როგორ გააგრძელა 62 წლის ბორის ჭეჟიამ ბიძინა ივანიშვილის დაწყებული საქმე
მკითხველს კარგად უნდა ახსოვდეს ის პერიოდი, როდესაც წინა ხელისუფლებამ თავისუფალი პრესის გავრცელებას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ქალაქში გაჩნდა ახალი, საკმაოდ ლამაზი ჯიხურები, რომლებიც მნახველს სილამაზით ხიბლავდა, თუმცა, სამწუხაროდ, იქ ოპოზიციურ, ალტერნატიულ პრესას ვერ ნახავდით. ბეჭდური მედიის ასეთი შევიწროებით შეწუხებულმა რედაქტორებმა, გამომცემლებმა, გამავრცელებლებმა და ამ სფეროში მომუშავე სხვა ადამიანებმა ალტერნატიულ ხერხს მიმართეს – ხერხს, რომლის განხორციელებაც შეუძლებელი იქნებოდა ფონდი „ქართუს“ და, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის დახმარებისა და აქტიური მონაწილეობის გარეშე. თავისუფალი პრესის ხელშეწყობის მიზნით, ფონდმა გამოყო გრანტი. საინტერესოა ისიც, რომ, რადგანაც მაშინ, როდესაც დედაქალაქის მერიამ შეუძლებელი გახადა ქალაქში ახალი ჯიხურების ან სტენდების დადგმა, ამიტომ, „თავისუფალი პრესის დახმარების საზოგადოების“ ხელმძღვანელობამ მიმართა სხვა, ასევე კარგად ნაცად და საინტერესო ხერხს: ქალაქში გაჩნდა მოძრავი პრესა – წითელ ქურთუკებში გამოწყობილი ადამიანები ველოსიპედებით დაატარებდნენ და დღემდე დაატარებენ ქართულ ჟურნალ-გაზეთებს, წიგნებსა და უცხოურ პრესას. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ოპოზიციურმა მედიამ ამოისუნთქა, გრანტის ვადაც ამოიწურა, დაფინანსებაც შეწყდა, რის შესახებაც, როგორც ჟურნალისტმა, საკმაოდ მალე შევიტყვე. თუმცა, ჩემს სახლთან ახლოს, მუდმივად, ქარსა თუ წვიმაში, თოვლსა თუ ყინვაში, ვხედავ ასაკოვან ადამიანს, რომელიც დიღმის მასივიდან „კარფურის“ ტერიტორიამდე ყოველდღე ველოსიპედით დაატარებს პრესას. განაგრძობს თუ არა ის დამოუკიდებლად მუშაობას, ამაზე თავად ბატონ ვლადიმერ (ბორის) ჭეჟიას გავესაუბრეთ.
ბორის ჭეჟია: ჯიხურების აღებისა და პრესის სერიოზული შეზღუდვის შემდეგ, 2011-12 წლებში შეიქმნა სერიოზული პრობლემები. ამის შესახებ სულ იყო საუბარი ტელევიზიით, გამოდიოდნენ ლაშა ტუღუში და სხვა გაზეთების რედაქტორები და ამბობდნენ, რომ იპოვიდნენ ალტერნატიულ გზას. ამის გამო შეიქმნა საზოგადოება, რომელიც ამოქმედდა ფონდ „ქართუს“ დახმარებით. დაახლოებით სამი თვის დაწყებული ჰქონდათ მუშაობა, როდესაც მეც შევუერთდი. ტელევიზიიდან გავიგე ამ პროექტის შესახებ, მივედი გასაუბრებაზე და მითხრეს, დაგირეკავთო. იმავე საღამოს დამირეკეს და მაცნობეს, რომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მივსულიყავი ოფისში. მივედი და დავიწყე.
– დიდი ტერიტორია გაბარიათ?
– დიახ. მასივის შიგნით, კორპუსებში, მუშაობს ჩემი პარტნიორი – ლუბა, მე კი გავდივარ „კარფურისკენ” და სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის დასახლებაში. ძირითადად, ჩემს მუდმივ კლიენტებზე ვმუშაობ. როგორც არ უნდა თქვა, ძალიან კომფორტულია, როდესაც ჟურნალ-გაზეთებს პრაქტიკულად, სახლში მოგიტანენ. ყოველდღე მელოდებიან, ზოგი წიგნს ელოდება და ვუნახავ – ვიცი, რომ მან უნდა იყიდოს და ასე გვაქვს აწყობილი მუშაობა.
– მაგრამ, პრესას გავრცელების პრობლემა აღარ აქვს, პროექტი დასრულდა, დაფინანსება შეწყდა და თქვენ როგორ განაგრძობთ მუშაობას?
– გავრცელების პრობლემა აღარ არის, მაგრამ, ჯიხურები ქალაქს არ დამატებია. თან ადამიანები მიეჩვივნენ, რომ პრესა და წიგნები სუფთად და კომფორტულად მისდით სახლში. როდესაც დამაგვიანდება, ვთქვათ, ველოსიპედზე საბურავი გამიფუჭდება ან რაღაც შემემთხვევა, მირეკავენ და მელოდებიან. მიუხედავად დაფინანსების შეწყვეტისა და გრანტის დამთავრებისა, ჩვენ მაინც განვაგრძობთ მუშაობას. ადრე გვქონდა ხელფასი და გაყიდული საქონლიდან 7 პროცენტი. ახლა ხელფასი მოგვეხსნა გრანტის შეწყვეტის გამო, თუმცა, ახალმა უფროსმა შეძლო რამდენიმე ადამიანის შენარჩუნება. ხელფასი აღარ გვაქვს, მაგრამ, პროცენტს ვიღებთ მაღალს და თითქმის იგივე ხელფასი გამოგვდის. ბევრმა ვერა, მაგრამ, მაინც შევძელით სამუშაო ადგილების შენარჩუნება. მით უმეტეს, ჩემს ასაკში. ხალხს 40 წლიდან უჭირს დასაქმება, მე კი უკვე 62 წლის ვარ, სამსახურს სადღა ვიშოვიდი. მიხარია ჩემს კლიენტებთან ურთიერთობა, სულ მოძრაობაში ვარ, ფიზიკურადაც არ მაქვს მოდუნების საშუალება. წვიმს, თოვს თუ ცხელა, ჩვენ არ გვაქვს გაჩერების უფლება – ადამიანები გველოდებიან. დილის 7 საათზე ვდგები და რვიდან უკვე გავდივარ. გვაქვს ჩვენი ფორმები, ეკიპირება, ველოსიპედები, ურიკები და მოწესრიგებულად ვმუშაობთ.
– ალბათ, უამრავი შემთხვევა გექნებათ გადახდენილი ამ პერიოდის განმავლობაში.
– რაღაცეები სულ ხდება. მაგალითად, ახლახან, გადათხრილ გზაზე მოვდიოდი, პირდაპირ სავალ გზაზე წინა ბორბალი მოსძვრა ველოსიპედს და წავიქეცი. გადმოცვივდნენ მძღოლები მანქანებიდან, ამიყვანეს ჩემი ველოსიპედიანად და გადამიყვანეს გზიდან. კი არ მომეხმარა არავინ (იცინის). მერე მე თვითონ შევაკეთე საბურავი და გავაგრძელე გზა.
– ოჯახი გაქვთ ხომ?
– რა თქმა უნდა – მეუღლე, შვილი და შვილიშვილი. ჩემი ცოლი და შვილიც მუშაობენ, მაგრამ, მეც ხომ უნდა მივხედო სულ მცირე, საკუთარ თავს, თან, ოჯახსაც ვეხმარები. მომწონს აქ მუშაობა, ახალ უფროსთან ურთიერთობა იოლად გამომდის. წინა უფროსები ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ, მაგრამ, პრესის ამბავში ისე კარგად ვერ ერკვეოდნენ, საქმეში ჩახედულები არ იყვნენ. ახალ უფროსთან კი უფრო თავისუფლად ვართ, მან იცის საქმე, ყველა მისი სირთულე. აქედან გამომდინარე, მიუხედავად ხელფასის მოხსნისა, მაინც კარგ პირობებში ვართ. თან, ადამიანებს პრესა დროულად მიეწოდებათ. მე სადაც დავდივარ, იმ მოსახლეობის 90 პროცენტი ამ პრესით სარგებლობს, იქ არც ჯიხურია და არც სტენდი. ჩემი ველოსიპედითა და ურიკით ვაცნობ ხალხს სიახლეებს.