ყველა კაცი ერთნაირია
რა იქნება, რომ...
ზუკა და გიგი ერთმანეთის მიყოლებით შევიდნენ ვახოს კაბინეტში და სავარძლებში მოკალათდნენ.
– კარგია, რომ დაბრუნდით. გაიარა რეაბილიტაციის პერიოდმა? მიხარია. იმედია, ახლა უკვე ყველაფერი კარგად იქნება. დამშვიდდი ხომ ცოტა, მზად ხარ, რომ იმუშავო? – ზუკას მიუბრუნდა ვახო. გიგიმ დაასწრო და მრავალმნიშვნელოვანი ჩაღიმებით ანიშნა, წასულია ამის საქმე, ფუჭად ჩამიარა წვალებამო.
ზუკამ კი, პირიქით, საკმაოდ მხნედ გასცა პასუხი:
– მე ყოველთვის მზად ვიყავი და ვარ კიდეც, პატიოსნად შევასრულო ჩემზე დაკისრებული მოვალეობები. ამ ვაჟბატონს კი სულ ტყუილად ეცინება ირონიულად. ზუსტად ვიცი, რას ვაკეთებ და პრობლემას არავის შევუქმნი. უპირველესად კი შენ, საკუთარ თავსაც, რა თქმა უნდა.
– ჰოდა, გადასარევი ამბავია. ესე იგი, შემიძლია, მშვიდად ვიყო. დროა, ჩვეულ რეჟიმში განვაგრძოთ მუშაობა. ხუთი დღე დარჩა იმ ივენთამდე და ჯერ არაფერი გაგვიკეთებია. დიზაინიც კი არ არის მზად. არ მინდა, თქვენი ემოციონალური არამდგრადობის გამო, შემკვეთთან შევრცხვეთ.
„შემკვეთის“ ხსენებაზე ზუკას ფერი ეცვალა და უსიამოვნოდ დაიღრიჯა. ვახო მაშინვე მიხვდა:
– ვიცი. მე ყველაფერი ვიცი, მაგრამ ერთხელ ხომ გთხოვეთ, ყველაფერი პირადული ზღურბლზე დატოვეთ და ამ ოფისში ისე შემოდით-მეთქი.
– ასეც იქნება, – სწრაფად დაეთანხმა გიგი და ზუკას უკმაყოფილოდ გადახედა.
– ჰო, აბა, რა. შენ ჩემს გამომეტყველებას და მიმიკებს ყურადღებას ნუ მიაქცევ. შეიძლება, ეგ ტიპი ძალიანაც არ მევასება, მაგრამ ჩემს საქმეს ხუთიანზე გავაკეთებ. ეჭვი არ შეგეპაროს.
– წადით მაშინ და იმუშავეთ. დღის ბოლოს ორივემ უნდა მანახოთ, რასაც გააკეთებთ. გიგი, შენ მაინც დაურეკე და ჰკითხე, კიდევ ხომ არ სჭირდება რამე. არაფერი დაგავიწყდეს.
– ველაპარაკე უკვე, სანამ აქ შემოვიდოდით და უნდა მივიდე.
– წადი მაშინ, ნუღარ აგვიანებ... ეს ივენთი ისეთი უნდა გამოვიდეს, ყველამ ჩვენზე ილაპარაკოს. ვინც ვართ დაპატიჟებულები, ხომ იცით?
– არ ვიცი ჯერ, წამოვალ თუ არა, – პირქუშად ჩაილაპარაკა ზუკამ.
– ყველანი წამოხვალთ! – ბრძანებასავით გაისმა ვახოს ნათქვამი, – შენ, მით უმეტეს, უნდა წამოხვიდე. ისევ შენ გჭირდება და შეგიძლია, საკუთარ თავს ავტოტრენინგივით ჩაუტარო. ნერვების გამოწრთობასავით იქნება და წაგადგება.
ზუკას აღარაფერი უთქვამს. წამოდგა და თავჩაღუნული გავიდა ოთახიდან.
ვახომ თავი გადააქნია.
– აბა, რეაბილიტაციის პერიოდმა კარგად ჩაიარაო? ეს ისევ ფიქრობს იმ ქალზე.
გიგიმ მხრები აიჩეჩა.
– ფიქრობს, რა... ტვინიდან ხომ ვერ ამოვუღებ, ნეიროქირურგი მე არ ვარ და, ასე მალე რანაირად დავავიწყო? სანამ თვითონ არ მიხვდება, რომ დაკარგულია მისთვის ეგ ქალი, რამდენიც უნდა ველაპარაკოთ, შედეგს ვერ მივიღებთ.
– ბიჭო, იცი, რას ვფიქრობდი – იქნებ, მართლა ამისგან ელოდება შვილს?
– მერე რა! ეს რას ცვლის? ქმარი ჰყავს და ბედნიერი ოჯახი აქვს. ესეც რომ არ იყოს, არ სჭირდება იმ ქალს არც მეგობრად, არც შეყვარებულად, არც საყვარლად, არც ქმრად, არც თავისი შვილის მამად და საერთოდ, არც არაფრად. როცა იქნება, გაიგებს ამას.
– უნდა გაიგოს. ამიტომაც დავაძალებ, რომ წამოვიდეს – თავისი თვალით ნახავს, რომ ზედმეტია.
– ვეჭვობ, ეს კარგი იდეა იყოს. რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდეს.
– მაგისი შიში მეც მაქვს, მაგრამ ჩვენ რისთვის ვართ?! შენ ჩაიბარებ და მიხედავ. ასეთი სახით ნუ მიყურებ. გაუძელი ცოტა ხანს. საქმეს სჭირდება.
გიგიმ ამოიოხრა.
– სხვა რა გზა მაქვს. რადგან შევტოპე, ბოლომდე უნდა გავიტანო. თუმცა, სიმართლე გითხრა, ძალიან დამღალა ამ ამბავმა.
– მეც. მაგრამ ჩვენ ხომ ახლა ვერაფერს შევცვლით... ერთი მაგ ივენთმა ჩაიაროს მშვიდობით... შენ წადი, არ დაგაგვიანდეს იმ კაცთან, სირცხვილია. მაგას საერთოდ არაფერი დაუშავებია. რა მისი ბრალია, ბოზი ცოლი რომ ჰყავს, – უცებ ვახო გაჩუმდა და სახეზე სიწითლემ გადაუარა.
გიგი უხერხულად აწრიალდა.
– ჰო, მაგრად ტეხავს, ოღონდ ეგ მარტო მისი პრობლემაა და ალბათ, არ გრძნობს დისკომფორტს. მოკლედ, არ ვიცი, რა... რას გაუგებ ამ მურტალ ცხოვრებას. წავედი მე და საღამოს ან დაგირეკავ, ან შემოგივლი.
***
ლევანი სწრაფად გადმოხტა მანქანიდან და ცოლს კარი გაუღო. მერე ხელი მიაშველა და ციმციმ გადმოიყვანა.
– მოდი, მოდი, ყველაფერი უნდა გაჩვენო. თუ რამე არ მოგეწონება, დრო კიდევ არის და შევცვლით. ის დიზაინერიც მოვა, ჩვენს საიმიჯო რეკლამებზე რომ მუშაობს. აუხსენი, დაელაპარაკე, კიდევ რა დეტალები გვჭირდება ივენთის გასაფორმებლად... ეს მუქი ოქროსფერი ხომ მოგწონს.
ლიზამ ტუჩებგაბუსხულმა შეათვალიერა აბრჭყვიალებული ფირნიში და მოხატული კარი.
– ცოტა „ყვირის“, ისე ცუდი არ არის. მდიდრული იერი აქვს. ახლა ვფიქრობ, ხომ არ შევცდით, ეს სტილი რომ ავირჩიეთ, უფრო სადა და თანამედროვე ხომ არ აჯობებდა?
ლევანმა გაიცინა და მკერდზე მიიდო ხელი...
– შენ გინდა ინფარქტმა დამარტყას? ეს ავეჯი იტალიიდან ჩამოვატანინე. იცი, რა დამიჯდა? შენ ხომ გინდოდა, ყველაფერი ძალიან ძვირფასი ყოფილიყო.
ლიზამ ნებიერად გადაიკისკისა.
– რა თქმა უნდა, მინდოდა. შენ ჩემი ყოჩაღი ბიჭი ხარ და ძალიან დამჯერიც. ამიტომ ვარ შენ გვერდით.
ლევანმა საყვედურნარევი კილოთი, ისე, ქალს რომ არ სწყენოდა, ჰკითხა:
– სულ ეს არის და არ გიყვარვარ?
– როგორ არა. ეს თავისთავად იგულისხმება. შენ ხომ იცი, გრძნობების სიტყვებით გაფუჭება არ მჩვევია. არც მოგეწონება, გამუდმებით რომ ვიძახო – მიყვარხარ, მიყვარხარ-მეთქი. მთავარია, შინაგანად ვგრძნობ ამას. ყვირილი რა საჭიროა?
– ხანდახან მაინც მითხარი, – ლევანი ცოლისკენ გადაიხარა და ლოყაზე აკოცა, – მე ხომ გეუბნები ხოლმე.
– ეგ შენი კეთილი ნების გამოხატულებაა და შენი სურვილი. მე ხომ არ დამიძალებია?!
– როგორ ოსტატურად შეგიძლია საქმის საშენოდ შემოტრიალება, – თავი გადააქნია კაცმა, – მაგრამ მე მომწონს. ჩემი ცოლი სხვანაირი ვერც წარმომედგინა.
ლიზა ნელა დადიოდა კაფე-სალონში და ნივთებს ყურადღებით ათვალიერებდა, ზოგიერთს ხელითაც ეხებოდა... ქმარიც უხმოდ დაჰყვებოდა უკან.
– მოსაწვევებიც ხომ ოქროსფერში შეუკვეთე...
– მოსაწვევებიც და სავიზიტო ბარათებიც... ახლა რომ მოვა, ნიმუშებსაც მოიტანს. იცნობ იმ ბიჭს, ერთხელ გაგაცანი კიდეც.
ლიზამ გულგრილად აიჩეჩა მხრები.
– შენ გგონია, ვისაც კი გამაცნობ, ყველას დამახსოვრებით ვიღლი ტვინს? ძალიან უცნაური ვინმე ხარ, საყვარელო. ჩემს გონებას ასეთი უსარგებლო ვარჯიში არაფერში სჭირდება. ფარდები არ მომწონს, გამოსაცვლელია... სკამებზეც ეს რა ძონძი გადაგიკრავთ, ლევან, სად იშოვე ეს საშინელება. რა უბედურებაა... სადა, ნაზი ოქროსფერი ხავერდი მინდა, სალონის ლოგოტიპამოქარგული ფარჩის დიდი ბაფთით. პირველი ივენთისთვის ხელსახოცებზეც თუ ჩვენი ლოგო იქნება, კარგია... ჰო, არც ეს შანდლები მომწონს, უფრო მსუბუქი უნდა იყოს. მეტი ბროლით და ნაკლები ლითონით... წამოდი, ჭურჭელიც უნდა ვნახო და ოფიციანტების სამოსიც... ჰო, მართლა, ოქროსფერი ნაქარგი და ლოგო მათ მკლავებზე გადაკიდებულ ხელსახოცებზეც უნდა იყოს აუცილებლად... აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მენიუ ასეთ საზიზღარ კი არა, ატლასის ქაღალდზე უნდა იყოს დაბეჭდილი, ყდებს კი ხავერდი გადააკარით...
ლევანი შეწუხდა.
– საყვარელო, ხუთ დღეში ამ ყველაფერს როგორ მოვასწრებთ?
ლიზამ გაოცებით ასწია წარბები.
– მაშინ ივენთს გადავდებთ. რა გინდა, შევრცხვე ჩემს მეგობრებთან და ნაცნობებთან? არც იოცნებო. თანაც, პირველ შთაბეჭდილებას კოლოსალური მნიშვნელობა აქვს. თუ არ მოვეწონებით და უპირობოდ არ მოიხიბლებიან ჩვენი სალონით, აქ აღარ მოვლენ. შენი მენეჯმენტი არ ვიცი, მე სხვანაირი მენეჯმენტი მაქვს და ვხვდები, რომ ეს უფრო გაამართლებს... არ შემეკამათო, თორემ საერთოდ აღარ დავინტერესდები. წავალ და სახლში დავჯდები.
– საყვარელო, რატომ მიბრაზდები? – ლევანი გაწიწმატებულ ცოლს ხელზე მოეფერა, – მე ეს კაფე-სალონი შენთვის გავაკეთე. დირექტორიც შენ ხარ, მენეჯერიც, მბრძანებელიც და საერთოდ ყველაფერი. წამოდი ბანკიდან, არ მინდა, ჩემი ცოლი ურჩ და უპასუხისმგებლო კლიენტებს დასდევდეს. დროა, საკუთარი ბიზნესი გქონდეს. მე არც მენეჯმენტში ჩავერევი, არც მართვაში და არც კადრების შერჩევაში. მხოლოდ დაგეხმარები, როცა ჩემი შველა დაგჭირდება.
– ლიზამ წამწამები დააფახულა.
– სერიოზულად ამბობ?
– რა თქმა უნდა.
– მერე, ბავშვი?
– ძიძა ხომ გეყოლება? თავიდან მეც მოგეხმარები.
ქალი ჩაფიქრდა.
– „ბიზნესვუმენი“ უნდა გავხდე? დიდი ეშმაკი ვინმე ხარ, ამ საჩუქრით ერთ ადგილზე „დამაბამ“. დრო საერთოდ აღარ მექნება. თუ გინდა, რომ ჩემმა კაფე-სალონმა მაგრად იმუშაოს, მუდმივად მოძრაობაში უნდა ვიყო და აქაურობას ყურადღება არ მოვაკლო. სრულად მაძლევ შესაძლებლობას, დრო ისე გავატარო, როგორც მომინდება – უცხოეთში ვიარო, ან უიქენდები მოვაწყო ქალაქგარეთ. ღირს ამხელა პასუხისმგებლობის აკიდება? ლევან, პირდაპირ მითხარი, რა ჩაიფიქრე!
– მხოლოდ ის, რომ შენ მყავდე ბედნიერი. დარწმუნებული ვარ, მოგეწონება მართვა. მაგრამ თუ დაიღლები, მეტყვი და პრობლემა არ არის, მაშინვე მოგაშორებ ზედმეტ ვალდებულებას.
ლიზამ თვალები მოჭუტა.
– ჰო? შენ ფიქრობ, ეს ჩემი საქმეა?
– დარწმუნებული ვარ. მიდი, მაჩვენე, რა შეგიძლია. ხომ თქვი, რომ ქალაქში მეორე ასეთი კაფე-სალონი არ იქნება. ჰოდა, გაამართლე შენი ნათქვამი. ძალიან დიდი ფული ჩავდე ამ ყველაფერში და არ მინდა, ფუჭად გაფლანგული აღმოჩნდეს. კი არ ვწუწუნებ, გულწრფელად მაინტერესებს, რა შეგიძლია.
– ეს უკვე ინტრიგაა, – გადაიკისკისა ლიზამ, – კარგი, თანახმა ვარ, ოღონდ, ამ საქმეში მარტო არ ვიქნები. ნინი უნდა დავითანხმო, ჩემთან იმუშაოს.
ლევანმა თავი დაუქნია.
– ხომ გითხარი, შენს საქმეში არ ჩავერევი-მეთქი. სრული თავისუფლება გაქვს კადრების შერჩევაში. მით უმეტეს, რომ შენი მეგობრებიდან ნინი ყველაზე ძალიან მომწონს. ჰო, კიდევ... პროდუქციის მომარაგებაში ჩვენი თანამშრომელი დაგეხმარება და ის იზრუნებს ყველაფერზე. შენ მარტო დაავალებ...
– მოკლედ, აღარც მეკითხები, თანახმა ვარ თუ არა... – გაიღიმა ლიზამ და ქმარს მხარზე მიეხუტა, – იცოდე, ამაზე შენი ხათრით ვთანხმდები.
– ყველაზე მეტად ამის მოსმენა გამახარებდა, – თვალი ჩაუკრა კაცმა და ცოლს ცხვირზე აკოცა, – მგონი, მოვიდა კიდეც ჩვენი მეგობარი... ლევანი დარბაზში შესულ გიგის მიესალმა და მეუღლეს წარუდგინა.
– აი, ლიზა, მიხედე და თუ ჩემგან დაგჭირდებათ რამე, აქვე ვიქნები.
გიგისთან პირისპირ მარტო დარჩენილმა ქალმა ბიჭი თავიდან ფეხებამდე ეჭვნარევი, ორაზროვანი ღიმილით შეათვალიერა. გიგიც ღიმილით შესცქეროდა, ოღონდ მის მზერაში ირონია უფრო მეტი იყო, ვიდრე აღფრთოვანება. მერე კი ნელა და საკმაოდ ხმადაბლა წარმოთქვა.
– ესე იგი, ეს თქვენ ხართ...
ლიზამ წარბი შეიკრა.
– ჰო, მე ვარ. თუმცა, არ მესმის, რას ნიშნავს თქვენი ეს სიტყვები... რას გულისხმობდით, იქნებ დამიკონკრეტოთ?
– თქვენ, ანუ ქალი, რომელზეც ბოლო ერთი წელია, თითქმის ყოველდღე მესმის რაღაც-რაღაცეები... – თვალი ჩაუკრა გიგიმ.
ლიზამ ბოლომდე შეინარჩუნა სიმშვიდეც და ირონიაზე ირონიითვე პასუხის უნარიც.
– არ მიკვირს, – მიუგო თვალებმოჭუტულმა, – ჩემზე ძალიან ბევრი მამაკაცი ოცნებობს და შეიძლება, რაღაც-რაღაცეებიც ესმის... თქვენ ნამდვილად არ იქნებით ერთადერთი.
გიგიმ ჩაიცინა.
– მე თქვენით მოხიბლული არ ვარ, თუმცა...
– მომწონს ასეთი პირდაპირობა. განსაკუთრებით მაგ „თუმცამ“ დამაინტერესა. ბოლომდე რომ მითხრათ, რას ფიქრობთ ჩემზე... მაინც ერთად უნდა ვიმუშავოთ და მინდა, ერთმანეთის ბოლომდე გვესმოდეს.
– არ ვისურვებდი, ბოლომდე გამეგო თქვენი, – სიცილით გაასავსავა ხელები გიგიმ, – ძალიან ლამაზი ბრძანდებით, მაგრამ მე ცოტა სხვანაირი გემოვნება მაქვს. სამაგიეროდ, ერთ ადამიანს ვიცნობ, რომელიც სიზმარშიც კი თქვენს მაგიურ ღიმილს ხედავს.
ლიზა მოიღუშა. ტონიც აშკარად შეეცვალა. მასში აღარ ჟღერდა კეთილგანწყობის და სიკეკლუცის „ნოტები“.
– მოდი, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. დრო ცოტა გვაქვს და ვშიშობ, ყველაფერს ვერ მოვასწრებთ.
გიგიმ გულზე ხელები დაიკრიფა და ქალს ღიმილით მიაჩერდა.
– აი, როცა ბრაზობთ, მაშინ უკვე მესმის ჩემი მეგობრის... მთლად ბოლომდეც არა, მაგრამ... ყოველ შემთხვევაში, ზუკასნაირ გამოუცდელს და მიამიტს, ბევრი არც სჭირდება...
ზუკას ხსენებაზე ლიზას გადატკეცილ სახეზე ჩრდილმა გადაუარა, მაგრამ სწრაფადვე შეძლო, საკუთარი თავის ხელში აყვანა.
– პრივატული საუბრები სამუშაო რეჟიმში ჩემი სტილი არ არის, – თქვა წარბშეკრულმა, – საქმეს მივხედოთ.
– პრივატული საუბარი? რას ბრძანებთ. მე, უბრალოდ, თავაზიანობა გამოვიჩინე და აღვნიშნე, რომ თქვენს მდგომარეობაშიც კი, ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურებით. თუმცა, ეს კომპლიმენტად მიიღეთ, მეტი არაფერი...
ლიზამ ავად შეხედა უტიფრად მოღიმარ ბიჭს. მკლავში სტაცა ხელი და დარბაზის შედარებით მყუდრო მხარეს გაიყვანა.
– აბა, სწრაფად მითხარი, რა გინდა და რატომ ცდილობ, ვიღაც ზუკაზე დამელაპარაკო?
გიგიმ მოგონილი გაოცებით ასწია წარბები.
– ზუკა, ვიღაც შეიძლება არის, მაგრამ მეც და თქვენც, ორივე ძალიან კარგად ვიცნობთ და მგონი, თქვენთვის საინტერესო, ასევე, სასარგებლო იქნება, თუკი რამდენიმე წუთს ამ თემას დავუთმობთ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში