კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემთხვევაში ბეზრდება და უინტერესო ხდება „პირველი ვიცე-მის საქართველოსთვის“ ურთიერთობა და რატომ ეჭვიანობს ის შეყვარებულთან ყველაფერზე

როგორც იცით, ცოტა ხნის წინ სამოდელო სააგენტო „იმიჯ-ცენტრმა“ მორიგი სილამაზის კონკურსი ჩაატარა და „მის საქართველო“  და „ვიცე-მის საქართველოც” გამოავლინა. „მის საქართველოს“ – ანა ზუბაშვილს ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს, „პირველი ვიცე-მის საქართველო“  კი 20 წლის ელენ გამყრელიძე გახდა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, გადაცემა „იღბლიან ბორბალში“ მუშაობს – თავისი ლამაზი ღიმილით ხიბლავს მონაწილეებსაც და მაყურებელსაც. 

ელენ გამყრელიძე: რადგან აქამდე საქართველოს მოქალაქე არ ვიყავი, უნივერსიტეტში ჩაბარებას ვერ ვახერხებდი. მოსკოვში დავიბადე, 5 წლამდე იქ ვცხოვრობდი ოჯახთან ერთად და შემდეგ გადმოვედით საქართველოში. მაგრამ, ახლა უკვე საქართველოს მოქალაქე ვარ და წელს ვემზადები გამოცდების ჩასაბარებლად. იმედია, ჩავაბარებ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. თან, ტელევიზიაში ვმუშაობ და შეიძლება, ეს ყველაფერი სამომავლოდ გამომადგეს. 

– როგორ დაიწყე ტელევიზიაში მუშაობა? 

– 15 წლის ვიყავი, როდესაც „ვა ბანკში“ მოვხვდი. ჯერ ქასთინგზე მივედი და რომ გავიღიმე, გიორგი ხაბურძანიამ მითხრა: ღიმილიც ასეთი უნდაო. მაშინვე ჩამსვეს ძირითადში მე-19 ნომრით, ისეთი ბედნიერი ვიყავი, წარმოიდგინე, ქასთინგზე 2 000-მდე გოგონა იყო. მგონი, მხოლოდ მე და ჩემი დაქალი ვიყავით არასრულწლოვნები, რომლებიც ძირითადში ჩაგვსვეს. შემდეგ უკვე იცოდნენ, „იღბლიანი ბორბლისთვის“ როგორი გოგონები სჭირდებოდათ და პირდაპირ აგვარჩიეს. 

– ღიმილი გახდა შენი სავიზიტო ბარათი? 

– კი, ღიმილი. თუკი რაიმე წარმატებისთვის მიმიღწევია, ყველაფერს ჩემს ღიმილს ვუმადლი. ამიტომაც, სულ „სმაილი“ მაქვს სახეზე. „იღბლიან ბორბალში“ ყოფნა ძალიან მომწონს, ყველას ვიცნობ, ძალიან კარგი გარემოა. პრინციპში, იქ გავიზარდე, ყველაფერი ამ წრეში ვისწავლე. შორენასა და ვანოზე ხომ, საერთოდ, ჭკუა მეკეტება. შორენა უსაყვარლესი ადამიანია, სასწაულო გოგოა, ყველაზე კეთილი, ძალიან სუფთა და წმინდა. ვანიკოზეც ვგიჟდები, უსაყვარლესი პიროვნებაა. ცუდ ხასიათზე რომ ხარ, პოზიტიურად გმუხტავს.

– იღბლიანი ხარ? 

– ალბათ, ვარ. რადგან, ბავშვობიდან მოყოლებული, სერიოზული დაბრკოლებები არ მქონია. ისე ხდება, რომ საბოლოოდ, ყველაფერს ძალიან მარტივად ვაღწევ. 

– როდის დაიწყე მოდელობა? 

– 14-15 წლის ასაკში დავიწყე. ოღონდ, იცი, როგორ? „ფეშენ-ვიქის“ ერთ სეზონზე გავიდოდი, მეორეზე – აღარ გავიდოდი და ასე შემდეგ. ისეთ თანხას იხდიდნენ, რომ 5-6 დღის დაკარგვა ნამდვილად არ მიღირდა. ანუ, დავიწყებდი მოდელობას, მერე თავს დავანებებდი, ქასთინგებზე ხან დავდიოდი, ხან – არა. ახლა გადავწყვიტე, სერიოზულად მოვეკიდო ამ საქმეს. 18 წლისას, „ელიტზე“ გამოსვლა შემომთავაზეს, მაგრამ მიმაჩნდა, რომ უკვე დიდი ვიყავი, ამიტომ, უარი ვთქვი. „მის საქართველოზე“ ჩემი სურვილით მივედი. ბავშვობიდან მაინტერესებდა და მინდოდა მონაწილეობის მიღება. მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო თავს ვიკავებდი. წელს კი გადავწყვიტე, მივსულიყავი. ქასთინგზე იმის შიში არ მქონია, რომ არ ამირჩევენ. ზოგადად, არ მაქვს იმის შიში, რომ სადმე არ ამირჩევენ. ახლაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ხუთეულში მოვხვდებოდი. თუმცა, იმიტომ კი არა, რომ  კონკურენცია არ იყო. სადაც ვიცი, რომ წინსვლა, წარმატება არ მექნება, იქ არასდროს გავალ, არ მივიღებ მონაწილეობას. მაგალითად, „ელიტში“ ვერ ვხედავდი ჩემს თავს. არ მაქვს ისეთი გარეგნობა, რომ ამ კონკურსზე „გამექაჩა“. სამაგიეროდ, „მის საქართველოზე“ ვიცოდი, რომ ხუთეულში მოვხვდებოდი. 

– როგორი რეაქცია გქონდა, როცა „პირველი ვიცე-მის საქართველო“ გახდი? 

– თამამად გეტყვი, რომ ბოლოს სულ ვამბობდი: ან მე უნდა მოვიგო, ან ანამ-მეთქი. ეს არავის სწყინდა, რადგან ყველას თავისი ფავორიტი ჰყავდა. პირველი „ვიცეები” რომ დაასახელეს, ანას შევხედე – ფერი დაკარგა, გაშრა. მივხვდი, რომ ანა იყო გამარჯვებული. ისე ინერვიულა, შოკში იყო, ვერ ლაპარაკობდა. მეც, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა ამ ტიტულის მიღება, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ შოკში ვიყავი. ერთი რამ ნამდვილად ვიცი: საქართველოშიც და საერთაშორისო ასპარეზზეც მაქსიმუმს გავაკეთებ. 

– აპირებ სამოდელო კარიერის გაგრძელებას? 

– აუცილებლად გავაგრძელებ. უცხოეთიდანაც მაქვს შემოთავაზებები. მხოლოდ, საქართველოში რომ ვიყო მოდელი, არ მინდა. აქ ფულს ვერ ვიშოვი. ამიტომ, ჩემს ინტერესებშიც შედის უცხოეთში გამგზავრება. 

– დაახლოებით, 5 წელია, მუშაობ და შენი შემოსავალი გაქვს. 

– პირველი ხელფასი რომ ავიღე, იმის მერე ოჯახში ფული არავისთვის გამომირთმევია. იყო სხვადასხვა შემოთავაზება: იმას ის მოჰყვა, ამას – ეს. თვითონ გადაცემაც საკმაოდ დიდ რეკლამას მიკეთებს. რაც ჩემი ხელფასი მაქვს, მას მერე, დამოუკიდებლად ვცხოვრობ. თუ ფული არ მაქვს, სარკის წინ ვდგავარ და ვემზადები, როგორ ვუთხრა დედას: დედა, ფული მომეცი. მერე ეს ფული აუცილებლად უნდა დავუბრუნო, სხვანაირად არ შემიძლია. მირჩევნია, ვინმეს ვესესხო, ვიდრე ოჯახში ვთქვა: ფული მინდა-მეთქი. 

– როგორ ატარებ თავისუფალ დროს?

– კლუბები, ღამის ცხოვრება, ხმაურიანი ადგილები არ მიყვარს. უფრო კარაოკე მომწონს და მოყვარულის დონეზე ვმღერი. დაძაბული, ჩახუთული სიტუაციები არ მიყვარს. წყნარად, მეგობრებთან ერთად მიყვარს ყოფნა, თან ერთმანეთის ხმა რომ გესმის. 

– როგორც ვიცი, შეყვარებული ხარ. სად გაიცანით ერთმანეთი და როგორ შეძლო, რომ შენთვის თავი შეეყვარებინა? 

– საერთო მეგობრისგან გავიცანი. თავიდან არც მომეწონა, ვფიქრობდი, ჩემგან განსხვავებული პიროვნებაა და ერთმანეთს ვერასდროს გავუგებთ-მეთქი. ბევრჯერ მითქვამს: მე და შენ ერთად – რა სისულელეა... რადგან არ იყო ჩემი ტიპაჟი. მაგრამ მერე, ურთიერთობაში ვერ ვხვდებოდი, ასე რატომ ვფიქრობდი. ახლა მიმაჩნია, რომ ჩემნაირია და კარგადაც ვუგებთ ერთმანეთს. მე საკმაოდ თავდაჯერებული ვარ და თუ ბიჭიც თავდაჯერებული არ არის, იმასთან ვერ ვიქნები. ეს კი ძალიან თავდაჯერებულია. ანუ, ბიჭი, უპირველეს ყოვლისა, თავდაჯერებული უნდა იყოს და კიდევ, გოგონას ზედ არ უნდა გადაჰყვეს. მე ვინც თან გადამყოლია, მის მიმართ, გარკვეული დროის შემდეგ, ინტერესი დამიკარგავს. ანუ, ყველაფერი უნდა იყოს – სიყვარული, ყურადღება, მესიჯები, მაგრამ ზომიერების ფარგლებში. არ არის აუცილებელი, მთელი დღის განმავლობაში ტელეფონზე იყოს ჩამოკიდებული და გაკონტროლებდეს. დღის რაღაც მომენტში თუ არ გირეკავს, პირიქით ფიქრობ: სად არის, რატომ არ რეკავს? მის გრძნობებში დარწმუნებული ვარ და რადგან არ რეკავს, არ ვფიქრობ, რომ არ ვუყვარვარ. დღის განმავლობაში, ამ მხრივ, მისგან რაღაც უნდა გაკლდეს, რომ არ მოგბეზრდეს. ისე, მე საშინლად ეჭვიანი ვარ – ისიც არის, მაგრამ არ იმჩნევს. ყველაფერზე, მოძრავზე, არამოძრავზე, გოგოზე, ბიჭზე, დაქალია, ძმაკაცია, ელაპარაკება, ურეკავს, დედა, მამა – ყველაფერზე ვეჭვიანობ. რა ლამაზი ჩიტია... ამაზეც ვეჭვიანობ. მას კი ამაზე ეცინება და სპეცილურად სხვადასხვა სახელს მეძახის, ვითომ შეეშალა: თინი, როგორ ხარ? ნინო, რას შვრები? ვიცი, რომ ხუმრობს, მაგრამ მაინც ნერვები მეშლება. ყურადღებიანიც ვარ, მაგრამ, რაღაც თუ არ მომწონს, ანუ, თუ ურთიერთობას წერტილს დავუსვამ, იმას აღარ აღვადგენ.

– ალბათ, ამისთვის სერიოზული მიზეზი უნდა გქონდეს.

– კი. თუმცა, რომ ამბობენ: შეყვარებულს ღალატს არ ვაპატიებო, მე ვფიქრობ, საყვარელ ადამიანს ერთხელ ყველაფერს აპატიებ. მეც რომ დავდგე ფაქტის წინაშე, ალბათ, გადავდგამ ამ ნაბიჯს და ერთხელ ვაპატიებ. მაგრამ, შეიძლება, ღალატი არაფერ შუაში არ იყოს და ვთქვა: არ მინდა – იქ დამთავრდება ყველაფერი. ჩვენს ურთიერთობას არ ვგულისხმობ. ჩვენ ყველაფერი რიგზე გვაქვს, ზოგადად ვამბობ.

– დაქორწინებასაც ხომ არ გეგმავთ? 

– ჯერ არა, ამ თემაზე არც გვისაუბრია. ახლა კარიერაზე ვარ გადართული. ამ ეტაპზე ჩემი პირადი ცხოვრება კარიერის განვითარებას ხელს არ შეუშლის, მერე რა იქნება, არ ვიცი. უცხოეთში რომ წავიდე, თანახმაა, არ არის წინააღმდეგი.

 

скачать dle 11.3