რას ნიშნავს გადაკიდება და როგორ დაისჯებიან ადამიანები, რომლებიც სხვა ადამიანებს გამუდმებით დევნიან და თავს აბეზრებენ
კავშირ „საფარის“ შეთავაზებით საკანონმდებლო ინიციატივა მომზადდა, რაც, ერთი მხრივ, კანონმდებლობაში გაუპატიურების უფრო ზუსტ განმარტებას გულისხმობს და მოძალადეების ადეკვატურ დასჯაში დაეხმარება მართლმსაჯულებას; მეორე მხრივ კი, გადაკიდების, როგორც დანაშაულის, სავსებით ახალ დეფინიციას გვთავაზობს, რაც მოქალაქეებს აბეზრებისგან თავის დაცვის საშუალებას მიანიჭებს. უფრო დაწვრილებით საკანონმდებლო ინიციატივებს კავშირ „საფარის“ აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია განგვიმარტავს.
– რა არის თქვენი ორგანიზაციის საკანონმდებლო ინიციატივების არსი?
– ჩვენს საკანონმდებლო ინიციატივას ორი მიმართულება აქვს: ერთი ნაწილი ეხება სქესობრივ დანაშაულებს, მეორე – გადაკიდებას, რაც არ არის სქესობრივი დანაშაული და ამიტომ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავში მოხვდა, მაგრამ შინაარსობრივად ეს არის ნოვაცია.
სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსის ის თავი, რომელიც ეხება სქესობრივ დანაშაულს, შევადარეთ საბჭოთა კავშირის დროს მოქმედი კოდექსის ანალოგიურ თავს და აღმოვაჩინეთ, რომ მინიმალური ცვლილებებია შესული. ანუ რეალურად ამ თავზე თითქმის არავის უმუშავია დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. ამიტომ იქ არის ძალიან უცნაური მუხლები და ტერმინები, რომლებიც ცნობილია მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცისთვის, იმ ქვეყნებისთვის, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სისხლის სამართლის მნიშვნელოვანი რეფორმა არ გატარებულა. ევროპისა და ამერიკის სამართლებრივი სისტემები საერთოდ არ იცნობენ ასეთ ტერმინებს.
– კერძოდ, რას გულისხმობთ?
– მაგალითად: მამათმავლობის, გაუკუღმართებული სექსუალური იძულებითი კავშირის ცნებები. ეს დანაშაულებრივი ქმედებები ცალ-ცალკეა დაყოფილი. მაგალითად, საერთოდ არ არის გაუპატიურების, როგორც დანაშაულის, აღწერა. შინაარსით მიხვდები, რომ გაუპატიურება იგულისხმება. თანაც, გაუპატიურებად ითვლება მხოლოდ მამაკაცის მიერ ქალის იძულება სქესობრივი კავშირისთვის.
– უფრო გასაგები რომ იყოს მკითხველისთვის, მოქმედი კოდექსით, როგორ არის ფორმულირებული სქესობრივი დანაშაული?
– 2006 წლის ცვლილების შემდეგ, მოქმედი კოდექსით, გაუპატიურების მუხლი შემდეგნაირია: გაუპატიურება, ესე იგი, სქესობრივი კავშირის დამყარება ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით. სქესობრივ კავშირში კი მოიაზრება მხოლოდ მამაკაცისა და ქალის ურთიერთობა. ამის ფიქრის საფუძველს ის გვაძლევს, რომ შემდეგი მუხლები ცალკე გამოყოფს, როგორც დანაშაულს მამათმავლობასა და ლესბოსელობას, ისე, სხვა სახის სქესობრივი კონტაქტის დამყარებას გაუკუღმართებული ფორმით ძალადობით ან ძალადობის მუქარით. შემდეგი მუხლი ეხება სახელგამტეხი ცნობების გახმაურების მუქარას. ჩვენ ეს მუხლები გავაერთიანეთ ერთი, გაუპატიურების მუხლის ქვეშ. არ აქვს მნიშვნელობა, რა მოტივით ხორციელდება ის და ცალკე გამოვყავით სხვა ქმედებები, რაც არ არის გაუპატიურება, მაგრამ სხვა ტიპის სექსუალური ძალადობაა.
– გაუპატიურების თქვენ მიერ შეთავაზებული განმარტება როგორია?
– ახალი მუხლი, ჩვენი ინიციატივით, განიმარტება შემდეგნაირად: პირის თანხმობის გარეშე სექსუალური ხასიათის ვაგინალური, ანალური ან ორალური შეღწევა სხეულში სხვა ადამიანის სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან საგნის გამოყენებით. ეს დეფინიცია სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ამიტომ სხვა, უცნაური მუხლების საჭიროება აღარ არის. ბუნებრივია, ყველა მუხლს აქვს თავისი დამამძიმებელი გარემოებები. მოქმედი კოდექსით, ანალური გაუპატიურება საერთოდ არ ითვლებოდა გაუპატიურებად და ეწოდებოდა გაუკუღმართებული სქესობრივი ძალადობრივი კავშირი. ამ ტიპის დანაშაულისთვის ცალკე მუხლი საბჭოთა დროს იმისთვის არსებობდა, რომ ამ ადამიანების სტიგმატიზაცია მომხდარიყო. ასევე, როგორც გითხარით, დაემატა საინტერესო მუხლი, რომელიც მოიცავს ისეთი სახის სქესობრივი კონტაქტის იძულებას, რაც არ არის გაუპატიურება. ერთი სიტყვით, ჩვენ მიერ შეთავაზებული ახალი მუხლი მოიცავს ყველა ტიპის ძალადობას, რაც აუცილებელი არ არის გაუპატიურებით იყოს გამოხატული.
– სხვა ტიპის ძალადობაში რა იგულისხმება?
– მაგალითად, შეიძლება, აიძულო ადამიანს შეხება და ასე შემდეგ. ესეც ცალკე გამოიყო, როგორც ძალადობის ფორმა. ასევე, მნიშვნელოვანია კიდევ ერთი მუხლი, რომელიც ეხება 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კონტაქტის დამყარებას ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას. ასეთი ქმედება მოქმედი კოდექსითაც ისჯება, მაგრამ დავამატეთ შენიშვნა: მოგეხსენებათ, 16 წლის ზემოთ ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირის დამყარება არ ისჯება, გავაკეთეთ ისე, რომ, თუ ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი დამყარდება14-დან 16-წლამდე ასაკის ბავშვებს შორის, როდესაც მათი ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური და ემოციური განვითარების დონე თანაბარია, ასეთი ქმედება არ დაისაჯოს. ანუ ნებაყოფლობითი კავშირი 15 წლის ასაკის ორ მოზარდს შორის აღარ დაისჯება, რადგან არ მიგვაჩნია დანაშაულად. თუმცა 14-წლამდე ასაკის შემთხვევაში, რაც უნდა ნებაყოფლობითი იყოს, ნებისმიერი სექსუალური კონტაქტი ითვლება დანაშაულად.
– ორივე 14-წლამდე და თანახმა რომ იყოს?
– დიახ, ისჯება, ოღონდ შედარებით მსუბუქად: 2-დან 7 წლამდე, მაშინ, როდესაც სხვა შემთხვევებში სასჯელი გაცილებით მაღალია.
– ძალიან საინტერესოა გადაკიდება, როგორც დანაშაულის ფორმა. თქვენ როგორ განმარტავთ ამ ქმედებას?
– ეს არის ნოვაცია, არანაირ მსგავს მუხლს არ იცნობდა და არ იცნობს ჩვენი სისხლის სამართლის კანონმდებლობა, თუმცა ჩვენთვის ფილმებიდან ნაცნობი ფენომენია. გადაკიდება ეს არის არაკანონიერი თვალთვალი, განმეორებითი შევიწროება, დევნა, მუქარა, პირადი სატელეფონო და ელექტრონული საშუალებებით კომუნიკაციის დამყარება ან ნებისმიერი სხვა ქმედება, რაც მსხვერპლში იწვევს ძლიერ ფსიქოლოგიურ სტრესს, საფუძვლიან შიშს, რომ მისი, მისი საკუთრების ან მისი ახლობლის წინააღმდეგ გამოყენებული იქნება ძალადობა და რაც აიძულებს მსხვერპლს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების სტილი.
ბუნებრივია, ყველანაირი გადაკიდება ვერ ჩაითვლება დანაშაულად, საუბარია იმაზე, რომ ეს უნდა იყოს განმეორებითი, არასასურველი და საფუძვლიან შიშებს იწვევდეს ადამიანში, რომ ეს ყველაფერი შეიძლება, დამთავრდეს ძალადობით და ამ მიზეზით ადამიანს უწევს თავისი ცხოვრების ჩვეული წესის შეცვლა. მაგალითად, აღარ გამოდის სახლიდან მარტო, არ გამოდის სახლიდან ღამით, სარგებლობს მხოლოდ ტაქსით და ვეღარ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, გამოიცვალა საცხოვრებელი ადგილი, ტელეფონის ნომერი. თუ ასეთი ტიპის მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარება უწევს ადამიანს, იმიტომ რომ თავიდან მოიშოროს გადაკიდებული პირი, ეს უკვე ხდება სისხლის სამართლის დანაშაული და შეიძლება, დაისაჯოს როგორც საზოგადობერივად სასარგებლო შრომით, ასევე, თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე ვადით. თუმცა ამ მუხლსაც აქვს თავისი დამამძიმებელი გარემოებები. მაგალითად, როდესაც ეს ხდება არასრულწლოვნის მიმართ ან სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, ან იწვევს ჯანმრთელობის დაზიანებას. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, ხუთ წლამდეც კი გაიზარდოს სასჯელი.
– სიმართლე გითხრათ, დარწმუნებული ვიყავი, რომ, თუ ვინმე შეგაწუხებს ტელეფონით ან თავისი არსებობით, პატრული უნდა გამოგეძახებინა. მე გამომიყენებია ეს მეთოდი, ძალიან ეფექტიანად და სხვებისთვისაც მირჩევია.
– პატრული მოვა კიდეც, რეაგირებას მოახდენს თქვენს შეტყობინებაზე. საერთოდაც, ეს ნოვაცია საზოგადოებრივი საჭიროებიდან მოდის. ბევრი შემთხვევა გვქონდა, როდესაც პატრული მისულა, წაუყვანია ასეთი პირი, ხელწერილი დაუწერინებია, რომ აღარ გაიმეორებს იმავეს, მაგრამ ამ ტიპის ადამიანებზე ეს არ მოქმედებს. არადა, თუ სხვა დანაშაულს არ ჩაიდენდა, ფიზიკურად თუ არ გეხებოდა, არაფერს გიშავებდა, პოლიციასაც თუ ემორჩილებოდა, მიჰყვებოდა და წერდა ხელწერილს, დაუსჯელი რჩებოდა. პოლიციასაც ყელში ამოსდიოდა მისი წაყვანა და გამოშვება და მსხვერპლიც უფრო წუხდებოდა, რადგან ხედავდა, რომ პოლიციითაც კი ვეღარ იშორებდა. ერთი სიტყვით, თუ სხვა დანაშაულის ნიშნები არ იყო, ძალიან წვალობდა სამართლადამცველი ორგანოებიც და ჩვენც. ახალი ფორმულირება კი გვაძლევს საშუალებს, რომ არ დაველოდოთ ასეთი პირის მიერ სხვა დანაშაულის ჩადენას – თუ ისე შეაწუხებს ადამიანს, რომ მსხვერპლს მოუწევს ცხოვრების წესის შეცვლა და მაინც ვერ იშორებს თავიდან, აუცილებელია, ჩაერიოს სახელმწიფო და რეაგირება მოახდინოს პატრულმა არა მარტო ხელწერილით და განყოფილებაში წაყვანით, არამედ, სამართლადამცავ ორგანოსაც ჰქონდეს ბერკეტი, რომ მოგაცილოს ადამიანი, რომელიც ცხოვრებას არ გაცლის.
– და ეს ეხება არა მარტო საპირისპირო, ერთი სქესის ადამიანების ურთიერთობას.
– რა თქმა უნდა. სავსებით შესაძლებელია, რომ ასეთი გადაკიდება არ იყოს დაკავშირებული რომანტიკულ გარემოებებთან. ეს შეიძლება, იყოს ზეწოლა მოწმეზე ჩვენების შეცვლის მიზნით, კონკურენტ ბიზნესზე ზეწოლა, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, რაც დამამძიმებელ გარემოებებად ითვლება. თუმცა, ზოგადად, ევროპაში, ამერიკაში, სადაც ეს საკმაოდ ადაპტირებული მუხლია და დიდი ხანია არსებობს, როგორც წესი, ამ ტიპის დანაშაულის მსხვერპლნი არიან ქალები, თუმცა ეს ერთადერთი მოტივი არ არის.
– თუმცა მე ვიცნობ ქალებს, რომლებიც საფუძვლიანად და ლამის ტერორისტულად სდევნიან კაცებს?
– რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევებიც არის: სდევნიან, ემუქრებიან, გადაეკიდებიან მათ პარტნიორ ქალებს...
– სამსახურში ზემდგომის გადაკიდების შემთხვევებიც მრავლადაა, ეს მუხლი აქაც შეიძლება, გამოიყენონ მოქალაქეებმა?
– ეს გადაკიდების მუხლში არ გავა, მაგრამ, რადგან შრომითი ურთიერთობები რეგულირდება შრომის კოდექსით, შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული მოპყრობა გადაკიდებამდე უნდა მოგვარდეს. თუმცა ჩვენ ცალკე გვაქვს გამოყოფილი მუხლი – იძულება სამსახურში, ეს იძულებაა სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით და არა გადაკიდება.
– გასაგებია, რომ მოტაცება ეს ჩვეულებრივ ადამიანის გატაცებაა. მაგრამ თითქოს ითქვა, რომ თქვენი საკანონმდებლო ინიციატივა ამ საკითხსაც ეხებოდა.
– ეს კითხვები გაჩნდა. ლოგიკურია, რომ გადაკიდების ზოგიერთ შემთხვევაში ხედავენ მოტაცების საფრთხეს, მაგრამ მოტაცება სისხლის სამართლის კოდექსით, ძალიან დიდი ხანია, უკვე არის დანაშაული და ნიშნავს ადამიანისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. ქორწინების მიზნით მოტაცების ცალკე მუხლი არ არის, თუმცა ადრე იყო ასეთი დეფინიცია, მაგრამ ჩვენმა კანონმდებელმა გააუქმა. არ აქვს მნიშვნელობა, რა მიზნით, ადამიანის გატაცება არის მძიმე დანაშაული და უფრო მკაცრად ისჯება, ვიდრე გადაკიდება. ეს დანაშაული იყო და დანაშაულადვე რჩება.
– აღარ მოისპო ქორწინების მიზნით მოტაცება? ძალიან ველურად მეჩვენება მისი არსებობა.
– თავიდან ეს იყო პრობლემა, მაგრამ წინა ხელისუფლებას ჰქონდა ნულოვანი ტოლერანტობის მიდგომა ამ ტიპის დანაშაულისადმი და იმ შემთხვევაშიც იჭერდნენ მამაკაცებს, როდესაც ქალბატონები თანახმანი იყვნენ, მათ ცოლად გაჰყოლოდნენ. ძალიან მკაცრი მიდგომა იყო და ამიტომ საკმაოდ შემცირდა ქორწინების მიზნით მოტაცებების რაოდენობა, თუმცა ახლა ამბობენ, რომ შედარებით გაიზარდა ასეთი შემთხვევები, მაგრამ მე არ გამომითხოვია შინაგან საქმეთა სამინისტროდან უახლესი ინფორმაცია, ამიტომ ვერ დავადასტურებ.
– როდის იგეგმება თქვენ მიერ შეთავაზებული ცვლილებების განხილვა პარლამენტში?
– ჩვენ ეს ცვლილებები მოვამზადეთ ევროკავშირის ეგიდით ჩატარებული კვლევის შედეგად. გავმართეთ პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრო იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე სანდრო ბარამიძე. მან თქვა, რომ სრულად იზიარებს ამ ცვლილებების სულისკვეთებას და მცირე სტილისტური შენიშვნებით, მაგრამ ყველაფერი იქნება გათვალისწინებული. იუსტიციის სამინისტრო მუშაობს სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებებზე და უნდათ, რომ ერთიან პაკეტად შეიტანონ დიდი ცვლილებები. ჩვენც ველით, რომ იუსტიციის სამინისტრო მოახდენს სხვა ცვლილებებთან ერთად ამ ცვლილებების ინიცირებას პარლამენტში. რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო ჩვენ, არასამთავრობო სექტორსაც მიგვემართა პარლამენტისთვის, მაგრამ, როდესაც იუსტიციის სამინისტროს გააქვს ასეთი ცვლილებები, პატრონაჟსაც იღებს თავის თავზე. როდესაც საკომიტეტო მოსმენები დაიწყება, ვაპირებთ, ვიაროთ პარლამენტში, შევხვდეთ დეპუტატებს და ვესაუბროთ ამ მუხლების აუცილებლობაზე.