როგორ უნდა ასიამოვნოს საყვარელმა მამაკაცმა ტატა თეთრუაშვილს და რა მთავრდება მის გამო ზოგჯერ ცუდად
17 წლის ტატა თეთრუაშვილი სამოდელო სააგენტო „ბესტ მოდელის” მოდელია. მისი სამოდელო კარიერა დაახლოებით ორი წლის წინ დაიწყო და დღემდე წარმატებულად გრძელდება.
ტატა თეთრუაშვილი: „ბესტ მოდელი” ერთ-ერთი გამორჩეული სააგენტოა, ამიტომაც გადავწყვიტე იქ სიარული. სააგენტოში ბევრი პროექტი ხორციელდება და, რაც მთავარია, გოგონები ძალიან კარგად პიარდებიან. ბატონი კახი ხაბეიშვილი ყველანაირად ცდილობს, დაგვეხმაროს, გაგვაპიაროს. ადრე ვმონაწილეობდი კონკურსში „მის თბილისი და მისტერ თბილისი” და გავხდი „მის შარმი”. კახის დამსახურებაა ყველაფერი, მასთან გავიზარდე, დავიხვეწე და საზოგადოებაშიც გამოვჩნდი, რაც ძალიან მახარებს.
– რას საქმიანობ?
– თავიდან თეატრალურში მინდოდა ჩაბარება – რატომღაც, ავიტეხე, მაგრამ, დედას არ უნდოდა. ახლა უფრო იურიდიული ან ჟურნალისტიკა მინდა. ვემზადები გამოცდებისთვის და საკმაოდ დაკავებული ვარ.
– როგორი გართობა გიყვარს?
– ძირითადად, მეგობრებთან ერთად პიკნიკებზე, ესეც სპონტანურად ხდება, კარვებით. თუმცა, ორ დღეზე მეტხანს ვერ გავჩერდები – მერე ერთი და იგივე მოსაბეზრებელია. კლუბებში მხოლოდ ჩვენებების შემდეგ, „ავთერ ფართიზე” დავდივარ.
– რა არის შენთვის კომფორტი?
– გოგონები ამპარტავანს მეძახიან, რატომ – არ ვიცი. მიყვარს კომფორტი და ვითხოვ ისეთ რამეს, რისი გაკეთებაც შესაძლებელია. შეუძლებელს არაფერს მოვითხოვ. შესაბამისად, როცა მინიმუმს არ მიკეთებენ, მერე ცუდ ხასიათზეც ვდგები და ამპარტავანიც ვხდები. ძალიან ცუდი გაბრაზება ვიცი და დიდხანს მიმყვება წყენა. მერე მეც მინდება, რომ ანალოგიური გავუკეთო, თუმცა, ამას იშვიათად ვაკეთებ, შინაგანად მღრღნის. მაგრამ, ისე მიყვარს ჩემი თავი, რომ ზედმეტად არაფერს დავუშავებ. საკუთარი თავის მიმართ ზოგჯერ ვარ კრიტიკული, მაგრამ, მაინც მომწონს როგორც ახალგაღვიძებულზე, ასევე, უმაკიაჟოდ, ზოგადად ყველანაირ ფორმაში.
– საკმაოდ ენერგიული და ხალისიანი ხარ.
– დიახ, ცუდ ხასიათზე რომ ვარ, მაშინაც ვიცინი. მარტო რომ ვრჩები, ნოსტალგიურ სიმღერებს რომ ვუსმენ, მერე მომაწვება ხოლმე ცუდი ემოციები.
– გყავს შეყვარებული?
– მყავს. საერთოდ, სპონტანურად მიყვარდება. ანუ, ჩვენი ურთიერთობაც სპონტანურად განვითარდა. დაგეგმილი რაღაცეები არ მიყვარს. ერთი რამ ვიცი, რომ მამაკაცის ვიზუალს არ ვაქცევ დიდ ყურადღებას. მთავარია, მის გვერდით დგომა არ შემრცხვეს, არ დავკომპლექსდე. რაც მთავარია, ყოველთვის უნდა მასიამოვნოს. მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მით უმეტეს, ეს უფრო კარგია საყვარელი ადამიანის მხრიდან, ამიტომ, ყურადღებას სულ ვითხოვ. „სტერვასაც” მეძახიან, ანუ, რატომღაც, ერთი შეხედვით, ხალხს „სტერვა” და ამპარტავანი ვგონივარ, არადა, ნამდვილად არ ვარ ასეთი. ჩემი შეყვარებულის გარდა ყველა მეუბნება ამას. თან, ისეთი ვუყვარვარ როგორიც ვარ: ჯანდაბას, იყავი „სტერვაო”. ძალიან მიყვარს, ბიჭი რომ ეჭვიანობს, ყოველთვის ვცდილობ, ვაეჭვიანო, ეს კი ცუდით მთავრდება ხოლმე, ჩხუბითაც, მაგრამ, როცა აეჭვიანებ, გრძნობ, რომ ძალიან უყვარხარ და ეს კარგი მომენტია.
– ამისთვის რას აკეთებ?
– უცებ მომივლის ხოლმე. მეც უაზროდ ეჭვიანი ვარ, შეიძლება, გამვლელზეც ვიეჭვიანო, თუმცა, ამას ხმამაღლა არ ვამბობ, მაგრამ, შეიძლება ტირილით გავსკდე, ოღონდ, არ ვიმჩნევ. რაც შეეხება აკრძალვებს, შეზღუდვებს, ამას ორი მომენტი აქვს: ერთი მხრივ, მსიამოვნებს, რომ მაკონტროლებს და ზრუნავს ჩემზე, მაგრამ, მეორე მხრივ, ამით თავს მაბეზრებს. ანუ, თავიდან, რაღაც მომენტში, სასიამოვნოა კონტროლი, მაგრამ მერე გბეზრდება. თან, არ შემიძლია ასეთ დროს დათმობაზე წასვლა. როდესაც მინდა, რაღაც გავაკეთო, შეიძლება ამას ცუდი რამ მოჰყვეს, მაგრამ, ვიცი, რომ მე ბედნიერი ვიქნები ამით და, ამიტომ, ვაკეთებ. ამის გამო, შეიძლება ძალიან ვიჩხუბო სახლში, მეგობართან, შეყვარებულთან, მაგრამ, მე ეს მინდა და უნდა გავაკეთო, თუნდაც მერე საშინელება მოჰყვეს. იმ მომენტში ხომ ბედნიერი ვიქნები, ამიტომ, ამ მოცემული მომენტით უნდა ვიცხოვრო.
– როგორია შეყვარებული ტატა?
– მეუბნებიან, რომ სიყვარული არ შემიძლია. ყველა ერთი დოზით მიყვარს. შეყვარებულზე ვენებს რომ იჭრიან, „უსატკავებენ” და აბოდებენ, ასეთები არ მჭირს. იდიოტობებსაც არ ვაკეთებ, ყურადღებიანიც საერთოდ არ ვარ. ის ყურადღებიანია, ანუ, მე ყველაფერში მინუსი და მინუსი ვარ, ის კი პლუსი და პლუსია.