რა ქმნის ბოროტ ზონებს ჩვენს ბინაში და შესაძლებელია თუ არა საცხოვრებელი სახლის ენერგეტიკული სტრუქტურის შემოწმება
ალბათ, ხშირად შეგიმჩნევიათ, რომ ერთ ოჯახში თავს მყუდროდ და კარგად გრძნობთ, მეორეში კი რაღაც გაწუხებთ, დისკომფორტს განიცდით, ხოლო შინ მისულს საშინელი დაღლილობა და უხასიათობა გეუფლებათ. როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ლია ამბობს, ეს იმიტომ ხდება, რომ ყველა სახლს თავისი ენერგოინფორმაციული სტრუქტურა აქვს. ასე რომ, თუ კარგად გვექნება შესწავლილი ჩვენი საცხოვრებელი, გვეცოდინება, როგორ გავანეიტრალოთ ბინაში ნეგატიური ენერგია და რა დაგვიცავს მისი „დაბუდებისგან”, თავს უფრო უსაფრთხოდაც ვიგრძნობთ და მშვიდად ვიცხოვრებთ.
ლია: ყველა საცხოვრებელ სახლს თავისი „ხასიათი” აქვს და ის ადამიანზეც გადადის. ანუ, სახლის „ხასიათის” არსებობა სიმართლეა და პარაფსიქოლოგებისთვის უცხო სულაც არ არის. ენერგეტიკული ზონები, როგორც ობობის ქსელი, ისე ედება საცხოვრებლის გარემოს: ერთგან კეთილია, მეორეგან კი – ბოროტი და სწორედ ამაზეა დამოკიდებული სახლის „ხასიათი”. ისიც მართალია, რომ სახლში პოზიტიურ და ნეგატიურ ენერგიებს თავად ადამიანები ვქმნით.
– ესე იგი, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული?
– დიახ, ასეა. საყვარელი სავარძელი, ასე რომ მიეჩვიეთ იქ ჯდომასა და დასვენებას, მალე სასიამოვნო ენერგიის წყაროდ იქცევა და, შემდეგ, ავადმყოფობის დროს, ეს სავარძელი მოგგვრით შვებას. სამზარეულო, სადაც ქმარს ხშირად ეჩხუბებით; მაგიდის კუთხე, სადაც მუდამ ჭუჭყიანი ჭურჭელი დევს; გაურეცხავი სარეცხი აბაზანაში – ეს ყველაფერი ბოროტ ზონებს ქმნის საცხოვრებელში. რაც ნაკლებად იქნება ზემოხსენებული სიტუაციები სახლში, მით უკეთესია თქვენთვის და თქვენი ოჯახის წევრებისთვის. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ, როგორც თავად ეპყრობით სახლს, ისიც ისე მოგექცევათ, ამაში დარწმუნებული ბრძანდებოდეთ.
– შესაძლებელია თუ არა საცხოვრებელი სახლის ენერგეტიკული სტრუქტურის შემოწმება და როგორ მოვახერხოთ ეს?
– მაგალითად, იმ ბინაში, სადაც პოზიტიური ენერგიაა, ნელა შრება წყალი, ყვავილები გვიან ჭკნება, ლითონის ნივთები ოდნავ ცივია, ხის ნივთები კი – თბილი. ნეგატიური ენერგიის დაგროვების არეში კი მუსიკალური ცენტრი და მობილური ტელეფონი კარგად იჭერს მოკლე ტალღებს, ძირს დავარდნილი ვერცხლის ჭურჭელი, მონეტები ან ნივთები ყრუდ წკარუნობს, რძე მალე იჭრება, ადუღებული წყალი მალევე ცივდება, კარაქი და სხვა ცხიმები მალე დნება. ასევე, დადებითი ენერგიის არეში სინათლის ალი ყოველთვის კარგად ანათებს, უარყოფითში კი – თამაშობს, ალი სუსტია და „ფეთქავს”. გეტყვით იმასაც, რომ, სანამ სახლს უარყოფითი ენერგიისგან გაწმენდთ, უნდა ეცადოთ, რომ ახალი „ბოროტი” ზონები აღარ შექმნათ, მაგალითად, არასდროს მიიტანოთ სახლში ქუჩაში ნაპოვნი ნივთი, რადგან, სხვისი ნივთი ყოფილი პატრონის ენერგიას ატარებს და, თუ ეს ენერგია ნეგატიურია, თქვენს სახლში კიდევ ერთი უარყოფითი ზონა გაჩნდება. ვისაც თქვენთვის ცუდი უნდა, შეუძლია, თქვენს სახლში ან კართან უარყოფითი ენერგიით გაჟღენთილი ნივთი დადოს და ესეც უარყოფით ზონას შექმნის, რაც თქვენზე ცუდად იმოქმედებს. სხვათა შორის, ამავე პრინციპით მოქმედებს თილისმები, ოღონდ, პირიქით, რადგან, ისინი დადებითი ენერგიითაა გაჟღენთილი, ცუდს კარგად იწოვს და გათვალვისგან გვიცავს, განსაკუთრებით კი ბავშვებს. აქვე იმასაც დავძენ, რომ განსაკუთრებით კარგია, თუ უარყოფითი ენერგიების ზემოქმედებისგან დამცავ თილისმად ბავშვს ექნება გულის ფორმის სამკაულები და აქსესუარები – კულონი, საყურე, ბეჭედი, სამაჯური, ბალთიანი ქამარი, თმის სამაგრი და ასე შემდეგ. არ დაგავიწყდეთ უარყოფითი ზონებისგან დამცავი ნივთების პერიოდულად საპნით გარეცხვა, რათა უარყოფითი ენერგია წყალმა ჩარეცხოს და წაიღოს. ასევე, გირჩევთ, არასდროს შეიტანოთ სახლში ცუდი გუნება-განწყობა, ცუდი ფიქრები, ისინი ზღურბლს იქით დატოვეთ, რადგან, ნივთები მალე იწოვს ნეგატიურ ენერგიას, ყველაზე უკეთ კი – სარკე. ასევე, „სიავის დამგროვებლად” ითვლება ბუმბულის ბალიში. თუ მასზე დაემხობით და იტირებთ, მერე, როცა ყველაფერი დალაგდება და სიტუაცია გამოსწორდება, ბალიში ყოველღამე „გაგიზიარებთ” წარსულში დაგროვილ ცუდ ენერგიას. საერთოდ, ენერგეტიკული თვალსაზრისით, ჰოლი და სამზარეულო ყველაზე არასასიამოვნო ადგილებია. რასაკვირველია, ჭუჭყიან ჭურჭელსა და გასაწმენდ ფეხსაცმელს თქვენ აუცილებლად მოაწესრიგებთ, მაგრამ, მათ უკვე შეძლეს უარყოფითი ინფორმაციის „გაშვება”. არ შეიძლება, ლარნაკით დიდხანს გედგათ დამჭკნარი ყვავილები, რადგან, დამჭკნარი ყვავილები სიკვდილს „იხმობს”, დამდგარი წყალი კი უარყოფით ენერგიას მოიზიდავს. სიკვდილის ენერგიას ინახავს და, თავისთავად, ნეგატიური ენერგიის მატარებელია, ასევე ჰერბარიუმი, მწერების კოლექცია და ნატურალური ქურქი, რაც დღეს ასე მოდაშია.
– საინტერესოა, საიდან გადადის ფეხსაცმელსა და ტანსაცმელზე უარყოფითი ენერგია?
– ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე უარყოფითი ენერგია გადადის ქუჩიდან. ამიტომ, სახლში მისვლისთანავე უნდა გაიხადოთ და გაწმინდოთ. ასევე, არასდროს არ დააგროვოთ და შეინახოთ ძველი ტანსაცმელი, რომელსაც აღარ იცვამთ, რადგან, თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ მიდის, ძველი ტანსაცმელი კი წარსულში გაბრუნებთ. სახლში უნდა „იცხოვრონ” მხოლოდ იმ ნივთებმა, რომლებიც აუცილებლად გჭირდებათ – ამით არასასიამოვნო ზონების არსებობა მცირდება ბინაში.
– იქნებ, გვასწავლოთ, როგორ მოვიქცეთ, რომ ჩვენს ბინაში სიმშვიდე და იდილია სუფევდეს?
– სახლის ენერგეტიკას ჩვენი მხრიდანაც სჭირდება დახმარება. მაგალითად, გეოპათოგენურ ზონას მშვენივრად ანეიტრალებს ქარვა, რომელსაც ძლიერი ენერგეტიკა აქვს. დადეთ ის ოთახში და ხშირად შეუშვირეთ გამდინარე წყალს, რომ ცუდი ენერგია „ჩამორეცხოს”. ასევე, ოთახის კუთხეებში დადეთ მუხის, არყის ან ვერხვის პატარა ტოტები – ასე ნეგატიურ ენერგიას კარგად გაანეიტრალებთ. ალბათ, ბევრს სმენია ფუძის ანგელოზების შესახებ, მაგრამ, მათი არსებობის უმეტესობას არ სჯერა. არადა, ოჯახის, ფუძის ანგელოზზე ისტორიები უძველესი დროიდან არსებობს და მათ მფარველობას ბევრი ჩვენგანი გრძნობს. ჩვენს წინაპრებს მის არსებობაში არც ეჭვი შეჰპარვიათ, უფრო მეტიც, იცოდნენ, თუ როგორ ესიამოვნებინათ მისთვის, რომ ოჯახიდან არ წასულიყო. სინამდვილეში, არსებობს მფარველი ანგელოზი, რომელსაც ადამიანს ნათლობის შემდეგ მოუვლენს უფალი, სახლს კი – კურთხევის შემდეგ და ის იცავს მათ ყველანაირი ბოროტისგან. ზოგი გზააბნეული ადამიანი, იმის ნაცვლად, რომ სიკეთეს თესდეს და ცოდვებს ინანიებდეს, სულს უფრო იმძიმებს მკითხავებთან სირბილით, მათი ზეგავლენის ქვეშ ექცევა და, როგორც ისინი ეუბნებიან, მართლაც ისე მისდით ცხოვრება. არადა, მფარველი ანგელოზი ყველას მფარველობს და ჩვენც უნდა გავუფრთხილდეთ მას, რომ საცხოვრებლიდან არ გავიდეს.
– როგორ სახლში არ ჩერდება მფარველი ანგელოზი?
– მფარველი ანგელოზი არ ჩერდება ისეთ ოჯახებში, სადაც ადამიანები ქრისტიანული წესით არ ცხოვრობენ, არის გამუდმებული აყალმაყალი, ჩხუბი, გინება, ხდება გარყვნილება. მას ჩვენ ჩვენი ქმედებით ვიხმობთ. მაგალითად, როცა ადამიანი ახალ ბინას ყიდულობს და იქ გადადის, სიხარულის განწყობა ეუფლება და ამით კი იქ დადებითი ემოცია შეაქვს. დროთა განმავლობაში, ეს ენერგეტიკა იქ მყოფ საგნებსაც გადაეცემა, ანუ ენერგეტიკის გაცვლა ხდება და ამ საგნების დანახვისას ან შეხებისას კარგი განწყობა გეუფლებათ. ასეთი დადებითი მუხტის მქონე საგანი ერთგვარი თილისმის როლს ასრულებს. ანგელოზი ყოველთვის კეთილია. თუმცა ზოგჯერ ისიც ბრაზდება და მისი გაბრაზების მიზეზი ხშირად თვითონ ადამიანია. ის ძალიან მგრძნობიარე არსებაა და ვისგანაც კეთილგანწყობას გრძნობს, მას უერთდება და იცავს. ასე რომ, არ შეიძლება, მფარველი ანგელოზის უარყოფა და ცხოვრების სიძნელეებთან მის გარეშე ჭიდილი. უმჯობესია, მას მოვეფეროთ, თბილად, ტკბილად მივმართოთ და ამით მისი გულიც მოვიგოთ და საკუთარი სიცოცხლეც დავიცვათ.