ბერძნული ღვეზელი ქათმით
საჭირო ინგრედიენტები: 500 გრამი ფენოვანი ცომი, 600 გრამი მოხარშული ქათმის ხორცი (უძვლო), 3/4 ჩაის ჭიქა ბრინჯი, 100 გრამი ფხვიერი ყველი, 100 გრამი ჰოლანდიური ყველი, 50 გრამი ძალიან რბილი ყველი, ნახევარი კონა მწვანე ხახვი, ნახევარი კონა ოხრახუში, 1 სადილის კოვზი დაჭრილი ბულგარული წიწაკა, მარილი – გემოვნებით (გაითვალისწინეთ, რამდენად მარილიანია ყველი), 150 მილილიტრი ქათმის ბულიონი (შეიძლება კუბიკისაც), 2 ცალი კვერცხი, ცოტა ზეთი.
მომზადების წესი: ჯერ მზადდება სატენი: მოხარშული ქათმის ხორცი, მოხარშული ბრინჯი და გახეხილი ყველი (ყველა სახეობა) ერთმანეთში აურიეთ, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და ისევ ძალიან კარგად ამოურიეთ.
ტაფაზე გაშალეთ პერგამენტის ქაღალდი, წაუსვით მცენარეული ზეთი (ზეითუნის უმჯობესია), მოათავსეთ ზედ ცომი (გვერდები მაღალი გაუკეთეთ, რომ შემდეგ გადაკეცვა შეძლოთ) და მასაც ჯვარედინად გადაუსვით ზეთი. ზედაპირზე მოათავსეთ სატენი. ცოტა გახეხილი ყველი მოიტოვეთ და ღვეზელს გარშემო, ნაპირებში, ერთი თითის სისქეზე მოაყარეთ, შემდეგ კი ეს ნაპირები ყველიანად ცოტათი გადაახვიეთ. ღვეზელის მთელი ზედაპირი დანამეთ ბულიონით და მოასხით კარგად ათქვეფილი კვერცხი. გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე, 30 წუთის განმავლობაში. ძალიან მოგეწონებათ.