ჩეხოვის მოტივები
ძველი თუ ახალი სცენარი?!
მართალია, 2008-ში სულაც ომი იყო, თუმცა აშშ-ს თბილისში თავისი საელჩოს დასაცავად საზღვაო ქვეითები არ გამოუგზავნია, განსხვავებით უკრაინისგან – აშშ-ის საზღვაო ქვეითები უკვე გადასხეს კიევში იმ ხომალდებიდან, რომლებიც შავ ზღვაში ოლიმპიადის უსაფრთხოების კონტექსტში შემოვიდნენ.
თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ სევატსოპოლი საერთოდაც რფ-ს შავი ზღვის ფლოტის ბაზირების ადგილია და რუს კლასიკოს ჩეხოვის პასაჟსაც დავამატებთ, აშკარაა, პირველ მოქმედებაში თოფი უკვე გამოჩნდა, ოღონდ მაინც რთული სათქმელია, გაისვრის თუ არა ის ფინალისკენ. იმედი ვიქონიოთ, რომ არა.
მეორე მხრივ, ძალაშია რფ-ს საკანონმდებლო ნორმა, რითაც მან თავის თავს რფ-ს ტერიტორიის გარეთ საკუთარი მოქალაქეების დაცვის უფლება მიინიჭა. ამიტომაც გასულ კვირას პრ. პუტინს ჰკითხეს, აპირებს თუ არა საქართველოს მსგავსი სცენარის უკრაინაში გათამაშებას, თუმცა ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა თავი შორის დაიჭირა.
ჯერ ერთი, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ყირიმის შედარება არაკორექტულად მონათლა, მეორეც, „განგვიმარტა“: „ადგილზე მაშინ რუსული სამშვიდობო ძალები იმყოფებოდნენ, რომლებიც საერთაშორისო სტატუსს ატარებდნენ. ჩვენი რეაქცია არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების, არამედ ჩვენი სამშვიდობოების დაცვა იყო.“
ყოველ შემთხვევაში, პრ. პუტინი ირწმუნება: „სადაც ჩვენი თანამემამულეების უფლებები დაირღვევა, ყველგან ჩავერევით, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ჯარის შეყვანას ვაპირებთ სადმე. ეს სრული სისულელეა.“
სისულელეა თუ სიჭკვიანე, ფაქტია, ევროკავშირის კომისიის დასკვნაც შენიშნავს, რომ რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ აგრესია შეიძლებოდა განხილულიყო რფ-სთვის შემოჭრის საბაბად. თუმცა აი, იმ დასკვნაში, რატომღაც, ვერ მოხვდა 2008 წლის 7 აგვისტოს, დღისით, ორი ქართველი სამშვიდობოს დაღუპვის სავსებით ობიექტური ფაქტი.