როგორ დაიწყო ჯაბა იოსელიანისა და ზვიად გამსახურდიას ურთიერთობა და როდის ჩატყდა მათ შორის ხიდი
„... რაც შეეხება ჩემს ბიოგრაფიას, ეს ხომ კულუარების მუდმივი სალაპარაკო მასალა გახდა: როგორ? არაპარტიული, კომკავშირში არანამყოფი, ნაციხარი, ჯარში არნამსახურევი, საზოგადოებრივ ცხოვრებაში არააქტიური და ასე შემდეგ და ასე შემდეგ... ბოლოს და ბოლოს, ვინ არის ეს იოსელიანი? ამას დაემატა ერთი პიკანტური გარემოებაც. ჩემი „შავი რეცეზენტის” ცოლის დაქალი, გასაგები მიზეზების გამო, ჩემი ამაოდ მოძულე ქალბატონი გამოდგა...”
„სამი განზომილება” – ასე უწოდა წიგნს მწერალმა და დრამატურგმა, პოლიტიკურმა მოღვაწემ, „მხედრიონის” ლიდერმა – ჯაბა იოსელიანმა, რომელშიც ის დეტალურად და ძალიან საინტერესოდ ყვება თავის ცხოვრებაზე, იხსენებს ციხის პერიოდებს, მისი და ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას შორის დაპირისპირების მომენტებს, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში შექმნილ რეალურ მიზეზებსა და საბრძოლო ვითარებას, თბილისში დაწყებულ სამოქალაქო ომს... ჯაბა იოსელიანის მიმართ, რომელიც, ჩემი აზრით, საქართველოში ერთ-ერთ საინტერესო ფიგურად მოიაზრებოდა თავისი განვლილი ცხოვრებით, ქართველი ხალხის დამოკიდებულება ორგვაროვანი იყო: იგი ან უყვარდათ, ან არ უყვარდათ, თუმცა, დღეს ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. ის უკვე ისტორიას ეკუთვნის, ისტორია კი ყველაზე მიუკერძოებელი მსაჯულია. მე მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდს შემოგთავაზებთ მისი წიგნიდან, რომელიც, ვფიქრობ, ყველა მკითხველის ინტერესს მძაფრად გააღვივებს.
„... ციხეში თითქოს არაფერი შეცვლილა ამ ოცდაათი წლის განმავლობაში, თითქოს გუშინ გადავყავდი ამ მიწისქვეშა გვირაბით. ისევ „შმონი”, იდიოტური შეკითხვები ამნისტიის შესახებ, ცნობისმოყვარეობით დაღებული პირები, ნესტი, ანტისანიტარია, ვირთხები, ძველბიჭური თომარი. ერთი ღამე გავათიე მანქანის გამტაცებელთან ერთ ლოგინზე... შავნაბადაზე ნაცემი ბიჭები ციხის საავადმყოფოში ჰყავთ. ზვიადის ერთგულებაში თავი გამოუჩენიათ გვარდიელებსაც და მილიციასაც... მოდის ახალდანიშნული ციხის რეჟიმის უფროსი, რომლის შესახებაც კამერაში მიამბეს. მრგვალი მაგიდის წევრი და გაქანებული ზვიადისტია, პატიმრებს ურტყამს და აშინებს. ჩემთან დაჭიმულია. ერთი სული აქვს, შეურაცხყოფა მომაყენოს. მეც ყველა უკიდურესობისთვის მზად ვარ... ხუთი ათასამდე კაცი შეგროვილა და „ჯა-ბა, ჯა-ბას” სკანდირებით, ციხეს მოდგომიან. მოითხოვენ ჩემს გათავისუფლებას. ადმინისტრაციამ სასწრაფოდ იმიტომ ჩამკეტა „შმონის” ოთახში, შეეშინდათ არ გამეგო და საპასუხო რამ არ მომეწყო. ამავე დროს, ციხის რომელიღაც თანამშრომელი აუგზავნიათ მეოთხე კორპუსის მაღლივ კამერაში და იქედან, ვითომდა, პატიმარი ყოფილიყოს, ციხის გალავანს შემორტყმულ ხალხს ფანჯრიდან გადასძახა თურმე: „ჯაბა აქ არ არის, წაიყვანეს, არ ვიცით სადაა”. რამდენიმე დღის შემდეგ გამსახურდიამ შავნაბადაზე თავდასხმის ამბავი პროვოკაციად მონათლა. თურმე რუსის ჯართან შეტაკება მე და საქართველოში საბჭოთა ჯარის მთავარსარდალს გენერალ პატრიკეევს მოგვიწყვია. ხოლო მე როგორ აღმოვჩნდი ციხეში, ან ამას მსხვერპლი რატომ მოჰყვა, ან ნაცემ-ნაგვემ მხედრიონელებს ციხის საავადმყოფოში რა საქმე ჰქონდათ, ან ასე ნატურალისტურად რატომ წარიმართა ინსცენირება: ჩვენი საკუთარი ავტოფარეხი დავანგრიეთ, ოთხასამდე სატვირთო თუ მსუბუქი ავტომანქანა ჯართად ვაქციეთ – ეს ყველაფერი გაუშიფრავი აბსურდის თეატრი გახლდათ. ერთი წლის შემდეგ თენგიზ კიტოვანისგან გავიგე, ამ ოპერაციაში გამსახურდიას 250 ათასი მანეთი გადაუხდია „ღამურებისთვის”, ვინც ჩვენს დარბევაში მონაწილეობდა. მაშინ 250 ათასი მანეთი დიდი ფული იყო – დაახლოებით 100 ათასი ამერიკული დოლარის ეკვივალენტი. გენერალ პატრიკეევს ამის შესახებ „კაგებეს” ციხიდან იუმორისტული წერილიც კი გავუგზავნე, სათაურით: „ღია წერილი” და „გრიფით – ყოვლად საიდუმლოდ” (წერილის ასლი ჩემს პირად არქივში ინახება)... ცენტრალური გაზეთის მეშვეობით პროკურატურამ გაავრცელა ჩემი 35 წლის წინანდელი განაჩენი. გამსახურდია ხალხს არწმუნებს, რომ მე ბანდიტი ვარ! მახსოვს, ზვიად გამსახურდიასთან პირველი კონტაქტები. მე თეატრის, კინოსა და მუსიკის მუზეუმის დირექტორის მოადგილე ვარ. ეს 1975-1976 წლებია. ერთ მშვენიერ დღეს ჩემთან, სამსახურში მოდის და მთხოვს ვითანამშრომლო მის ახლად შექმნილ ჟურნალ „საქართველოს მოამბეში”. მანამდე მას გამარჯობა-გაგიმარჯოთი ვიცნობდი. თუმცა, ბატონ კონსტანტინესა და ქალბატონ მირანდასთან უწინ ახლო ურთიერთობა მქონდა.
1966 წელს, როცა მე, ახალი გათავისუფლებული, ჩემს ცოლთან ერთად გაგრაში ჩავედი დასასვენებლად, იქ გამსახურდიების ოჯახი დამხვდა და ჩემს პატივსაცემად ბატონმა კონსტანტინემ სასტუმრო „გაგრიფშში” პურ-მარილიც კი გაშალა. მართალია, სულ ოთხ პერსონაზე: მე, ჩემი ცოლი, თვითონ და ქალბატონი მირანადა, მაგრამ ესეც ადგილობრივი მასშტაბის სენსაციად იქცა. სასტუმროს და რესტორნის ადმინისტრაცია გაკვირვებულები მხრებს იჩეჩდნენ: ბატონი კონსტანტინე ცნობილია სიძუნწით, მისი დაპატიჟებული კაცი ჯერ არავის უნახავს, ჩვენც აქ ყოველ კაპიკს გვითვლის, შენ ვინ ყოფილხარ, გაგვაფრთხილა, ფული არაფრით არ გამოართვათო. მთელი საღამო „ლუბიანკის” საპყრობილეში თავისი პატიმრობის (მე მაინც ვფიქრობ, შეთხზულ) ამბავს მიყვებოდა და ცდილობდა, მეც ავყოლოდი. ვეჭვობ, რაღაც პროფესიული დაინტერესება ამოძრავებდა. სურდა, ჩემგან მიეღო პროტოტიპური მასალები. ქალბატონი მირანდა სულ იცინოდა და უშლიდა: კარგი ერთი, თავი დაანებე, კაცი ძლივს გამოვიდა, შენ კიდევ ისევ ციხის ამბებს უბრუნდებიო. ბატონი კონსტანტინე ცხარობდა: „გაჩერდი! შენ რა იცი, მაგას სწორედ ეგ აინტერესებს”. იმდენი რა გითხრა, ვამბობდი გულში და ქალბატონ მირანდას მადლიერების გრძნობით ვუღიმოდი. ერთი-ორჯერ მათთან ზვიადიც ჩამოვიდა. სხვა დროს ბიჭვინთაში, თავის სახლში მოვინახულე. მასთან ჩამოსულ რუს დისიდენტს შევხვდი. ასე რომ, ჩემს სამსახურში მისი გამოჩენა სულაც არ გამკვირვებია. იცოდა, როგორი ანტისაბჭოთა, ანტიკომუნისტური განწყობითა და იდეებით ვიყავი გამსჭვალული. მის წინადადებაზე სიხარულით დავთანხმდი, მხოლოდ გავაფრთხილე, ჩემს თანამშრომლობას აფიშირებას ნუ გაუკეთებთ, რადგან, უპირველეს ყოვლისა, ჩემით დააშინებენ ხალხს. თქვენს კომპრომეტირებას ჩემით შეეცდებიან სტანდარტული ფრაზით: „უგალოვნიე ელემენტი”... საერთოდ ეს კომუნისტთა ახალი თაობის შანტაჟისტური ფანდია, თორემ სტალინი და ბერია ტყვიას და მორფს არ უდებდნენ ჯიბეში ბუხარინსა და ორახელაშვილს. ჩემთვის, პირიქით, კარგი იქნება, პოლიტიკური სტატუსი თუ მექნება, გინდაც დამიჭირონ.
ახლა უკვე „კაგებეს” ციხეში ვიგონებ ამ ამბავს და გუნებაში მწარედ მეცინება, თვითონ კომუნისტებს დაასწრო და გამოიყენა ეს შანტაჟისტური ილეთი, ოღონდ იარლიყი: „უგალოვნიე ელემენტი” უფრო ტევადი, ინტერნაციონალური ტერმინით – „კრიმინალით” შეცვალა. 1989 წლის 23-24 ნოემბრის ცხინვალში გასვლითი მიტინგის წარუმატებლობის შემდეგ, ამ ღონისძიების იდეის ავტორად მე მასახელებდნენ. ვერ დავიჟინებ, იქნებ მართლაც ასე იყო, რადგანაც წინააღმდეგი არ ვიყავი... „ილია ჭავჭავაძის საზოგადოებაში” და „მხედრიონის ”გადარჩენილ ნაწილში დაიბადა აზრი, რომ მე წარმადგინონ პრეზიდენტობის კანდიდატად. თუ ვერ გავიმარჯვებ (და ალბათ ასეც იქნება), პატიმრობიდან ხომ მაინც გავთავისუფლდები. საჩქაროდ მომიგზავნეს ჩემი ვექილი (ქართლოს ღარიბაშვილი, რომელიც ჯაბა იოსელიანის დამ, ლილი იოსელიანმა აიყვანა – ავტორი) პარალელურად, სანდო პირმა შემომიტანა წერილი, სადაც მარწმუნებდნენ, რომ ეს ჯერჯერობით ერთადერთი გამოსავალია ჩემს გასათავისუფლებლად. დავთანხმდი. შეგროვდა ხელმოწერები, გამზადდა ყველა საბუთი, საჭირო იყო მხოლოდ ჩემი ხელწერილი თანხმობის შესახებ. საბუთების მიღების ბოლო ვადად განსაზღვრული იყო – 22 აპრილი. მე ოცში დავთანხმდი და ხელწერილიც გავგზავნე, მაგრამ სულ ბოლო დღემდე ციხეში იდო. ასეც ვვარაუდობდი და მოვაწყე ალიაქოთი. მაშინ იკადრეს და 22 აპრილს, ყველა საჭირო საბუთს, რომელიც უკვე დიდი ხანია, ცსკ-ში ჰქონდათ ჩაბარებული ჩემს აქტივისტებს, ჩემი ხელწერილიც დაემატა. გამსახურდიამ განგაში ატეხა. სასწრაფოდ, 23 აპრილს, მოიწვია უზენაესი საბჭო და მიაღებინა უპრეცედენტო დადგენილება: აღმკვეთი ღონისძიებით პატიმრობაში მყოფ პირებს ეკრძალებოდათ არჩევნებში მონაწილეობა... ის 23-ში უკვე მოქმედებდა, რაც ყველა საერთაშორისო კანონისა და მიღება-გავრცელების ნორმების უხეში დარღვევაა: ის, რაც მე მეხება, მე უნდა ვიცოდე, გამოუქვეყნებლად მისი ძალაში შესვლა, თაღლითობაა. აქვე ირღვეოდა საერთაშორისოდ მიღებული უკუქმედების პრინციპი... ამ დადგენილებით ირღვეოდა, ასევე, უდანაშაულობის პრეზუმციიის პრინციპიც: ვიდრე სასამართლო არ მცნობს დამნაშავედ არავის შეუძლია, ასეთად ჩამთვალოს. ასე რომ, საქმე გვქონდა ორჯერად თაღლითობასთან – გამოუქვეყნებლად კანონის ძალაში შესვლა და რიცხვის ფალსიფიკაცია... შიმშილობის მიზეზის ფორმალურად დასაფიქსირებლად, მოდის ვახტანგ გვარამია – გენერალური პროკურორის მოადგილე, ვისაც დაევალა ჩემს დაპატიმრებაზე სანქციის გაცემა და მხედრიონელთა საქმეების წარმოების ხელმძღვანელობა. უწინ, ჯერ კიდევ მილიციაში მუშაობის დროს, პოლიტიკაში ერეოდა – ჯერ ფორუმისა და შემდეგ ეროვნული კონგრესის გულშემატკივრის როლს თამაშობდა, გია ჭანტურიას ახლობლობდა, ახლა გამსახურდიასთან გადაუნაცვლია. ისმენს ჩემს პრეტენზიებს, ცინიკურად იღიმება. შემდეგ გულახდილად ლაპარაკობს: „თქვენ წარმოდგენა არა გაქვთ, რა ხდება გარეთ – ხალხი აღმერთებს გამსახურდიას! ახლა პრეზიდენტად აირჩევენ და ყველაფერი დამთავრდება. ოპოზიცია უხერხემლოა, მასები მათ მხარს არ უჭერენ. თქვენი საქმე ხომ საერთოდ უიმედოა. ერთ დროს მხედრიონი ქუხდა. ახლა ვინ ხართ თქვენ? ერთი მუჭა ბანდიტების, ყაჩაღების ჯგუფი”. მე თავს ვერ ვიკავებ და ლანძღვაზე გადავდივარ... „მომავალ მაისს გამსახურდია აღარ იქნება, დიდი დიდი კიდევ ერთი წელიწადი”. თავდაჯერებულად იცინის: „თავს ტყუილად ნუ გაიტანჯავთ, თქვენი შიმშილობა არაფერს მოიტანს”. რასაკვირველია, ძალიან კარგად ვიცოდი, რომ შიმშილობით ჩემი არც ერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა, მაგრამ ეს აუცილებელი იყო, არა მხოლოდ ისტორიისთვის, არამედ ეროვნული მოძრაობისა და დემოკრატიის პრინციპების დასაცავად...
ჩემი შიმშილობის ოცდამეთორმეტე დღეს ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად გამოაცხადეს. მოდის მილოცვები. შევარდნაძე უცხოეთიდან ულოცავს – ოჰ, ეს პოლიტიკური პირფერობა! ოცდამეთხუთმეტე დღეს მომინახულა ნოდარ ნათაძემ, როგორც პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა. ვადაგასულ თეატრალურ აფიშას მაგონებს მისი ვიზიტი. ჩემი შიმშილობა 41 დღეს გაგრძელდა. სპეციალურად მეწვია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. მომიტანა ნაკურთხი კვერი, სანთლები, ხატი. მთხოვა, მიმეღო საჭმელი და რაც მთავარია, შთამაგონებლად მითხრა: „თქვენ სჭირდებით საქართველოს, იფიქრეთ ამაზე”. სიკვდილის პირას ვიყავი მისული. დავთანხმდი. შიმშილობის მოხსნიდან ერთი კვირის შემდეგ, დამეწყო ჯერ ფარული, შემდეგ კი ღია სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან. შეიკრიბნენ ექიმები, სასწრაფოდ საოპერაციო ვარ, მაგრამ გამსახურდიამ არავის მისცა უფლება, საავადმყოფოში გადავეყვანე. გადაუწყვეტიათ, მოვმკვდარიყავი. ღმერთმა სხვაგვარად ინება, ყოველგვარი რადიკალური მკურნალობის გარეშე გამოვჯანმრთელდი. ერთი სამარცხვინო ამბავი მაინც უნდა აღვნიშნო. ასეთი ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ, ბუნებრივია, ციხის უხეში საკვების მიღება არ შეიძლებოდა, ამიტომაც ერთი-ორჯერ ნება დამრთეს, სახლიდან ბულიონი და რაღაც წვნიანი მიმეღო. ეს შეუტყვია გამსახურდიას ცოლს, მანანას და ციხის უფროსს, ტარიელ დილიბაზაშვილს თურმე შავი დღე აყარა. რა ვიცი, ეკადრებოდა საქართველოს პრეზიდენტის მეუღლეს ასეთი საქციელი?
...ვზივარ და ვწერ ჩემს რომანს „ლიმონათის ქვეყანას”. მუშაობა ძნელად მიდის, მასალები არ მაქვს. ნებას არ მრთავენ, ქართულ-რუსული ლექსიკონი მომიტანონ სახლიდან. არადა, არის რუსული ჟარგონი, რომელსაც შესატყვისი არ მოეძებნება ქართულ „სლენგში”. ლექსიკონიდან რაიმეს გამოვძებნიდი, კალკა რომ არ გამოვიდეს. საქართველოში საშინელი მიწისძვრებია. დაინგრა პატარა და დიდი ლიახვის ხეობების სოფლები. დაბა ჯავა, ცხინვალის ნაწილი, რაჭა – განსაკუთრებით ოსური სოფლების მიმდებარე რაიონები... ასე არ მოხდა ომის დაწყების წინ სომხეთში, სპიტაკში? გამსახურდია სისულელეს სისულელეზე აკეთებს. ბლოკადა გამოუცხადა რუსეთს. ისევ იმ, ნაცადი, ავანტიურისტული ხერხით, რომლითაც ადგილობრივი კომუნისტები შეაშინა და საარჩევნო კანონი მიაღებინა, იმითვე სურს „დააჩოქოს” რუსეთი... იყო თუ არა მცდელობა მასთან მშვიდობიანი მოლაპარაკების ჩასატარებლად?.. 250 მხედრიონელი შიმშილობდა მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ გამსახურდიას რეჟიმი მოლაპარაკებებზე წამოსულიყო. ასევე, შიმშილობდნენ ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის წევრები. რა შეგვიძლია გავაკეთოთ, ნუთუ კვლავ ციხეში წავიდეთ და ვუყუროთ, როგორ იღუპება ქვეყანა? არ ვიცი, დამიჯერა თუ არა, მაგრამ ვფიქრობ, ბევრ რამეზე ჩაფიქრდა... სხვა კორესპონდენტები მოდიან და უპირველესად, შეფარვით თუ თავხედურად მეკითხებიან: თქვენ, ვიდრე პოლიტიკით დაინტერესდებოდით, ვინ იყავით? პროფესორი, – ვპასუხობ, – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, დრამატურგი, მწერალი. ეს მათ არ აკმაყოფილებთ. მაშინ – ახალგაზრდობაში ცნობილი ქურდი. გაწყობთ, სენსაციისთვის? რამდენიმე ხნის შემდეგ, სადღაც მათქმევინეს კიდეც, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ უცნობი მხატვარი თენგიზ კიტოვანი და ცნობილი ქურდი ჯაბა იოსელიანი – ეს რუსულად კარგად ჟღერდა. ხშირად იმასაც მეკითხებიან, აი, თქვენ ხომ მის გვერდით იდექით, როცა ის დისიდენტი იყო, ახლა რატომ განუდექითო. მე მას მაშინვე გადავუდექი, როცა ოფიციალურად დაგმო დისიდენტური მოძრაობა და ყოველგვარი გამოთქმული აზრიც კი, კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ. მაშინ გასცა თავისი თანამოაზრეები...
ქალაქში პურის გასაჭირია, დენი პერიოდულად ითიშება, საწვავი არ შემოდის. ქალაქის მერი და მისი მოადგილეები გაქცეულები არიან. ჩემთან მოდის თბილისის აღმასკომის ყოფილი თავმჯდომარის მოადგილე, ჯემალ ზამბახიძე – ჩემი ახლობელი, პატიოსანი და მშრომელი ადამიანი. ვავალებ, მიხედოს ქალაქს. „წაიყვანე ჩვენი ბიჭები და მიხედეთ უპირველესად სინათლეს, პურს”. „მიხედეთ... კი მიხედეთ, მაგრამ ვინ ხარ, ან ვის უნდა მოჰკითხო?! – გაურკვევლად იცინის და ხელებს შლის ჯემალი. „მიდი, მიდი, ჩვენ მოვთხოვთ ჯერ ძველებს”. „ისინი ბუნკერში არიან”...
... აკადემიის შენობაში პრესკონფერენციაა ჟურნალისტებისთვის. ჩვენი და უცხოელი ჟურნალისტები გვაძლევენ ათასნაირ შეკითხვებს. მე და თენგიზი ვპასუხობთ... მე ციტატა მომაქვს ადამიანთა უფლებების 1948 წლის ქარტიიდან, სადაც პირდაპირ წერია, რომ დემოკრატიისთვის მებრძოლ ხალხს უფლება აქვს, უკიდურეს შემთხვევაში, მიმართოს აჯანყებას... დილით მეოთხე სართულიდან ჩამოდიან ირინა სარიშვილი და გია ჭანტურია. გია რაღაცნაირად აღრენილია, მეუბნება: „შენ რა, შენი ხალხი ჩამისვი იმ ოთახებში? – ვერ ვხვდები რას ამბობს. „რა ოთახები, რომელი ხალხი?” „შენი დამკვირვებლები”. ირინას ვეუბნები: „შენი ქმარი ნორმალურია?” რას მეუბნება, ვერ გამიგია? მგონი, ორივენი ხვდებიან, რომ რაღაც სულელურ ეჭვიანობას აჰყოლიან და ბანზე მიგდებენ სიტყვას. მეც აღარ ვამწვავებ, თუმცა ნაწყენი ვრჩები. ქალაქში, სხვადასხვა რაიონში, ცალკეული შეჯახებების სახით, ომი გრძელდება... ვიბარებ გია სვანაძეს, ვეუბნები, არავითარ შემთხვევაში, არ აჰყვნენ, საალყო ძალებიდან არ მოხსნან ბიჭები და არ მოდუნდნენ. ჩვენი მხრიდან უკვე ბევრია დაჭრილი... გადარჩენის შანსი ცოტაა. დღეს მოგვიკლეს მხედრიონის მშვენება, უჭკვიანესი, ულამაზესი, ყველაზე ახალგაზრდა მებრძოლი, სანდრო შაიშმელაშვილი – ჩვენი „სკილეტა”. მის დღიურებში ასეთი ბრძნული აზრია: „ცხოვრება ნასკვია. ვიდრე მას გამოხსნი, მთავრდება კიდეც!” შეძრწუნებული ვარ. რა ვუყო მამამისს. ერთადერთი ვაჟის დაკარგვა როგორ ვუთხრა. როგორც ამბობენ, დაჭრილი ჯერ ბუნკერში მიუყვანიათ, იქ უწამებიათ და მერე ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, ქალს (დედას) ციხეში გადაუგზავნია. მიყვანისთანავე გარდაცვლილა. გავდივარ მოსაცდელში. იქ მამამისი ზის... ვეხვევი. „რა ვქნათ, ჯაბა, – თითქოს აქეთ მამხნევებს, – ასეთი ყოფილა ჩემი ბედი”. ღმერთო გვაპატიე! ღმერთო ფუჭი არ გამოდგეს ეს ამოდენა მსხვერპლი!