რატომ არ მისდევს დიმიტრი ტატიშვილი ბოჰემურ ცხოვრებას და რომელ „ჰაი კლასის” მსოფლიო დონის მსახიობს გაუწია მან პარტნიორობა გადასაღებ მოედანზე
კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი, დიმიტრი ტატიშვილი მაყურებლის დიდ სიყვარულსა და სიმპათიას იმსახურებს. მართალია, ჩვენს რესპონდენტს არ უყვარს, როცა აქებენ, მაგრამ, საქებარი სიტყვების მოსმენა მაინც ხშირად უწევს. მისი სამსახიობო კარიერა უკვე დიდი ხანია, მხოლოდ სცენით არ შემოიფარგლება. მისი ნახვა მაყურებელს შეუძლია სხვადასხვა პროექტში. გადაღებულია არაერთ ფილმსა და სერიალში. მოკლედ, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ყველგან ის არის – თუ ვიზუალურად არ ჩანს, მაშინ აუცილებლად ისმის მისი ხმა.
– მაყურებელს ძალიან უყვარხართ. ეს, ალბათ, იმის დამსახურებაა, რომ, რასაც აკეთებთ, ყველაფერს ლაზათიანად აკეთებთ. ალბათ, სიმღერა რომ დაიწყოთ, ისიც მოწონებას დაიმსახურებს და მსამენელიც შეგიყვარებთ. სიტყვამ მოიტანა და თუ მღერით?
– მე გულში სულ ვმღერი.
– ანუ, შესაძლებელია, ეს ღიღინი გულსაც გასცდეს?
– არა. სულ მეშინია, ვინმემ მეტიჩრობა არ დამაბრალოს. ახლა სიმღერაც რომ დავიწყო, ხომ მეტყვიან, კარგი რა, დაგვანებე თავიო.
– არ შემიძლია, არ შევეხო გახმოვანებას. თითქმის ყველა არხზე ისმის თქვენი ხმა. ვინ აღარ გაგიხმოვანებიათ.
– ძალიან ბევრი ფილმი მაქვს გახმოვანებული, უფრო მეტიც, ყველა მაგარი მსახიობი გაშიფრული მყავს.
– გულწრფელად მაინტერესებს, როგორ ასწრებთ ამდენ რამეს ერთად? ხართ თეატრში, გიღებენ ფილმებში, ასევე გიღებენ სხვადასხვა სერიალში, ახმოვანებთ ფილმებს, იყავით „ახალი ხმის” წამყვანი, ახლახან ძალიან აქტიურად გამოჩნდით „TV11-ზე.” რთული არ არის ამდენი რამის პარალელურ რეჟიმში კეთება?
– ღმერთის წყალობით, სამუშაო მაქვს, რადგან დაუსაქმებელი მსახიობი, ალბათ, ძალიან ცუდი სანახავია. ჩემი პროფესიის არც ერთ ადამიანს არ ვუსურვებ, უსაქმურად ყოფნას. ერთ რამეს დავაკვირდი, როცა ბევრი საქმე მაქვს უფრო კარგად ვასწრებ ყველაფერს. ალბათ, თავისთავად ხდება ეს. თუ თავისუფალი ხარ და დილით ადრე არ დგები, მერე უკვე სიზარმაცის ტალღაზე ხარ მთელი დღე და ყველაფერი გეზარება. როცა მუშაობა გეზარება რამდენიმე დღე, მერე უკვე სამუშაოსაც ეზარება შენთან მოსვლა.
– მსახიობის პროფესიას ის უპირატესობა აქვს, რომ უამრავი ადამიანის ტყავი შეუძლია, მოირგოს და მათი ფსიქოლოგიაც შეისწავლოს. დღეს შეიძლება, მეფე ითამაშოს, ხვალ თაღლითი და ასე შემდეგ.
– ჩემი პროფესიის ხიბლი სწორედ ის არის, რომ რაღაც პერიოდი, სხვა ადამიანის თვალით ვუყუროთ ცხოვრებას და ხანდახან ამაში ფულსაც გვიხდიან. ძალიან საინტერესოა, ხან სახალისოც, მაგრამ დამიჯერეთ, მსახიობებს რთული პროფესია გვაქვს. თითქოს ყველას ჰქონია, რომ მსახიობების ცხოვრებას რა ჯობია – გრიალებენ, სვამენ, დროს ატარებენ, ბოჰემურად ცხოვრობენ და ასე შემდეგ. მერწმუნეთ, ასე ნამდვილად არ არის. ყველა დიდი მსახიობი, რომელიც საქვეყნოდაა ცნობილი, დამიჯერეთ, ძალიან ბევრს შრომობს და სულაც არ ცხოვრობენ ბოჰემურად. გასული წლის შემოდგომაზე მიშელ ხაზანავიჩუსი იყო ჩამოსული საქართველოში – ფილმ „არტისტის” რეჟისორი, რომელმაც ორი თუ სამი წლის წინ „ოსკარი” აიღო. მოკლედ, ოსკაროსანი რეჟისორი ჩამოვიდა საქართველოში, რომელმაც გადაიღო ფილმი. მთავარი როლი ჯერ მერილ სტრიპს უნდა ეთამაშა, მაგრამ მას სხვა გადაღებები დაემთხვა და აქ ჩამოსვლა ვერ შეძლო. შემდეგ მოლაპარაკებები წარმატებით შედგა „ჰაი კლასის” მსახიობთან – ანეტ ბენინგთან. მხვდა ბედნიერება, ამ გადაღებებზე ვყოფილიყავი და ანეტ ბენინგისთვის პარტნიორობაც კი გამეწია რამდენიმე სცენაში. ყველაზე ჩუმი და უპრეტენზიო ადამიანი გადასაღებ მოედანზე სწორედ ანეტ ბენინგი იყო. როცა გადაღების დროს შესვენება გვქონდა, რაღაცნაირად თავის თავში იყო ჩაკეტილი. იყო თავისთვის, უპრეტენზიოდ, ტექსტს იმეორებდა. მაქსიმუმ, მოეთხოვა ჩაი ან მანდარინი. ის მხოლოდ იმაზე იყო კონცენტრირებული, საუკეთესოდ გადაეღო მოცემული სცენა და ყოფილიყო მაქსიმალურად მზად „მოტორიდან სტოპამდე”. ვერც შეამჩნევდით, რომ ამხელა არტისტი იყო გადასაღებ მოედანზე. დამიჯერეთ, ყველა მაღალი დონის მსახიობი ძალიან დატვირთულია, აქვს რთული გრაფიკი, სულ მუშაობს და იხვეწება. ასე რომ, სულაც არ სცალიათ მათ ბოჰემური ცხოვრებისთვის, როგორც ბევრს ჰგონია.
– აღვნიშნე, მაყურებელს ძალიან უყვარხართ-მეთქი და როგორია მათი დამოკიდებულება თქვენდამი, თუნდაც ქუჩაში?
– როცა ვხედავ, რომ სრულიად უცნობი ადამიანები, ძალიან თბილად მექცევიან, ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს? ეს ყველაფერი დიდ სტიმულს მაძლევს და ეს არის ერთ-ერთი მთავარი პირობა, რომ ჩემს საქმეში ვიყო. შეიძლება, მაყურებელს საერთოდ არ ვიცნობდე, მაგრამ მიყვარს ის. ვიცი, რომ გადასაღებ მოედანზეც და თეატრშიც იმისთვის ვმუშაობ, მერე ეს ყველაფერი მაყურებელმა ნახოს. მაყურებელი კი ღირსია იმისა, ნახოს საუკეთესო. ეს დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის.
– არაერთ სერიალში ხართ გადაღებული. მაყურებელი თუ გაიგივებთ თქვენს რომელიმე პერსონაჟთან?
– კი, ასეთი რამ არაერთხელ მომხდარა. ავტოფარეხში მანქანა შევაყენე და ამ დროს ჩემი მეზობელი მოვიდა. ხედავ, რა ხდება?! ამხელა გამომძიებელი კაცი ჩვენთან ცხოვრობ და სარდაფი გამიტეხესო. „დეტექტივები” გადიოდა მაშინ და ჯერ მეგონა, მეხუმრებოდა, მაგრამ მერე მივხვდი, სერიოზულად მეუბნებოდა. ალბათ, იმწამს მართლა ეგონა, რომ გამომძიებელი ვიყავი.
– სხვა პერსონაჟთან დაკავშირებითაც თუ ყოფილა ანალოგიური რამ?
– „ჩემი ცოლის დაქალებში” დემნას რომ ვთამაშობდი, მეკითხებოდნენ, ბოლოს და ბოლოს, თინას შეაყვარებ თავსო.
– პროცენტულად თუ ავიღებთ, რაც კი ქართული სერიალი გადაღებულა, უმეტესობაში თქვენ თამაშობთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნადი მსახიობი ხართ.
– ვმონაწილეობდი: „შუა ქალაქში,” „ჩემი ცოლის დაქალებში,” „ქაღალდის ტყვიაში,” „დეტექტივებში,” „ყავა და ლუდშიც” ვიყავი სამ სერიაში. კიდევ რაღაცაში ვითამაშე და აღარ მახსოვს, თქვენ კარგად იყავით. არა, ნამდვილად არ ვუჩივი, მაგრამ მაინც გაუმაძღარი ვარ – მინდა, კიდევ მეტ სერიალში გადამიღონ. გამოგიტყდებით და სერიალებზე მეტად, ფილმებში მონაწილეობა მაინტერესებს.
– თქვენი გულშემატკივრები ერთხმად ამბობენ, რომ ასაკი არ გეტყობათ. ამას მეც ვაღიარებ.
– როგორ არ მეტყობა, უკვე ჭაღარა ვარ. 46-ის გავხდი. ვგრძნობ, რომ გარკვეული გამოცდილება დამიგროვდა პროფესიაში, ურთიერთობებში, მაგრამ ისევ ის, პატარა ბიჭი მგონია თავი. გულით ისევ ის თავქარიანი და ონავარი ბიჭი ვარ, რომელიც შეიძლება, შატალოზე წავიდეს. მერე უცებ სარკეში ჩავიხედავ და ვხვდები, ასე არ არის. მაგრამ, ამ დროს მაინც რომ ასეა?! ვიცი, რომ მთავარი, რაც უნდა გავაკეთო ცხოვრებაში, ჯერ კიდევ არ გამიკეთებია – ყველაფერი წინ არის. კი, რასაც ვაკეთებ, უმნიშვნელო არ არის, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც წინ მაქვს. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ მაყურებელს გარკვეული მომენტისთვის საუკეთესო შევთავაზო, და თუ ეს ასე იქნება, საქებარი ნამდვილად არაფერია. ძალიან არ მიყვარს რომ მაქებენ.
– რატომ?
– ფილტვებს ვაქებთ ყოველწამს, რომ ვსუნთქვავთ?
– თუმცა, როცა პროფესიონალი გაძლევს იმის საშუალებას, რომ კარგი სანახაობა ნახო მისი წყალობით, გინდა, მასზე კარგის თქმა.
– დიდი მადლობა, მაგრამ ეს ჩემი მოვალეობაა. აი, თუ რამეს ისე ვერ გავაკეთებ, ეს აუცილებლად უნდა მითხრან.