სახალისო და საინტერესო ფაქტები პრეზიდენტებსა და პრემიერ-მინისტრებზე
მსოფლიო პოლიტიკის ლიდერებზე არაერთი საინტერესო და სახალისო ფაქტი მოიპოვება მათი პირადი ცხოვრებიდან. ეს ისეთივე ინტერესს იწვევს, როგორც ჰოლივუდელი ვარსკვლავების ცხოვრება, რომელთაც მოსვენებას არ აძლევენ ჟურნალისტები. გთავაზობთ მსოფლიო ლიდერების შესახებ გავრცელებულ ნაკლებად ცნობილ ფაქტებს.
სამოსანი მერკელი
გერმანულმა გამოცემა „დერ შპიგელმა” მოიპოვა გერმანიის ამჟამინდელი კანცლერის, ანგელა მერკელის უნივერსიტეტში სწავლის დროინდელი ჩანაწერები. აღმოჩნდა, რომ ბერლინის მეცნიერებათა აკადემიაში ასპირანტურის და დოქტორანტურის კურსების გავლისას მარქსიზმ-ლენინიზმის ისტორიაში „სამიანი” ჰყავდა. ამავე დროს, მერკელს „მყარი” ოთხიანი ჰყავდა ფიზიკაში, ხოლო სადოქტორო კვანტურ ფიზიკაში დაიცვა. აღსანიშნავია, რომ ეს ცნობები გაზეთმა სასამართლოს მეშვეობით მოიპოვა, რადგან მერკელს არ სურდა, თავისი აკადემიური წარსულის გამომზეურება. ცნობილია, რომ ანგელა მერკელი აღმოსავლეთ გერმანიაში არის დაბადებული და როგორც ყველა იქაური მოქალაქე ვალდებული იყო სტუდენტობის დროს მარქსიზმ-ლენინიზმის ისტორია ესწავლა.
პუტინის დაწერილი შესავალი
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბორის ელცინისადმი მიძღვნილ წიგნს, სერიიდან „გამორჩეული ადამიანების ცხოვრება”, შესავალი დაუწერა. თავის ნაწერში, პუტინი ხაზს უსვამს ელცინის მიერ რუსეთისთვის გაწეულ უზარმაზარ შრომას. პუტინის სიტყვებით, ელცინი იმდენად გრანდიოზული ადამიანი იყო, რომ მისი სიდიადის აღქმა წლების შემდეგ გახდება შესაძლებელი. ასევე, პუტინმა ელცინის პრეზიდენტობის უკანასკნელი დღეც გაიხსენა: „მაშინ, როცა ბორის ნიკოლაევიჩი კაბინეტს ტოვებდა, მან მხოლოდ ერთი ფრაზა მითხრა: „გაუფრთხილდი რუსეთს.”
ესტონეთის პრეზიდენტის ცნობილი ბაფთა
რამდენიმე ხნის წინ, ესტონეთში საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა, რომლის ფარგლებში გასაყიდად გაიტანეს ქვეყნის პრეზიდენტის, ტომას ჰენდრიკ ილვესეს და მისი მეუღლის პირადი ნივთები. ყველაზე დიდი ინტერესი მყიდველებს შორის ილვესეს ცნობილმა ბაფთა-ჰალსტუხმა გამოიწვია, რომელიც 7 600 კრონად გაიყიდა. გარდა ამისა, გასაყიდად იყო გატანილი ესტონეთის პირველი ლედის საღამოს კაბა.
ოპერა ბილ ქლინთონზე
ბილ ქლინთონის ორმა თანამემამულემ, ექს-პრეზიდენტის მშობლიური არკანზასის შტატიდან – ბენი მონთგომერიმ და ბრიტანი ბარბერმა ქლინთონის ავტობიოგრაფიული წიგნის, „ჩემი ცხოვრების” მოტივებზე ოპერა დაწერეს. ერთაქტიანი ოპერის სახელწოდებაა „ბილი ბლაითი” (ქლინთონის დაბადების გვარი) და მოვლენები 1959 წელს ვითარდება, ქალაქ ჰოთ-სფრინგსში. მაშინ ქლინთონი 13 წლის იყო. ოპერის პრემიერა არკანზასის შტატში შედგა 60 მაყურებლის წინაშე.
აკრძალული მუსიკა
ბრიტანელმა მუსიკოსმა, ჯგუფ „ზი სმითსის” წევრმა, ჯონი მარმა უკმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ კამერონი მათი ჯგუფის მსმენელი აღმოჩნდა. საკუთარ ბლოგში მუსიკოსი მოუწოდებს კამერონს, შეეშვას „ზი სმითსის” მოსმენას და არასდროს თქვას, რომ ეს ჯგუფი მოსწონს. რამ გამოიწვია მუსიკოსის აღშფოთება, უცნობია. თუმცა, ფაქტია, რომ კამერონის სხვა ფავორიტ როკ-ჯგუფებსა და სოლო მომღერლებს, „რედიოჰედს”, „ზი ქილერს”, „პინკ ფლოიდს” და ბობ დილანს უკმაყოფილება არ გამოუთქვამთ იმის გამო, რომ მათი მსმენელია ბრიტანეთის პრემიერი.