რა წარმოდგენა მოუწყო ოკუპირებულ ოდესაში ფაშისტებს ქართველმა თაღლითმა
2002 წლის დეკემბერში, მოსკოვში, საბჭოთა კრიმინალური სამყაროს ლეგენდა პავლე აბაშიძე, მეტსახელად „ფრანტი,“ 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. აბაშიძე ცნობილი თაღლითი იყო და მისი ყოველი დანაშაული კარგად იყო დაგეგმილი და მახვილგონიერებით გამოირჩეოდა. ის დიდი პატივით დაკრძალეს ერთ-ერთ პრესტიჟულ სასაფლაოზე და მისი ტალანტის თაყვანისმცემლებს მის საფლავზე მუდმივად მიაქვთ ცოცხალი ყვავილები...
დაზარალებული ბერია
პავლე აბაშიძე დაიბადა 1910 წელს, თბილისში. მამამისი სამხედრო ოფიცერი იყო და პირველ მსოფლიო ომში დაიღუპა. ცოტა ხანში დედაც გარდაეცვალა და 7 წლის პავლე დაობლდა. ცოტა ხანს მას შორეული ნათესავი უვლიდა, მაგრამ, 8 წლის ასაკში ბავშვი ბოშებს შეეკედლა და მათთან ერთად დახეტიალობდა ყოფილი რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე. 1925 წელს ბოშები კვლავ თბილისში დაბანაკდნენ და პავლეც მათთან ერთად იმყოფებოდა. 15 წლის ბიჭი ჩამოყალიბებული ჯიბგირი იყო და დიდი ოსტატობით უსუფთავებდა ჯიბეებს სხვადასხვა ასაკისა თუ შეძლების მოქალაქეებს. ბოშებმა თბილისში ცოტა ხანი დაჰყვეს და ისევ გაემგზავრნენ, პავლე კი მშობლიურ ქალაქში დარჩა. ის მასზე ათი წლით უფროსმა ქალმა, ბერძენმა მადინა გალიასმა შეიფარა, რომელსაც ტანადი ჭაბუკი მოეწონა და მისი საყვარელი გახდა.
პავლე უქმად არ კარგავდა დროს და თბილისში ჯიბგირობდა. 1928 წელს თბილისში სასოფლო-სამეურნეო მიღწევათა გამოფენა ჩატარდა, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი ესწრებოდა. ერთ დღეს გამოფენაზე პავლეც მივიდა „საჩალიჩოდ” და საშუალო სიმაღლის, თავმოტვლეპილ, პენსნეიან მამაკაცს პიჯაკის ჯიბიდან საათი ამოაცალა. 18 წლის ჯიბგირმა ისე სუფთად იმუშავა, რომ ვერავინ ვერაფერი შენიშნა და, ამიტომ, დანაშაულის ადგილი მშვიდობიანად დატოვა. თუმცა, პავლე მეორე დღეს მადინა გალიასის სახლში დააპატიმრეს და ნაქურდალ საათთან ერთად პირდაპირ „ჩეკაში“ მიიყვანეს. საქმე ის იყო, რომ საათი მან „ჩეკას“ უფროსს მოჰპარა, ანუ, დაზარალებული თავად ლავრენტი ბერია იყო...
ექსკლუზიური წარმოდგენა
სასტიკი და დაუნდობელი ადამიანის სახელის მიუხედავად, საქართველოს „ჩეკას“ უფროსს კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა. დაკავებული პავლე აბაშიძე მან თავის კაბინეტში მოაყვანინა, ყურადღებით შეათვალიერა და ღიმილით უთხრა:
– ოსტატურად იმუშავე. კიდევ კარგი, თავი არ მომპარე. თუმცა, ერთი მხრივ, კარგი საქმე გამიკეთე – სიფხიზლე გამიასმაგე. თუ შემპირდები, რომ აღარასოდეს იჯიბგირებ, დასჯის ნაცვლად დაგაჯილდოებ.
– პირობას გაძლევთ, რომ აღარ ვიჯიბგირებ, – უთხრა ბერიას პავლემ, რომელსაც წარმოდგენაც არ ჰქონდა, ვის ელაპარაკებოდა.
ბერიას გაეცინა. მაგიდის უჯრიდან ჯიბის საათი ამოიღო, პავლეს გადასცა და უთხრა:
– აი, გამომართვი, წარწერით გჩუქნი. შენ მიერ მოპარულ საათს გაჩუქებდი, მაგრამ, ის თავადაა საჩუქარი და პირადად ამხანაგმა სტალინმა მისახსოვრა.
სტალინის სახელის ხსენებაზე პავლე ოდნავ გამოერკვა, რადგან, ყოველდღე ესმოდა მისი სახელი, ბერიამ კი მას ხელი ჩამოართვა და კაბინეტიდან გამოისტუმრა. ბერიას ნაჩუქარი საათი პავლე აბაშიძეს შარვლის ჯიბეში ედო, რომელზეც ლამაზად იყო ამოტვიფრული: „სახსოვრად პავლე აბაშიძეს ლავრენტი ბერიასგან. 1928 წელი“. პავლე რომ სახლში დაბრუნდა, ყველაფერი მადინას მოუყვა და ჯიბის საათიც აჩვენა, ქალს შიშისგან გული წაუვიდა და მოსასულიერებელი გახდა, რადგან, კარგად უწყოდა, ვინ იყო ლავრენტი ბერია.
იმავე წელს, მადინა და პავლე ლენინგრადში გადასახლდნენ და მართალია, აბაშიძე აღარ ჯიბგირობდა, მაგრამ კრიმინალური საქმიანობისთვის თავი არ დაუნებებია. უბრალოდ, მან პროფესია შეიცვალა და თაღლითი გახდა. თავიდან ის წვრილმანი აფერებით იყო დაკავებული და ორიოდე კაპიკს ამ საქმიანობით შოულობდა. გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში კი, როდესაც საბჭოეთში ინდუსტრიალიზაცია დაიწყო და ქვეყანას უცხოელები მოაწყდნენ, პავლემ მათ „გაწეწვას” მიჰყო ხელი, რაშიც მადინაც ეხმარებოდა. 1933 წლის 20 ივნისს ლენინგრადის სასტუმრო „მეტროპოლის“ ფეშენებელური რესტორნის სცენაზე ილუზიონისტმა, რომელიც საკუთარ თავს „ფრანტს“ უწოდებდა, უცხოელებისთვის ექსკლუზიური წარმოდგენა გამართა. ფრანტი, რა თქმა უნდა, პავლე აბაშიძე იყო, რომელიც ცილინდრსა და ფრაკში გახლდათ გამოწყობილი, ხელებზე კი თეთრი ხელთათმანები ეცვა. მისმა მომხიბვლელმა ასისტენტმა ქალმა, რომლის როლსაც მადინა გალიასი ასრულებდა, მაგიდებს ჩამოუარა შავი ყუთით, რომელშიც უცხოელები ძვირფას ნივთებს ყრიდნენ. ეს ყუთი მადინამ სცენაზე აიტანა და მაგიდაზე დადო, თავად კი კულისებში გაუჩინარდა. ამ დროს სცენაზე ფრანტი გამოჩნდა და შეკრებილ საზოგადოებას განუცხადა, რომ ორიოდე წუთის შემდეგ ყუთში მოთავსებული ნივთები ამოფრინდებოდნენ და თავიანთ პატრონებთან მიფრინდებოდნენ, ანუ, ამგვარად „დაუბრუნდებოდნენ” თავიანთ პატრონებს.
– ერთი, ორი, სამი! – დაიძახა ფრანტმა და რესტორანში შუქი ჩაქრა. ნახევარი წუთის მერე კი, როდესაც „მეტროპოლის“ რესტორანი ისევ გაჩახჩახდა, სცენა ცარიელი იყო, მაგიდაზე კი ძვირფასეულობით სავსე ყუთი უკვე აღარ იდო... ეს არც იყო გასაკვირი, რადგან, პავლემ და მადინამ 75 ათასი მანეთის ღირებულების ნივთები წაიღეს და მოსკოვში გაემგზავრნენ. ილუზიონისტის „ექსკლუზიური წარმოდგენა” კი დიდი სკანდალით დასრულდა და თაღლითი წყვილის ძებნა „ენკავედემ“ – შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა დაიწყო.
ჰიტლერ კაპუტ!
მიუხედავად იმისა, რომ თაღლით წყვილს ინტენსიურად ეძებდნენ, მათი მოხელთება არ ხერხდებოდა. 1936 წელს მხოლოდ მადინა გალიასი დააკავეს და ხუთი წლით ციხეში ჩასვეს, 1941 წელს კი გაათავისუფლეს და ფრონტზე გაგზავნეს, სადაც ის 1941 წლის ოქტომბერში დაიღუპა. პავლე აბაშიძე კი დიდ სამამულო ომს ოდესაში შეხვდა, სადაც ის ბოლო ორი წელი „მოღვაწეობდა” და ეს საქმიანობა არც ფაშისტური ოკუპაციის დროს შეუწყვიტია.
ძებნილობის მიუხედავად, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება ახორციელებდა, პავლე თავისი ქვეყნის პატრიოტი იყო, სძულდა ფაშისტები და ცდილობდა, მათთვის ევნო. 1942 წლის აგვისტოს მიწურულს, ოდესის კინოთეატრ „არსში“, სადაც ორასი გერმანელი ოკუპანტი ჯარისკაცი და ოფიცერი იყო შეკრებილი, ვითომდა ცირკის მსახიობმა ფრანტმა, ფაშისტებს „მეტროპოლის“ რესტორანში ჩატარებული სეანსი გაუმეორა და, მას მერე, რაც სცენიდან ფაშისტების კუთვნილი ძვირფასეულობით სავსე ყუთი გაუჩინარდა, დარბაზი კვლავ გაჩახჩახდა. „მფრინავი” ნივთების მომლოდინე ფაშისტებს კი ორი სიურპრიზი ელოდათ: უცებ სცენის ფარდა დაეშვა, რომელზეც ჩამომხრჩვალი ჰიტლერის უზარმაზარი კარიკატურა იყო მიკრული და ეწერა: „ჰიტლერ კაპუტ!“. ფაშისტები აღშფოთდნენ და აწრიალდნენ, მაგრამ, ამ დროს, დარბაზის ოთხივე მხარე ერთბაშად აალდა და კინოთეატრში ხანძარი გაჩნდა, რომელსაც ოცი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ორჯერ მეტი კი მძიმედ დაშავდა. ეს აქცია ფრანტმა ოდესელ იატაკქვეშელებთან ერთად განახორციელა და მეორე დღესვე გაუჩინარდა ოდესიდან... მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა და ფრანტი სამჯერ იჯდა ციხეში კრიმინალური საქმიანობისთვის. თუმცა, წითელი ვარსკვლავის ორდენი, რომელიც მას ოდესის აქციისთვის მიანიჭეს და ლავრენტი ბერიას მიერ ნაჩუქარი საათი მისთვის არავის ჩამოურთმევია...