა წარმოთქვა სენტინმა და უცებ იგრძნო, რომ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა: იმათ მზერაში, თავს რომ წამოდგომოდნენ, რაღაც შეიცვალა – ერთბაშად თითქოს სასტიკები და ულმობლები გახდნენ, თანაც, საეჭვოდ ჩაფიქრდნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ ერთმანეთში დაიწყეს ლაპარაკი, თითქოს სენტინი იქ საერთოდ არც ყოფილა. ჯერ ბიჭმა ჰკითხა გოგოს:

– შენ როგორ გგონია, დროულად რომ მოვუყვანოთ მაშველი, გადარჩება?

– ანუ, შენ ამბობ, შევატყობინოთ პოლიციას, წავიყვანოთ საავადმყოფოში... იცი, რომ ამისთვის დაგიჭერენ?

– რისთვის? – განცვიფრებული ბიჭი გოგოს მიაჩერდა, – ეს ხომ უბედური შემთხვევა იყო და მე განზრახ არ დავჯახებივარ?

– ყველა უბედური შემთხვევა ვიღაცის მიზეზით ხდება, მაგრამ, ეს შენ არ გაგამართლებს. მით უმეტეს, თუ მოკვდა... ასე რომ, კი არ გაშინებ, რეალობას გეუბნები.

სენტინი უკვე აუტანელ ტკივილებს გრძნობდა, თან სახეებს აკვირდებოდა. ქალიშვილს გამომეტყველება ძალიან უცნაურად შეეცვალა. მან თანამგზავრს მხარზე მოკიდა ხელი და მსუბუქად შეანჯღრია.

– მომისმინე, ის მოკვდება, – თქვა ისეთი დარწმუნებით, თითქოს სენტინისგან ჰქონდა ასპროცენტიანი დასტური.

– ასეთ შემთხვევაში, ექიმის ძებნა საჭირო არ არის, ხომ მართალია? – ბიჭი მძიმედ სუნთქავდა და თვალებიც უჩვეულოდ უბზინავდა. სენტინს ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ის მომხდარზე პასუხისმგებლობას იხსნიდა.

– მგონი, მართალია, – მხრები აიჩეჩა გოგომ და სენტინს დააშტერდა.

– ახლა როგორ მოვიქცეთ? – ბიჭი,  გოგოსთან შედარებით, აშკარად ძალიან ნერვიულობდა. სანტინი ვერ აცნობიერებდა, რა განცდა დაეუფლა – შიში, ტკივილი და განურჩევლობა ერთმანეთში აირია, თუმცა, მაინც გაუჩნდა ფიქრი იმაზე, რომ, შეიძლება, ეს წყვილი მის მოკვლას აპირებდა. თუ მაინც უნდა მომკვდარიყო, მაშინ ამას მნიშვნელობა არ ექნებოდა, თუმცა იმის გაფიქრებაზე, რომ უმწეო მდგომარეობაში მყოფი იმას უნდა მოეკლა, ვინც ამ დღეში ჩააგდო, საშინელი აგრესია დაეუფლა.

– ალბათ, უნდა დაველოდოთ, რომ დავრწმუნდეთ, მოკვდა თუ არა.

– ექიმი რომ მოვიყვანოთ, პოლიციასთან პრობლემები მაინც გექნება. შენ ხომ ადამიანი მოკალი...

– ჯერ ცოცხალია. იცი, რა... მამაჩემს დავურეკავ... ციხიდანაც დამიხსნის, ჯარიმასაც გადაიხდის და ამასაც კარგ ექიმს მოუყვანს. ჰოდა, გადარჩება.

– შეიძლება, გადარჩეს კიდეც... მაგრამ, სამუდამოდ ინვალიდად დარჩეს. ამაზე არ გიფიქრია? – გამოსავალს არ უტოვებდა გოგო.

ბიჭმა ამოიოხრა:

– ეგ უკვე მეტისმეტია... არლენა, შენ ჩემ მხარეს ხარ?

– რა თქმა უნდა. ამაში ეჭვი გეპარება? იცი, რას გეტყვი? შეხედე, როგორ გდია. გარშემო სულ დიდი ქვებია და ის მანქანიდან გადმოვარდა... რა მოხდებოდა, პირდაპირ ერთ-ერთ დიდ ქვას რომ დანარცხებოდა? როდემდე უნდა ველოდოთ, საბოლოოდ როდის განუტევებს სულს? მიიღე გადაწყვეტილება და წავიდეთ აქედან...

ეს განაჩენი იყო. სენტინი მიხვდა, რომ უკვე ვეღარაფერი უშველიდა. ღირდა კი, ებრძოლა თავისი უბადრუკი სიცოცხლისთვის?

– რაღაც, არ ეტყობა, რომ სიკვდილს აპირებს, – თქვა ბიჭმა.

– ბოლოს და ბოლოს, რამე გააკეთე! – აღშფოთდა გოგო, – აი, ქვა, ჩვენ მხოლოდ მოვლენებს დავაჩქარებთ.

...უკვე პაწაწინა ნაპერწკალიც კი აღარ დარჩა იმედისა. საბოლოო წერტილი ბიჭის ხმამ დაუსვა:

– სხეული უნდა გადავაადგილოთ. მომეხმარე...

უკანასკნელი, რაც დაინახა, ის იყო, როგორ დაეშვა მის თავზე რაღაც გრძელი და უხეში საგანი და გაიფიქრა: „ეს ხომ მაინც მკვლელობაა... შეიძლება, მე ისედაც ვკვდებოდი, მაგრამ, ახლა მე ამათ მომკლეს...“

***

...სერჟანტი ვანეკი გულდასმით ათვალიერებდა გზატკეცილს და ცდილობდა ნაკვალევი გაერჩია, რაც შეუძლებელი იყო მაგარ ასფალტზე.

– ესე იგი, ეს უბედური თვითონ დაგეჯახათ...

– დიახ... ნახეთ, ჩემი მანქანა, თითქმის არ დაზიანებულა... გვერდი ვეღარ ავუარე და... საწყალი, ისე გადმოფრინდა მანქანიდან... ეტყობა, მაშინვე მოკვდა, თავი ქვისთვის დაურტყამს, – თქვა ბიჭმა.

– მდაა... სწორედ ეს ქვაა საინტერესო, – სერჟანტი დაიხარა, – თქვენ გვამი გადააადგილეთ?

– დიახ, ვიფიქრეთ, რომ ჯერ კიდევ შეიძლებოდა მისი შველა, – ბიჭს გოგომ დაასწრო, – რაშია საქმე, სერჟანტო?

– იმაში, რომ ქვას ორი მხარე აქვს – ზედაპირი და ქვედა. ზევიდან ის სუფთაა და წვიმისგან ბევრჯერ გადარეცხილი... ქვედა მხარე კი ყოველთვის მიწით არის დასვრილი. ახლა ორივემ ამიხსენით, როგორ მოახერხა ამ უბედურმა თავი ქვისთვის ქვედა მხრიდან დაერტყა?!

 

скачать dle 11.3