როდის დგება ადამიანისთვის შედარებით იღბლიანი და უიღბლო პერიოდები და რა უნდა მოვიმოქმედოთ ამ დროს, რომ შანსი ხელიდან არ გავუშვათ
ყველას აქვს ცხოვრებაში დაღმავალი პერიოდები და ამას კარმული ჩავარდნის ეტაპებს უწოდებენ. მაგრამ, საბედნიეროდ, არსებობს ეტაპები, როცა ადამიანი მოჭარბებულ ენერგიასა და იღბლიანობას მეტად შეიგრძნობს. სწორედ ამიტომ, უნდა დავაკვირდეთ, ცხოვრების რომელ ეტაპს გავდივართ, როდის უნდა ვიყოთ მეტად ფრთხილი და წინდახედული და რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ იღბალი მოვიზიდოთ. ამ თემებთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ ეზოთერიკოს, ქალბატონ ნანის, რომელმაც მეტად საინტერესო და გასათვალისწინებელი ინფორმაცია მოგვაწოდა.
– როდის დგება ადამიანისთვის შედარებით იღბლიანი და უიღბლო პერიოდები და რა უნდა მოვიმოქმედოთ ამ დროს, რომ შანსი ხელიდან არ გავუშვათ, ან, პირიქით, არ გადავდგათ სარისკო ნაბიჯები, რომ წარუმატებლობის მსხვერპლი არ გავხდეთ?
– ყველას ცხოვრებაში დგება ჩავარდნისა და აღმავლობის პერიოდები, რომლებსაც ეზოთერიკაში კარმული ჩავარდნისა და აღმავლობის ეტაპები ჰქვია. სწორედ ამ დროს უნდა გაიაზროთ ყოველი ქცევა და სიტყვა, რომ პროგრამაში უარყოფითი კოდი არ ჩადოთ – ცუდისკენ არ დააპროგრამოთ საკუთარი ბედი და იღბალი. კარმული ჩავარდნის პერიოდში ადამიანს უჩნდება სურვილი გამუდმებით იწუწუნოს ბედზე, საკუთარი დაბადების დღე წყევლოს, ინატროს სიკვდილი და ასე შემდეგ. ეს გაუაზრებლად ხდება და ვერც კი ვხვდებით, რომ ასეთი საქციელით თავს ვავნებთ და ქვეცნობიერ დონეზე ვთარსავთ საკუთარ ბედ-იღბალს. მართალია, როცა წარუმატებელი დღეები გვიდგას, ძნელია, ვაკონტროლოთ სიტყვა, აზრი თუ ქცევა, მაგრამ, თუ ვიცით, რომ ამ გაუაზრებელ ქმედებებს არასასიამოვნო შედეგები მოჰყვება, მაშინ თავს შევიკავებთ. ზოგადად, ხომ დაკვირვებიხართ, დაუფიქრებელი ნათქვამი უფრო ხშირად აგვიხდება ხოლმე, ვიდრე გააზრებული. ამიტომ, სურვილებიც უნდა ვაკონტროლოთ, თუნდაც ქვეცნობიერ დონეზე.
– ეზოთერიკულ წიგნებში წერია, რომ ამ კარმული ჩავარდნის პერიოდში სპეციალური თილისმები გვიშველის. მაგალითად, ამ დროს კარგია ეგრეთ წოდებული „ბულავკის” ტარება ტანსაცმელზე.
– უძველესი დროიდან, საუკეთესო თილისმები მართლაც ეგრეთ წოდებული „ბულავკებია”. მთავარია, ის რწმენით ატაროთ და შედეგიც არ დააყოვნებს. ასე რომ, ჩვეულებრივი „ბულავკა” კარმული ჩავარდნის პერიოდში კარგი და საიმედო დამცავია ავი თვალისგან. ამ დროს ადამიანის ენერგეტიკულობა დასუსტებულია და, შესაბამისად, ადვილად ხვდება არასასურველი შედეგის მსხვერპლი. ის ასევე, კარგი თილისმაა წარმატებისა და ბარაქისთვის. სხვათა შორის, იყიდება პატარა „ბულავკები“, რომლებზეც პატარა გიშრის ქვაა წამოცმული ან ლურჯი ქვა, რომელსაც ოვალური ან გულის ფორმა აქვს. მისი ტარებაც ძალიან კარგია, რადგან ეს ქვები ავი თვალისგან დამცავია და, თან, აგაცილებთ ზედმეტ პრობლემებს ცხოვრების რთულ პერიოდში. თუ გასათხოვარი ხართ, ის ჩანთის სარჩულზე, ან, მაგალითად, კაბის კალთაზე მიამაგრეთ, ისე, რომ არ ჩანდეს, ხოლო, თუ გათხოვილი ხართ, ტანსაცმელზე უნდა მიიმაგროთ.
– ყველანაირ ქინძისთავს ანალოგიური შედეგები აქვს?
– დიახ. მაგალითად, პლატინის ქინძისთავის ტარება კარგია თანამდებობის პირის ან ბიზნესმენისთვის – ის მათ ეხმარება, მიიღონ გონივრული გადაწყვეტილებები, იყვნენ ფრთხილი და წინდახედული საქმიან პარტნიორებთან და სწორი არჩევანი გააკეთონ საქმეში. სხვათა შორის, პლატინის ქინძისთავის ტარება მეექვსე გრძნობას ავითარებს და ექსტრემალური სიტუაციებისგან იცავს მის პატრონს. ქალებისთვის ძალიან კარგია ისეთი ქინძისთავის ტარება, რომელსაც მარგალიტის თვალი აქვს მიმაგრებული. ეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს მოიზიდავს თქვენკენ და პირად ცხოვრებაში უფრო მეტად წარმატებულს გაგხდით. დღეს მოდაშია ტანსაცმელზე ათასგვარი ბროშის, ქინძისთავისა და თვლებით მოჭედილი გულსაბნევის ტარება და, სასურველია, იცოდეთ, რომელს რა ფუნქცია აქვს. მაგალითად, ოქროს ქინძისთავი ან გულსაბნევი ჭორებისა და მითქმა-მოთქმისგან იცავს; ვერცხლისფერი ქინძისთავი, თუ მას მისაღებ ოთახში, ფარდაზე მიამაგრებთ დაიცავს თქვენს საცხოვრებელს ხანძრისა და გაქურდვისგან და, ასევე, კაპიტალის მოზიდვას უწყობს ხელს. თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, გირჩევთ, მელქიორის გულსაბნევი ატაროთ.
– რაც შეეხება თილისმურ ქვებს?
– რაც შეეხება თილისმურ ქვებს, გეტყვით, რომ ბრილიანტისქვიანი გულსაბნევი ბიზნესმენი ქალბატონისთვის, უბრალოდ, აუცილებელია, განსაკუთრებით ნებისმიერი საქმიანი მოლაპარაკების დროს. ზურმუხტისთვლიანი გულსაბნევის ტარება ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის, რადგან, დაავადებებისგან დაგიცავთ. ოპალისქვიანი გულსაბნევი მიზნის მიღწევაში გვეხმარება. მარგალიტისთვლიანი სამკაული კი კარგია იმათთვის, ვისაც ქორწინებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. საერთოდ, გირჩევთ, პეპლის ფორმის, თქვენთვის მისაღები თვლებით მოოჭვილი გულსაბნევები ატაროთ და საქმეში შედეგს ადვილად მიაღწევთ.
– უფროსი თაობის წარმომადგენლებისგან გამიგია, რომ ჩაცმული ტანსაცმლის გაკერვა ან მასზე ღილის მიკერება არ შეიძლება – ეს ბედის „ჩაკეტვას“ და ადამიანის გათვალვას იწვევსო. თუმცა, ამის დაჯერება, ცოტა არ იყოს, სასაცლიოა, არ მეთანხმებით?
– მე არ გეთანხმებით და არც მეცინება. დიახ, თუ გინდათ, ბედი არ „შეიკრათ” და არ გაითვალოთ, ნუ მიაკერებთ ჩაცმულ ტანსაცმელზე ღილს და ნურც ღამით ნანახ სიზმარს მოუყვებით უცხო ადამიანს. აქვე გასწავლით ერთ უძველეს წესსაც, რომელიც სახლში არასასიამოვნო სტუმრის შემოსვლის დროს უნდა გაითვალისწინოთ. თუ არასასურველ სტუმარს ელოდებით, აუცილებლად მოწმინდეთ სახლის იატაკი სველი ჩვრით, შემოსასვლელსა და მისაღებ ოთახში კი დადეთ წყალში კარგად დასველებული ღრუბელი, რომელსაც მარილი ექნება მოყრილი – ის შეიწოვს არასასიამოვნო სტუმრის ენერგიას სტუმრის წასვლის შემდეგ კი, წყლით, მარილითა და იმ სტუმრის ენერგიით გაჯერებული ღრუბელი გამდინარე წყალს შეუშვირეთ რამდენიმე წუთით, ხოლო ოთახი და შემოსასვლელი ისევ სველი ჩვრით მოწმინდეთ. თუ მისაღებში სარკე გაქვთ, უნდა გაწმინდოთ ძმრის, მარილისა და წყლის ნაზავში დასველებული ქსოვილით. კარგია, თუ იმ სკამს ან სავარძელს, რომელზეც არასასურველი სტუმარი იჯდა, ამ ნაზავით გაწმენდთ – ასე უფრო დაზღვეული იქნებით მისი ნეგატიური ენერგიის ზემოქმედებისგან. საერთოდ, ხომ გაგიგონიათ, ვინც გაფრთხილებულია, ის უფრო დაცულიაო. იმიტომ გაფრთხილებთ, რომ, მინდა, ცუდი აგარიდოთ. თუ ამას გაიაზრებთ და მიხვდებით, რომ ეს თქვენთვის საჭიროა, მაშინ ბევრ პრობლემასა და უსიამოვნებას აიცილებთ თავიდან.