კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„დრაკულა“ ცეილონში და „უჟასების“ მოყვარული უშიშარი ფეხბურთელი

ყველასთვის ცნობილია, როგორ აშაყირებენ თეატრში თუ სპორტში კოლეგები ერთმანეთს. ხანდახან ასეთ შეხუმრებებს უსიამოვნო შედეგიც მოჰყვება ხოლმე, მაგრამ, მერე რა... გაივლის დრო და ყველაფერი სასიამოვნო მოგონების სტატუსს იძენს მაინც...

ტურნე გვქონდა ცეილონში 1971 წელს.

ბუნებრივია, საქეიფოდ არავინ გაგვიშვებდა და გულისჯავრს კინოში სიარულით ვიქარვებდით. კინოში წასვლა „მოსული“ იყო. იყო და წავედით კიდეც კოლექტიურად ფილმის სანახავად.

ჩვენი ბედი რა ვთქვი მე! მაინცდამაინც „დრაკულა“ („უჟასი“) არ გადის, თურმე?! ვამპირები... სისხლი და ასე შემდეგ.

ასეთებიც უცხო იყო მაშინ ჩვენთვის („ფანტომასი“ იყო ბოლო უცნაურობა).

დაიწყო ეს საშინელება ეკრანზე და აგვიტყდა კანკალი. ხელის თითებით ვართ ჩაჭიდებული სკამის ძგიდეებს. „ვაი დედას“ დაძახება ერთ რამედ ღირს, მაგრამ, ერთმანეთის გვრცხვენია. მოკლედ, ბოლომდე ვაჟკაცურად გავუძელით. როგორც იქნა, დამთავრდა ეს უბედურება და დაზაფრულები და კრიჭაშეკრულები გამოვლასლასდით გარეთ (ქილიასი არ იყოს: „დედა, რა იყო ეს?!“).

– რა იყო, რამ დაგაგლახათ და რამ შეგაშინათ, თქვე გოიმებო! – შეგვიძახა ჩვენმა ფეხბურთელმა რ.ფ-მ, რომელიც რეზო ძოძუაშვილის ახლო მეგობარი იყო და ნომერშიც სულ ერთად ცხოვრობდნენ ნებისმიერ „პაეზდკაში“, – მე, მაგალითად, სულ არ შემშინებია... რაა, ახლა, აქანა საშაშიშო?!

– ვაა, – გააპროტესტა ერთმა, – აბა, ის კაი იყო, წვერებიანმა კაცმა რო პატარა, უწვერულვაშო ბიჭი შეჭამა, ჯერ რო უკბინა და ისე?!

– ეგ ხომ კინოა, შე შტერო, – მოიგერია რ.ფ-მ და, იმის სადემონსტრაციოდ, რომ სულაც არ შეშინებია, გამოგვიცხადა, მეორედ უნდა შევბრუნდე და ვნახო ის „ბაღნიჭამია“ კაციო და რეზოს გახედა:

– წამოხვალ, რეზო, შენც?

– არა, ძმაო, მე მეშინია, მაგას მეორედ რა მანახვებს, ერთხელ ძლივს გავუძელი.

– ლაჩრები ხართ ყველა! ბურთის მეტი რა იცით თქვენ! – მიგვალანძღა რ.ფ.-მ და შემდეგ სეანსზე შებრუნდა.

ჩვენ მივედით სასტუმროში, დავრიგდით ჩვენ-ჩვენს ნომრებში, წამოვწექით და ძილის შესავალს ვახაზირებთ.

გადის ორი-სამი საათი და დერეფნიდან განწირული ყვირილი გვესმის.

– მიშველეეთ! – და მორჩა, ჩამოვარდა სიჩუმე (ეს გვინდოდა ახლა?!). ჩავიმალეთ საბნებში.

– მიშველეთთთ! – ისევ გაისმა SOS!

გავცვივდით ნომრებიდან. ვარაუდით, ხმა რეზო ძოძუაშვილის ნომრიდან გამოდიოდა, შევცვივდით იქ და რას ვხედავთ: აგდია ძირს ეს ჩვენი უშიშარი რ.ფ. და რეზო ასულიერებს.

– ჩქარა, წყალი! წყალი! – ყვირის გამწარებული რეზო და გამეტებით ულაწუნებს წაქცეულს ლოყებში, რომ მოასულიეროს.

– რა ხდება, რეზო? – შემოვესიეთ გარშემო.

– ნუ გეშინია, – სულ არ გვაქცევს ყურადღებას ძოძუაშვილი და განაგრძობს ტყაპუნს, – მე ვარ, ბიჭო, რეზო ვარ მე! გაახილე თვალი, ე!

თურმე, რა მომხდარა: მეორე სეანსნაყურები რ.ფ. მოსულა კინოდან, შესულა თავის ნომერში, გაუხდია პერანგი, რომ კარაში შეკიდოს, გამოუღია კარადის კარი და, – „ვე!” – დაუძახია კარადაში შემალულ, ნახევრადშიშველ რეზოს შიგნიდან.

კომენტარი მკითხველისთვის მიმინდია, რეზო კი თავს იკლავდა, კინაღამ მოვკალი საყვარელი ძმაკაციო.

რ.ფ. მაშინ გადარჩა, მაგრამ, „უჟასებზე“ ლაპარაკი რომ დაიწყებოდა, ჩუმად გაიძურწებოდა ხოლმე ნომრიდან.

მანუჩარ მაჩაიძის ნაამბობის მიხედვით 

 

скачать dle 11.3