„გრატენ დო ფინუა“
საჭირო ინგრედიენტები: 1,5 კილოგრამი კარტოფილი, 1 კბილი ნიორი, 20 გრამი ნაღების კარაქი, 200 გრამი არაჟანი, 1 ჭიქა რძე, 1 ჭიქა კეფირი, 200 გრამი მაგარი ყველი (გახეხილი), 1 სადილის კოვზი დაფხვნილი ორცხობილა, მარილი, შავი პილპილი, 200 გრამი სოკო, ცოტა დარიჩინი, ცოტა მუსკატის კაკალი.
მომზადების წესი: კარტოფილი გათალეთ და დაჭერით თხელ რგოლებად. ნიორი დაჭერით თხელ ფირფიტებად. ტაფაზე მოშუშეთ სოკო. მოზრდილ ტაფას წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ დაფხვნილი ორცხობილა, დარიჩინი და ნიორი.
ერთმანეთში შეურიეთ 2 ჩაის კოვზი მარილი, მესამედი ჩაის კოვზი პილპილი და მესამედი ჩაის კოვზი მუსკატის კაკალი. ტაფის ძირზე ლამაზად დააწყვეთ კარტოფილის ნაჭრები, ისე, რომ ფსკერი მთლიანად დაიფაროს. მოაყარეთ სუნელების, მარილისა და პილპილის ნაზავი. პატარა თასში ერთმანეთს შეურიეთ არაჟანი და 1 ჭიქა რძე. ამ სოუსიდან 2 დიდი სადილის კოვზი მოასხით კარტოფილს, მოაყარეთ 1 სადილის კოვზი გახეხილი ყველი და ყველა ფენა ისევ გაიმეორეთ, ბოლოს კი დააწყვეთ სოკოები.
თუ მასალა კიდევ დაგრჩათ, სოკოს ზემოდან ისევ ალაგებთ კარტოფილს, აყრით მარილიან პილპილს, ასხამთ არაჟნის სოუსს და აყრით გახეხილი ყველის ნახევარს. ასევე, მოასხით არაჟნის სოუსი, რაც დაგრჩათ, 1 ჭიქა კეფირი, მოაყარეთ სულ ცოტა დარიჩინი და მოათავსეთ 200 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში 45-60 წუთით. ამ დროის გასვლის შემდეგ გამოიღეთ ტაფა, ზემოდან მოაყარეთ დარჩენილი ყველი და 15-20 წუთით ისევ დააბრუნეთ აირღუმელში, სანამ კარგად დაიბრაწება. მიირთვით ოდნავ შეგრილებული.