როგორ უმასპინძლა ჩინელმა ბიჭმა სიდედრს გაყინული პელმენით
გამარჯობა, დედა, როგორ ხარ? ძალიან მენატრებით ყველა. მე არა მიშავს, ვცხოვრობ ძველებურად.
ქართველები რომ დაგვცინოდნენ, რანაირ ცხოველებს ჭამთო, ამათ ისეთი რამე დაემართათ, ხმას ვეღარ იღებენ.
სანამ მე ციხეში ვიჯექი, დიდი ამბავი ყოფილა ქვეყანაში: აღმოუჩენიათ ცხენებისა და ვირების დასაკლავი ადგილი, რომელთა ხორციც, რაღა თქმა უნდა, მოსახლეობამდე მიდიოდა სხვადასხვა სახით.
როგორც ადრე მოგწერე, ქართველების საყვარელი სწრაფი კვების პროდუქტი შაურმაა და, სწორედ შაურმა ყოფილა ყველაზე მეტად გამდიდრებული ვირის ხორცით.
სანამ პირისპირ არ დადგებიან ხოლმე პრობლემის წინაშე, მანამდე ქართველებმა ყველაფერზე წაყრუება და გულგრილობა იციან, თორემ, ბაზარში ერთი კილოგრამი ხორცი 14 ლარი ღირს და ზოგიერთი სახეობის ძეხვი – 5 ლარი. ოდნავ დაფიქრებული ადამიანი მიხვდება, რომ ასეთ ძეხვში ღორის ხორცს არაფერი ესაქმება და, შეიძლება, ვირის ხორციც სანატრელი იყოს.
ინტერნეტში ერთი კარგი საიტია: მაღაზიებში საჭმელს ყიდულობენ, მერე ლაბორატორიაში ამოწმებენ და შედეგებს დებენ ხოლმე. ჰოდა, ერთხელაც, შეიძინეს კარაქი და, აღმოჩნდა, რომ კარაქის დაძახებაც კი მძიმე ცოდვაა იმ გაყინული ნივთიერებისთვის, ქაღალდში შეხვეული რომ იყიდება და სამი ლარი რომ ღირს. დაახლოებით იგივე შედეგი იყო არაჟანზეც, და ერთ-ერთი სახეობის ყველი რომ მოიტანეს, ლაბორატორიაშიც კი ვერ მიხვდნენ რისგან იყო დამზადებული.
ხშირად სავაჭრო ობიექტებშიც საშინელი ანტისანიტარიაა. იმ დღეს დიდ სუპერმარკეტში, ბრინჯის თაროზე, იმხელა ვირთხა შემხვდა, ჩემი ნახევარი წონა მაინც იყო. როდესაც მარკეტის მენეჯერს დავუძახე და ავუხსენი, რაც ხდებოდა, სულ ინტრიგანი და წვრილთვალება მეძახეს, დაცვამ კი გამომაგდო.
დედა, ალბათ, გახსოვს, გაყინული პელმენით რომ მოვიწამლე და საავადმყოფოში რომ ვიწექი. ის პელმენებიც მოხვდა ამ სიაში. დაადგინეს, რომ თითოეულ პელმენში ხორცზე მეტი ბაქტერიაა და ძალიან საშიშია ადამიანის ორგანიზმისთვის. ამას წინათ, ლამზირას მამიდაშვილი, გულნაზი იყო სტუმრად ჩვენთან და სწორედ ეს პელმენი მოგვართვა. დავინახე თუ არა, გული გამისკდა კინაღამ, სტუმრის წასვლას დაველოდე და ლამზირას კატეგორიულად მოვთხოვე პელმენის გადაგდება. ლამზირა გაგიჟდა – ღმერთის მოცემული საჭმელის გადაყრა დიდი ცოდვაა და არ შეიძლებაო. ვერაფრით ვერ გავაგებინე, რომ ეს საწამლავი პელმენები ღმერთმა კი არა, თავისმა მამიდაშვილმა მოიტანა და ბაქტერიებით იყო სავსე. მაშინ კი ვინერვიულე მაგრამ ერთ კვირაში კარგად გამოგვადგა გულნაზის ძღვენი, როდესაც ჩემი სიდედრი და თავისი და იყვნენ სტუმრად. ისე მოულხინეს, თითქოს მარწყვს მიირთმევდნენ. ერთი სიტყვაც რომ მეთქვა, ვიცოდი, ქოქოლა არ ამცდებოდა და ხმა არ ამომიღია. ის კი არა, არაჟანიც მოითხოვეს – ძალიან უხდებაო. ავად გახდნენ თუ არა, არ ვიცი, დედა, ქართველები ხომ არასოდეს ამხელენ, თუ მათ ოჯახში ვინმე ავად არის – თუ არ ვცდები, სირცხვილად ითვლება. ამიტომაც, სანამ უკანასკნელ დღეში არ ჩავარდებიან, ექიმთან არავინ მიდის.
დანარჩენს შემდეგ წერილში მოგწერთ.
გკოცნით თქვენი
ტობი ვონგი