ქობანების ლაციცში
ანუ შეხვედრა ზღვაში
თუკი ყირიმში განლაგებული რფ-ს შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო ფლოტი მზადყოფნაშია მოყვანილი, გავრცელებული ინფორმაციით, შავი ზღვისკენ აშშ-ის სამხედრო ხომალდები მოემართებიან. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ორთავ მხარეს ბირთვული შეიარაღებაც აქვს და მათი შეხვედრაც შავ ზღვაში იგეგმება, უნდა გამოვტყდეთ, რომ დიდად სასიამოვნო არ არის, ბირთვულქობანებიანი რაკეტების, მაინცდამაინც, ჩვენს ყურისძირში ლაციცი (მაშინ, როდესაც ამ დედამიწაზე ზღვებისა და ოკეანეების ცვენაა).
სასიამოვნოა თუ გარდაუვალი, ძნელია, არ დაეთანხმო საპარლამენტო უმცირესობის წევრ ბ-ნ წიკლაურს, რომ „საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინასთან მიმართებაში დასავლეთის რეაქცია უფრო სწრაფი იყო“. თუმცა, მეორე მხრივ, ის სიზანტე იმასაც ნიშნავს, რომ იმდროინდელ ხელისუფლებას დასავლეთი მთლად ჯეროვნადაც „ნე უვაჟალ“.
მეორე მხრივ, ისიც საქმეა, თუ ახლა მაინც ირეაგირებს არა მხოლოდ სწრაფად, ადეკვატურადაც, რადგან, თუმცა ბ-ნ ვაშაძეს ჰგონია, რომ რუსის ჯარი აქ აღარ დგას, ვაი რომ, ისევ დგას და მერე რარიგ მრავალრიცხოვანი?!
როგორც უნდა იყოს, ბ-ნი წიკლაური მხოლოდ არსებული ვითარების შეფასებას არ დასჯერდა და რჩევებიც მოგვაშველა (ჩვენ რა – დასავლელებს მიაშველა). მომყავს ციტატა: „მიმაჩნია, რომ ამ პროცესში აუცილებლად უნდა იყოს ჩართული „ნატო“. „ნატოს“ მეტი აქტიურობა სჭირდება (მიხვდებოდა ამდენს თავისით, ბ-ნ წიკლაურს რომ არ შე ეხსენებინა?!).“
შესაბამისად, ჩვენებური ხალხის რჩეული, არც მეტი, არც ნაკლები, ასკვნის: „ალიანსის საბრძოლო ძალები მზადყოფნაში უნდა იყვნენ მოყვანილი!“ ჩვენ, ბუნებრივია, არ ვიცით, გაიზიარებს თუ არა „ნატოს“ სარდლობა ნუგზარ წიკლაურის რჩევა-მოწოდებებს, არც ის, „პარადს“ ვინ უხელმძღვანელებს – , თუმცა ვიცით, თუ ბ-ნი წიკლაურის თანამოაზრე ბ-ნ ბარამიძეს ვერწმუნებით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს უკრაინაში იწვევენ და გამოცდილების გაზიარებას სთხოვენ (ნეტავ რომელის: როგორ დავმარცხდეთ ომში?!).“ მეტიც, დეპუტატმა დაგვამუნათა (ჩვენ რა, მთავრობა): „თავი კი არ უნდა მოიკატუნო რომ არ გეომებიან, უნდა იომო, ძმაო (აი, ძმაო-ალემაოო, რომ ეთქვა, მე რომ მკითხოთ, უფრო დამაჯერებელი იქნებოდა).“
თუ ჩვენს დე-ფაქტო რუკას დავხედავთ და 2008 წლის ცოცხალ შთაბეჭდილებებსაც გავიხსენებთ, დამეთანხმებით, ზემომოყვანილი მოწოდება ცოტა უხერხულად მოსასმენია და თითქოს ბუნებრივად ითხოვს პასუხს (ინტონაციაში ჩვენს ხალხის რჩეულს დავესესხები): „მერე გეომა, ძმაო, დაგიშალა ვინმემ?!”