როდის კარგავს ადამიანი მადლს და რატომ ხდება მისთვის ცხოვრება მტანჯველი
როდესაც მარხულობთ, თქვენი ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს ნუ ეჩვენებით მგლოვიარენი, ნუ შეიჭმუხნებით და ნუ გექნებათ ავადმყოფური გამომეტყველება. პირიქით, გაიღიმეთ და დაანახვეთ საზოგადოებას, რომ სიყვარულით შეუდგებით მარხვას, რომ გიხარიათ 47 დღის მარხვაში გატარება და არ გწყინთ; რომ ეს დღეები იქნება სიხარულის, განწმენდის, სულიერებისა და თავმდაბლობის და არა იმიზე ფიქრის: როდის დამთავრდება ეს მწუხარე დღეები, შიმშილი და როდის ვიზეიმებთ მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომასო. ამ დიდ დღესასწაულს მაშინ ვიზეიმებთ სიხარულით, თუ მარხვა იქნება სინანულის. ამ საკითხების შესახებ გვესაუბრება ნარიყალას, წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი).
– აღდგომის მარხვის დაწყება ყოველთვის შეგვახსენებს ადამის სამოთხიდან გამოძევებას და იმას, რომ ჩვენ დედამიწაზე დღემდე დაკარგული სამოთხის ძიებაში ვართ.
– დიახ, ღმერთმა ადამიანური ბუნება, ჩვენ, ადამიანები გამოგვაძევა სამოთხიდან. როგორც პავლე მოციქული ბრძანებს: ადამში შესცოდა ყველამ და ქრისტეში ვინანიებთ ყველა. ანუ ერთი ადამიანის გამო შემოვიდა სიკვდილი სოფელში, ხოლო ახალი ადამის, ანუ მაცხოვრის ჯვარცმით დაბრუნდა ადამიანი სამოთხეში. ყველას უნდა უყვარდეს თავისი სამშობლო, რადგან ეს არის ანარეკლი დაკარგული სამოთხისა, ანუ იმ სამშობლოსი, რომელიც ადამიანმა თავისი დაუდევრობით დაკარგა. სამშობლო – ეს არის ღმერთი: „როგორც სამშობლო, უფალიც ერთია ქვეყანაზედა“. კარგია, თუ ამ შესანიშნავ სიტყვებს ყველა დაიმახსოვრებს და გულის კარზე დაიწერს.
– იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: „ღმერთი სიყვარულია“. თუ ღმერთი სიყვარულია, მაშინ რატომ აძევებს ის ადამიანს სამოთხიდან?
– მინდა, ამ კითხვაზე კითხვით გიპასუხოთ: განა გაუჭირდებოდა ღმერთს, აბსოლუტურ სიყვარულს, რომ ადამიანი სამოთხეში დაეტოვებინა? რა თქმა უნდა, არა. მაგრამ არ დატოვა, რადგან შეეცოდა ის, რომელმაც თავისი უგუნური ქმედებით დაარღვია ღვთის მცნება. როგორც ბასილი დიდი ამბობს: ერთი მცნების გამო ადამიანი გამოძევებული იქნა სამოთხიდან, ანუ მან დაარღვია მარხვა, მიიღო აკრძალული ნაყოფი, თუმცა ის მარხვის დაცვით დაბრუნდება სამოთხეში. ანუ, ადამიანმა, რომელმაც მარხვა დაარღვია, დაკარგა მადლი. ღვთის წყალობა და სიკეთე, ყველაფერი ასახულია მადლში. სიცოცხლე, რომელიც მადლის გარეშე არსებობს, არის მტანჯველი. ამიტომ, ადამიანი რომ მადლის გარეშე სამოთხეში არ დატანჯულიყო, ღმერთმა გამოაძევა სამოთხიდან, რომ დაიბრუნოს მადლი და ისევ სამოთხეში დაბრუნდეს. იესო ქრისტე – განკაცებული ღმერთი ბრძანებს: მე მოვედი, რათა სიცოცხლე და უმეტესი გქონდეთ. სიცოცხლე ერთია, მაგრამ უმეტესი – ეს ადამიანის მადლისმიერი ცხოვრებაა. ქრისტემ დაგვიბრუნა ბუნებრივი, მადლიერი ცხოვრება, სარწმუნოებით, ჭეშმარიტი აღმსარებლობით ეკლესიის წიაღში. მადლი სიცოცხლეზე მეტია – ეს ფსალმუნებშიც წერია. ადამიანმა რამდენი წელიც უნდა იცხოვროს, თუ მას მადლი არ ექნება ეკლესიის, ღვთის, აღსარების, ზიარების, უბრალოებისა და სიყვარულის, მისი სიცოცხლე იქნება არასწორი მდგომარეობა. ეკლესიური სწავლებით: ადამიანი არ არის მხოლოდ სული, ადამიანი არ არის მხოლოდ ხორცი. ადამიანი არის ორი, ერთმანეთს დაპირისპირებული სამყაროს მონა, ერთობლიობა: ადამიანი არის ხორციც და სულიც. აქედან გამომდინარე, ჩვენ მარხვით უნდა დავამეგობროთ ხორცი და სული ერთმანეთს. ხორცი უნდა ჩავაყენოთ სულის მსახურებაში. მარხვამდე ხომ პირიქით არის: სულია ხორცის მსახურებაში. არ დავდივართ ეკლესიაში, არ ვმარხულობთ და ჩვენი სულიც დამორჩილებულია ხორცს. ამიტომაც, კეთილი ინებოს ხორცმა და რაღაც-რაღაცეებზე უარი თქვას და სული დავაყენოთ ადამიანის ცნობიერების საწყისში. სული პირველი მონათესავე არსებაა ღმერთისა. ადამიანის ღმერთთან კავშირი – ეს არის სულიერი კავშირი. ანუ, ღმერთი სულია და ადამიანის ნათესაობა ღმერთთან ეს სულიერი ურთიერთობაა. სულიერი მოძღვარიც იმას ნიშნავს, რომ მან უნდა მიიყვანოს ადამიანი ღმერთთან, სულიერებამ ადამიანი უნდა შეცვალოს. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ადამიანმა დაიბრუნოს დაკარგული სამშობლო, ეს კი მხოლოდ ჩვენი სწორი ცხოვრების წესით არის შესაძლებელი. სანამ ჩვენი სამშობლო დაკარგული იქნება, მანამდე დედამიწაზე კეთილდღეობას ვერ დავიმკვიდრებთ.
– წელიწადში ოთხი კალენდარული მარხვაა და აქედან, აღდგომის მარხვა ყველაზე აღმატებულია: იცვლება მსახურება, თავად სასულიერო პირების შესამოსელი, ეკლესიაში შავი ფარდები იკიდება. რატომ ხდება ასე?
– დანარჩენი მარხვების დროს მართლაც არაფერი იცვლება: არც შესამოსელში, არც ღვთისმსახურებაში. მაგრამ, დიდმარხვის დროს, ეს ყველაფერი იცვლება. ისეთი მარხვა, რომელიც დღეს ეკლესიაშია, მეოთხე-მეხუთე საუკუნეში შემოვიდა. პირველ საუკუნეში არც მოციქულები და არც წმიდა მამები არ იცნობდნენ ასეთ მარხვას. ადრე ისე მარხულობდნენ, როგორც დღეს – მუსლიმანები. ანუ, მთელი დღის განმავლობაში არაფერს იღებდნენ დილიდან საღამომდე, მერე უკვე შეიძლებოდა საკვების მიღება. მაგრამ, მეოთხე საუკუნიდან, როდესაც მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგია ხდება, ბერ-მონაზვნური ცხოვრება ყალიბდება, მონაზვნები დააკვირდნენ: როდესაც საღამოს, გვიან იღებდნენ საკვებს, მთელი ღამე მათი სულიერი ცხოვრება საკვებზე იყო დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, ბერ-მონაზვნობამ აკრძალა და ჩამოაყალიბა სამარხვო და არასამარხვო საკვები. ანუ, საკვებზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. რაც შეეხება დიდიმარხვის ხანგრძლივობას, პირველი საუკუნის ქრისტიანები მხოლოდ შვიდ დღეს მარხულობდნენ ანუ ვნების შვიდეულში. 40 დღე მარხვისთვის ეკლესიამ წარმართებისთვის, კათაკმევლებისთვის დააწესა, ანუ იმ ხალხისთვის, ვისაც სჭირდებოდა ნათლისღება და ეკლესიის წიაღში შემოსვლა. ოღონდ დღეს რომ არის ისე კი არ ხდებოდა – ადამიანი შემოირბენს, მოინათლება და მერე ეზიარება. ადამიანი 40 დღე კათაკმევლად დგებოდა, რომ მოსანათლად გამზადებული იყო – მარხულობდა და შობის ან აღდგომის წინა დღეს, დიდ შაბათს ინათლებოდა. მონათლულები კი მხოლოდ შვიდ დღეს მარხულობდნენ. ამ მარხვას ზოგიერთმა მამამ „სოლიდარობის მარხვა“ უწოდა. წარმოიდგინეთ, მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, ჩემი მეზობელი კი წარმართია და აპირებს მონათვლას. ამისთვის ის მარხვას ინახავს, წყალზე და პურზეა, შემოდის ჩემთან, რადგან უნდა კონსულტაცია გაიაროს, კითხვები დამისვას. ამ დროს კი მე არ ვარ მარხვაზე და ხორცს მივირთმევ, რადგან ქრისტიანი ვარ და რატომ უნდა ვიმარხულო – რაღაც შეუსაბამობას აქვს ადგილი. ამიტომაც, ეკლესიამ განაჩინა: მოდი, ყველამ ვიმარხულოთ: ვინც ნათელღებულია და ვინც არ არის, ვინც ეკლესიაში დადის და ვინც არ დადის, ყველა ერთად შევიკრიბოთ და ერთად შევინახოთ მარხვა. ასე დაადგინა ეკლესიამ. როგორც იცით, აღდგომის მარხვა სამ ნაწილად იყოფა: პირველი – ეს არის მოსამზადებელი 4 კვირა. შემდეგ 40-დღიანი მარხვა ბზობამდე – ეს არის მეორე ნაწილი, ხოლო ვნების შევიდეული – ეს მესამე ნაწილია, რომელიც მარხვის ყველაზე აღმატებული ნაწილია. ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი ვალდებულია, ეს სამივე ნაწილი შეინახოს. თუმცა ზოგიერთი ადამიანი მარხვას შუა პერიოდში, ან ბოლო კვირას უერთდება. მადლი პირველი ჟამის მსახურზეც იგივეა და მეცამეტე ჟამის მსახურზეც, ღვთის მადლი ყველას შეხვდება, მაგრამ ჩვენ სინდისი ხომ უნდა გვქონდეს და ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა დავიწყოთ ყველაფერი თავიდან და დავამთვროთ ბოლოში. თუმცა, მარხვისთვის ყველაზე მთავარი სინანული და შენდობაა. ყოველ დილით ვინც ლოცულობს, ის „მამაო ჩვენოსაც“ ამბობს და ღმერთს ცოდვების მიტევებას სთხოვს: „მომიტევნე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, რამეთუ ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“. მაგრამ ეს არასდროს სრულდება: რადგან ვიღვიძებთ სიცრუეში, მთელი დღე ვცხოვრობთ სიცრუეში, ღამდება ისევ სიცრუეში და არავინ არავის არაფერს არ აპატიებს. ერთ წმიდა მამას ეუბნებიან: მოყვასმა რომ გაწყენინოს, რას იზამ? ვაპატიებ. კიდევ, რომ გაწყენინოს? კიდევ ვაპატიებ... და კიდევ რომ გაწყენინოს? კიდევ ვაპატიებ... არ მოგწყინდება ამდენი პატიებაო. რატომ, თუ მას ბოროტების ჩადენა არ სწყინდება, მე სიკეთის ჩადენა როგორ უნდა მომწყინდესო. ასე რომ, არასდროს არ უნდა დავიღალოთ სიკეთის კეთებით. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენთვის პირველი მტერი საკუთარი თავია, რომელიც 24 საათის განმავლობაში არ გასვენებს, არაფერში გინდობს. ამიტომ, ყველაზე მეტად მისგან უნდა დაიცვათ თავი. უარყავით საკუთარი თავი და ყველა ის აზრი, ფიქრი, რომელიც თქვენში შემოდის. ყველაფერი ფიქრებით და აზრებიდან იწყება. ამიტომ, შეამოწმეთ, ეშმაკისგან ხომ არ არის ან საკუთარი დაცემული ბუნებისგან. მარხვა კი, უპირველეს ყოვლისა, დაცვაა საკუთარი გონიერების, სულიერების, აზრების, ხედვის, სმენის, ხელების, მეტყველების, მხედველობის.