როგორ ებრძოდა სტალინი უკანონო ქორწინებას
კომუნისტი ლიდერების საძრახისი საქმეებიდან ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია ბრძოლას ტრადიციული, ეროვნული და სოციალური ღირებულებების წინააღმდეგ. ამ ბრძოლას თავის დროზე წინ აღუდგა იოსებ სტალინი. ეს იყო დაძაბული და ხანგრძლივი ბრძოლა, რომელიც იოსებ სტალინის გამარჯვებით დასრულდა. ამ ბრძოლის დეტალებზე ვისაუბრებთ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორის, ვახტანგ გურულის მასალებზე დაყრდნობით.
რუსული ბოლშევიზმის ლიდერებმა ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე დაიწყეს ბევრი ისეთი ჩანაფიქრის განხორციელება, რომელიც ძირს უთხრიდა და არღვევდა ეროვნულ ცნობიერებას – ტრადიციულ სოციალურ ურთიერთობებს და ებრძოდა ეკლესიურ აზროვნებას. სხვადასხვა მიზეზთა გამო, დამკვიდრდა შეხედულება, თითქოს ბოლშევიკი ლიდერები სამართლიანები და უმწიკვლოები იყვნენ, სინამდვილეში კი მათი უმრავლესობა აღვირახსნილი, გარყვნილი, ამორალური ადამიანი იყო, რომლებსაც არ სწამდათ ტრადიციული ღირებულებები, ხოლო ეკლესიურ აზროვნებას საზოგადოებისთვის საშიშად მიიჩნევდნენ. ბოშევიკებისგან განსხვავებული პოზიცია ეკავა იოსებ ჯუღაშვილს. სტალინი წინ აღუდგა ტრადიციულ სოციალურ ურთიერთობათა ხელაღებით და განურჩევლად რღვევას და ახლის გაუაზრებლად დამკვიდრებას. ნებსით თუ უნებლიეთ, ამ ვითარებაში სტალინი მოგვევლინა იმ ტრადიციულ ღირებულებულებათა და სოციალურ ურთიერთობათა დამცველად, რომლებიც ეკლესიურ მორალს ემყარებოდა.
1917 წლის შემდეგ, ბოლშევიკების მოღვაწეობის შედეგად, საზოგადოებაში დამკვიდრდა აზრი, რომ ადამიანთა თავისუფლება და საყოველთაო თანასწორობა, სხვა დანარჩენთან ერთად, გულისხმობდა კანონიერი და უკანონო ქორწინების გათანაბრებას, განსხვავების მოსპობას. კანონიერ და უკანონო შვილებს შესაძლებლობა უნდა ჰქონოდათ, იმდენი მეუღლე ჰყოლოდათ, რამდენსაც მოისურვებდნენ. ეს ეხებოდა როგორც მამაკაცს, ისე ქალს. წინათ რუსეთში კანონიერ ქორწინებად ითვლებოდა ეკლესიაში ჯვრისწერა. საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესიაში ჯვრისწერა იურიდიული ძალის არმქონედ ცნო და ეკლესიაში გაცემული ჯვრისწერის დამადასტურებელი დოკუმენტიც უგულებელყო. ასეთ დოკუმენტს სახელმწიფო დაწესებულებები არ ცნობდნენ. ეკლესიაში ჯვრისწერის იურიდიული ძალის არმქონედ გამოცხადებამ, თავისთავად, გამოიწვია სხვა უარყოფითი პროცესები. მამაკაცს შეეძლო რამდენჯერმე დაქორწინებულიყო, ქალი კი რამდენჯერმე გათხოვილიყო. ამ პროცესში გაურკვეველი რჩებოდა, თუ როგორ უნდა დადგენილიყო ბავშვის მამა. მამის მიერ ახალშობილის შვილად აღიარება მხოლოდ მამის სურვილზე იყო დამოკიდებული. იმავდროულად, შეუძლებელი გახდა უძრავი და მოძრავი ქონების მემკვიდრის აღიარების საკითხი. მამის მემკვიდრედ ჩაითვლებოდა ის, ვისაც მამა პირადი სურვილის მიხედვით აღიარებდა შვილად.
მართალია, ბოლშევიკი ლიდერები რუსეთში საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებულ ღირებულებებს შეეხნენ, მაგრამ, გამარჯვების იმედი მაინც ჰქონდათ. ისინი აპირებდნენ, თავიანთი იდეები ჯერ ქალაქში განეხორციელებინათ, შემდეგ – სოფელში. რა მოჰყვებოდა ყოველივე ამას, ეს ბოლშევიკებს სულაც არ ადარდებდათ. მათ მიზანს წარმოადგენდა ყოველგვარი ტრადიციულის წინააღმდეგ ბრძოლა, ახალი მორალის (სინამდვილეში კი – ამორალობის) დამკვიდრება. სტალინს არ შეეძლო, ერთბაშად გაელაშქრა ბოლშევიკი ლიდერების ბინძური გეგმის წინააღმდეგ. ბოლშევიკურ ელიტასთან დაპირისპირებული ჯუღაშვილი მოქმედებდა ფრთხილად და წინდახედულად. ამიტომ იყო, რომ მას წლები დასჭირდა იმისთვის, რათა სხვადასხვა ფორმით აღედგინა და შეენარჩუნებინა ტრადიციული სოციალური ურთიერთობები. ცხადია, სტალინი ეკლესიაში ჯვრისწერას ქორწინების ოფიციალურ რეგისტრაციად ვერ ჩათვლიდა – ეს ათეისტურ სახელმწიფოში წარმოუდგენელი იყო. სამაგიეროდ, სტალინმა დააკანონა ქორწინების სახელმწიფო ორგანოში რეგისტრაცია, ხოლო მის დარღვევაზე უმკაცრესი კონტროლი დააწესა. ამიერიდან, ქალაქადაც და სოფლადაც, კანონიერად ითვლებოდა ის ქორწინება, რომელიც მამაკაცისა და ქალის ნებაყოფილობითი განცხადების საფუძველზე ხდებოდა და დასტურდებოდა ხელისუფლების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტით. ასე იქმნებოდა ოჯახი. შესაბამისად, კანონიერ შვილად ითვლებოდა ზემოთხსენებული წესით რეგისტრირებული ქორწინების შედეგად დაბადებული ბავშვი. მამაკაცსაც და ქალსაც შეეძლოთ, ქორწინებამდე დაბადებული ბავშვებიც კანონიერ შვილებად ეღიარებინათ. მამაკაცს შეეძლო, შეერთო მეორე მეუღლე, ქალსაც შეეძლო მეორედ გათხოვება, მაგრამ, იმ პირობით, თუ კანონის ძალით რეგისტრირებული ქორწინება ბათილად იქნებოდა ცნობილი შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ. ამიერიდან, პირველი ქორწინების შემდეგ, ყოველი ქორწინება კანონიერი ხდებოდა, რადგან, რეგისტრირდებოდა შესაბამის სახელმწიფო ორგანოში. ქორწინების სახელმწიფო ორგანოში რეგისტრაციამ და კანონიერი შვილის დადგენამ თავისთავად მოხსნა საკითხი უძრავი და მოძრავი ქონების კანონიერი და უკანონო მემკვიდრის შესახებ.
ბოლშევიკი ლიდერები შემდეგ დანანებით აღნიშნავდნენ, რომ სტალინმა მათ მოქალაქეთა თავისუფლებისა და თანასწორობის დიდებული გეგმები შეუცვალა.
რუსეთში ტრადიციულად არსებობდა ოჯახის უფროსის ცნება, რომელსაც რეალური უფლებები ჰქონდა. ოჯახის უფროსად მიიჩნეოდა მამაკაცი. ქალი რუსეთში ამ სტატუსით ვერ სარგებლობდა. სტალინმა ოდნავ სახეშეცვლილი ფორმით ეს ტრადიციაც აღადგინდა და დააკანონა. საბჭოთა ოჯახში რეალურად აღდგა ოჯახის უფროსის სტატუსი. სოფელში უძრავი და მოძრავი ქონება გაფორმებული იყო არა ზოგადად ოჯახზე, არამედ, ოჯახის მამაზე – ოჯახის უფროსზე. ქონების დაცვა-შენახვაზე გადასახადებისა და სახელმწიფოსგან დაწესებული სხვა ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელი იყო ოჯახის უფროსი. თუ ოჯახი თავს აარიდებდა დაწესებული გადასახადის გადახდას, კანონი სჯიდა არა ზოგადად ოჯახს, არამედ, ოჯახის უფროსს. ყოველვე ამის დაკანონება სტალინისთვის ძალზე სახიფათო იყო, რადგან, ამ შემთხვევაში, მისთვის, შეიძლება, ბრადლება წაეყენებინათ, რომ კანონის წინაშე მამაკაცისა და ქალის თანასწორობა გაირჩეოდა. სტალინი ასეთი შემთხვევისთვის გამოსავალს ყოველთვის იტოვებდა. მაგალითად: თუ გარდაიცვლებოდა მამა და ოჯახში რჩებოდა დედა და არასრულწლოვანი შვილები, მათ შორის ვაჟებიც, მამაკაციდან (მამიდან) ოჯახის ოფროსის უფლება კანონით გადადიოდა ქალზე (დედაზე). ამიერიდან ქალი იყო პასუხისმგებელი როგორც უძრავი და მოძრავი ქონების დაცვაზე, ისე გადასახადების გადახდაზე. სტალინმა აღადგინა ტრადიციული სოციალური ურთიერთობები, რომლებსაც წინათ ეკლესია არეგულირებდა, ხოლო ამიერიდან – სახელმწიფო.
საზოგადოებაში დამკვიდრებული ტრადიციული ღირებულებებისა და წეს-ჩვეულებების დაცვის ნგრევას სტალინი სხვა ფორმებშიც აღუდგა წინ. 1917 წლისთვის რუსეთში დამკვიდრდა შეხედულება, რომ ჯარისკაცზე სამხედრო მეთაურის (ოფიცრის) უფლება ლახავდა ჯარისკაცის ადამიანურ ღირსებას, ხოლო ჯარისკაცის მიერ ოფიცრის ბრძანების უსიტყვოდ შესრულება ბნელი წარსულის გადმონაშთი იყო. ამ შეხედულებამ კარგა ხანს იბატონა და ის გახდა ერთ-ერთი მიზეზი დიდი ჩავარდნებისა წითელი არმიის შექმნის პროცესში. საბოლოოდ, ეს მცდარი შეხედულება სტალინის ძალიხმევით დაიგმო. ოფიცრის უფლება ჯარისკაცზე, ხოლო ჯარისკაცის მოვალეობა ოფიცრის ბრძანების უსიტყვო შესრულებაზე, როგორც მშვიდობიანობის, განსაკუთრებით კი ომის დროს, არმიის ბრძოლისუნარიანობას განსაზღვრავდა. ზოგიერთი ბოლშევიკი ლიდერი ცეცხლითა და მახვილით ებრძოდა რუსეთის არმიაში დამკვიდრებული ტრადიციების წითელ არმიაში შენარჩუნებას. ერთ-ერთი ასეთი ტრადიცია იყო „დედოვშჩინა”, ანუ, უკვე ნამსახურევი ჯარისკაცის უფლება ახალწვეულ ჯარისკაცზე. ახალწვეულ ჯარისკაცს უსიტყვოდ უნდა შეესრულებინა არა მარტო ოფიცრის ბრძანება, არამედ, მასზე დიდხანს ნამსახურევი ჯარისკაცის ბრძანებაც. ასეთი დამოკიდებულება ოფიცრებს უადვილებდა ჯარისკაცთა მასის მართვას. ბოლშევიკი ლიდერები მოითხოვდნენ „დედოვშჩინის” სასტიკად აკრძალვას თუნდაც რეპრესიების გზით. სტალინი მოთმინებით უსმენდა თავგახურებული ბოლშევიკების მსჯელობას და, ბოლოს, ერთ-ერთ თათბირზე განაცხადა: „დედოვშჩინას” ვერ ავკრძალავთ, რადგან არმია ყოველთვის ემყარება ძველ ტრადიციებს!”