რა ფათერაკები და თავგადასავლები გადახდათ ამერიკულ რალიზე ქართველ მრბოლელებს
არა იმიტომ, რომ ის ჩვენი საყვარელი რესპონდენტია, არა იმიტომ, რომ ამდენი წელი ჩვენ ჟურნალთან თანამშრომლობს – უბრალოდ, ის საქართველოს რალის ისტორიაში საუკეთესო პილოტია. მევლუდ მელაძე, თავის ერთგულ შტურმანთან, ოვიკ კოგოსოვთან ერთად, ამერიკის რალის ნაციონალურ ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად წავიდა. ეს არის პირველი ეკიპაჟი, ვინც შეძლო ოკეანის მეორე მხარეს გადასვლა და უმაღლესი დონის შეჯიბრებაში მონაწილეობა. იქ მათ არავინ იცნობდა და არც არავის სჯეროდა მათი წარმატების. უამრავი ფათერაკისა და თავგადასავლის მიუხედავად, მათ შეძლეს საკუთარ კლასში მეორე საპრიზო ადგილის დაკავება. „მანქანა ამოტრიალდა, მაგრამ შეჯიბრება განვაგრძეთ,” – ეს ჩემთვის სრულიად გიჟური წინადადებაა, მაგრამ მათ ეს შეძლეს და რამდენიმე ასეულ კილომეტრზე გადანაწილებული ამერიკელი გულშემატკივარი ნამდვილად აალაპარაკეს.
მევლუდ მელაძე: როდესაც „რალი ამერიკაზე” მონაწილეობის მიღება გადავწყვიტეთ, საერთოდ არავის სჯეროდა, რომ იქ არათუ გამარჯვება, მონაწილეობაც კი შესაძლებელი იქნებოდა. მით უმეტეს, რომ ზოგადად, ავტოსპორტი და მათ შორის, რალი სპორტის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული სახეობაა. სამწუხაროდ, რიგი მიზეზების გამო, სახელმწიფო ჩვენს დაფინანსებას ვერ, ან არ ახერხებს და დასაწყისშივე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენ სპონსორებს. რომ არა „აჭარაბეთი”, „ემპისის მუსკული”, „ლუკოილი”, „რეინოლი” და „ჰუსქვარნა,” ჩვენ გამგზავრებას ვერ მოვახერხებდით. მართალია, ჩვენი ტექნიკა იქაურ ლეგენდებთან შედარებით, არაფერია, მაგრამ მაინც ვიომეთ.
– მაინც რა განსხვავება იყო თქვენს ავტომობილსა და მაგალითად, კენ ბლოკის ავტომობილს შორის, რომელმაც „აბსოლუტ კლასში” პირველი ადგილი მოიპოვა?
– უზარმაზარი. ჩვენ გამოვედით ყველასგან მივიწყებული, 1996 წელს გამოშვებული „ფორდ ესპაიათი” – „ფორდ ესკორტის” ამერიკული ვერსიაა, რომელიც 6 500 დოლარად შევიძინეთ. კენ ბლოკს კი თავისი უახლესი „ფორდ ფიესტას” სრულად გამართვა მილიონ-ნახევარი დოლარი დაუჯდა, როგორც ეს მისი გუნდის ხელმძღვანელისგან შევიტყვეთ. უფრო ადვილად რომ წარმოიდგინოთ, მისი ავტომობილის ერთი ამორტიზატორი ჩვენს ავტომობილზე ორჯერ ძვირი ღირს (იცინის). თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არა ამ კლასში, არამედ იმ კლასში მივაღწიეთ წარმატებას, სადაც დავრეგისტრირდით. ეს არის 2WD G2 კლასი, რომელშიც მონაწილეობდნენ ორწამყვანიანი თვლით აღჭურვილი უტურბინო ავტომობილები. იმავდროულად, ჩათვლები გვქონდა უფრო ზემოთ კლასებშიც, შესაბამისად, მეხუთე ადგილი დავიკავეთ ტურბინიანებში, ხოლო იმ მფრინავ თეფშებთან, როგორითაც კენ ბლოკი და კიდევ ბევრი სპორტსმენი ასპარეზობდა, მეთოთხმეტე დრო მოვიპოვეთ, რაც ასევე, ძალიან დიდ წარმატებად მიმაჩნია.
– ვიცი, რომ უამრავი რამ შეგემთხვათ.
– ეს თავიდანვე მოსალოდნელი იყო, რადგან ბევრი რამ არ ვიცოდით იქაური წესების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს შტურმანთან ერთად მთელი წესდება და რეგლამენტი დავიზეპირეთ. სანამ იქ არ მიხვალ, მაინც ვერ ერკვევი დეტალებში. თან, ეს ავტოსპორტია. შეიძლება, იდეალურად გქონდეს ავტომობილი აწყობილი, მაგრამ, მაგალითად, ყუმბარა ჩაგეშალოს და ფინიშამდე ვერ მიხვიდე. რალის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გავიგეთ, რომ ევროპული სპეციფიკაციის ჩაფხუტები ამერიკაში დაშვებული არ იყო. გავქანდით ახალი შლემების საყიდლად და უახლოესი პუნქტი, სადაც ყიდვა შეგვეძლო, თბილისიდან ქუთაისამდე გზის სიშორეზე იყო. გავვარდით საყიდლად და გაგვიმართლა, ვიშოვეთ. უკან რალის სიჩქარით მოვბრუნდით. ბოლო წუთებში გავიარეთ ტექნიკური კომისია და შეჯიბრებაზე დაგვიშვეს. ჩაფხუტში არის საკომუნიკაციო სისტემა, რითაც პილოტი და შტურმანი ერთმანეთს ეკონტაქტებიან. ჩვეულებრივად ამოვჩიჩქნეთ ის ჩვენი შლემებიდან და გადავიტანეთ ახლებში. რალის წესები ჩვენი სამოყვარულო რალის წესებს ჰგავს დროისა და საჯარიმოების ათვლასთან დაკავშირებით. მოკლედ, დადგა შეჯიბრების დღე და დავიწყეთ. მართალია, მანქანა საბრძოლო დონეზე არ იყო, მაგრამ არა უშავს, მომავალი შეჯიბრებისთვის უკვე ვიცით, რა და როგორ გვჭირდება. სტანდარტული სიჩქარეების კოლოფი უნდა შევცვალოთ და თურქულ საბურავებზე არაფრით არ უნდა დავდგეთ (იცინის). რაც შეეხება ფათერაკებს, ათასი რამ გადაგვხდა, განსაკუთრებით, შეჯიბრების მეორე დღეს. ცუდი ის იყო, რომ შეჯიბრებაზე სულ ბოლო დაგვაყენეს, რადგან მონაწილეობას პირველად ვიღებდით და ამერიკაში არ გვიცნობდნენ. ძალიან ცუდია ბოლოში რომ ხარ, რადგან გზის საფარი ხრეშიანი და მიწიანია, ეგ გადარეულები კი მთლიანად სპობენ გზას. ჩვენ, ფაქტობრივად, სწორ გზაზე კი არა, კიბეებზე მოგვიწია სიარული.
– ანუ მანქანა არ იდგა.
– არა, ფაქტობრივად, სულ მოცურებული ავტომობილის დაჭერა გვიწევდა. გაუვალი იყო გზა და მაგრად ვიწვალეთ. საშინლად გვეშლებოდა ხელი, მაგრამ მაინც შევძელით და ნელ-ნელა ზემოთ ამოვიწიეთ. მეორე დღის პირველი სირთულეც გზაზე წინა მანქანების მიერ გადმოგორებულმა ქვამ „შემოგვთავაზა.” მოსახვევში მოცურებული უკანა ბორბალი ქვაზე შეხტა, უკანა კუდი აისროლა და სათამაშოსავით გადაგვაკოტრიალა. ამ დროს არ გვქონდა ძალიან მაღალი სიჩქარე, მივდიოდით დაახლოებით 60-70 კილომეტრ-საათით. გადავტრიალდით და ისევ ბორბლებზე დავხტით. დრო თითქმის საერთოდ არ დაგვიკარგავს, დაახლოებით ათი წამი დასჭირდა ამ „ტრიუკის” შესრულებას და რბოლა განვაგრძეთ. ის კი არა, ამ დოპზე (სპეციალურ ჩქაროსნულ მონაკვეთზე) კონკურენტებს დავეწიეთ და გავასწარით კიდეც. ვინც არ იცის, მათთვის მინდა, განვმარტო, რომ რალიში მონაწილეები შუალედებით გადიან, რათა სპეცმონაკვეთებზე გადასწრება თავიდან აირიდონ. ეს არის ბრძოლა დროზე და არა გასწრებაზე.
– ამოყირავების მიუხედავად, მანქანა ფორმაში დარჩა?
– უკანა ბორბლებმა დეფორმაცია მიიღო და მართვა გაუარესდა. სერვისში მოსვლის შემდეგ სტიუარდებმა შეჯიბრების გაგრძელების უფლება არ მოგვცეს. მთელი ჩემი არსენალი გამოვიყენე, რომ დამესაბუთებინა, ის საფრთხეს არ წარმოადგენდა და ამ მდგომარეობაშიც შეიძლებოდა რბოლის გაგრძელება. გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ, შეჯიბრებაზე კვლავ დაგვიშვეს. აქ ამერიკელი მეგობრები გავიჩინეთ, ვინც სერვისში გვეხმარებოდნენ – მაგარი კაცები, მეხანძრეები. მათ გადაატრიალეს ყველაფერი და ყველა მოთხოვნა მოვაგვარეთ. გავაგრძელეთ ბრძოლა. შემდეგ დოპზე არა გვიშავდა, ნორმალურად ვიარეთ, მაგრამ მერე ისევ დაიწყო უიღბლობები. დოპზე დიდი წყლის გუბე იყო გასავლელი, გავიარეთ და ჩავყვინთეთ. აქაური წესების მიხედვით, ამ დროს ავარიული სამკუთხედი უნდა დადო. ჯარიმებს ყველაზე მეტად ვერიდებოდით. ამიტომ, ამ სპორტული ფორმით გადმოვედით, მუხლამდე წყალში გავირბინეთ და სამკუთხედი დავდეთ. მეგონა, მანქანამ ჰიდროდარტყმა მიიღო. მაგრამ, „ხავსის მოჭიდების” პრინციპით, მაინც შევეცადე დამექოქა. დაქოქვის ნიშნები რომ შევამჩნიე, მანამდე ვიწვალე, სანამ ავტომობილი არ დავქოქეთ. გავაგრძელეთ გზა და უცებ, სრულიად მოულოდნელად, ავტომობილი ჩაქრა. თურმე, დინამოს ღვედი „დაბუქსავდა”, აკუმულატორი აღარ დაიტენა და ბენზინის საქაჩი გამოირთო. მალევე მივხვდით, რაშიც იყო საქმე. „დანკრატის” სახელურის გაჩხერით, ღვედი გადავჭიმეთ, ავტომობილი დავაგორეთ და ასე დავქოქეთ (იცინის). „ნუ პაგადის” მგელივით მივდიოდით – მანქანას კი არ მივყავდით, ჩვენ მიგვყავდა. ფინიშამდე კიდევ ერთი გამოცდა ჩავაბარეთ. რაღაც მომენტში, როგორც ჩანს, ძრავას მილი დავაზიანეთ და ზეთი დავღვარეთ. აინთო წითელი, რომ ზეთი აღარ გვაქვს. მილი მალევე ვიპოვეთ და გადავაერთეთ. მანამდე ძრავაში „მუსკულის” ზეთის დანამატი გვესხა, რომელიც ჩვენს ტრეკზე გატესტილი გვქონდა და გვაჩვენა სასწაული შედეგი - ავტომობილმა უზეთოდ 50 კილომეტრი იარა. მანქანაში აღმოვაჩინეთ 500 გრამი ზეთი, ის ჩავასხით და „მუსკულის” იმედად გავაგრძელეთ გზა. ასე მოვაღწიეთ ფინიშამდე. რომ არა ეს ბოლო, რამდენიმეწუთიანი გაჩერებები, არა მხოლოდ ჩვენ კლასში, არამედ საერთო ჩათვლებშიც გაცილებით უკეთეს დროს ვაჩვენებდით. მივედით ფინიშამდე ისე, რომ არც ერთი საჯარიმო ქულა არ დაგვიმსახურებია. ფინიშზე ტაშს გვიკრავდნენ. ძალიან გავაოცეთ, გვეუბნებოდნენ: ამერიკის რალის ისტორიაში, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმე გადაბრუნებულიყო და ფინიშამდე მაინც მისულიყოო. რომელი ქვეყნიდან ხართ, რა ხალხი ხართო (იცინის).
– ვიცი, რომ ჩემპიონატი რვა ეტაპიანია. პირველი უკვე გამოტოვეთ, მესამე ეტაპზე მიდიხართ?
– მომდევნო ეტაპზე, „ორეგონ ტრეილ რალიზე,” წასვლას ვერ შევძლებთ, მხოლოდ და მხოლოდ ფინანსების გამო. ვგეგმავთ მეოთხე ეტაპზე გამოსვლას, რომელიც პენსილვანიის შტატში, ქალაქ პორტლენდის შემოგარენში, 30-31 მაისს გაიმართება.