კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ჰყავს მიწებებული სალომე არშბას და როდის აღმოჩნდა ის საჭირო დროს საჭირო ადგილას

საზოგადოება ყოვეთვის განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს იმ ცნობილი ადამიანების მიმართ, რომელთა შესახებაც ბევრი არაფერი იცის. სალომე არშბა, მრავალწლიანი ტელეკარიერის განმავლობაში, საზოგადოების ამ ინტერესს ყოველთვის დაუკმაყოფილებელს ტოვებდა და მის ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. მისი ცხოვრების არცთუ ღია წესი არა გაპრანჭული ქედმაღლობაა, რომელიც ერთი ფრაზით გამოიხატება – „ინტერვიუებს არ ვიძლევი”, არამედ, გულწრფელი თავმდაბლობა, როდესაც ჩრდილში ყოფნას არჩევ და, არ გინდა, ზედმეტად ალაპარაკო ვინმე საკუთარ ცხოვრებაზე. სალომე არშბამ „თბილისელებისთვის” გამონაკლისი დაუშვა.

 

 სალომე არშბა: არ მიყვარს ჩემს ცხოვრებაზე ბევრი ლაპარაკი, რადგან, ვფიქრობ, რომ ეს მკითხველისთვის საინტერესო არ იქნება. პირადი – პირადია და ამაზე რატომ უნდა დაიწეროს? – ეს ჩემია. რაც შეეხება კარიერას, ვფიქრობ, არ მაქვს ისეთი საინტერესო კარიერული გზა ან ცხოვრება, რომ ამაზე ყოველ მეორე ნომერში წერონ. მიზეზი იმისა, რომ ინტერვიუები არ მიყვარს, მხოლოდ და მხოლოდ ეს არის, და არა ის, რომ ვინმემ რამე ცუდი დამიწერა, გამაბრაზა ან რამე მსგავსი. 

– საკმაოდ დიდი გამოცდილება გაქვს, თუმცა, „ჯიდიესში” მცირეხნიანი პაუზის შემდეგ მოხვედი. 

– სტუდენტი ვიყავი, როდესაც „იმედის” არხზე „დუბლიორი” დაიწყო და ეს იყო გადამწყვეტი მომენტი ჩემს ცხოვრებაში, როდესაც საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი. ამის შემდეგ ყველაფერი ძალიან სპონტანურად წავიდა: გავხდი ჟიურის სიმპათია, შემდეგ წავედი მოსკოვში და იქიდან დაბრუნებულმა მუშაობა განვაგრძე „იმედში”. რვა წლის განმავლობაში ვმუშაობდი ამ არხზე. ჯერ იყო „იმედის დილა”, შემდეგ „ქრონიკაში” მიმყავდა კულტურის ბლოკი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი ნათიკა ბერძულთან ერთად მიმყავდა „ქრონიკა პლუსი”. შემდეგ უკვე ისე მოხდა, რომ „იმედიდან” წამოვედი. მუშაობა დავიწყე „ჯიემჯიზე”, სადაც ორი გადაცემა მიმყავდა: „შუადღე” და კულინარიული გადაცემა. არ ვარ კულინარი და მაყურებელთან ერთად ვსწავლობდი რაღაცეების კეთებას. ვფიქრობ, მაყურებლისთვის სწორედ ამიტომაც იყო საინტერესო, რადგან, დილეტანტურ შეკითხვებს ვსვამდი და ზოგჯერ რაღაც-რაღაცეები არც გამომდიოდა. სამწუხაროდ, ეს გადაცემა „ჯიემჯიზე” გარკვეული მიზეზების გამო დაიხურა. სწორედ ამ დროს მქონდა მცირეხნიანი სატელევიზიო პაუზა, მაგრამ, ეს იყო ყველაზე სასიამოვნო პაუზა, რადგან, მთელი ეს პერიოდი შვილთან ერთად ვიყავი. ჩემი შვილი წლისა და რვა თვისაა და ამ ხნის განმავლობაში მქონდა სხვადასხვა შემოთავაზება, მაგრამ, უარს ვამბობდი რეჟიმის გამო. ძალიან რთულია, მთელი დღის განმავლობაში დატოვო პატარა შვილი და მხოლოდ საღამოს გქონდეს მისთვის დრო. სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა „ჯიდიესი”, გავიარეთ შესარჩევი ტური, პილოტები და ბოლოს ჩვენ, სამი წამყვანი დაგვამტკიცეს.

– წინამორბედი გადაცემა დაიხურა?

– შუადღის გადაცემა „ჯიდიესზე” არსებობდა, მაგრამ, სხვა წამყვანები ჰყავდა. შემდეგ ახალი სეზონისთვის დაიწყეს ახალი წამყვანების ძებნა და არჩევანი ჩვენზე შეაჩერეს. წამყვანები და სტრუქტურა შეიცვალა, თუმცა, შუადღის გადაცემა ყველა არხზე დაახლოებით მაინც ერთი და იმავე სტილისაა. 

– რა არის ის, რისი მოსმენაც ადამიანს შუადღისას სჭირდება?

– ჩვენი მთავარი სამიზნე აუდიტორია მაინც დიასახლისები არიან – ქალი, რომელმაც დილით ქმარი სამსახურში გაუშვა, შვილი – სკოლაში, თან სახლის საქმეებს აკეთებს და თან ტელევიზორს უყურებს. ჩვენს გუნდს სწორი სტრატეგია აქვს აღებული და ვაჩვენებთ იმას, რაც ძალიან პრაქტიკული და ყოფითია, რაც ნებისმიერი ადამიანის ყოველდღიურობაშია, რაზეც ფიქრობს, ღელავს. კონკრეტული და სასარგებლო რჩევებია, რაც, ვფიქრობ, სწორი მიმართულებაა. 

– ხვალ 8 მარტია (ინტერვიუ ჩაწერილია 7 მარტს), ქალთა დღესასწაული, რომელიც პირადად მე ცოტა სევდიან განწყობაზე მაყენებს ხოლმე, რადგან, ქალთა უფლებებს ეძღვნება, ეს არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ, მთელ მსოფლიოში, ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად რჩება.

– სწორედ დღეს გვაქვს გადაცემა მაგ თემაზე. ქალთა დღესასწაულები არსებობს, მაგრამ, რეალურად, ამ საუკუნეშიც კი, ქალების მდგომარეობა ძალზე მძიმეა. სტატისტიკას გადავხედე და გავიგე, რომ მდგომარეობა ძალიან ბევრ ქვეყანაში საგანგაშოა. დღემდე არის სტერეოტიპი, რომ ქალი სამზარეულოში უნდა იყოს, რომ ოჯახში ფული კაცმა უნდა შემოიტანოს და ბავშვი დედამ გაზარდოს.

– ყველაზე ცუდი ის არის, რომ ქალების დიდი ნაწილი ამაში პრობლემას ვერ ხედავს, ეს მათთვის ნორმაა.

– დიახ და ესეც კვლევებით არის დადასტურებული. ისინი ამას ძალადობად არ აღიქვამენ. როდესაც ქვეყანაში ასეთი მდგომარეობაა, შეიძლება, ერთ გადაცემაში საუბრით ეს ვერ შეცვალო, მაგრამ, რაც უფრო ხშირად ვისაუბრებთ ამაზე, მით სწრაფად გამოსწორდება მდგომარეობა. ხანდახან ჩვენ გვერდითაც კი ხდება ეს ყველაფერი, თუნდაც, ჩვენს სამეგობროში, სანაცნობოში, როდესაც ფსიქოლოგიური ტერორი ხდება ქალზე და ის ამას ვერც გრძნობს. მაგალითად, ქმარი საზოგადოებაში ცოლს ერთი-ორჯერ ეტყვის – შენ რა იცი, რა სისულელეს ამბობო და, მორჩა, ის უკვე დაკომპლექსებულია და ფიქრობს, რომ მისი აზრი ამა თუ იმ თემაზე გარშემო მყოფებისთვის სასაცილო და სულელურია. ამ დროს, შეიძლება, ცოლი მუშაობს და რეალიზებულიც არის. აქ უკვე ძალადობის სხვა დონესთან გვაქვს საქმე. არის კიდევ ერთი მომენტი, როცა მამაკაცი დისკომფორტს განიცდის, თუ ცოლი მასზე წარმატებულია. ეს ყოველთვის ასე არ ხდება, მაგრამ, ასეთი ფაქტები მინახავს და, ხშირად ეს დისკომფორტი ხდება კონფლიქტის მიზეზი. თვითონ ქალის უფლებაა, აირჩიოს, როგორი ცხოვრება სურს. თუ ქალი სახლში გრძნობს თავს ბედნიერად და ასე რეალიზდება, თუ ეს არის მისთვის „მინდა”, მაშინ, ყველაფერი კარგადაა და ეს მისი გადაწყვეტილებაა. ანუ, არ უნდა იყოს ვალდებულების მომენტი.

– ვინ შეიძლება იყოს ის, ვინც რამეს დაგავალდებულებს? რამდენად დამოუკიდებელი და თავისუფალი იყავი შენი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე?

– ყველაფერი ბავშვის აღზრდიდან იწყება. არა გაზრდიდან, არამედ – აღზრდიდან. არ მქონია ცხოვრებაში მომენტი, რომ მშობლების წინააღმდეგ წავსულიყავი. მეამბოხე თინეიჯერი უამრავი პროტესტითა და მშობლებთან მუდმივი კონფლიქტით არასდროს ვყოფილვარ. ალბათ, ეს ჩემი მშობლების დამსახურებაა, ისინი არ მაძალებდნენ არაფერს. ძალიან ფრთხილად უნდა მოიქცე შვილთან. უკვე შვილი მყავს და ძალიან ბევრს ვფიქრობ ამაზე. ბავშვის სწორად აღზრდის ფორმულა არ არსებობს, ყველა ინდივიდუალურია. ალბათ, მთავარი მაინც დედის ინტუიციაა; მთავარია, მიხვდე, როდის უნდა აუკრძალო, როდის ჩაერიო, როდის მისცე თავისუფლება. ჩემ შემთხვევაში, ალბათ, მშობლები სწორად მოქმედებდნენ. 

– მოკლედ, ბევრი მისია გვაქვს: ბავშვები, სამსახური...

– სიმართლე გითხრა, სამსახური არ არის ის, რის გარეშეც ვიფიქრებდი, რომ რეალიზებული არ ვარ. სამსახური ყველას სჭირდება, მათ შორის – მეც. ამის საჭიროება რომ არ მქონდეს, დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი სახლში და მთელ დღეს ბავშვთან გავატარებდი. მთელ დროს მას დავუთმობდი, როგორც მინიმუმ სამ წლამდე. ეს ის წლებია, როდესაც შვილი თავიდან ბოლომდე მიწებებულია დედაზე. ჩემი შვილი ისე განიცდის ჩემს სახლიდან გასვლას, რომ ამის გამო სამსახურს დავთომობდი. უფრო სწორად, ეს დათმობაც არ არის, პირიქით, ბევრად უფრო კარგად ვიქნებოდი, თუ სულ ჩემ გვერდით იქნებოდა. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ, ვფიქრობ, ქალი სახლში უნდა იჯდეს და არ ჰქონდეს თავისი საქმე, – არავითარ შემთხვევაში! საქმიანი დედა შვილისთვისაც მაგალითია, მით უმეტეს, რომ, გინდა, შვილს ყველაფერი მისცე, არაფერი მოაკლო. თან, ჩვენ ოთხმოცდაათიანების თაობა ვართ, ვისაც ბევრი რამ არ გვქონდა, ამიტომ, ერთგვარ კომპენსირებას ვახდენთ ჩვენს შვილებთან – გვინდა, ისეთი სირთულეები არ ნახონ და ყველაფერი ცუდი რაღაცნაირად ავარიდოთ. 

– როგორი გოგოა შენი შვილი?

– არაჩვეულებრივი (იცინის). ცელქია და საკმაოდ აქტიური. მალევე დაიწყო ლაპარაკი და, შესაბამისად, სულ ლაპარაკობს ან მღერის. ძალიან კარგი ხასიათი აქვს, სულ იცინის. დაბადებიდანვე, გაიღვიძებდა თუ არა, უკვე ღიმილი ჰქონდა სახეზე. სულ ერთად ვართ, ერთად ვერთობით. „შუადღეში” იმიტომ ვარ კომფორტულად, რომ, შემიძლია, დიდი დრო დავუთმო ბავშვს.  იმიტომ არ ვამბობ, რომ აქ ვმუშაობ, მაგრამ, ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, ვისთან ერთად მუშაობ, რა დამოკიდებულება აქვთ თანამშრომლებს შენ მიმართ. ვინც ამ ეტაპზე ჩემ გვერდით მუშაობს, არის ხალხი, ვისთან ყოფნაც მსიამოვნებს, ვისაც ერთნაირი ფასეულობები და პრინციპები გვაქვს, ერთი გუნდი ვართ და, შესაბამისად, რასაც ვაკეთებთ, ის გაცილებით კარგი გამოდის. სამ გოგოს მიგვყავს გადაცემა, მე, ნუკა ორჯონიკიძესა და ქეთი ჯაოშვილს, სამივე ერთმანეთისგან რადიკალურად განვსხვავდებით, მაგრამ, ერთმანეთის აზრს პატივს ვცემთ, ერთმანეთს ვავსებთ. ჩვენი განსხვავებულობა არ გადადის დაპირისპირებაში და, მაყურებლისთვისაც, სხვადასხვა ჭრილიდან დანახული ესა თუ ის საკითხი ბევრად უფრო საინტერესოა. 

 

скачать dle 11.3