სულელი სინდისი
მისი მოკვლა არც უფიქრია, თავისთავად მოხდა. პოლიციელი მთელი ძალით ურტყამდა... არადა, ყველაფერი თითქმის გამოუვიდა. მისი გამოპარვა არავის გაუგია. მაწანწალობისთვის დაიჭირეს. პრინციპში, ის დაწესებულება, სადაც მოათავსეს, ციხე არ იყო. ნორმალურად აჭმევდნენ და თავისუფლად სიარულის უფლებასაც კი აძლევდნენ. მთავარი იყო, რვა საათზე, სიის ამოკითხვისას, ადგილზე ყოფილიყო და, დილითაც, ცხელი წვნიანის დარიგებისას, არ დაეგვიანა – მაშინ აუცილებლად გადაიყვანდნენ ჩვეულებრივ ციხეში. მაინც გაიქცა. შეიძლება, თავისი ბედისწერის შესახვედრად... ნახშირის გადასატან ვაგონში იმალებოდა, როგორც თვითონ ეგონა, საგულდაგულოდ და საიმედოდ. პოლიციელმა იქაურობას ფანარი რომ მოატარა, თავდაპირველად არც კი შეუნიშნავს. ისიც გაიტრუნა, სული განაბა. რამდენიმე მტანჯველი წუთი გავიდა. როცა იფიქრა, რომ პოლიციელის გაცურება მოახერხა და, შეეძლო, გზა გაეგრძელებინა, სწორედ მაშინ მოტყუვდა – პოლიციელი არსად წასულა. მიუხედავად საკმაოდ ცივი ღამისა, იქვე იყო ჩასაფრებული და, როცა ვაგონიდან ჩახტა, თითქმის მაშინვე გაიგონა სასტვენის ხმაც...
– მემალებოდი, ხომ, ნაბიჭვარო!.. – პოლიციელმა უხეშად შეიგინა.
გაიქცა. პოლიციელი გამოეკიდა. რაც ძალი და ღონე ჰქონდა, გარბოდა. თვითონ ახალგაზრდა იყო, პოლიციელი კი მასზე ხანდაზმულიც და მსუქანიც. უკვე ქოშინებდა სირბილისგან გადაქანცული. როცა იფიქრა, მორჩა, მე ეს ვეღარ დამეწევაო, სწორედ მაშინ უმუხთლა ბედმა – რელსზე ფეხი დაუცურდა და დაეცა. ხმამაღლა დაიღმუვლა ტკივილისა და იმედგაცრუებისგან. მაინც წამოხტა, მაგრამ პოლიციელი მისწვდა და მაგრადაც ჩაავლო, მერე კი აამუშავა ხელკეტი – მთელი ძალით ურტყამდა ყველგან, სადაც კი მისწვდებოდა.
– დამალობანას თამაში მოგინდა ჩემთან, იდიოტო?
მერე წააქცია და წიხლებით შესდგა, თან უშვერი სიტყვებით აგინებდა. თუმცა, ამ ყველაფრის მერეც არ უფიქრია მკვლელობაზე, ხელში რკინის სოლი რომ არ მოხვედროდა, აი, ისეთი სოლი, ლიანდაგის ქვეშ რელსის გასამაგრებლად რომ შეარჭობენ ხოლმე. პოლიციელი მისკენ რომ დაიხარა, ხელი მოიქნია და სოლი პირდაპირ შუბლში ჩაარტყა. პოლიციელის მძიმე სხეული უსულოდ დაენარცხა ლიანდაგებზე...
გარბოდა, ეცემოდა, დგებოდა და ისევ გარბოდა. რამდენიმე მეტრის გარბენის შემდეგ, ხელში შერჩენილი სოლი შენიშნა და შეძრწუნებულმა შორს მოისროლა. ო, რა სიამოვნებით დაჯდებოდა მიწაზე და ცოტათი სულს მოითქვამდა... მაგრამ, არა, სასწრაფოდ უკან უნდა დაბრუნებულიყო, ლოს-ანჯელესში, იმ თავშესაფარში, საიდანაც გაიპარა. სამზარეულო ზუსტად დილის შვიდზე იღებოდა. იქ უნდა ყოფილიყო, თითქოს არც არსად წასულა. ამაზე უკეთეს ადგილს ვერც ინატრებდა, მთავარი იყო, კერძის დამრიგებლისთვის თავი დაემახსოვრებინა. როცა ქუჩის ფანრები ჩაქრა და ცას ოდნავ შეეპარა ნათელი, ის უკვე ქალაქში იყო. საათი ექვსის ათ წუთს უჩვენებდა. არაქათი ბოლომდე ჰქონდა გამოცლილი. ძლივს მილასლასებდა და მაშინვე იქით გაემართა, სადაც მაწანწალები უკვე რიგში დგებოდნენ კუთვნილი კერძის მისაღებად, უხეშად მისწი-მოსწია ისინი და რიგს სათავეში მოექცა, ისე, რომ მათი უკმაყოფილო ბუზღუნისა და მუჯლუგუნებისთვის ყურადღება არ მიუქცევია. კერძის დამრიგებელმა იცნო ის:
– შენ ისევ აქ ხარ?
– აბა, სად უნდა ვიყო?
– მეგონა, გაიპარებოდი... – ახითხითდა კერძის დამრიგებელი.
– არც მიფიქრია... ხორცს ხომ არ მომცემ?
– არა. დღეს ხორცი არ იქნება, შაბათია.
– შაბათი? მე პარასკევი მეგონა. მატყუებ რაღაცას.
– არა. მიწამ მიყოს პირი, თუ შაბათი არ იყოს.
– მართლა? ესე იგი, ხორცს არ მომცემ?
– ჯანდაბას, მოგცემ ერთ ნაჭერს, ოღონდ, სწრაფად შეჭამე, თორემ, შეხედე, როგორი მშიერი თვალებით გიყურებენ...
მორჩა. მიზანი მიღწეული იყო – ახლა ალიბი ჰქონდა. მან არა მხოლოდ თავისი ადგილზე ყოფნა დააფიქსირა, არამედ, დღეც დააკონკრეტა. ახლა შეეძლო, მშვიდად ყოფილიყო. მან სწრაფად გადასანსლა ხორცის ნაჭერი და წვენიც დახვრიპა... შემოფარგლული ზონის გარეთ სეირნობის უფლება უკვე ჰქონდა... ხუთ საათამდე შეეძლო, სადაც მოუნდებოდა, იქ წასულიყო. მიიხედ-მოიხედა და რკინის მესერისკენ ნელი ნაბიჯით წავიდა. მოუსვენრად თავი ნახევარი საათის შემდეგ იგრძნო. ასეთი განცდა ბავშვობაში ჰქონდა ხოლმე – როცა რამეს დააშავებდა, ყურში თითქოს საეკლესიო ზარების გუგუნი ჩაესმოდა და მაშინვე დანაშაულის მონანიების სურვილი უჩნდებოდა, მწველი სურვილი, რომელთან გამკლავება სულაც არ იყო ადვილი. ზარები მწყობრად და თანაბრად აგუგუნდნენ... ლინკოლნ-პარკისკენ წასულმა, მკვეთრად შეცვალა მიმართულება და პირველივე შემხვედრ პოლიციის განყოფილებაში შევიდა.
– დანაშაულის აღიარება მინდა, უნდა ჩაგბარდეთ.
პოლიციელმა ეჭვით შეხედა.
– რა გინდა, შვილო?
– ადამიანი მოვკალი... გუშინ.
– რა? სად მოკალი?
– სან-ფერნანდოში, რკინიგზის სადგურთან ახლოს.
– პოლიციაში მხოლოდ ერთი შეტყობინება შემოვიდა მიდამოებიდან. ჩვენი თანამშრომელი, პოლიციის ოფიცერი, ტრაგიკულად დაიღუპა – მატარებლიდან ჩამოვარდა და ლიანდაგებზე დაიმტვრა. საწყალმა, თავი გაიტეხა, მერე კი მატარებლის ბორბლების ქვეშ აღმოჩნდა... საწყალი ლარი ჰოტა... სულ ღამით იცოდა მუშაობა და ეს მოსალოდნელიც კი იყო... ასე რომ, შენ, შვილო, რაღაც სხვა უბედურება გჭირს და ვხვდები, რაც... წყნარად იჯექი...
პოლიციელმა შიდა ნომერი აკრიფა და ყურმილში მთელი ხმით ჩასძახა:
– ერთი აქ შემოდი, ფრენკი... მგონი, შენი ჩიტი დავიჭირეთ! ჰო, სწორედ ის, ნიუ-ჯერსიში, ჰეკენსეკში მომხდარ ძარცვაში რომ არის ეჭვმიტანილი. სინდისმა შეაწუხა ბიჭი. საზიზღარი რამეა ეს სინდისი... გაგიმართლა, ფრენკი, თავისი ფეხით მობრძანდა განყოფილებაში. არა, სად გავუშვებ... მოდი, ჩქარა!..
... სინდისი მართლაც საზიზღარი რამე აღმოჩნდა... არადა, თითქმის ყველაფერი გამოუვიდა... თურმე...