კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ეძებს 70 წლის ქალი ბიოლოგიურ დედას, რომელიც სამამულო ომის დროს მედდად წავიდა ფრონტზე

70 წლის ლუდმილა ვლადიმირის ასული ლისოვსკაია (ქალიშვილობის გვარი) ეძებს ირინა ვლადიმირის ასულ ლისოვსკაიას (ასაკი უცნობია).

ისტორია: ვეძებ დედაჩემს – ირინა ვლადიმირის ასულ ლისოვსკაიას (ასაკი უცნობია). მინდა გავიგო მის შესახებ რაიმე ინფორმაცია მაინც. დედაზე თითქმის არაფერი ვიცი. ჩემთვის მხოლოდ ის გახდა ცნობილი, რომ ის ფრონტზე წავიდა, რადგან, მედდა იყო, ჩემი გაზრდა კი თავის მეგობარს მიანდო. სამწუხაროდ, ამდენი წლის განმავლობაში მის შესახებ ხელმოსაჭერი ინფორმაცია ვერაფერი გავიგე, მაგრამ, დედის შესახებ რამის გარკვევის იმედს მაინც არ ვკარგავ. ძალიან გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ ჩემი ისტორია და, რითიც შეძლებთ, დამეხმაროთ.

– მოგვიყევით თქვენი ისტორია, როგორ დაშორდით ერთმანეთს დედა-შვილი.

– დედაჩემმა, ირინა ვლადიმირის ასულმა ლისოვსკაიამ, 1944 წლის 1 იანვარს გამაჩინა. მე დაბადებული ვარ ქალაქ სტეპანაკერტში (რომელიც ყარაბაღში მდებარეობს). მოგეხსენებათ, იმ წლებში რაც ხდებოდა. გაგანია ომი იყო და დედაც იძულებული გახდა, ფრონტზე წასულიყო, ჩემი მოვლა კი თავის მეგობარს მიანდო. გარკვეულ პერიოდამდე ის მპატრონობდა, შემდგომ კი ბავშვთა სახლს მიმაბარეს. ბავშვთა სახლი ქალაქ შუშაში მდებარეობდა. სწორედ იქ ვიმყოფებოდი და ვიზრდებოდი, სანამ სრულწლოვანი გავხდი. შემდეგ ჩავაბარე სამკერველოზე ქალაქ ბაქოში, სადაც შევხვდი ჩემს მომავალ მეუღლეს, ქართველ ჯარისკაცს. ცოლად გავყევი და საცხოვრებლად საქართველოში, ქალაქ გორში გადავედით. მას შემდეგ აქ ვცხოვრობ. მყავს ოჯახი და შვილიშვილებიც კი. დედის შესახებ აღარაფერი გამიგია მთელი ამ წლების განმავლობაში. შემიძლია, თამამად ვთქვა, მთელი ცხოვრება დედაზე ფიქრი არ მტოვებს. ძალიან მაინტერესებს, რა ბედი ეწია მას. საერთოდ, რა გადახდა მას, ფრონტზე და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ყველაფერი, რისი გარკვევაც მე მოვახერხე, ის არის, რომ დედა საქართველოდან იყო, ეროვნებით – რუსი. გვარი მან თავისი მომცა, მამის სახელი კი ბაბუასი მაქვს (ანუ, დედის მამის). ყველაფრიდან გამომდინარე, დედა დაშორებულა თავის მეუღლეს ან ის არც ჰყოლია.

– აქამდე თუ ეძებდით მას და კონკრეტულად რისი გარკვევა მოახერხეთ?

– დედის მოძებნის საკითხთან დაკავშირებით ძალიან გვეხმარება ქალბატონი ვალენტინა კოლიკი (რომელიც ისრაელში ცხოვრობს). სწორედ მისი დახმარებით გავიგე ის მცირე ინფორმაცია, რაც დედის შესახებ ვიცი. ვალენტინამ მირჩია თქვენთან დაკავშირებაც. არ მინდა, ამ ცხოვრებიდან ისე წავიდე, რომ დედაზე რაიმე მაინც არ გავიგო. ეს იყო ურთულესი დრო – ომი, უბედურება. მას ფრონტზე წასვლა მოუწია და ამის გამო ჩვენ ერთმანეთს დავშორდით. ვერ დავიჯერებ, რომ ის ჩემზე არ ფიქრობდა, რომ მას ჩემი ბედი არ ადარდებდა. ვინ იცის, რამდენი სიმწარე გამოიარა დედაჩემმა. სომხეთის არქივიდან ჩვენ მივიღეთ შუშის ფილიალის დოკუმენტები – მხოლოდ ორი საბუთი. აღმოჩნდა, რომ არქივების უმრავლესობა განადგურებულია სწორედ ომის დროიდან – დაბომბვამ თავისი საქმე გააკეთა და ჩემთვის მისაწვდომი მხოლოდ ორი დოკუმენტი გახდა, რომელთა მიხედვითაც დედაჩემი იყო საქართველოდან – ირინა ვლადიმირის ასული ლისოვსკაია. დოკუმენტი დათარიღებულია 1952 და 1960 წლებით. ერთი დოკუმენტი არის შუშის ბავშვთა სახლის დოკუმენტი, სადაც წერია, რომ მე, ანუ, ლუდმილა ვლადიმირის ასული ლისოვსკაია, დაბადებული ვარ 1944 წლის 1 იანვარს და მუდმივად ვცხოვრობ ბავშვთა სახლში. მოქალაქის გრაფაში კი მითითებული მაქვს – საქართველოს სსრ, ეროვნება – რუსი. მეორე დოკუმენტში კი, რომელიც 1960 წლით არის დათარიღებული, უბრალოდ, მითითებულია, რომ მე ვარ მერვე კლასის მოსწავლე და რომ დედაჩემს ჩემთვის მოცემული აქვს თავისი გვარი და მამის სახელი. სულ ეს არის, რისი გარკვევაც ჩვენ მოვახერხეთ.

– თქვენ ფიქრობთ, რომ საქართველოში ვინმემ შეიძლება იცოდეს რაიმე დედათქვენის შესახებ და გამოგვეხმაუროს, ხომ ასეა?

– დიახ. მართალია, მეც საქართველოში ვცხოვრობ, მაგრამ, თქვენი დახმარების გარეშე მე დედის შესახებ ვერაფერს გავიგებ. ხომ შეიძლება, ვინმემ იცოდეს რაიმე ირინა ვლადიმირის ასულ ლისოვსკაიას შესახებ, რომელიც ფრონტზე წავიდა და რომელსაც თოთო ბავშვი ჰყავდა დატოვებული მეგობართან. ასევე, იმედი მაქვს, რომ მე რამით მაინც ვგავარ დედას და ამიტომ გიგზავნით ჩემი ახალგაზრდობის სურათს, შეიძლება, ამ სურათმაც გარკვეული როლი შეასრულოს მის შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში.

– ქალბატონო ლუდმილა, არსებობს ომში დაღუპულ ადამიანთა სიები, მათი მიხედვით თუ გიცდიათ დედის შესახებ რაიმე ინფორმაციის მოპოვება?

– თავად მე უკვე არაფერი აღარ შემიძლია, მაგრამ, ვალენტინა კოლიკი ყველანაირად გვერდში მიდგას და მეხმარება დედაჩემის შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში. როგორც მისგან ვიცი, არც ერთ სიაში არ არის მითითებული რაიმე ინფორმაცია დედაჩემის შესახებ. სავარაუდოდ, ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნიეს. მე კი მაინც მჯერა, რომ იქნებ ვინმე მაინც იყოს ცოცხალი, ვინც იცნობდა ან გადმოცემით მაინც გაუგია რაიმე დედაჩემის შესახებ. ჩემთვის ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

скачать dle 11.3