არის თუ არა კომპიუტერისა და მობილური ტელეფონის გამოსხივებიდან დაგროვილი ენერგიები ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო და რა კავშირი აქვს მას გავრცელებულ დაავადებებთან
ნებისმიერ ადამიანს სურს, რომ ის დაცული იყოს გარემო უარყოფითი ფაქტორებისგან, მეტად უმართლებდეს და აიცილოს შესაძლო საფრთხეები. როგორც პარაფსიქოლოგი, ბატონი გიორგი ამბობს, ჩვენს სხეულს გარშემო სპეციალური გარსი აკრავს, რომელიც ჩვენსავე დაცვას უზრუნველყოფს, მისი დარღვევის შემთხვევაში კი უამრავი პრობლემა იჩენს თავს. თუ როგორ დავიცვათ თავი გათვალვისგან, რა საფრთხეს გვიქმნის ბინაში არსებული ტექნიკა და რა ენერგიებით ხდება მთვარის მილევის პერიოდში სახლის გაწმენდა, ამაზე ბატონი გიორგი მოგვცემს საინტერესო ინფორმაციასა და რჩევებს.
გიორგი: ყველა ჩვენგანს უხილავი ენერგოინფორმაციული ველი აკრავს გარს, რომელიც გარე სამყაროს უარყოფითი ძალებისგან გვიცავს და ის კოსმიური ძალების ზეგავლენით იცვლება. სხვათა შორის, ადამიანის ბიოველს საკმაოდ მგრძნობიარედ აღიქვამს ფოტოფირი. ასე რომ, ჩვენი სურათი ჩვენს აურასაც გადმოსცემს. ამ თემით დღეს ბევრია დაინტერესებული და მისვამს კითხვებს: საიდან იღებს ბიოველი ენერგიას? რატომ იცვლის ის ფერს განწყობის მიხედვით, როგორ გავწმინდოთ სახლი უარყოფითი ენერგიებისგან? ამ კითხვებს ისინი სვამენ, ვინც ეზოთერიკულ და პარაფსიქოლოგიურ საკითხებში ოდნავ მაინც ერკვევიან და სჯერათ მსგავსი რამეების.
– ზოგადად, იქნებ, გვითხრათ, რა არის ადამიანის სხეულის გარშემო არსებული ველი და რისგან იცავს ის ორგანიზმს?
– მე ბიოენერგეტიკოს-პარაფსიქოლოგი ვარ და ოცდაათი წელია, ამ კუთხით ვაწარმოებ დაკვირვებებს. მოკლედ, ჩვენს სხეულს გარშემო დამცავი გარსი აკრავს, ანუ ეგრეთ წოდებული, ენერგოინფორმაციული ველი. ის კოსმიური ძალების ზეგავლენით იცვლება, თვალით უხილავია და გვიცავს გარე ძალების არასასურველი ჩარევისგან. ასევე, გეტყვით იმასაც, რომ სუფთა და უბოროტო ადამიანის ბიოველის გარღვევა და დაზიანება ძალიან რთულია. შესაბამისად, ასეთი ადამიანები მეტად დაცულები არიან გარე ფაქტორების ნეგატიური ზემოქმედებისგან. ასეთი ადამიანების ბიოველში ნეგატიური ინფორმაციის შეტანა რთულია.
– თქვით, აურას გარკვეული ფერი აქვს და ის განწყობის მიხედვით იცვლებაო. ეს როგორ ხდება?
– საერთოდ, აურა სხეულის გარშემო მანათობელი გარსია, რომელიც ამა თუ იმ ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური მდგომარეობის მიხედვით იცვლის ფერს. ბიოველი კი იგივე აურაა, რომელიც სიმეტრიულად არის განაწილებული ადამიანის სხეულის გარშემო. ელექტრომაგნიტურ ველში მოხვედრილი ადამიანის სხეული ნათებას იწყებს, მიცვალებულის სხეული კი ელექტრომაგნიტურ ველში არ ანათებს. ასე რომ, აურის წარმოქმნაში, ბიოენერგიასთან ერთად, სულიც იღებს მონაწილეობას. ადამიანს აქვს ფარული ენერგიების დიდი მარაგი, რაც ხშირად მის ფიზიკურ ამტანობაში ვლინდება. ექსტრემალურ სიტუაციაში ორგანიზმში იღვიძებს ფარული რეზერვები, უმჯობესდება ტვინის მუშაობა, მახვილდება ყნოსვა და სმენა. რაც შეეხება ბიოველის ფერს, ის იცვლება ადამიანის განწყობის მიხედვით. ბიოველს თავისი ფერები აქვს და სწორედ ამ ფერების მიხედვით ვიგებთ სპეციალისტები, რას განიცდის ადამიანი კონკრეტულ სიტუაციაში. აურის დანახვა ექსტრასენსს ზემგრძნობიარე თვალის საშუალებით შეუძლია და, თუ ის ამბობს, რომ ყავისფერ ან ნაცრისფერ აურას ხედავს, ესე იგი, ადამიანი მძიმედაა ავად და მას განსაცდელი ელის. ასევე, შესაბამის სპეციალისტს შეუძლია, თავისი ძალებით ჩაერიოს და აურის კორექცია მოახდინოს. თუ აურა დარღვეულია, ექსტრასენსი მას აღადგენს, ამის შემდეგ კი ადამიანისთვის სიტუაცია საგრძნობლად გამოსწორდება. აქვე გეტყვით, რომ ბიოველის დარღვევა და დეფორმირება იწვევს ისეთ დაავადებებს, რომელთა განკურნებაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
– დარღვეული ბიოველი შთამომავლობით გადადის?
– მართალია, დარღვევები შთამომავლობით გადადის შვილებსა და შვილიშვილებზე და ეს გადაცემა ენერგეტიკულ დონეზე ხდება. ასევე, იმასაც გეტყვით, რომ ენერგეტიკული ზემოქმედებით ამ დეფორმაციის გამოსწორება შესაძლებელიცაა და რეალურიც. მაგალითად, ხშირად გამიგია, ცუდად ვარ, ექიმები შემოვიარე, პროფესორი არ დამიტოვებია და მაინც ვერ ხვდებიან, რა მჭირს. ვგრძნობ, ავად ვარ, ისინი კი დიაგნოზს ვერ მისვამენო. ამ დროს, უნდა ივარაუდოთ, რომ აურა გაქვთ დაზიანებული და, თუ შესაბამის სპეციალისტს არ მიმართავთ და არ დაიწყებთ დაზიანებული აურის კორექციას, შესაძლოა ეს, მოულოდნელი გარდაცვალების მიზეზიც კი გახდეს.
– როგორი ტიპის ადამიანებს ერღვევათ აურა?
– საკმაოდ აქტუალური კითხვაა და გიპასუხებთ, რომ ადვილად ირღვევა გათვალული ადამიანის აურა, დადებითი ემოციები კი ზრდის ბიოველს. მაგალითად, თუ ადამიანი ადვილად ექცევა სხვისი ენერგეტიკული ზემოქმედების ქვეშ, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, იღებს თვალს და დადის გათვალული, მისი აურა თანდათან დეფორმირდება, ირღვევა და სასიცოცხლო ენერგია კოსმოსში გაედინება. ენერგიის გაცვლა-გამოცვლა ბუნების დაუწერელი კანონია და, ნებისმიერი ენერგეტიკული გამონატყორცნი, დადებითი იქნება ის თუ უარყოფითი, ყოველთვის თავის უპირველეს წყაროს უბრუნდება.
– მოქმედებს თუ არა ჩვენი ბიოველის მდგომარეობაზე დადებითი და უარყოფითი ემოციები?
– დიახ, დადებითი ემოციები ზრდის ბიოველს. მაგალითად, რწმენა, სიყვარული, იმედი, სიხარული და ასე შემდეგ, ენერგეტიკულად გვაძლიერებს, ხოლო უიმედობა, შიში, დეპრესია, შური, ეჭვიანობა თუ სამაგიეროს გადახდის სურვილი – ენერგიას გვაკარგვინებს და ბიოველს გვისუსტებს. ამ დროს საკუთარ თავს ისე ვთვალავთ, აზრზეც ვერ მოვდივართ. რაც ჩვენს ენერგეტიკას ანგრევს, აღწევს ბიოველში, აზიანებს აურას და, საბოლოო ჯამში, გვანადგურებს. სხვათა შორის, მობილური ტელეფონი, ტელევიზორი, კომპიუტერი თუ სხვა ტექნიკა, ჩვენს აურას საგრძნობლად ასუსტებს და ამის გამო უამრავი დაავადება იჩენს თავს, რომელიც ბიოველის დასუსტებით არის გამოწვეული. ვერც კი წარმოიდგენთ, რამხელა უარყოფითი ენერგიების ნაკადი გროვდება ჩვენს ბინებში, სადაც ტელეფონიც არის, ტელევიზორიც და კომპიუტერიც. ამიტომ, აქვე გასწავლით ერთ ხერხს, რომელიც დროდადრო უნდა ჩაატაროთ და ამით გაწმინდოთ ბინის ბიოველი, ანუ აურა: მთვარის მილევის პერიოდში, ღამით, გააღეთ ფანჯრები და კარი, საიდანაც ბინაში შემოვა სუფთა ჰაერი და მას კოსმოსიდან შემოჰყვება მილეული მთვარის ენერგია, რომელიც ბინის აურაზე დადებითად მოქმედებს. რაც შეეხება აურას, მთავარია, იზრუნოთ, რომ ის არ დაზიანდეს და არ დეფორმირდეს. ამისთვის კი, გირჩევთ, არ ჩაიდოთ გულში ბოღმა, შური და სამაგიეროს გადახდის სურვილი; იყავით მეტად ოპტიმისტი, შეინარჩუნეთ სტაბილურობა და ასე დაეხმარეთ საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. მართალია, ძნელია, დღეს იფიქრო მხოლოდ კარგზე, როცა ირგვლივ ამდენი სისასტიკეა, მაგრამ, ვფიქრობ, მთავარი მაინც თქვენი ჯანმრთელობაა და ამაზე დაფიქრება ღირს. ასე რომ, იყავით უბოროტო და სუფთა, რათა ბოროტმა ადამიანებმა ვერ მოახერხონ თქვენი ბიოველის გარღვევა, მასში ნეგატიური ინფორმაციის შეტანა და ამით თქვენი დასუსტება.