როდის არის ორი ადამიანი ერთ სიხშირეზე მოწყობილი და როგორ ხდება ცოლ-ქმრის ურთიერთობის დროს ინფორმაციის ურთიერთჩაწერა
გიორგი ღამბაშიძე: წყალი რომ სხვა სტიქიებზე აღმატებულია, ამაზე ისიც მიუთითებს, რომ ჩვენ არასდროს ვამბობთ: უფალო შემიცეცხლე, უფალო შემიჰაერე და ასე შემდეგ. ვამბობთ: უფალო შემიწყალე. სადაც უფალია, იქ არის წყალიც. თვითონ უფალსაც სულიერ საზრდოსთან მიმართებაში გამოყენებული აქვს წყალი. სახარებაში წერია ასეთი რამ: „და არს იერუსალმს ცხოვართან საბანელთა ტბაი, რომელსაც ჰქვია ებრაელებრ ბეთეზდა და ხუთ სტოვა იყო“. ამ ტბაში ანგელოზი ჩადიოდა, აამღვრევდა და, ვინც მასში პირველი ჩავიდოდა, განიკურნებოდა. ეს არის იმის დადასტურება, რომ ეს წყალი ღვთიურ ინფორმაციას იღებდა, იქნებოდა ეს სითბო, სიყვარული თუ თანაგრძნობა. ანუ, ეს კიდევ ამტკიცებს იმას, რომ წყალს აქვს ინფორმაციის ტარების უნარი.
– ხშირად ერთმა ადამიანმა მეორის არც სახელი იცის, არც გვარი, მაგრამ მის მიმართ გარკვეულ სიახლოვეს გრძნობს. ბევრს ერთმანეთი ერთი ნახვით უყვარდება. ამ შემთხვევაში რა ხდება?
– როდესაც მეგობარს ირჩევთ ან ვიღაც გიყვარდებათ, ფაქტობრივად, ქვეცნობიერად წყალში კითხულობთ იმ ინფორმაციას, რომლითაც გაჟღენთილია ეს ადამიანი. არის მართლაც ისეთი მომენტები, როცა ადამიანებს ერთმანეთი ერთი ნახვით უყვარდებათ, ან შეხედავ პიროვნებას, მისი არც სახელი იცი, არც გვარი, მაგრამ მასთან დიდ სიახლოვეს გრძნობ. ხვდები, იმ ადამიანთან მეგობრობა შეგიძლია. ამ შემთხვევაში ადამიანში არსებული 75 პროცენტი წყალი ლაპარაკობს, რომ ის კეთილი, დადებითი პიროვნებაა. ფაქტობრივად, შენ მას აღიქვამ ვიბრაციულ დონეზე. ჩვენ შეგვიძლია ადამიანებზე ჩვენი ვიბრაციებით ზემოქმედების მოხდენა. ზუსტად ამ ვიბრაციების სიძლიერეზეა დამოკიდებული, როცა კარგ განწყობაზეა ადამიანი და ის სხვებსაც გადასცემს ამას. მაგრამ, თუ ის ძლიერი არ არის, პირიქით, მას გადაედება ცუდი განწყობა. ვიბრაციების სიძლიერე კი დამოკიდებულია სიყვარულზე, სიკეთეზე. როცა სიყვარულს, სიკეთეს თესავ გარშემო, ისეთივე განწყობა იქმნება, ვიბრაციებიც ასეთივე გამოიყოფა და ეს ყველაფერი თავისთავად იწერება შენს ფიზიკურ სხეულში, რომელსაც უჯრედული მეხსიერება აქვს და შემდეგ ამით ზემოქმედებს სხვებზე.
– როგორ უნდა დაეხმაროს ადამიანი საკუთარ თავს კარგი განწყობის შექმნაში?
– დღეს რატომღაც ძალიან დავკომპლექსდით. გვგონია, რომ საკუთარი თავი არ უნდა შევაქოთ და პირიქით, სხვებმა უნდა გვაქონ. ნებისმიერს რომ ჰკითხო, უცბად ჩამომითვალე შენთვის საყვარელი ხუთი ადამიანის სახელიო, ის მაშივე ახლობლებს ჩამოთვლის, საკუთარ თავს კი არც ახსენებს. რატომღაც გვგონია, რომ არ უნდა გვიყვარდეს საკუთარი თავი. ამიტომაც, ერთ რჩევას მოგცემთ: დილას, როდესაც გაიღვიძებთ, საკუთარ თავს გაუღიმეთ. როდესაც საკუთარი თავი მიყვარს, სიყვარულის იმ ვიბრაციებს ვწერ ჩემში, რომელსაც შემდეგ გარშემო ვაფრქვევ. თუ საკუთარი სიკეთე, თვისებები არ დავაფასე, არ შევიყვარე, როგორ უნდა შევიყვარო ყველა ადამიანი. სარკის წინ საკუთარ თავს რომ გავუღიმებთ, მოვეფერებით, შევაქებთ, ეს ინფორმაცია, განწყობა ორგანიზმში იწერება და მთელი დღე გაგვყვება. სახლიდან წელში გამართულები გავალთ და იმ შეგნებით, რომ ამ სამყაროში ერთადერთი ვართ – ინდივიდი, რომელიც უფალს უყვარს და მივდივართ იმისთვის, რომ ეს სიყვარული სხვებსაც გადავცეთ. ყველამ ეს რომ გააკეთოს, წარმოიდგინეთ, ირგვლივ რამხელა სიყვარული იქნება.
– შეიძლება, წაიშალოს ყველაფერი, რაც ჩვენი ორგანიზმის მეხსიერებაშია შენახული?
– თუ წყალი გადავიდა ერთი მდგომარეობიდან მეორეში და ამ დროს რაღაც ფაზები გაიარა, მოხდება ძველი მეხსიერების წაშლა. ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური მოვლენა. რაც უნდა ცუდ მდგომარეობაში ვიყოთ, სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს. მაგალითად, თუ ვიტყვი, რომ ძალიან მიყვარს საკუთარი თავი, როგორც ღმერთის ქმნილებას, არ შეიძლება ამ ცხოვრებაში რაღაც ცუდი შემემთხვას. მე უფალი აუცილებლად სიყვარულით მატარებს. ასეთი სიტყვებით რამდენჯერმე უნდა მიმართოთ საკუთარ თავს და მერწმუნეთ, ყველაფერი კარგად იქნება. ნელ-ნელა ხასიათიც შეგეცვლებათ და ყველაფერი გამოსწორდება. დღეს და ხვალ ეს ყველაფერი თავის შედეგს გამოიღებს. იცით, რა არის მთავარი? მდგომარეობაში უნდა შეხვიდეთ. ოდესღაც ხომ ყოფილხართ შეყვარებული?! შეიძლება ახლა არავინ გიყვართ, მაგრამ თქვენს ორგანიზმს ეს მდგომარეობა ახსოვს. საკმარისია, ეს თქვენს გონებაში წარმოიდგინოთ და სხეულში იგივე რეაქცია მოხდება. ასე, სხვასაც შეგვიძლია დავეხმაროთ.
– როგორ?
– როდესაც ადამიანი ტირის, ცუდად არის, თუ მართლა მისი გულშემატკივარი ხარ, ჭიქა წყალი მიგაქვს და ეუბნები: დალიე და კარგად გახდებიო. ამას გულით აკეთებ და, გინდა თუ არა, ამით წყალს მაგიურ რიტუალს უტარებ. ისიც სვამს და ამბობს: ცოტა გულზე მომეშვაო. ფაქტობრივად, სიტყვა დაბადებული აზრია. აზრს, ფიქრს კი, ყველაზე დიდი ძალა აქვს და როდესაც მას ბადებ, სიტყვით ეუბნები, ის უკვე ვიბრაციაა, სიხშირე.
– რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ერთი ადამიანი მეორეს უარყოფით სიტყვებს ეუბნება, მასზე ცუდად საუბრობს, ფიქრობს? ამას მისი ორგანიზმიც ხომ იმახსოვრებს?
– როდესაც სხვა ადამიანზე ცუდად მოქმედებ, ეს შენშიც იწერება. თუ სხვა ადამიანზე ვამბობ: მოკვდი, მოკვდი, ამით ამ ბოროტებას ჩემში ვაორმაგებ და შემდეგ ის ასმაგდება. არ არსებობს, რომ ასეთი ადამიანი საშინელი სიკვდილით არ მოკვდეს, მისი სული განწირულია ცუდი რაღაცეებისთვის. ბევრმა იცის, რომ ბოროტებას აკეთებს, მაგრამ დარწმუნებულია, ის ამ ბოროტებას აისხლეტს. სამწუხაროდ, არსებობს ისეთი რიტუალებიც, როდესაც შეგიძლია, რაღაც გადადო, მაგრამ სამყაროში დროში გადადება არ არსებობს. უბრალოდ, ეს ნიშნავს, რომ სანამ ფიზიკურად არსებობს ადამიანი, ამას გადადებს, მაგრამ როგორც კი გარდაიცვლება, ათასმაგად მიუბრუნდება. ამიტომაც ამბობს უფალი: ვინც მსჯავრი სხვას დასდო, ის უკვე თვითონ მჯავრდებულიაო. სამყაროში დრო არ არსებობს. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ, როდესაც ადამიანები ერთმანეთს უახლოვდებიან, ამ დროს ხდება ინფორმაციის ურთიერთჩაწერა. ცოლ-ქმრის შემთხვევაში, ისინი ერთ ვიბრაციებზე ეწყობიან, იციან ერთმანეთის ჩანაწერები. თუ ადამიანებს მართლა უყვართ ერთმანეთი, ისინი დისტანციაზე გრძნობენ ერთმანეთს – ხვდებიან, მეორე ცუდად არის თუ კარგად. პატარა რხევაც იწვევს წყლის სტრუქტურის შეცვლას. ვიბრაციისთვის კი არ არსებობს არც მანძილი და არც დრო, მაგრამ ის პოულობს იმას, ვინც მოწყობილია მის სიხშირეზე, ანუ მეორე ნახევარს.
– თუ ერთ ადამიანს შეუძლია მეორე ადამიანის ორგანიზმში არსებული ჩანაწერების წაკითხვა, მაშინ გამოდის, რომ მან შეიძლება, თავისუფლად გაიგოს, მაგალითად, მეუღლის ღალატის ან სხვა ცუდი საქციელის შესახებ?
– თუ ერთი ღალატობს მეორეს, როდესაც ის სახლში ბრუნდება, ჩანაწერი ფიზიკურ დონეზე შეაქვს სახლში და მას მეორე ნახევარი კითხულობს. შეიძლება, მან ვერ გაიგოს გვარი, სახელი ან ადგილი, სადაც ღალატი მოხდა, მაგრამ, რომ უღალატა, ამას აუცილებლად იგრძნობს. ცოლ-ქმარი დედ-მამად მაშინ გადაიქცევა, როცა შვილი გაუჩნდებათ, სუბსტანცია, რომელიც თავისთავად არის ნეიტრალური. ბავშვი ფიზიკურ დონეზე იგივე წყალია, ასწავლი რაღაცას და იმახსოვრებს, ისევ და ისევ წყლით. ცოლ-ქმარს შვილი ძალიან აახლოებს. ამ შემთხევვაში კი, შეიძლება, ქმრის ინფორმაცია მოვლითი გზით, ანუ ბავშვის საშუალებით გადაეცეს დედას ან, პირიქით, დედიდან – მამას. ბავშვი ხდება მათთვის ინფორმაციის გამტარი, ამიტომაც, ბევრ რამეს ანეიტრალებს და ხშირად შვილის გაჩენის შემთხვევაში, ოჯახში ბევრი რამ წესრიგდება. ანგელოზი ტბას რომ აამღვრევს და მასში ჩასული ადამიანი იკურნება, ასე აკეთებს ბავშვიც – ის თავის მშობლებს განკურნავს. ასე ხდება გენშიც, რომლის ბმები წყალბადოვანია. მასში გამყარებულია მამა-პაპისგან ჩადებული ინფორმაცია. თითოეული უჯრედი არის გენი. უჯრედის უდიდესი ნაწილი კი შედგება წყლისგან. ინფორმაცია გარეთ ხომ უნდა გამოვიდეს. ეს კი ისევ წყლის საშუალებთ ხდება. მოკლედ რომ ვთქვათ, გენი არის განწყობა და მეტი არაფერი. როგორც იცით, ჩვილობიდან ერთი წლის ასაკამდე ბავშვის დიდი პროცენტი წყლისგან შედგება. ბავშვის განბანის დროს ქართველებმა ვიცით თქმა: „დათვი მჭლე და შენ მსუქანი“. ეს მოკლე შელოცვასავითაა. დედა რამდენჯერაც აბანავებს, იმდენჯერ მის წყალს, მის არსებას აწვდის ინფორმაციას, რომ ის კარგად და ჯანმრთელად იყოს.