როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
კურცხალია-კურცხალიშვილი
გვარის ფუძედ გამოყენებული ქართული სიტყვა – მკვირცხლი. ეს სიტყვა მეგრულში გამოითქმის კურცხლად, რაც ნიშნავს მკვირცხლსაც და მღვიძარესაც.
თუმცა, მკვლევრების აზრით, გვარის ფუძე იმერეთსა და ქართლშია საძებნელი.
ქართულ ისტორიულ საბუთებში მოიხსენიება კურცხალია ფირანი, მოწმე ზაალ წერეთლის მიერ ქაიხოსრო წერეთლისთვის მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნში, 1680 წელს.
მეთექვსმეტე საუკუნეში ლოგუა კურცხალიას ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო გადასახადი.
სახელი კურცხალა, ანუ, გვარის ფუძედ გამოყენებული საკუთარი სახელი, მოხსენიებულია ისტორიულ წყაროებში.
იმერელი კურცხალიები აზნაურები ყოფილან. ისინი 1840-იან წლებში ცხოვრობდნენ სოფლებში: არგვეთი, ზოვრეთი, მარელისი, საგარა. ასევე, გვხვდება გვარი კურცხალიშვილი.
კურცხალიშვილი და კურცხალია ერთი და იგივე გვარად ჩანს.
რუსეთის მთავრობამ 1850 წლის 6 დეკემბერს აზნაურებად შეიყვანა კურცხალიათა შემდეგი ოჯახები: იოსებ გიორგის ძე, მისი ცოლი და ივანე.
საქართველოში 402 კურცხალია ცხოვრობს: ზესტაფონში – 93, თბილისში – 86, ქუთაისში – 53. არიან სხვაგანაც.
მეხრიშვილი
გვარის ფუძეა, სავარაუდოდ, საქმიანობის აღმნიშვნელი ტერმინი – მეხრე, რაც საქონლის მწყემსს ნიშნავს.
გადმოცემის მიხედვით, სოფელ ხვედურეთიდან ბატონს ყმა-გლეხი მეხრიშვილი გამოჰქცევია, პატარა თონეთში დასახლებულა და გვარი მეხრაძედ შეუცვლია.
თონეთელმა პავლე მეხრიშვილმა 1829 წელს იქორწინა გორის მაზრის სოფელ ნიჩბისში მცხოვრებ, ნიკოლოზ ციციანოვის ყმის, იასე ბონდაურის ქალზე, ნინოზე.
1886 წლის აღწერით, პატარა თონეთში მოიხსენიება ნინია მეხრიშვილი.
საქართველოში 828 მეხრიშვილი ცხოვრობს: დედოფლისწყაროში – 221, თბილისში – 151, ხაშურში – 133. არიან სხვაგანაც.
ბირთველაშვილი-ბირთველიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარ სახელად ქცეული სადაურობის აღმნიშვნელი სიტყვა ბირთველი, რომელიც მიღებულია ტოპონიმისგან ბირთვისი – ციხესიმაგრე ალგეთის ხეობაში, დღევანდელი თეთრი წყაროს რაიონი.
მეთერთმეტე საუკუნის ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია, რომ კლდეკარის ერისთავმა ლიპარიტმა და ქართლის ერისთავმა ივანე აბაზას ძემ შეიპყრეს თბილისის ამირა და ბირთვისი ჩამოართვეს.
ამავე ძირისაა გვარი ბირთველიშვილი.
საქართველოში 32 ბირთველაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 18, რუსთავში – 5, თბილისში – 4. არიან სხვაგანაც.
244 ბირთველიშვილი: თბილისში – 85, ქარელში – 46, რუსთავში – 45. არიან სხვაგანაც.
ბეგიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბეგია.
არსებობს გადმოცემა, რომლის მიხედვითაც, სიღნაღის რაიონის სოფელ ძველი ანაგიდან ქვემო ქართლში გადასულა ორი ძმა – თევდორე და ზურაბა. თევდორე შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა, ზურაბა კი – სიზარმაცით. თევდორეს ალგეთის პირას გაუკაფავს ტყის დიდი მასივი და ვენახი გაუშენებია, ზურაბა კი მცირე მიწის ნაკვეთს დასჯერებია. შესაბამისად, თევდორეს შთამომავლები უფრო შეძლებულები იყვნენ, ვიდრე ზურაბასი.
როგორც ჩანს, გვარის ორი შტო ყოფილა, რომელთაგან ერთის წარმომადგენლები აზნაურები იყვნენ, მეორისა – გლეხები.
ბეგიაშვილები, ისტორიული წყაროებით, თავდაპირველად სოფელ ტბისში ცხოვრობდნენ. ისინი იქ აზნაურები იყვნენ. 1843 წელს ერთი ოჯახი სოფელ დიდ ენაგეთში გადასულა, ხოლო მოგვიანებით სოფელ ბოგვსა და ფარცხვისში დასახლებულან.
იასე და გიორგი ბეგიაშვილები მოიხსენიებიან გიორგი მეთორმეტის მიერ იაკობ გერმანოზიშვილისთვის მიცემული მამულის წყალობის წიგნში.
1721 წლის აღწერით, ტბისელი ბეგიაშვილები აზნაურები არიან.
სოფელ ბოგვში ბეგიაშვილები 1523 წელს, ბარათაანთ გაყრის წიგნში არიან მოხსენიებულნი.
პატარაენაგეთელმა გრიგოლ ბეგიაშვილმა 1882 წელს მონათლა ქალიშვილი – მაკრინე. მიმრქმელი იყო თანასოფლელი, მიხეილ სელეპანაშვილი.
საქართველოში 2 341 ბეგიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 765, სიღნაღში – 609, გორში – 187. არიან სხვაგანაც.
ესაიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი – ესაია, რომელიც ებრაულია და ქართულად უფლისგან ხსნას ნიშნავს. ძველი ფორმაა ისაია, რომელიც მოგვიანებით ესაიად ჩანს.
1687 წელს თომა ესაიაშვილი მოიხსენიება მოწმედ ვალის აღების წიგნში.
ამავე ძირისაა გვარი ისაიაშვილი.
საქართველოში 193 ესაიაშვილი ცხოვრობს: საგარეჯოში – 113, თბილისში – 45, ქუთაისში – 24, არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით