რატომ დადის ბოლო დროს ხშირ-ხშირად ლიკა შუბითიძე ამერიკიდან თბილისში და ვინ გახადა მისი ცხოვრება რადიკალურად განსხვავებული
მომღერალი ლიკა შუბითიძე რამდენიმე წელია, კარიერას ამერიკაში განაგრძობს და იქ მას როგორც „შუბას,” ისე იცნობენ. 5-წლიანი წარმატება მასთან დიდი შრომის ფასად მივიდა და ქართველი მომღერალი სრულიად უცხო ქვეყანაში ბევრმა გაიცნო. ამჯერად ჩვენი რესპონდენტი თბილისშია და ერთ თვეში კვლავ მიემგზავრება.
– ლიკა, უკვე 5 წელია, ამერიკაში ცხოვრობ და იქ განაგრძობ მუსიკალურ კარიერას. ბოლო დროს ხშირად ახერხებ საქართველოში ჩამოსვლას. ეს რას უკავშირდება?
– ხან იქ ვარ და ხან აქ, მივდივარ-მოვდივარ, რაც ჩემთვის ძალიან კარგია. ეს ყველაფერი კი საშუალებას მაძლევს, ამერიკაში მიღებული გამოცდილება, აქ იმ ადამიანებს გავუზიარო, ვისთვისაც ეს მნიშვნელოვანია. ბოლოს სექტემბერში ვიყავი წასული, დეკემბერში ჩამოვედი და მარტში ისევ მივდივარ. ალბათ, ზაფხულამდე იქ ვიქნები.
– ასე ხშირად ჩამოსვლის მიზეზი რა არის?
– დავფიქრდი და მივხვდი, რომ წლები გადის და იქ ხანგრძლივად გატარებული დრო მტოვებს მშობლებთან და მეგობრებთან ურთიერთობის გარეშე, რაზეც საკმაოდ ვნერვიულობ. ამის გამო, გადავწყვიტე, ნახევარი-ნახევარზე ვყოფილიყავი – იქაც და აქაც. ამას გარდა, ჩემი ხშირი სიარული ამერიკიდან საქართველოში, პირად ამბებსაც უკავშირდება, რომელიც ძალიან კარგად ვითარდება.
– ანუ, პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეები გაქვს?
– წინა ინტერვიუ რომ ჩავწერეთ, მაშინაც მქონდა ეს სიახლე, მაგრამ არ ვიყავი მზად, გამემჟღავნებინა. საერთოდ, არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ახლა ისეთი კარგი რაღაცეები ხდება, ღირს კი არადა, მიხარია ამ თემაზე ლაპარაკი.
– ხომ არ გეგმავთ ახლო მომავალში ურთიერთობის დაკანონებას?
– ოფიციალურად გაფორმებულები არ ვართ, მაგრამ ერთად ვართ, რაც ძალიან სასიამოვნოა.
– შენს პროფესიასთან თუ აქვს საერთო?
– კი. პროფესიით დიპლომატი და მუსიკოსია.
– მოდი, ბოლომდე გულახდილი იყავი და გვითხარი, ვინ არის შენი რჩეული?
– ის არის ტატო, იგივე არჩილ გეგეჭკორი. მუსიკოსი, რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ საქართველოში გავიცანი. მერე ტატოც ნიუ-იორკში აღმოჩნდა, სადაც გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა. წლების განმავლობაში ერთად ვუკრავდით ბარებსა და კლუბებში. ასე, მეგობრულად დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, რომელიც სიყვარულში გადაიზარდა და დღეს ასე კარგად ვართ.
– ტატო ამ ეტაპზე საქართველოში ცხოვრობს?
– ტატო ჯერჯერობით აქ უნდა იყოს, რადგან მის მეორე პროფესიას სჭირდება ასე. აქ მუშაობს.
– ალბათ, რთულია, როცა საყვარელი ადამიანი ოკეანის გადმოღმა გყავს.
– კი, ძალიან რთული ყოფილა, რაც ვერ წარმომედგინა. ვამბობდი, წავალ ორი-სამი თვით და ისევ ჩამოვალ-მეთქი. თითებზე ჩამოთვლა არაფერი ყოფილა, რეალურად კი, დრო ძალიან იწელებოდა.
– როცა შეყვარებული ხარ, ცხოვრებაც სხვანაირია. სხვანაირად მღერი, სხვანაირად ქმნი მუსიკას და ასე შემდეგ.
– მართლა სხვანაირია ცხოვრება მაშინ, როცა შეყვარებული ხარ. კარგია, როცა საყვარელი ადამიანი გვერდით გყავს. მაგრამ, იმასაც თავისი ხიბლი აქვს, როცა ხანმოკლე დროით ცალ-ცალკე გიწევს ცხოვრება. თუმცა, ვფიქრობ, 2-3 თვე მაინც ბევრია. სამწუხაროდ, ერთი კვირით ამერიკაში წასვლა არ გამომივა. გეგმაში გვაქვს, მარტში რომ წავალ, ტატო ივნისში ჩამოვიდეს და მერე ერთად მოვაწყოთ ტურნე. სხვათა შორის, ზუსტად ერთი წლის წინ, ძალიან კარგი ტურნე გვქონდა – 9 დღეში ამერიკის შტატები მოვიარეთ. ახლაც იგივეს ვგეგმავთ. სენტლუისში აუცილებლად გვექნება კონცერტი, ასევე, ვგეგმავთ კონცერტს კოლორადოს შტატში.
– ერთი პროფესიის ორი ადამიანი, ხშირ შემთხვევაში, თავს ერთად ძალიან კარგად გრძნობს, რადგან მათ ერთმანეთის კარგად ესმით.
– ნამდვილად ასეა. თან, ალბათ, მეც წლები რომ მომემატა, თავში ისე აღარ მიქრის. თუ სამსახურში არ არის, ფაქტობრივად, სულ ერთად ვართ. ბევრი საერთო მეგობარი გვყავს, გვაქვს საერთო ინტერესები. მოკლედ, იმდენად კარგი და ჰარმონიული ურთიერთობა გვაქვს, არც მეგონა, ასე თუ იქნებოდა.
– ანუ, შენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა?
– მისდამი ურთიერთობა არ შემცვლია, უბრალოდ საკუთარ თავს ხშრად ვამჩნევ, რომ სხვანაირი ვარ. საკმაოდ კომფორტული გავხდი, თუმცა მიმაჩნდა, რომ ადრე ნამდვილად არ ვიყავი მარტივად ასატანი. ცოტა რთული ხასიათი მაქვს. ყველა მეუბნება ამას, მაგრამ რას ვიზამ, ასეთი ვარ.
– ამერიკაში ერთ თვეში მიემგზავრები. იქ რა გეგმები გაქვს ტურნეს დაწყებამდე?
– ჯერ ზუსტად არ ვიცი, თუმცა კონცერტები მექნება. იანვარში გამოვიდა ჩემი ახალი სიმღერა, რომელიც შესულია ალბომში, სადაც ჩემს გარდა კიდევ 10 სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსია გაერთიანებული. ლეიბლის 17 მუსიკოსი ვართ ერთად, საიდანაც 10 მომღერლის სიმღერა ამ ალბომში შევიდა. ძალიან საინტერესო სინთეზი გამოვიდა ჩემს პროდიუსერთან ერთად.
– ბოლოს როდის გქონდა ამერიკაში კონცერტი?
– სექტემბერში მქონდა და კარგად ჩაიარა. ბევრი ადამიანი მოვიდა მოსასმენად. სხვათა შორის, ქართველების მხარდაჭერას ვგრძნობ, რაც ჩემთვის ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია.
– საქართველოში ყოფნის დროს საქმითაც ხარ დაკავებული თუ მხოლოდ ისვენებ?
– საქართველოში მე და ჩემმა მეგობრებმა წამოვიწყეთ ერთი კარგი პროექტი „ყველა.” გვინდა, ჩვენი რესურსი გავუზიაროთ სხვებს. ამ შემთხვევაში, მინდა, მათ ჩემი მუსიკა გავუზიარო, რადგან არ აქვთ საშუალება, მოვიდნენ ბარში ან სხვა ადგილას. პირველ სამიზნე ჯგუფად ავიღეთ გლდანის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი. გავაკეთეთ პრეკონცერტი, შემოსული თანხით კი, მათ ვუყიდეთ ის მასალა, რომელიც სჭირდებათ. 26 დეკემბერს კი, იქვე გავაკეთეთ საერთო კონცერტი, სადაც ჩართული იყვნენ ბენეფიციალებიც. ძალიან ემოციური და მაგარი კონცერტი იყო, მგონი, ყველაზე მაგარი, რაც ოდესმე გამიკეთებია. ამ ეტაპზე გვინდა, მათივე ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. მარტამდე თუ არ მოხერხდება, ზაფხულში აუცილებლად გავაკეთებთ.