ფეხბურთის რომელი ვარსკვლავების მაისურები იყიდება ყველაზე ხშირად
თანამედროვე ფეხბურთი არა მარტო სპორტის სახეობა, არამედ ბიზნესის ერთ-ერთი სფეროა. კლუბები მილიარდობით დოლარს გამოიმუშავებენ სპონსორებთან დადებული კონტრაქტებით, სატელევიზიო ტრანსლაციებიდან მიღებული დივიდენდებით და რა თქმა უნდა, მაისურების გაყიდვასაც თავისი ადგილი უკავია ამ იერარქიაში. „მანჩესტერ იუნაიტედის”, „ბარსელონას”, „რეალის” და სხვათა მაისურები, უკვე მსოფლიო ბრენდად წოდებული სამოსებია. მათი ფასი არაფრით ჩამოუვარდება ყველაზე ბრენდული ფირმების ტანისამოსისას. გთავაზობთ ფეხბურთის ვარსკვლავების ტოპ-ათეულს, რომელთა მაისურებზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა ფეხბურთის ქომაგებს შორის.
სინჯი კაგავა
აზიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს ინგლისის პრემიერლიგა და იქ მოთამაშე აზიელ ფეხბურთელებზე დიდი მოთხოვნაა. აქედან გამომდინარე „მანჩესტერ იუნაიტედის” იაპონელი ლეგიონერის, სინჯი კაგავას მაისურებზე არა მარტო იაპონიაში, რეგიონის სხვა ქვეყნებშიც დიდი მოთხოვნაა. კაგავა ერთგვარი ნაციონალური გმირია აზიისთვის.
ფერნანდო ტორესი
ესპანელ ფორვარდს არცთუ ხშირად გააქვს გოლები, თუმცა თავის საქმეს „ჩელსიში” ხუთიანზე ასრულებს. ტორესის მაისურები რეკორდული მაჩვენებლით იყიდება. თავის დროზე აბრამოვიჩმა 50 მილიონი გირვანქა გადაუხადა ტორესის სანაცვლოდ „ლივერპულს” და ამ თანხის ნაწილი მსოფლიოში გაყიდულმა მაისურებმა მოუტანა ლონდონელებს. ფერნანდო ტორესი „ჩელსის” ყველაზე ცნობილ ფეხბურთელად მიიჩნევა.
სერხიო აგუერო
„მანჩესტერ სიტის” არგენტინელი ვარსკვლავის, სერხიო აგუეროს მაისურების გაყიდვებმა მას შემდეგ იმატა, რაც მან ბოლო წუთებზე გატანილი გოლით ჩემპიონის ტიტული მოუტანა ქალაქელებს. აგუერო დღესაც „სიტის” მთავარი დამრტყმელი ძალაა და მის გარეშე კლუბის არსებობა შეუძლებელია.
ნეიმარი
ბრაზილიელი ვუნდერკინდი ნაციონალური გმირია სამშობლოში და მისმა გადასვლამ „ბარსელონაში” კიდევ უფრო გაზარდა მოთხოვნა მის მაისურებზე. ნეიმარი ჯერ მხოლოდ 21 წლისაა და მუდმივად პროგრესირებს. კოლოსალური პოტენციალის მქონე ფეხბურთელის მაისურების გაყიდვამ უკვე დაამყარა რამდენიმე რეკორდი და იმ თანხის ნაწილი ამოიღო კიდეც, რაც მასში გადაიხადა ესპანურმა გრანდმა.
ზლატან იბრაგიმოვიჩი
ფასიდან გამომდინარე, ზლატან იბრაგიმოვიჩის მაისური ყველაზე ძვირად ღირებულია ევროპაში. ზლატანი „პარი-სენჟერმენის” და შვედეთის ნაკრების უპირობო ლიდერია. მისი არაორდინარული თამაშის სტილი კი, კიდევ უფრო მეტ ქარიზმას მატებს მის ისედაც ვარსკვლავურ სტატუსს.
უეინ რუნი
„მანჩესტერ იუნაიტედი” ამჟამად თავისთვის შეუფერებელ თამაშს აჩვენებს და შორს არის იმ ფეხბურთისგან, რომელსაც ალექს ფერგიუსონის ხანაში თამაშობდა. ამის მიუხედავად „წითელი ეშმაკები” დღემდე ინარჩუნებენ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული კლუბის სახელს და მათი ერთ-ერთი ლიდერის, უეინ რუნის მაისურები ჩვეული ტირაჟით იყიდება.
რობინ ვან პერსი
კიდევ ერთი „მანკუნიანელი”, რომლის მაისურებს ფეხბურთის ქომაგები ყიდულობენ. ვან პერსი „არსენალში” ასპარეზობის დროსაც ერთ-ერთი ყველაზე „გაყიდვადი” ფეხბურთელი იყო და ეს სტატუსი მან კლუბის გამოცვლის შემდეგაც შეინარჩუნა. თუმცა, პრემიერლიგის ყველაზე „გაყიდვადი” ფეხბურთელი სულ სხვაა.
მესუთ ოზილი
მესუთ ოზილის ტრანსფერი 2013 წლის ყველაზე ძვირად ღირებული გარიგება იყო. შესაბამისად, „არსენალის” ახალი ვარსკვლავის მაისურებზეც უმალ გაიზარდა მოთხოვნა. „რეალიდან” ოზილის გადმოყვანა „მეთოფეებს” 42 მილიონი გირვანქა დაუჯდათ, რაც მათთვის სარეკორდოა.
ლიონელ მესი
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის, ლიონელ მესის მაისურებზე თავისთავად დიდი მოთხოვნაა. თუმცა, არგენტინელი მეორე ადგილზე გავიდა. მიზეზად კი, „ბარსელონაში” ნეიმარის გადმოყვანა სახელდება, რომელმაც მესი „ტახტზე” „შეავიწროვა.” ამის მიუხედავად, მესის მაისური კოლექციაში ფეხბურთის ნებისმიერი ქომაგის მიზანია.
კრიშტიანუ რონალდუ
ნეიმარის გამოჩენამ ესპანეთის პრიმერადივიზონში მესის მაისურების გაყიდვაზე იმოქმედა და „ბარსელონაში” ორი მეგავარსკვლავი ერთმანეთს დაუპირისპირა. სამაგიეროდ, რონალდუ ჯერჯერობით უკონკურენტოა „რეალში” და მიუხედავად იმისა, რომ მადრიდულმა გრანდმა მეგატრანსფერი განახორციელა და გარეთ ბეილი შეიძინა, ბეილის მაისურები რონალდუს კონკურენციას ვერ უწევს. პორტუგალიელი ვარსკვლავი უპირობო ლიდერია მსოფლიოში მაისურების გაყიდვის კუთხით.