კონცერტი, რომელიც შემსრულებლებსაც და მსმენელებსაც დიდხანს დაამახსოვრდებათ
კონცერტი, რომელიც შემსრულებლებსაც და მსმენელებსაც დიდხანს დაამახსოვრდებათ
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტისა და ხელოვნების ცენტრში (დირექტორი – ზ. ფხალაძე) მოღვაწე პედაგოგები ნაყოფიერ შრომას ეწევიან ესთეტიკური აღზრდის განხრით. აქ ფუნქციონირებს ეროვნული ქორეოგრაფიის, ქართული ხალხური სიმღერის, კლასიკური მუსიკის განყოფილებები, სამეჯლისო ცეკვების სტუდია და სტუდენტური თეატრი.
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში, კონსერვატორიის რექტორატისა და სტუდენტური თვითმმართველობის თაოსნობით გაიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტისა და ხელოვნების ცენტრის კლასიკური მუსიკის განყოფილებისა და კონსერვატორიის სტუდენტთა ერთობლივი კონცერტი. კონცერტის დაწყებამდე, ორი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა, კ. აბულაძემ და მ. გაბარაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას გააცნეს მეგობრობის მემორანდუმი, რომელსაც ორივე მხრიდან მოეწერა ხელი. შემდეგ სტუმრებს მიესალმნენ სამედიცინო უნივერსიტეტისა და კონსერვატორიის რექტორები – ზ. ვადაჭკორია და რ. კიკნაძე.
მსმენელთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს სტუდენტებმა: დ. ჯიმშელეიშვილმა, ქ. რამიშვილმა, მ. ჯაიანმა, შ. კოჭლამაზაშვილმა, ნ. მჭედლიძემ, თ. ჯაბაურმა, მ. მეტრეველმა, ა. არაბიძემ, გ. ნავროზაშვილმა, რ. გვალიამ, ი. ათანელიშვილმა, გ. ყაჭაშვილმა, ვ. საათაშვილმა, მ. როგავამ, ო. შიშინაშვილმა, ა. ნიკურაძემ, ა. ჯულაყიძემ და თ. კუხიანიძემ.
ორივე სასწავლებლის სტუდენტების მიერ შესრულდა: ლისტის, ჰენდელის, რახმანინოვის, შოპენის, სკრიაბინის, ჯოპლინის, ბრამსის ნაწარმოებები. დიდი ადგილი დაეთმო ქართველი კომპოზიტორების – არაყიშვილის, ფალიაშვილის, ლაღიძის, აზარაშვილის, ხორავას ნაწარმოებებს.
კონცერტის ბოლოს მონაწილეებს მიესალმნენ კომპოზიტორები – ბატონი ვაჟა აზარაშვილი და ქალბატონი რუსუდან ხორავა. მათ განსაკუთრებული სითბოთი აღნიშნეს მომავალი ექიმების მიერ სერიოზული რეპერტუარის შესრულების მაღალი დონე.