რა „დააშავა” ანუკა ქებურიამ და რატომ უწევთ მის თაყვანისმცემლებს სამ ქალთან ურთიერთობა
ანუკა ქებურია: ძალიან სამწუხაროა, რომ „ჯორჯიან ფეშენ-ვიქი” დაიხურა, თბილისის მოდის კვირეულმაც ერთი სეზონი ჩააგდო და ამის გამო ჩვენს სფეროში ცხოვრება ცოტა მინელდა. თუმცა, ეს პერიოდი გამოვიყენეთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოგვეხერხებინა ჩვენი შემოქმედების სხვა ქვეყნებში გატანა. რაც უფრო მეტ ადგილას ჩავალთ, რაც უფრო მეტი ადამიანი გაეცნობა ჩვენს შემოქმედებას, მით მეტად გაიცნობენ თანამედროვე ქართულ კულტურას, რომლის შემადგენელია მოდაც. სხვათა შორის, ის მიმართულება, რომელშიც მე ვმუშაობ, ვგულისხმობ ხელნაკეთ ნივთებს, ფეხსაცმელებსა და აქსესუარებს, უცხოეთში გაცილებით მეტად ფასობს. ადრე კიდევ უფრო მეტად იყო თბილისში ეს ამბავი – ეს ხელით შეკერილი რა არის, „ფირმა” გვირჩევნია, თუ რაღაც ეგეთებს ამბობდნენ. ახლა უცხოეთში და საქართველოშიც ეს ტენდენცია შემოდის – კარგ ტონად ითვლება, როცა ჯერ კიდევ უცნობი დიზაინერის, უცნობი ბრენდის, ექსკლუზიურად შენთვის შექმნილი სამოსი გაცვია, რომელიც ახალი და საინტერესოა. ხალხსაც მობეზრდა მასობრივი, ერთნაირი სამოსის მორგება. თუნდაც სადღაც რომ მიდიხარ, კოლოსალურ თანხას გადაიხდი უცნობილესი ბრენდის კაბაში და შეიძლება, გვერდით შენნაირ კაბაში ჩაცმული ადამიანი მოგიჯდეს, რაც უკვე ძალიან ცუდია. ხალხს განსხვავებულობის სურვილი გაუჩნდა და ეს ჩვენთვის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია.
– ბოლოს სად იყავით?
– ყაზახეთში, ალმა-ატაში, მოდის დღეებზე ჩავედით მე, ლელა ელოშვილი, ნინო ბაბუხადია, „გიზი” და „მატერია”. ჩვენებების შემდეგ იყო შოუ-რუმები. ამ დღეებმა დიდი წარმატებით ჩაიარა, რამაც ძალიან გაგვახარა.
– ფეხსაცმლის მოდა ისეთი სისწრაფით არ იცვლება როგორიც ტანსაცმლის, მაგრამ მაინც რა ტენდენციებია ახლა აქტუალური?
– ძირითადად, აქცენტები კეთდება ფერებზე. თან, გააჩნია, სად მიდიხარ. არსებობს, ეგრეთ წოდებული, გამოსასვლელი ფეხსაცმელი, რომელიც აუცილებლად ქუსლზე უნდა იყოს. წელსაც აქტუალურია პლატფორმა, რადგან ის მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ძალიან კომფორტულს ხდის. თუმცა, როგორც მრგვალი, ისე წვეტიანი ცხვირი, ორივე კარგ ტონად ითვლება, გააჩნია თვითონ ფეხსაცმელს. ზაფხული მოდის და აქცენტი ფერად ფეხსაცმელებზე კეთდება. მართალია, მე შავის ერთგული ვრჩები, ეს ჩემი საყვარელი ფერია და ჩემს გარდერობშიც, ძირითადად, შავი ფერი ჭარბობს, მაგრამ, მაინც შევიტანე ფერები ზაფხულის კოლექციაში. მაგალითად, ყაზახეთში ძალიან უყვართ ფერადოვნება და იქ წასაღებ კოლექციაში ოქროსფერი, წითელი შევიტანე. გარუჯულ სხეულს ოქროსფერი, ხორცისფერი ფეხსაცმელი ძალიან უხდება. ორი ხაზით ვმუშაობ, ერთი ეს არის ინდივიდუალური შეკვეთები, რომელიც შედარებით ძვირი ღირს და მეორე, რომელიც მაღაზიაში დევს, ბარონვზე, ქართველი დიზაინერების მაღაზიაში. ტანსაცმლის დიზაინერობაზე პრეტენზია არასდროს მქონია, მაგრამ ამ მაღაზიაში დევს ჩემი მაისურები, რომლებმაც დიდი მოწონება დაიმსახურა, ასევე ჟაკეტები და პალტოები. პარალელურად, ვმუშაობ სპექტაკლებზე, ფილმებზე, ტელევიზიაში კოსტიუმების მხატვრად. ეს სფეროც ძალიან მომწონს.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება, ამ თემაზე ლაპარაკი არ გიყვარს.
– არა, რადგან პირადი იმიტომ არის პირადი, რომ ამ თემაზე საჯაროდ არ ილაპარაკო. არაფერი ხდება ისეთი, რომ გავასაჯაროო და თუ მოხდება, გპირდები, ამაზე ვრცლად და ექსკლუზიურად შენთან ვილაპარაკებ.
– ცნობილი გოგოები სულ წუწუნებენ, რომ პირადი ცხოვრების მოწესრიგება, ურთიერთობების აწყობა უჭირთ რიგი მიზეზების გამო, უპირველესად, იმიტომ რომ, ცნობილები არიან, უამრავი საქმე აქვთ და არ სცალიათ ბევრი რამისთვის...
– არ დავეთანხმები ამას, რადგან მიმაჩნია, როცა რაღაც ძალიან, ძალიან გინდა, ის აუცილებლად გამოგივა. ბედნიერი ვარ იმით, რომ ვაკეთებ საქმეს, რომელიც უზომოდ მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ გავთხოვდი თექვსმეტი წლის ასაკში და ჩემი შვილი უკვე თოთხმეტის ხდება, ვარ უზომოდ ბედნიერი, რადგან ნატუკა არის ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება. უპირველესი არის ნატუკა, მერე ჩემი საქმე და უკვე შემდეგ ყველაფერი დანარჩენი. მაგრამ ენერგიული ვარ და დარწმუნებული ვარ, რაც მომინდება, იმის მოსწრებას აუცილებლად მოვახერხებ. მთავარი სურვილია.
– ნატუკას აზრი რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც შენს ცხოვრებაში რაღაც ხდება?
– ნატუკა ნომერ პირველია ჩემთვის ყოველთვის და ყველაფერში, იქნება ეს კოლექციაზე მუშაობა, თუ რაიმე გადაწყვეტილების მიღება. მისი აზრი უმნიშვნელოვანესია. საკმაოდ კარგად ხატავს, კარგი გემოვნება აქვს და ჭკვიანურ რჩევებს მაძლევს. ასაკშიც იმდენად პატარა სხვაობაა ჩვენ შორის, რომ ის ჩემი ახლო მეგობარია. ამიტომ, თუ რაღაც ხდება, მასთან დაჯდომა და მოყოლა არ მიწევს, ისედაც სულ ერთად ვართ და ყველაფერი, ყოველდღიურ რეჟიმში იცის.
– და პლუს დედაშენი, რომელიც ისევე, განუყოფელია შენგან – როგორც ნატუკა, სულ ერთად ხართ. მამაკაცს თუ შენთან ურთიერთობა მოუნდება, უნდა იცოდეს, რომ სამი ქალი უნდა მოხიბლოს და სამი ქალის რენტდგენქვეშ გაიაროს.
– (იცინის) ასე გამოდის. როგორი ურთიერთობაც გვაქვს მე და ნატუკას, იგივე ხდება ჩემსა და ნატოს, ანუ დედაჩემს შორის და იგივეა – ნატუკასა და ნატოს შორის. ნატუკა ბებიამისს ყველაფერს უყვება, მას აინტერესებს დედაჩემის აზრი, რადგან ყოველთვის ყველაზე დასაფიქრებელ რჩევებს იძლევა. ყველაზე მეტად, ნებისმიერ სიტუაციაში დედაჩემის აზრი მაინტერესებს. ნატუკას, დედაჩემისა და მამაჩემის აზრი გადამწყვეტია ჩემთვის.
– კონსერვატორია თავის შეხედულებებში?
– პირიქით, საკმაოდ თანამედროვეა და სწორად აზროვნებს. ნატოს ჩემი ყველაფერი ესმის და საჭიროება არ დგას, რომ რამე დავუმალო. ისეთსაც არაფერს ვაშავებ. თექვსმეტი წლის გავთხოვდი და უკვე დავაშავე. მორჩა, მეტი რაღა უნდა დავაშავო?! (იცინის) ნატუკას ფაქტორს თუ გამოვრიცხავ, ეს ნაბიჯი მართლა ძალიან დიდი სისულელე იყო და არანაირად არ მინდა, ნატუკამ იგივე გააკეთოს. უბრალოდ, როგორც უკვე ვთქვი, ნატუკას გამო, თავიდან რომ გავდიოდე იმ გზას, ისევ იგივეს გავაკეთებდი. ცოტა მოგვიანებით რომ მექნა, არ იქნებოდა ურიგო. ნატუკა საკმაოდ ჭკვიანი გოგოა და მგონია, გონივრულ გადაწვეტილებას მიიღებს. მის თაყვანისმცემლებზე ცოტა კი მეცინება. მას ძალიან დიდი გეგმები აქვს, სულ ამბობს, რომ უნდა ვისწავლო, გავხდე ჟურნალისტი, წავიდე ამერიკაში და „ვოგს” ვურედაქტოროო. ასე რომ, პატარა ფლირტებისთვის არ სცალია. მომწონს, რომ ასეთი მიზანდასახულია და დარწმუნებული ვარ, სისულელეს არ გააკეთებს.