როგორ დააკარგვინა ომმა მამას და შვილებს ერთმანეთი და ვის ეძებენ უკრაინიდან საქართველოში
21 წლის სოფია თეიმურაზის ასული მაჩაიძე ეძებს 52 წლის თეიმურაზ მაჩაიძეს.
ისტორია: ვეძებ მამას – 52 წლის თეიმურაზ მაჩაიძეს. მამის შესახებ 1993 წლიდან არაფერი ვიცი. სწორედ ამ პერიოდში, საქართველოში ომი დაიწყო და დედამ მე და ჩემი ძმა უკრაინაში, თავის მშობლებთან წაგვიყვანა. ძალიან მინდა, მამის პოვნა და იმის გაგება, როგორ არის. ამდენი წლის განმავლობაში მამაზე ფიქრი არც ერთი დღით არ შემიწყვეტია. გიგზავნით მამის ფოტოებს და დიდი იმედი მაქვს, რომ მის პოვნაში თქვენ მაინც დამეხმარებით.
ჟურნალისტის შენიშვნა: 21 წლის სოფია თეიმურაზის ასული მაჩაიძე, მშობელ მამას უკრაინიდან ეძებს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ დაკარგული თეიმურაზი ჩემს სტატიას გამოეხმაურება და მამასა და შვილებს შორის ამდენი წლის გაწყვეტილი კავშირი აღდგება.
– მოგვიყევი შენი ამბავი, როგორ დაკარგეთ მამა-შვილმა ერთმანეთი.
– ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი 1987 წელს გაიცნეს. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, მათ იქორწინეს კიდეც და დედა (რომელიც უკრაინაში ცხოვრობდა) საცხოვრებლად მამას სამშობლოში, საქართველოში გადავიდა. საქართველოში დედ-მამა ქალაქ თბილისში ცხოვრობდა. 1989 წლის 27 ივლისს დაიბადა ჩემი ძმა – გიორგი, ხოლო 1993 წლის 22 იანვარს – მე. შემდგომ საქართველოში (როგორც დედა მიყვება) ომი დაიწყო და დედამ 1993 წლის სექტემბერში მე და ჩემი ძმა უკრაინაში, ქალაქ როვნოში წაგვიყვანა. იქ დედას მშობლები ცხოვრობდნენ. მამა საქართველოში დარჩა. მას შემდეგ ჩვენ მის შესახებ არაფერი გვსმენია. მამა არც კი მინახავს ამდენი წლის განმავლობაში.
– მას შემდეგ ძალიან დიდი დროა გასული და ნუთუ მასთან დაკავშირება არ გიცდიათ?
– დედაჩემი დაახლოებით სამი წლის განმავლობაში გზავნიდა საქართველოში წერილებს და დეპეშებს, მაგრამ პასუხი არც ერთზე არ მიუღია. ბოლოს მოვიდა პასუხი: თითქოს მამა უგზოუკვლოდ დაკარგულადაა მიჩნეული. მეტი მის შესახებ არაფერი გაგვიგია. მხოლოდ და მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ რამდენადაც ვიცი, მამაჩემი 1993 წლამდე ქალაქ თბილისში, შოთა რუსთაველის ქუჩაზე ცხოვრობდა. ძალიან მინდა და მჯერა, რომ მამა ცოცხალია და გამოგვეხმაურება. სად შეიძლება იყოს ამჟამად, ნამდვილად არ ვიცი. დიდი იმედი მაქვს, ჯანმრთელად და კარგადაა და ჩვენ შორის ამდენი წლის განმავლობაში გაწყვეტილი კავშირი, ბოლოს და ბოლოს, აღდგება.
– ღმერთმა ქნას და მამაშენი კარგად იყოს. ხომ შეიძლება, ამჟამად მას სხვა ოჯახიც ჰყავდეს. რას ფიქრობ, ამ შემთხვევაში, როგორ აეწყობა თქვენი ურთიერთობა?
– ამაზე მეც მიფიქრია. პირადად მე, ძალიან გამიხარდება, თუ აღმოჩნდება, რომ საქართველოში ნახევარდა ან ნახევარძმა მყავს. იმედი მაქვს, არც მათ ეწყინებათ ჩვენი გამოჩენა. მთავარია, ვიპოვოთ ერთმანეთი და ჩვენ შორის კავშირი აღდგეს.
– მამის პოვნის შემთხვევაში, აპირებ თუ არა მათთან შეხვედრას?
– ძალიან მინდა, მამა ვნახო. მე ხომ ის, არც კი მახსოვს. თითქმის თოთო ვიყავი, მას რომ დავშორდი. იმედი მაქვს, მამას არ დავვიწყებივართ და მასაც ენდომება ჩვენი ნახვა. იქნებ, ვინმემ იცნოს მამაჩემი ფოტოზე და გაგვაგებინოს მისი ამბავი. ამის დიდი იმედი მაქვს. შეიძლება, ისიც გვეძებს და ვერ გვპოულობს. პირადად მე, არ მასვენებს ფიქრი, რომ მამა ცოცხალია და გვეძებს.
თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.