კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაკრძალეს წმიდა მამა გაბრიელის სულიერი შვილი არქიმანდრიტი საბა (კუჭავა) იმ დღეს, როცა ბეთანიელი ბერების მის მიერ მოწესრიგებული საფლავები გახსნეს

„ყოველი ადამიანის გულში, რაც უნდა ურწმუნო იყოს იგი და არაღვთივსათნოდ მცხოვრები, ღვთიური სიკეთის მარცვალი მაინც მოიპოვება, რადგან იგი ღვთის ხატად და მსგავსადაა შექმნილი... როდესაც ადამიანი სულიერ გზას დაადგება, ჩვილი ბავშვივითაა – ბევრი რამ არ იცის. ამიტომ, ის უფალს მიმართავს დახმარებისთვის. ჩემი პირველი ლოცვაც ასეთი გახლდათ: უფალო, სწორი გზით მატარე!” – ეს სიტყვები არქიმანდრიტ საბა (კუჭავას) (ჟურნალი „კარიბჭე“) ეკუთვნის, რომელიც 2014 წლის 12 თებერვალს მოულოდნელად გარდაიცვალა იტალიაში. მის მრევლთან საუბრის შემდეგ, ყველაზე მეტად იმაზე დამწყდა გული, რომ ამ საოცარი სიყვარულით, სიხარულითა და სიკეთით აღსავსე ადამიანს პირადად არ ვიცნობდი.

 

ლაშა ცაიშვილი („ვერსია“): გიორგი კუჭავა დაიბადა 1959 წლის 24 ოქტომბერს ფოთში. მისი სულიერი ცხოვრება 1989 წელს ფოკიდან მცხეთამდე, წმინდა ნინოს გზიდან იწყება. მთელი არსებით სწყუროდა ბერობა, მაგრამ დედის თანხმობისა და კურთხევის გარეშე, ამ ნაბიჯს ვერ დგამდა... მოგვიანებით, მისი დედა, დედა მარიამი (იმჟამად რუსუდანი) თავად შევიდა პატრიარქთან და სთხოვა, გიორგი ბერად აღეკვეცა. მანამდე მამა საბამ, უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით, ჩააბარა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1993 წელს ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსის, დანიელის ლოცვა-კურთხევით მორჩილის კაბით შეიმოსა. იმავე წელს, ლაზარეს შაბათს, იმჟამად არქიმანდრიტმა, ახლა უკვე ეპისკოპოსმა იოსებმა (კიკვაძემ) ბერად აღკვეცა და საბა განმწმენდელის სახელი უწოდა. მალევე, უწმინდესმა სვეტიცხოველში დიაკვნად, 1994 წელს კი სიონში მღვდლად აკურთხა. განწესებული იყო სვეტიცხოველსა და სამთავროს მონასტერში. რამდენიმე წლის განმავლობაში იყო თბილისის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის მოძღვარი. ასევე, მსახურობდა მარტყოფის, ბეთანიის, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის, არმაზისა და ზედაზნის მონასტრებში. ბოლოს იყო მახათას მთაზე მდებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, ასევე, ხელმძღვანელობდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების, ამბროსი ხელაიას, მარიამ ეგვიპტელის, საბა განმწმენდელის მონასტრებს... მამა საბამ თავისი მადლიანი მოღვაწეობა, პირველ ყოვლისა, თავისი ოჯახიდან დაიწყო – ძმაც და დედაც, მონაზვნობის სქემის ღირსი გახადა და თავისი სახლი (თბილისში ბუხაიძის ქუჩაზე მდებარეობს) მონასტრად აკურთხებინა. ერთი ოთახი იქ ხარების ეკლესიად აკურთხეს და დღემდე მონასტერი ფუნქციონირებს. როგორც თავად მამა საბა იხსენებდა, როდესაც მამა გაბრიელმა პირველად ნახა, უთქვამს: „შენი სახით დღეს ჩემთან სიყვარული მოვიდა“. მამა საბასთანაა დაკავშირებული უამრავი ცოდვილის ფეხზე დაყენება, მწვალებლობაში მყოფი ადამიანების მოქცევა და მრავალი მოყვასის საეკლესიო ცხოვრების გზაზე შედგომა... ოთხმოცდაათიან წლებში, უმძიმესი გაჭირვების – უშუქობის, უგაზობის დროს, ისევე, როგორც ბევრ ოჯახში, ჩვენთანაც ყოფილა შემთხვევა, რომ საჭმელი არ გვქონდა. არ ვიცი, ამას მამა საბა როგორ იგებდა. უეცრად, კარზე ბრახუნი ატყდებოდა, უამრავი სანოვაგით დატვირთული მოგვადგებოდა და თვითონვე იყო ბედნიერი და გახარებული, რადგან ადამიანებს აპურებდა... დღესასწაულებზე კი, სახლში მგალობლებს გვასტუმრებდა და სულიერ საზრდოს გვაწვდიდა. ასეთი იყო მამა საბა ყველასთვის – სადაც მიდიოდა, უდიდეს სიხარულს, სითბოსა და სიყვარულს აფრქვევდა... როცა ბეთანიის წინამძღვრად დაადგინეს, პირველი, რაც გააკეთა, იყო ის, რომ ბეთანიელი წმინდა მამების საფლავები მოაწესრიგა და ზედ ჩაუქრობელი კანდელები აანთო. საოცარია, რომ ბეთანიელი წმინდა მამების: იოანე მაისურაძისა და გიორგი-იოანე მხეიძის საფლავების გახსნა და მათი წმინდა ნაწილების აღმოყვანება ზუსტად იმ დღეს დაემთხვა (20 თებერვალს), როცა მამა საბა დაკრძალეს მახათას მთაზე. 22 თებერვალს კი გაიხსნა გაბრიელ ბერის საფლავი, რომელიც მამა საბას უსაყვარლესი მოძღვარი გახლდათ... 

ნინო ქაჯაია (ჟურნალისტი, მრევლი): მამა საბა 2000 წელს გავიცანი, იმ დროს ის ბეთანიის მონასტრის წინამძღვარი იყო. როგორც კი გავიცანი, მაშინვე ვიგრძენი მისი განსაკუთრებულობა. ბავშვივით ხალასი იყო, სიყვარულის საოცარი უნარი ჰქონდა და ამას აუცილებლად გადასცემდა ყველას. სიხარულს მარტო არასდროს დაატარებდა, ცდილობდა ის ყველასთვის, მთელი მსოფლიოსთვის გაეზიარებინა. როგორც კი გაიგებდა, რომ ვინმეს უჭირდა ან დახმარება  სჭირდებოდა, მაშინვე მასთან გაჩნდებოდა – გასაოცარი და განსაკუთრებული უნარი ჰქონდა, აღმოჩენილიყო იქ, სადაც ყველაზე მეტად იყო საჭირო მისი ყოფნა. როგორც კი ადამიანს რაღაც პრობლემა ჰქონდა, იმწუთასვე გაისმოდა მამა საბას ზარი ტელეფონზე, ან მოვიდოდა, ან, უბრალოდ, მოგიტრიალდებოდა და ზუსტად იმაზე გესაუბრებოდა, რაც გაწუხებდა, რაზეც ფიქრობდი. ხშირად აღსარების დაწერაც არ გჭირდებოდა, ისედაც იცოდა ყველაფერი... 

როდესაც მახათას მთაზე მონასტერი შენდებოდა, ფიზიკურად შრომობდა, ყველას ეხმარებოდა. იმ დროს მამებს ძალიან მძიმე პირობებში უწევდათ ცხოვრება. სანამ პატარა ტაძარი აშენდებოდა, მამა საბა სხვა მამებთან ერთად, პატარა ვაგონში ცხოვრობდა ზამთარ-ზაფხულ. მისი მორჩილებიდან ძალიან ბევრი გახდა ბერი, დიდი საძმო შემოიკრიბა. ეს არიან ადამიანები, რომლებიც ღირსეულად გააგრძელებენ მამა საბას გზას... ხშირად გვიყვებოდა იმის შესახებ, თუ როგორ მივიდა ეკლესიაში. ამბობდა: როდესაც საერო ცხოვრებას ვეწეოდი, ყველაფერი მქონდა, მაგრამ ვამჩნევდი, რაღაც მთავარი მაკლდა. ძალიან მიყვარდა სამთავროში სიარული, სვეტიცხოველში შესვლა, ხატებზე მთხვევა და ჩემთვის წყნარად ჯდომაო. სწორედ მცხეთაში გაიცნო მამა გაბრიელი და შემდეგ მისი  სულიერი შვილიც გახდა, მასთან სენაკში ცხოვრობდა. განსაკუთრებული სიყვარულითა და რუდუნებით იხსენიებდა მამა გაბრიელს: მე და მამა გაბრიელი ბოლოს აღარც ვსაუბრობდით, თვითონ იცოდა ჩემი აზრების, ფიქრების შესახებო. მამა გაბრიელი შემდეგში მამა საბას სახლშიც ცხოვრობდა ბუხაიძეზე, სადაც ახლა დედათა მონასტერია.

მასთან ერთად ხშირად გვიწევდა ლამის მთელი საქართველოს შემოვლა. ვხუმრობდით კიდეც: მამა საბასთან ერთად რომ ხარ, ყოველი შემთხვევისთვის, ჩანთაში პასპორტი უნდა გედოს, რადგან არ იცი, უცებ სად აღმოჩნდებიო. მისთვის არ არსებობდა დაკეტილი კარი, ღამე, პრობლემა. მის გვერდით ყოველთვის მშვიდად ვიყავით: რა პრობლემაა, მამა საბა ჩვენ გვერდითაა. ერთხელ წალკის მონასტერში წავედით. მძღოლი არ იყო მონათლული და მამა საბას ჰკითხა: მართალია, მამაო, ადამიანი რომ ინათლება, ყველა ცოდვა მიეტევებაო. მამა საბამ გაიღიმა და თქვა: კიო. მან კი უპასუხა: მაშინ 50 წლის რომ გავხდები, მერე მოვინათლებიო. მამა საბამ გამომხედა, გამიცინა და მივხვდი, რომ იქ აუცილებლად რაღაც მოხდებოდა. კალმახები ყველასთან მივიდნენ, იმ ბიჭთან არა. საბოლოოდ, მამა საბამ იქვე ისე მონათლა, რომ მისთვის არაფერი უთქვამს. სულ ამბობდა: უფალმა ადამიანი თავისუფალი შექმნა, თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ მოიქცეს, ძალა არ უნდა დაატანოო...     

მიუხედავად იმისა, რომ აკადემიურად არც ერთ უცხო ენაზე არ ლაპარაკობდა, ნებისმიერ ადამიანთან ამყარებდა ურთიერთობას. მისთვის ენობრივი ბარიერი არ არსებობდა. სულიერი მამებისგან, ბერებისგან ვიცი, რომ ის ათონის მთაზე მამებს შორის დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა. „ჰოლი მენ” – ასე მიმართავდნენ ათონზე, ერთ-ერთ მონასტერში. უამრავი ადამიანი ჩამოვიდა მის პანაშვიდებზე: უკრაინიდან, რუსეთიდან, იტალიიდან, ინგლისიდან, ყველა ძალიან განიცდიდა. 

მამა საბას დედა, დედა მარიამი ჩემი შვილის, თაიას ნათლიაა. თაია 7 იანვარს არის დაბადებული, წირვის მერე ამბიონიდან მამა საბა ულოცავდა ხოლმე და მასაც ძალიან უხაროდა. თაიასთვის ამ ამბის თქმა ძალიან მიჭირდა, ძალიან განიცადა. მეც ვნერვიულობდი, მაგრამ, მეორე მხრივ, გამიხარდა, რომ თაია ბოლომდე მიხვდა როგორი მამაო ჰყავდა... როდესაც მამა საბა გარდაიცვალა, ყველა მისი ჭირისუფალი ვიყავით. მრევლი, რომლის სახელიც შეიძლება, არ გვცოდნოდა, იმ დღეებში საოცრად ახლობლები გავხდით. მე არ ვამბობ „რომ იყო“, რადგან დღესაც არის და სულ იქნება. არ გამნელებია იმის შეგრძნება, რომ ის არ არის, პირიქით, სულ ვგრძნობ ჩემ გვერდით მის ყოფნას. როდესაც პატრიარქი მობრძანდა მახათას მთაზე, პანაშვიდი გადაუხადა, გვითხრა: მამა საბა ძალიან დიდი მლოცველი იყო. იმქვეყნიდან მისი ლოცვა შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოსო... 27 იანვარს ვნახე და ვფიქრობ, იცოდა, სადაც მიდიოდა. მომზადებული იყო. რომ ამბობდა: მე წავედი და ჩვენ ვეუბნებოდით: სად მიდიხარ, მამა საბა? ის ღიმილით გვპასუხობდა: არ იდარდოთ, იქიდან უფრო კარგად მოგხედავთო. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მომავალში არაერთხელ გავიგებთ მამა საბას შეწევნისა და სასწაულების ამბავს...

მამა საბას უყვარდა ყველაფრის ეპიცენტრში ყოფნა, ოღონდ, ყველა მასთან ერთად უნდა ყოფილიყო ამ დროს, უნდა ყველას მიეღო მადლი. მამა საბას დასაფლავების დღეს გაიხსნა ბეთანიელი ბერების საფლავი – იმ ბერების საფლავი, რომლებიც სწორედ მამა საბამ მოაწესრიგა. მათ მიმართ დიდი სიყვარული ჰქონდა. ორი დღის შემდეგ კი მამა გაბრიელის საფლავი გახსნეს, რომელიც მამა საბას სულიერი მოძღვარი იყო. ჩვენთვის ვამბობდით: აქაც ეპიცენტრში მოხვდა, დღესასწაულშია, რადგან არ მგონია, ეს ყველაფერი მხოლოდ შემთხვევითობა ყოფილიყო...

გიორგი თურქია (მრევლი): მამა საბა 1999 წლის ბოლოს გავიცანი. მახსოვს, 25 იანვარი იყო. დეიდაშვილმა დამირეკა: ჩვენთან სახლში მოძღვარია მოსული და შენც მოდიო. რომ მივედით, მამა საბა ლოცვებს კითხულობდა. დედაჩემმა უთხრა: მამა საბა, გიორგის ძალიან უნდა მოძღვარი ჰყავდესო. მომიტრიალდა და მითხრა: მერე მე აქ არ ვარ?! იმ წუთიდან ვიგრძენი, რომ სულიერი მოძღვარი მყავდა, ადამიანი, რომელიც სულ ჩემ გვერდში იქნებოდა. ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა... 

მახსოვს, პირველად 2004 წელს წავედი მამა საბასთან ერთად უკრაინაში, წმიდა ადგილების მოსალოცად. ერთი კვირა მოგვიწია ერთად ყოფნა, ეს იყო ჩემთვის სასწაული გამოცდილება. უკრაინელებმა დიდი პატივი გვცეს, შემოვიარეთ მთელი კიევი, მისი შემოგარენი, მოვილოცეთ სასწაულმოქმედი ხატები. ახალი წლის პერიოდი იყო, ერთ-ერთ ტაძარში შესვლისას, სადაც  ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი იყო დაბრძანებული და სადაც საახალწლოდ ტაძრებში ნაძვის ხეს დგამენ, მამა საბამ ტაძარში შესვლისას კანფეტების სროლა დაიწყო. ეს ცოტა მოულოდნელი იყო იქაური მრევლისთვის, მაგრამ მან ამით დიდი სიყვარული შეიტანა ტაძარში... შემდეგ უკვე მამა საბასთან და სხვა მამაოებთან ერთად ათონის მთაზე წავედი. 13 მონასტერი მოვილოცეთ, სასწაული გამოცდილება და მადლი მივიღეთ. დილის 6 საათზე ჩავედით ღვთისმშობლის წყაროზე, რომელიც მონასტერთან ახლოს არის და ზღვიდან დაახლოებით 7 მეტრშია, ეს ის ადგილია, სადაც ივერიის ღვთისმშობლის ხატი გამოჩნდა და ქართველმა ბერმა, მამა გაბრიელმა გამოაბრძანა. ამ სიცივეში მამა საბა ყველას კისერში გვასხამდა ცივ წყაროს წყალს – ეს იყო ყველასთვის დიდი სიხარულის მომტანი. როდესაც ვათოპედის მონასტერში ვაპირებდით გადასვლას, ზღვაზე საშინელი ღელვა დაიწყო, გვითხრეს: არანაირი საზღვაო ტრანსპორტი არ იქნებაო. ბოლოს წინამძღვარს პატარა გემი ვთხოვეთ – ღია, დაახლოებით 10 მეტრის სიგრძის და წავედით. ისეთი ღელვა იყო, კლდოვან ნაპირთან ახლოს ვერ მივდიოდით. მამაოები ამბობდნენ: რა კარგია, ნაზიარები ვართ და წმიდა მიწაზე დავრჩებითო. მამა საბას ხელში ღვთისმშობლის ხატი ეჭირა, სახეზე არც ნერვიულობა ეტყობოდა და არც შიში. დარწმუნებული ვარ, ლოცულობდა. სულ ლოცულობდა ამას რომ შეხედავდი, ტუჩების მოძრაობითაც, აუცილებლად მიხვდებოდი. საბოლოოდ, მშვიდობიანად გადავედით ვათოპედის მონასტერში. 2007 წელს ისრაელში შობას წავედით ერთად, ძალიან ბევრი წმიდა ადგილი მოვილოცეთ. 2010 წელს 19 იანვარს კი ათონის მთაზე გავემგზავრეთ ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლის ჩამოსაბრძანებლად. საოცარი იყო გზა, რომელიც ამ ხატთან ერთად გავიარეთ.  ასევე, საოცარი იყო მამა საბას დამოკიდებულება ღვთისმშობლის ხატისადმი – როგორ ეთაყვანებოდა, როგორ ეფერებოდა, ფეხის თითებზე ეამბორებოდა პატარა იესოს – დიდ სიყვარულს გამოხატავდა. იქიდან დოქიარის მონასტერში წავედით, სადაც მამა საბას ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენლის ხატის ერთ-ერთი ასლი განსაკუთრებულად მოეწონა. მითხრა: ესეც უნდა წამოვაბრძანოთო. ვფიქრობდი: ორმა ადამიანმა ორი უზარმაზარი ხატი, როგორ უნდა წამოვაბრძანოთ-მეთქი... მაგრამ ახლა, როდესაც მახათაზე ავდივარ და ღვთიმშობლის ხატს ვხედავ, ბედნიერი ვარ, რომ რაღაც მცირედი წვლილი მიმიძღვის მის ჩამობრძანებაში. როდესაც სალონიკიდან ათენში მივფრინავდით, გვითხრეს, სალონში არ შეგატანინებთ ხატებსო. უცებ ქართველი ბიჭი გამოჩნდა, გაიქცა და ერთ საათში ხისგან თავის ხელით გაკეთებული ყუთი მოიტანა, რომელშიც ხატები ჩავაბრძანეთ, მილიმეტრებში ჩაეტია. რომ ჩავფრინდით გვითხრეს: არ არის თვითმფრინავში ხატებიო. საცავში შევედით, უნდა გენახათ, მამა საბა როგორ ლოცულობდა, ეძებდა, ბოლოს იპოვა და მშვიდობიანად ჩამოვაბრძანეთ თბილისში. შემდეგ 2011 წელს წავედით იტალიაში. ჯერ რომში ჩავედით, შემდეგ ბარში გადავედით. წმიდა ნიკოლოზის საფლავი მოვილოცეთ, საღამოს კი გადავედით კუნძულ კორფუზე, ქალაქ კერკირაში, სადაც სპირიდონ ტრიმიფუნტელის უხრწნელი სხეულია დასვენებული. ფაჩუჩები გვაჩუქეს, ლუსკუმა გახსნეს... ეს მოგზაურობა ათონის მთაზე ივერონის ქართველთა მონასტრის მოლოცვით დამთავრდა. ბოლოს  2013 წლის ნოემბერში ვიყავით ერთად, ბევრი სიწმიდე მოვილოცეთ – ეს იყო მისი ბოლოს წინა გამგზავრება უცხოეთში მოსალოცად. რაც მთავარია, მე და მამა საბა დიდ დროს ვატარებდით საუბარში. ეს იყო ადამიანი, რომელიც ყოველთვის ცდილობდა, დადებითისკენ გადაეტანა შენი  ფიქრი, აზრი, დამოკიდებულება ნებისმიერი საკითხისადმი. მასთან ურთიერთობის შემდეგ ბევრ რამეზე ფიქრდებოდი, ბევრ რამეს დაინახავდი საკუთარ თავში. 

მოგზაურობაში ბევრი რამ ხდებოდა, ათასი განსაცდელი... ჯიბე არასდროს გვქონია ფულით სავსე, მაგრამ არ გვითქვამს: ვაიმე, რა ვქნათო. მამა საბა ამბობდა: ღმერთი მოგვხედავს და მართლაც ასე იყო – ღვთისმშობლის, წმიდანების თანადგომას ყოველთვის ვგრძნობდით... მახსოვს, ბოლო წასვლაზე დაგვიანდა ათონის ვიზის აღება. რომ ავიღეთ, გვითხრეს: 10-15 წუთის წინ გავიდა ბოლო გემიო. დაგვწყდა გული. მამა საბამ მითხრა: ყელაფერი შენი ბრალია, დღეს არაფერს შეჭამო. ცოტა ხანში მოვიდა  პარკში საჭმლით და იქვე ვიტრაპეზეთ გემრიელად. მალევე ტაქსი-გემიც გამოჩნდა, წაგვიყვანა. იქ ვიღაც ბერძენი თანამდებობის პირები შეგვხვდნენ: მამაო დაპატიჟებულიაო. მამა საბამ სიცილით მითხრა: რომ ვიცოდი, ყველაფერი კარგად იქნებოდა, იმიტომ გატრაპეზეო. ასეთი მოულოდნელი რაღაცეები სულ ხდებოდა. მასთან ერთად მთელი მოგზაურობა მუდმივი  სასწაული იყო... 

ძალიან მძიმე იყო ჩვენთვის მისი ამბავის გაგება, მაგრამ მან ისე სიყვარულით, სწორად იცხოვრა, რომ მშვიდად ვარ – ვიცი, იქ მიხედავს ჩვენს გარდაცვლილებს, რადგან აქაც ყველას გვერდში ედგა. 

 

 

скачать dle 11.3