კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ქოქოსაძე

გვარის ფუძეა მეტსახელი ქოქია.

ამავე ძირისაა გვარი ქოქიაშვილი.

გვართან დაკავშირებით ასეთი გადმოცემა არსებობს: ვიღაც მისიონერმა ინდოეთიდან ჩამოიტანა ქოქოსის პალმა და აქედან გაჩნდა მეტსახელი ქოქოსა. შემდეგ კი ის საფუძვლად დაედო ქოქოსაშვილთა გვარს.

მეორე მოსაზრებით კი, ძველად მესხეთში არსებობდა პროფესია ქოქოსი, რაც არხების გამყვანსა და ჭაობის ამომშრობს ნიშნავს. აქედან გაჩნდა გვარი ქოქოსაძე.

ამ გვარის წარმომადგენლების ვარაუდით, მეორე მოსაზრება მეტად მისაღებია და, ამბობენ, რომ გვარები – ქოქოსაძე და ქოქოსაშვილი ხელობა-საქმიანობისგან მომდინარეობს.

საქართველოში 408 ქოქოსაძე ცხოვრობს: თბილისში – 159, ამბროლაურში – 50, ტყიბულში – 38. არიან სხვაგანაც.

ბეკურაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბეკური.

ენრიკო ბეკურაშვილი, იგივე ემინტოშვილი, დიდი ენაგეთის აღწერაში მოიხსენიება 1823 წელს.

დიდ ენაგეთში მცხოვრები იოსებ ბეკურაშვილი 1873 წელს ამავე სოფლის ეკლესიაში შვილს უნათლავს ფარცხისელ ივანე წულაძეს.

ამავე ძირისაა გვარი ბეკურიშვილი.

საქართველოში 411 ბეკურაშვილი ცხოვრობს.

შერგელაშვილი

გვარის ფუძე – შერგილ, შერგირ, ირანული წარმოშობის სახელებში გვხვდება. ის „ლომის დამჭერს” ნიშნავს. ამ სახელს ატარებდნენ როგორც ქართველები, ისე ირანელებიც.

გვარი გვხვდება ორი ფორმით: შერგელაშვილი და შერგილაშვილი.

1840-იან წლებში შერგელაშვილები ცხოვრობდნენ სოფელ ზოვრეთში, შერგილაშვილები კი – ზეციხეში, თავასაში, მიროწმიდაში, საზანოში, სანახშირეში და ასე შემდეგ.

საქართველოში 640 შერგელაშვილი ცხოვრობს: ზესტაფონში – 164, თბილისში – 162, ხარაგაულში – 82. არიან სხვაგანაც.

ზადიკაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ზადიკა.

საკუთარი სახელი ზადია გვხვდება გვარში ზადიაშვილი. ვარაუდობენ, რომ გვარი ზადიკაშვილი აქედანაა ნაწარმოები.

1672 წელს დავითა ზადიკაშვილი მოიხსენიება მითარას მიერ ალავერდა საფარიშვილის სახელზე გაცემული მამულის ნასყიდობის წიგნში.

საბარათიანოში, ბატონის დედოფლის სახასოში, 1721 წელს მოიხსენიება პაპუა ზადიკაშვილი.

ამავე ძირისაა გვარები: ზადიაშვილი, ზვადიაშვილი, ზადიშვილი.

საქართველოში 20 ზადიკაშვილი ცხოვრობს.

მამამთავრიშვილი

სიტყვას – „მამა” პრივილეგირებული მდგომარეობა უკავია ქართული გვარების წარმოქმნაში. ამ ფუძით გვაქვს გვარები: მამაგულაშვილი, მამგულაშვილი, მამადაშვილი, მამიაშვილი, მამისაშვილი, მამისიმედიშვილი, მამიჯვარისშვილი, მამუკაშვილი, მამუკაძე, მამუკელაშვილი, მამულაიშვილი, მამულაშვილი, მამულაძე, მამულოძე, მამუჩაშვილი, მამუქაძე და ასე შემდეგ. ასევე, გვხვდება რთულფუძიანი გვარებიც, მაგალითად: მამამთავრიშვილი, მამასახლისაშვილი, მამისარაშვილი, მამისბედაშვილი, მამისთვალიშვილი, მამიჯანაშვილი, მამუშალვიშვილი და ასე შემდეგ. როგორც ჩანს, თითოეულ რთულ ფუძეს აქვს გაჩენის კონკრეტული მიზეზი.

მამამთავარი საუკეთესო იერარქიასთანაა დაკავშირებული. სულხან-საბა ბრძანებს: „მამადმთავარი ესენი არიან: ადამ, აბელ, ნოე, აბრაჰამ და მისთანანი; ხოლო აწინდელიცა პატრიარქნი, ხოლო მერე მთავარი ეპისკოპოზთა მიერ წარგზავნილი სამწყსოსა შინა.”

საქართველოში 281 მამამთავრიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 183, ახალგორში – 36, გარდაბანში – 18. არიან სხვაგანაც.

კიკნაძე

საკმაოდ გავრცელებული საგვარეულოა. კიკნაძეები აზნაურები არიან.

იოანე ბაგრატიონი წიგნში – „შემოკლებითი აღწერა საქართველოს შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა” – აღნიშნავს: „კიკნაძეები იმერეთის თავადნი და აზნაურნი... წელსა 1537 ამათნი გვარნი დაეშვნენ იმერეთს, გამრავლდნენ მათი გვარისანი და იწოდებიან კიკირონ მოშაირე მეცნიერის შთამომავლებად, კიკნაძეებად.”

გვხვდება მეტსახელი კიკნა.

„დოროთეოს კათალიკოსმა (სოფელი ნიტრია) იქ მცხოვრები აზნაური, ერთი კომლი კიკნაძე, შესწირა ნიტრიის ეკლესიას” (1589-1600 წლები).

ასევე, გვხვდება გვარი კიკნაშვილი.

საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის კიკნაძეებს 72-ე ადგილი უჭირავთ.

საქართველოში 5 245 კიკნაძე ცხოვრობს: თბილისში – 1 962, ხაშურში – 684, ხარაგაულში – 603. არიან სხვაგანაც.

განუგრავა

გვარების ისტორიის შემსწავლელები ფიქრობენ, რომ გვარი განუგრავა არასწორია და ის ადრე განგურავა იყო.

განგურავა მეგრულში იგივეა, რაც განუგრძობელი, შეწყვეტილი, დაუმთავრებელი.

გვარის ფუძე შეიძლება შევადაროთ სიტყვას განგა, აქედანაა გვარი განგავა; განგი იგივეა, რაც კეთილის მოსურნე. განგავას ვარიაციული ფორმაა განგია, განგება – ღვთაება.

განგია-გამგია იგივეა, რაც მოხელე, კეთილმოსურნე.

საქართველოში 99 განუგრავა ცხოვრობს: თბილისში – 32, ბათუმში – 3, ზესტაფონში – 2. არიან სხვაგანაც.

თოლორდავა-თოლორაია-თოდუა

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი თოლორდა, რაც მეგრულად „თვალად იყავის” ნიშნავს.

თოლორდავა, თოლორაია და თოდუა ერთი და იგივე გვარია. გვარის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის ფოლკლორული ნამუშევრები: გურიის მაზრის ერთ-ერთ სოფელში უცხოვრია ერთ კეთილბუნებოვან კაცს. ის ერთ ნათესავს დაუჩაგრავს, ადგილ-მამული წაურთმევია და შეურაცხყოფა მიუყენებია. კეთილ კაცს აბუჩად აგდება ვერ აუტანია და იძულებული გამხდარა, ნათესავი მოეკლა.

მკვლელი მესისხლეობას გაჰქცევია და ზუგდიდის მაზრის სოფელ მუხურისთავისთვის შეუფარებია თავი. იქ ცირდავების გოგო მოსწონებია, მაგრამ, როგორც კი მისი ცოლად შერთვა განუზრახავს, ბატონი გამოჩენილა, რომლის აღვირახსნილობასაც ახალგაზრდებისთვის ხელი შეუშლია. კეთილი კაცი იქიდანაც აყრილა და სხვაგან გადასახლებულა. დადიანების ურჩ, პატიოსან კაცს ბატონების შიში და კრძალვა ვერ მოუშორებია და მღვდლისთვის გაუნდვია: ცოლი შევირთე, აქვე, ლუგელაში ვცხოვრობ და თქვენი იმედი მაქვსო. კარგი, შვილო, მაგრამ, იცოდე, აქვე ახლოს უნდა იყოს სახილველად, თვალის დასანახადო (თოლო ორდა მეგრულად – თვალად იყავი). ასე შერქმევია მის შთამოვალობას თოლორდავა.

სათოლორდო, თოლორდათი – უბანია ლეცირდესა და შიშას შორის, მუხურაში.

ასევე, თოლორდავები გვხვდებიან სოფლებში: ხაბუძე, ჩხოროწყუ, ნოსირი, თაია, საჯიქიო, ზუმი, ინგორი, ხამისქური, ჯგალი.

საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის თოლორდავას 387-ე ადგილი უჭირავს.

საქართველოში 2 127 თოლორდავა ცხოვრობს: ჩხოროწყუში – 907, თბილისში – 274, სენაკში – 170. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით მოამზადა

 

скачать dle 11.3