შეიკარი... დროა!
შეიკარი... დროა!
ღილი – დიახ, ჩვეულებრივი პლასტმასის, თუნდაც ხის ღილი, ძველად ადამიანებისთვის წმინდა თილისმად იყო მიჩნეული... სანამ ღილი გაჩნდებოდა, საქმე საკმაოდ რთულად იყო: ტანსაცმელს აბამდნენ დაგრეხილ თოკს და იმით კრავდნენ.
ვარაუდობენ, რომ ტანსაცმელზე პირველი ღილი მეცამეტე საუკუნეში, გერმანიაში გაჩნდა.
თუ ადრეული აღორძინების ეპოქის ნახატებზე, პორტრეტებზე, ტანსაცმელზე ღილები საერთოდ არ ჩანს, მეთექვსმეტე საუკუნეში დიდებულთა პორტრეტები გამოირჩევა საგანგებოდ მორთული ღილებით. ღილი სოციალური სტატუსის განმსაზღვრელიც კი იყო – ღილის სილამაზე და ტანსაცმელზე მისი რაოდენობა ადამიანის მატერიალურ მდგომარეობაზე მიგვანიშნებდა.
წარმოშობის მომენტიდან, ღილის აქტიური მომხმარებლები იყვნენ კაცები. ქალები ტანსაცმელს ძირითადად ინგლისური ქინძისთავებით იკრავდნენ, ან – ბროშებით და თასმებით. მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეში გაანებივრა მოდამ ქალბატონები ღილებით. სხვათა შორის, ქალის პერანგზე წინა მხრიდან ღილების დაკერების ტრადიცია მხოლოდ 100 წელიწადს ითვლის.
გამაოგნებელი ფაქტი: მეთექვსმეტე საუკუნეში საფრანგეთის მეფემ, ფრანცისკ პირველმა, თავისთვის ხავერდის კოსტიუმი შეუკვეთა, რომელიც 13 600 ღილით იკვრებოდა.
მეჩვიდმეტე საუკუნეში მეფეებისა და დიდებულების ტანსაცმელზე დასაკერებელ ღილებს საკმაოდ ცნობილი მხატვრებიც კი ქმნიდნენ. ფრანგებმა ისიც მოახერხეს, რომ ღილი ფაიფურისგან შეექმნათ. „მეფე მზეს” – ლუდოვიკოს ჰქონდა ღილები, რომლებშიც მინიატურული საათები იყო ჩამონტაჟებული...
ღილი განსაკუთრებულ მნიშვნელობას და, შეიძლება ითქვას, ღირსებასაც, მუნდირებზე იძენს...
ახალი ფარაონი
ერთი შეხედვით, ეგვიპტის ისტორია ზედმიწევნით კარგად არის შესწავლილი, მაგრამ სულ ახლახან აღმოაჩინეს აქამდე უცნობი ფარაონის სამარხი, რომელიც ეგვიპტეს 3 700 წლის წინ მართავდა. დადგენილია ამ ფარაონის სახელიც, რომელიც სარკოფაგსა და სამარხის კედლებზე იყო ამოტვიფრული – სენებკეი! მუმია საკმაოდ კარგად არის შემონახული და შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო მკვრივი აღნაგობის, დაახლოვებით 185 სანტიმეტრი სიმაღლის მამაკაცი.
კვლევებით დგინდება, რომ სენებკეი ქვეყანას ჰიკსოსების შემოსევების ეპოქაში მართავდა. თუმცა, ის ჰიკსოსებს არ გაუნადგურებიათ, თორემ სამარხი ასეთი ძვირფასი და კარგად შენახული არ იქნებოდა. თუმცა, სამარხს მაინც ეტყობა ძარცვის კვალი. ოქროს და ძვირფასი თვლების, ასევე ნატიფი ხელოვნების ნიმუშები უკვე გამქრალია.
არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ სამარხი და ფარაონის მუმია ადრევე გაძარცვეს ადგილობრივმა სამარხების მძარცველებმა...
ამ ახალი ფარაონის „გამოჩენამ“, შეიძლება, ეგვიპტის ისტორიის ერთი ნაწილის ხელახლა დაწერის აუცილებლობის საკითხიც დააყენოს.