კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უნიკალური ქართული იარაღი აღმოჩნდა ჰოლანდიაში მოღვაწე მესაჭურვლე გოჩა ლაღიძის ხელში

„ქართველი მესაჭურვლე”, „რკინის კაცი”, „ცივი იარაღის ქართველი ოსტატი” – ამ და სხვა ეპითეტებით იხსენიებენ მსოფლიოს სხვადასხვა გამოცემაში ჰოლანდიაში მოღვაწე ჩვენს თანამემამულეს, გოჩა ლაღიძეს. მას თავისი ხელოვნებით აღტაცებაში მოჰყავს ყველა. მისი ნამუშევრები მსოფლიოს არაერთ მუზეუმსა თუ პირად კოლექციებშია დაცული. გასულ წელს ჰოლანდიის არტფესტივალზე ჟიურის შემადგენლობაც იყო. ჩვენც მასთან საუბარი სწორედ ამ მოვლენით დავიწყეთ. 

 

გოჩა ლაღიძე: არტფესტივალი წელიწადში ერთხელ ტარდება ევროპის ქვეყნებში (ყოველ შემთხვევაში, მე სადაც მიმიღია მონაწილეობა, იმ ქვეყნებში). საფრანგეთის არტფესტივალში მიმიღია მონაწილეობა, ჰოლანდიის, ბელგიის. 

– არტფესტივალში ჟიურის წევრობას, ყველას არ სთავაზობენ. ამისთვის საჭიროა აღიარება, ნიჭი, წარმატება... 

– უკვე მეოთხე წელია, ზედიზედ ჰოლანდიის არტფესტივალში პირველ პრიზს – გრანპრის ვიღებ. ბელგიასა და საფრანგეთში თითო-თითოჯერ გავხდი იგივე პრიზის მფლობელი. ბოლო წელს უკვე ჰოლანდიის არტფესტივალზე ჟიურის შემადგენლობაში ვიყავი. ეს არც ისე მნიშვნელოვანია...

– მე მგონი, თავმდაბლობთ...

– არა... არ ვიცი... არ არის ეს „ოსკარს” ან ნობელის პრემიას რომ იღებენ, იმის მსგავსი მოვლენა, მაგრამ.... იქ მთელი მსოფლიოდან მონაწილეობენ ავტორები – იაპონიიდან, ამერიკიდან, გერმანიიდან... ამ ფესტივალზე აქცენტი მაინც გაყიდვაზეა. ფესტივალის ბოლოს ტარდება საუკეთესო ნამუშევრების ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოება. ეს ნომინაციებია: საუკეთესო გასახსნელი დანის პრიზი, გახსნილი დანის პრიზი და არის საუკეთესო პრიზი. როგორც მოგახსენეთ, ამ უკანასკნელი პრიზის მფლობელი ვხდები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. შეიძლება გამართლებაცაა, იმდენად მაგრები მონაწილეობენ... უკვე ყველა მიცნობს აქ.

– გამოყენებით ხელოვნებას არაერთი დარგი აქვს, მანდ რომელი ვითარდება ყველაზე უფრო?

– აქ უფრო ვითარდება მხატვრული დანები. რომელთაგან ზოგიერთი 100 ათასიც კი ღირს. 

არიან მეიარაღეები, რომელებიც, შეიძლება, ასეთი შედარება მოვიყვანო: „კოსმოსში გავიდნენ”. ვიცი ავტორები, რომლის გასახსნელი დანა 60 ათას ევროდ გაყიდულა. ფასებზე დახარბებული არ ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ შოკია, თანაც დამსახურებული.

სხვათა შორის, მოსკოვში არასოდეს წავსულვარ და არც მსურს. იქ არიან უმაღლესი რანგის მყიდველები. „გოსტინნი დვორ” – ასე ჰქვია მათი თავშეყრის ადგილს. ევროპაში მსგავსი ადგილებია მილანში, ჰელსინკში. იქ არის ბირჟები, სადაც ასეთი საავტორო დანები იყიდება. 

– როგორც ვიცი, თქვენ ძირითადად, ორი მიმართულებით მუშაობთ?

– ასეა. ვარ მხატვარი-მეიარაღე, ხოლო მეორე მიმართულებაა – რესტავრაცია. ეს არის ანტიკვარული იარაღის გამოფენები. რესტავრაცია შემოსავლის წყაროა. 

– წარმატება, სახელი და გამოცდილება, ალბათ, ფასებზეც აისახება. რა თანხა იყო ყველაზე დიდი თქვენს ნამუშევარში რომ აიღეთ?

– 45 ათასი ევრო, პლუს დღგ. ეს იყო ჰოლანდიის მთავრობის დაკვეთა – პატარა ბავშვის აბჯარი. თუმცა, იყო კიდევ... ერთ-ერთი ჩემი ნამუშევარი, რომელიც გაყიდული მქონდა, კულუარულად გავიგე, რომ ჩემს შემდეგ გაიყიდა (მეორედ) 125 ათას ევროდ. თავის დროზე, ვინც ეს ნამუშევარი დამიკვეთა და შეიძინა, ის ადამიანი გარდაიცვალა და მისმა შვილებმა მეორედ გაყიდეს.

– თქვენ რა ფასად გაყიდეთ პირველად?

– 2000 წელს 35 ათას გულდენად, ანუ დაახლოებით 20 ათას ევროდ. ეს იყო მინიატურა. მე დაახლოებით ერთი წელი ვმუშაობდი მასზე.

– გამათამამეს ჰოლანდიაშიო, ინტერვიუს ჩაწერამდე მითხარით. რას გულისხმობდით?

– ჰო, ჰოლანდიაში გამათამამეს. სამეფო ოჯახის აბჯრები შემიკვეთეს, შემდეგ ერთ-ერთმა მეცენატმა დამიკვეთა იგივე აბჯრის ასლი ერთი ოთხში მასშტაბით. ეს განა მარტო გამოჭედვაა, ინტელექტუალური შრომაა, ისტორიაში ჩაწვდომაა... კომპლექსური აზროვნება სჭირდება. ნამუშევარი დამთავრებულიც არ იყო, ლუქსენბურგის ფესტივალზე პირველი პრიზი რომ აიღო. მეცენატი, რომელმაც აღნიშნული აბჯარი დამიკვეთა, ჰოლანდიის სამეფო ოჯახის ახლობელი იყო. შეიძლება ითქვას, მან მე ამ სამყაროში ვიზა მომცა. მან მიმიწვია ვასენაარში – ეს არის სოფელი, რომელიც ქალაქ დენ ჰააგასთან ახლოსაა და დღევანდელი მეფეც აქ ცხოვრობს. ძალიან მაღალი საზოგადოების წევრები არიან ამ სოფლის მკვიდრნი. მოკლედ, ამ მეცენატმა კრედიტი მომცა სამუშაო იარაღის შესაძენად, გრდემლი მაჩუქა 200 წლის, უნიკალური. დამეხმარა, თან იცით, როგორ? – დაგეხმარები, მაგრამ, აბა, ვნახოთ, რას იზამ...

– ამჟამად რაზე მუშაობთ?

– უკვე მეხუთე წელია, ზედიზედ ვმუშაობ ანტიკვარული იარაღის რესტავრაციაზე. მართალია, ჰოლანდიაში ვცხოვრობ, მაგრამ მთელი მსოფლიოდან მომმართავენ. ჰოლანდიიდან დაკვეთების მხოლოდ 10 პროცენტი მაქვს. ვაკეთებ რესტავრაციას ორი კატეგორიისთვის – დილერების და კოლექციონერებისთვის. ანტიკვარული იარაღი უდიდესი სამყაროა. ამ ყველაფრის პარალელურად, არ ვწყვეტ საავტორო იარაღებზე მუშაობას. სულ ბოლო ჩემი ნამუშევარია წელზე შემოსარტყმელი ხანჯალი. წელზე შემორტყმული ჩანს როგორც ჩვეულებრივი ქამარი, შეიხსნი და უცბად დიდი ხანჯალი გაქვს ხელში. ასეთი ნივთი არ არსებობს. ასეთ ექსკლუზივებზე ვმუშაობ. ერეკლე მეორის ხმალი გავაკეთე, ბაგრატიონების ხმალი. ახლა სვანური ფარი აღვადგინე, რომელიც ამჟამად მესტიის მუზეუმშია დაცული.

– ალბათ, ყველა ნივთი თავის ისტორიას გიამბობთ. მიამბეთ ერთ-ერთი მათგანი. 

– მომიტანეს ერთი ხმალი. თავიდან არც ვიცოდი, ქართული რომ იყო, ისე იყო დაჟანგული. თუმცა, კავკასიური რომ იყო, მაშინვე მივხვდი. გავწმინდე და აღმოვაჩინე წარწერა, რომ ეს ხმალი იყო მისი უდიდებულესობა იმპერატორის მეიარაღის „ეგო იმპერატორსკოგო ველიჩესტვო, ორუჟეინიკ გეორგის” ნამუშევარი. გეორგ, ანუ გიორგი ელიზარაშვილი. ის საქართველოში ითვლება იარაღის მეფეთა მეფედ. მეცხრამეტე საუკუნეში მხოლოდ ორ ოსტატს ჰქონდა უფლება, თავის ნახელავზე დაეწერათ: მისი უდიდებულესობა იმპერატორის მეიარაღის ნამუშევარი. ასეთი ხმლები ერმიტაჟში ორი თუ სამია დაცული. ხმალი, რომელზეც გიამბობთ, 25 ათასი ევრო ღირდა. რა დამემართა იცით, თითქოს სისხლი მიდუღდა, როცა ვეხებოდი... მივმართე ჰოლანდიაში საქართველოს საელჩოს. ვუთხარი, ხომ არ შეიძენთ-მეთქი. მერე ეროვნულ მუზეუმს, ფოტოებიც გადავუგზავნე – ასეთი და ასეთი ნივთია, საქართველოში არ გვაქვს მსგავსი-მეთქი. მათ, როგორც მითხრეს, „სამოსელ პირველს” მიმართეს... ერთი სიტყვით, წავიდა ეს ხმალი, გაიყიდა.

– სად გაიყიდა?

– ისევ რუსეთში. რუსებს იცით, რა მაგრად უყვართ?! ისეთ იარაღს გაუვლია ჩემს ხელში: დადიანების, გურიელების... მაგრამ ეს ხმალი...

– ელიზარაშივილის გარდა, ის მეორე იმპერატორის მეიარაღე ვინ იყო?

– პოპოვი. 

– ეს ის პოპოვია ჭურჭელზეც რომ მუშაობდა? 

– კი, ეგ არის. სხვათა შორის, გიორგი ელიზარაშვილს სომხებიც იჩემებენ. ასტვაცატურიანს, კრემლის „ორუჟეინნი” პალატის კურატორს, აქვს პრეტენზია, რომ ელიზარაშვილი სომეხი იყოო: გეორგ ასპეტოვიჩ ელიზაროვი.

– ვისაც გვსმენია მოსაზრება, რომ რუსთაველი სომეხია, მაგ ინფორმაციით ვეღარ გაგვაკვირვებთ. 

– (იცინის). აქ, ჰოლანდიაში, სომეხი მეზობელი მყავს ჰაიკ გვარად  - ორბელიან. ძმაკაცი არაა, მაგრამ კავკასიური ახლობლობა გვაკავშირებს. გახსოვთ ალბათ, ნაპოლეონს ჰყავდა მამლუქი – რუსტამ რიზა, რომელიც თბილისელი სომეხი იყო. ის ბავშვობაში მოიტაცეს, შემდეგ სტამბულის ბაზარზე გაყიდეს და გახდა მამლუქი. მან შემდეგ წიგნი დაწერა. მისი პორტრეტებიც ცნობილია. საუბარი რომ არ გაგვიგრძელდეს, მოკლედ გეტყვით, ჩემს მეზობელს ვეუბნები: ჰაიკ-ჯან, იცი, რომ ნაპოლეონის მამლუქი, რუსტამ რიზა შენსავით თბილისელი სომეხი იყო-მეთქი. წარბიც არ შეუხრია: ეგ რა გასაკვირია, თვითონ ნაპოლეონიც სომეხი იყოო, – მიპასუხა.

 

скачать dle 11.3