ინტიმური საუბრები
ქმართან ცხოვრება აღარ მინდა
მე და ჩემმა ქმარმა შვიდი წელი ვიცხოვრეთ ერთად და, ამ შვიდი წლიდან, ერთმანეთს რომ გადააბა, ერთი წელი არ გვიცხოვრია ჩხუბის გარეშე. სულ თვალებში შევციცინებდი, თან ვყვებოდი, თუმცა, ვერაფერი მოვაწონე. მუდმივად შარზე იყო, ყველაფერზე შენიშვნას მაძლევდა, მოკლედ, მისი საყვედურებიდან ვერ ამოვედი. რომ გეკითხა, ვუყვარდი, მაგრამ, ვერ ვიგებდი, რაში გამოიხატებოდა ეს სიყვარული. სახლში შემოსვლისთანავე სულ იღრინებოდა, ჯაჯღანებდა, ერთ თბილ და ტკბილ სიტყვას არ მაღირსებდა. აღარ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, რომ მისი გული მომეგო. სულ თავისი ძმაკაცების ცოლების ქებაში იყო და მეუბნებოდა, შენ ისეთი ვერასდროს გახდებიო. ბავშვის მიმართ აგრესიებს არ ავლენდა, მაგრამ, არც ზრუნვით იკლავდა თავს. ერთი სიტყვით, შვილი მხოლოდ მოსაფერებლად უნდოდა. არც არსად დავყავდი – არ უყვარდა ჩემთან ერთად სიარული. მოკლედ, ვერ ვიგებდი, რა უნდოდა ჩემგან.
ერთხელ, როგორღაც, მოხდა სასწაული და თავისი მეგობრის დაბადების დღეზე წამიყვანა. იქ ყველანი ცოლებით იყვნენ მოსულები. თამადამ ჩვენი სადღეგრძელო რომ შესვა, ჯერ მე მაქო და მადიდა და ჩემს ქმარს უთხრა, ყველაფერში იღბლიანი გამოდექი, მაგრამ, ასეთი ქალი რომ შეგახვედრა განგებამ, უბედნიერესი კაცი ხარო. ამაზე ჩემმა ქმარმა უპასუხა, განგებამ კი არ შემახვედრა, მე ვიპოვე, იმიტომ, რომ ვეძებდი. ეს რომ არ მყავდეს, არ ვიცი, რა მეშველებოდაო, მერე კი ისეთი დითირამბები მიძღვნა, გაშტერებული ვუყურებდი. ჩემი ქმრის ქება-დიდებას მისი მეგობრებისა და მათი ცოლებისგან ხომ ზღვარი აღარ ჰქონდა. ყველაზე მეტად კი იმან გამაოცა, რომ, შეთანხმებულივით, ყველა იმას ამბობდა, ასეთი თბილი, ალერსიანი, ყურადღებიანი და მზრუნველი ჩვენ შორის არც ერთი არ არის. ამის პირიდან ერთ უხეშ სიტყვას ვერ გაიგონებ, თან, ყველფერთან ერთად, ნამდვილი გაჭირვების ტალკვესია, ამის იმედად არის ჩვენი სამეგობრო. ამდენი ხანია, ვძმაკაცობთ და ერთხელ არ გვინახავს ცუდ ხასიათზეო.
სახლში რომ დავბრუნდით, მითხრა: ხომ გაიგე, როგორი ქმარი გყოლია, მაგრამ, შენ შენი მოკლე ჭკუით რას მიხვდები, რომ მართლაც ბედის რჩეული ხარ, მე რომ შეგხვდი ცხოვრებაშიო. მე ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი: ყველგან და ყველასთან რომ თაფლად და შაქრად იღვრები, მე რას მერჩი, რა დაგიშავე, რომ დაცინვის, უხეშობისა და ლანძღვა-გინების მეტი ჩემთვის არაფერი გემეტება-მეთქი. ვინც რისი ღირსია, იმას იღებსო, – მიპასუხა ირონიულად. თუ ასეთი უვარგისი და უღირსი ქალი და ცოლი ვარ, იქ რატომ მაქე და რატომ მიკითხე ლექსები-მეთქი? იმიტომ, რომ ასე იყო საჭირო, მაგრამ, შენ არ გეგონოს, რომ მართლა შეგიძლია, ოცნების ქალი იყო ვინმესთვის და თავში არ აგივარდესო.
ეს უკვე მეტისმეტი იყო. იმ ღამეს აღარაფერი მითქვამს, რადგან, ნასვამი იყო, მეორე დილით კი, როცა ადგა, სამზარეულოში გამოვიდა და ნახა, რომ საუზმე არ მქონდა მისთვის გაწყობილი, ისევ დაიწყო ღრიალი და გინება, მაგრამ, მე უკვე შემზადებული ვიყავი და ვუპასუხე: აღარ მინდა, შენი ცოლი მერქვას და მხოლოდ სხვის დასანახავად ვიყო ბედნიერი. დავიღალე, მეც მაქვს ნერვები და თავმოყვარეობა. დღესვე შემაქვს განცხადება გაყრაზე და, მე რომ აღარ გეყოლები სახლში, ვისაც გინდა, იმას აგინე-მეთქი. ნამდვილად არ მოელოდა ჩემგან ასეთ პროტესტს, რადგან, უენო მონა ვიყავი ყოველთვის და ამიტომაც აუვარდა თავში. კარგა ხანს გაშტერებული მიყურებდა, მერე კი ჩაიცვა და სამსახურში წავიდა. ეგონა, საღამოს სახლში რომ დაბრუნდებოდა, ისევ ძველებურად დახვდებოდა ყველაფერი, ანუ, დღის განმავლობაში გამივლიდა სიბრაზე და, მერე „მომხედავდა“ თავისებურად, მაგრამ, ვერ მივართვი. ჩემი და ბავშვის პირადი ნივთები და სათამაშოები ჩავალაგე და დედაჩემთან წავედი, მაგიდაზე კი წერილი დავუტოვე: განცხადება შევიტანე. ჩემს დანარჩენ ნივთებს ამ დღეებში წავიღებ. ერთ თვეში ჩვენს საქმეს განიხილავენ და სასამართლოში მოგიწევს მოსვლა. თუ არ მოხვალ, მაინც გაგვყრიან, უბრალოდ, ცოტა დროში გაიწელება პროცესი. ჩემგან რომ გათავისუფლდები, ირბინე მერე შენს მეგობრებში და აფრქვიე სითბო, ყურადღება და სიყვარული-მეთქი.
ეს ამბავი ერთი კვირის წინ მოხდა. ჯერჯერობით არ შემხმიანებია. არ ვიცი, თვითონ რას გეგმავს, მაგრამ, მე ნამდვილად აღარ შევურიგდები.
რუსა, 31 წლის.