კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი ჩუქება აიძულა აფრიკის პრეზიდენტს გია ფარადაშვილმა და როგორ აპირებდა ის შერისთვის ძვირფასეულობის „მოტეხვას”

არაჩვეულებრივი შეგრძნებაა, როცა ზიხარ და ცოცხლად უყურებ კარგ შოუ-პროგრამას, რასაც ქართველები მოკლებულნი ვართ. ორიგინალური ჟანრი თავისებურ ინტერესს იწვევს და მას ყოველთვის ჰყავს მაყურებელი. გია ფარადაშვილს, გამომდინარე იქიდან, რომ სულ მოგზაურობაშია, ჩვენთან ნაკლებად იცნობენ. ის არა მხოლოდ კარგი ილუზიონისტი, არამედ, კარგი მოსაუბრეც არის. ჩვენი ინტერვიუ ყოველთვის მეგობრულ სიტუაციაში, ხუმრობა-ხუმრობაში იწერება.  

 

– ისევე, როგორც ყველა მსახიობს, ილუზიონისტებსაც თავის მაყურებელი ჰყავს და, ბუნებრივია, ვინც აღარ ჩანს თბილისში, მის ფანებს აინტერესებთ, სად არიან, როგორ არიან, წარმატებულები არიან თუ წარუმატებლები... შენსკენ რა ხდება?     

– ახლა ჩემს შვილს ვუმზადებ ძალიან მაგარ პროგრამას,  შევუკვეთე და უკვე ჩამომივიდა. ირაც იწყებს მუშაობას. სცენაზე ვიმუშავებთ მე, ჩემი ცოლი, ბიჭი და ქალიშვილი –  ოჯახური პროგრამა გვექნება. გპირდებით, რომ, ალბათ, მალე ვანახვებ თბილისელებს მაგარ შოუს, ისეთს, ჯერ რომ არ უნახავთ ცხოვრებაში. გახსოვთ, გადაცემა „დროებაში” რომ გავაქრე ქართლის დედა? მაშინ ხალხს შევპირდი, რომ პირველ აპრილს გავაკეთებდი ამ ტრიუკს და გავაკეთე. ეგონათ, რადგან პირველი აპრილი იყო, ვატყუებდი. ბარათაშვილის ხიდზე ვიდექით მე და ირა და იქიდან დავუმზინე. როცა ნახეს, როგორ გაქრა ქართლის დედა, გაოცდნენ. რაც შეეხება ჩემს უცხოეთში ყოფნას, ყველამ იცით, რომ ანტალიაში ვმუშაობ, ცხრა თვე იქით ვარ, დანარჩენი დრო – თბილისში. რომ მომენატრება თბილისი, ჩამოვდივარ, თორემ, იქ კარგი ანაზღაურებაც მაქვს და ყველანაირი პირობა, რომ დავრჩე, მარტო ანტალიაში კი არა, ჰონკონგში, საფრანგეთში, ლას-ვეგასში... აქ როგორ უნდა ვიმუშაო, არც შოუ-ბიზნესია და არც არაფერი. დიდ ასპარეზზე რომ გახვიდე, ჯერ აქედან უნდა წახვიდე, თუ გინდა, რამეს მიაღწიო. 

– გაიხსენე, როგორ იწყებდი ილუზიონისტობას?    

–  ჩემი პირველი ნომერი, რითაც გამოვჩნდი, თევზებისა და თაგვების ფოკუსი იყო. მაშინ მერვე კლასში ვსწავლობდი. მთელი კლასი გიჟდებოდა ჩემზე, რადგან, ძალიან მოუსვენარი ვიყავი და, თუ რაღაცას გავაკეთებდი, ჩათვალე, რომ მთელი კლასი „გულაობდა“. რაღაცას რომ ჩავიდენდი, მერე მასწავლებელი გამომიძახებდა, მე კი დროს ვწელავდი, ვითომ გაკვეთილს ვყვებოდი და ბავშვებს უხაროდათ.  ერთი ფოკუსი მქონდა ნანახი: შუშის ნიჟარაში წყალს ჩაასხამ, თევზებს ჩაყრი, თავსაფარს გადააფარებ და, რომ მოხსნი, თევზები აღარ არიან. გადავწყვიტე, მეც გამეკეთებინა. ჯიბეში წყლით სავსე ცელოფნის პარკი მედო, რომელშიც სამი ოქროსფერი თევზი მყავდა. მთელმა სკოლამ გაიგო, რომ ამას ვაკეთებ, დირექტორმა სხვა სკოლის დირექტორებს გააგებინა – ასეთი და ასეთი ნიჭიერი ბავშვი გვყავსო და შეკრიბა, რომ ენახაო, რას ვაკეთებ. კონცერტი მიდის მუსიკის თანხლებით. დარბაზში ადგილი არ არის, ერთმანეთს მხრებზე ასხედან. გამომიტანეს შუშის ნიჟარა და მაგიდაზე დამიდეს; მოიტანეს ვედრით წყალი და ჩაასხეს.  ჯიბიდან ჩუმად უნდა ამოვიღო წყლით სავსე ცელოფანი, რომ თევზები ჩავყარო. ჩემს ცხოვრებაში პირველად მაშინ შემრცხვა და ვთქვი, ილუზიონისტობა აღარ მინდა-მეთქი, რადგან, ასრიალდნენ ეს თევზები და იატაკზე დაცვივდნენ; ვერ ვიღებდი, ხელიდან მისხლტებოდნენ. მერე, როგორც იქნა, ჩავყარე ნიჟარაში. დირექტორმა ხელი ჩაიქნია – ეჰ, შენგან არაფერი გამოვაო, – და დაიშალნენ.  ჩემი კარიერა თბილისში დაიწყო. 1975 წლიდან დავდივარ უცხოეთში. ფილარმონიაში რომ გავაკეთე კონცერტი, – კოსტიუმი, მუსიკა, რეკვიზიტები, ნომერი – ყველაფერი მაღალ დონეზე მქონდა. მეორე დღეს ქუჩაში ვეღარ გავდიოდი, ისეთი ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდი. ხან სურათის გადასაღებად მაჩერებდნენ, ხან ავტოგრაფისთვის. აი, ეგეთი დრო იყო, გენაცვალე, ყოველთვის ძვირად ღირებული მსახიობი ვიყავი.   

– თავიდან მარტო გამოდიოდი სცენაზე, მერე კი შენი მომავალი მეუღლე, ირა დაიყენე ასისტენტად. როგორ შეეწყვეთ ერთმანეთს სცენაზე და ცხოვრებაში?   

– ირა მოსკოვში იყო ერთ-ერთი ცნობილი, ძლიერი ფოტომოდელი. აქ გავიცანი, თბილისში და, მერე, მოსკოვში რომ წავედით, იქ ჩემს ახლობლებთან დაიწყო ერთ-ერთ დიდ სტუდიაში მუშაობა და საკმაოდ მაღალ საფეხურზეც ავიდა. თავიდან მართლაც მარტო ვმუშაობდი, მერე კი პროგრამა გავაკეთე და ერთად დავიწყეთ გამოსვლები.  

– უცხოეთში, ალბათ, ბევრ ცნობილ მსახიობსა და მომღერალს შეხვედრიხარ სცენაზე.     

– შარშან სცენაზე ენრიკე იგლესიასთან და „ბონდთან” ერთად (ოთხი მევიოლინე გოგო ინგლისიდან) ვიმუშავე.  სტამბულში იყო ძალიან დიდი კონცერტი – „კნაუფის” პრეზენტაცია და იქ გამოვდიოდით. ასევე, „ბონიემთან” ვმუშაობდი, ერთხელ აქაც მყავდა ჩამოყვანილი გასტროლებით; 90-იან წლებში მადონასთან ერთადაც მიმუშავია. ჯეიმს ბრაუნი რომ იყო ჩამოსული, თუ გახსოვთ, ამერიკიდან ჰყავდა ილუზიონისტი, რომელიც 15 წუთი მუშაობდა სცენაზე. ასე რომ, მარტო არ მუშაობენ სოლო კონცერტის დროს. არც ილუზიონისტები და არც მომღერლები.  მაგალითად, „ორერა” რომ მიდიოდა გასტროლებზე, მოსკოვიდან ან ბალეტის ჯგუფთან ერთად მიდიოდნენ, ან – პანტომიმის მსახიობებთან ერთად... მადონასთვის მინახვებია, ფული როგორ ქრება და გაოგნებულა. 

– მაგას ფოკუსი რად უნდა გია – ფული გაქვს და, უცებ, არ გაქვს. ეგ ყველას გამოსდის. მადონა მართლა გაკვირვებული იქნებოდა, უფულობა არ იცის რა არის. იცი რა მაინტერესებს, ილუზიონისტებს განსაზღვრული გაქვთ სცენაზე ყოფნის დრო, რა ასაკამდე შეიძლება ყოფნა თუ ამას მნიშვნელობა არ აქვს?  

– მე ყოველთვის ვცდილობ, სცენაზე არ დავბერდე და კარგად  გამოვიყურებოდე. 56 წლის ვხდები, მეტყობა რამე? თუ გინდა, 16 წლის ბიჭი დამიყენე და ნებისმიერ რაღაცაში ვაჯობებ – ცეკვაში, პანტომიმაში...  

– როცა სცენაზე ხარ, აკვირდები მაყურებელს, მოსწონს თუ არ მოსწონს შენი გამოსვლა?   

– სცენაზე რომ გამოვდივარ, მაყურებელს არ ვუყურებ. ზუსტად 50 წუთი ვარ სცენაზე და ამ 50 წუთის განმავლობაში მთლიანად ჩემს ნომერში ვარ. ახლა ჰონკონგში მიმიწვიეს და არ წავედი, იმიტომ რომ, ძალიან ბევრი კონცერტი მქონდა ზედიზედ და გადავიღალე. ახლა ვისვენებ, ცოტა ხნით აქ რომ ვარ. ამას  წინათ „ცეკვავენ ვარსკვალვებზე” ვიყავი ჩამოსული. ქეთი ხატიაშვილი ჩემთან გამოდიოდა „მის სპორტზე” და მეორე ადგილი აიღო. ლევანს მე გავაყოლე ცოლად. შარდენზე ვიყავით ბარში და ვუთხარი: ლევან, კარგად შეხედე ქეთის. შენ ეს გოგო ცოლად რომ არ მოიყვანო, ქართლის დედასავით გაგაქრობ-მეთქი; მერე ავიღე ლევანის ხელი, ქეთის ხელზე დავადე და ვუთხარი: მორჩა, ცოლ-ქმრად გაცხადებთ-მეთქი. ვისაც დავადე ხელი ყველა ცოლ-ქმარი გახდა; რომელ ქალსაც დავადე ხელი, ყველა დაორსულდა. საერთოდ, ჩვენ, ილუზიონისტები, ძალიან ცოტას ვლაპარაკობთ და ხელებით ვმუშაობთ. 

ქართლის დედის გაქრობას რომ ვაპირებდი, წინა საღამოს რეპეტიცია გავიარე. ჩემი მეუღლე და კიდევ ორი ახლობელი მანქანით ავიყვანე ქანდაკებასთან, თვითონ კი ქვემოთ ჩამოვედი – მინდოდა, ქვემოდან დამენახა, ჩანს თუ არა გამქრალი „სტატუეტკა“. ერთ-ერთ რესტორანთან ვიდექი და ჩემს ცოლს ტელეფონით ველაპარაკებოდი. მაშინ ახალი ჩამოსული ვიყავი უცხოეთიდან და, რომ გამოაცხადეს, გია ფარადაშვილი პირველ აპრილს გამოვა და ქართლის დედას გააქრობსო, არ სჯეროდათ. ეგონათ, გამოვიდოდი და ვიტყოდი: „დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია“. ჩემს ცოლს რომ დავურეკე და ვუთხარი, აბა, მზად ხართ? დავიწყოთ-მეთქი, ზუსტად მაგ მომენტში ორი მთვრალი კაცი სიგარეტს ეწეოდა. მომიახლოვდნენ და გვერდით დამიდგნენ. ზემოთ რომ ვიყურებოდი, ერთ-ერთმა მათგანმაც ზევით აიხედა და კაცი გამოშტერდა: დაინახა, ქართლის დედა იდგა და აღარ დგას. ხელები წაიშინა თავში და მეორეს ეუბნება – შეხედე, ქანდაკება აღარ დგასო. სანამ იმან თავი ასწია, ქანდაკება ისევ გაჩნდა. გაქრობისთვის თხუთმეტი წამი დამჭირდა, გაჩენისთვის – ათი წამი. 

– მერე რა, მე მახსოვს, კოპერფილდმა პირდაპირ  სცენაზე გააქრო უზარმაზარი  თვითმფრინავი.  

– სულ კოპერფილდს იხსენებენ, რატომღაც, თითქოს პირადად შეხვედრიან. პირველად მე ჩამოვიტანე თბილისში კოპერფილდის კასეტა, თვითმფრინავი და ქანდაკება რომ გააქრო, მაგრამ, მაგაზე ძლიერებიც არიან. მაგალითად, ლას-ვეგასში არის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და მდიდარი ილუზიონისტების წყვილი, მეგობრები არიან – ზიფრი და როი, რომლებიც თეთრი ცხოველებით მუშაობენ. ჰყავთ თეთრი სპილო, თეთრი გველი, თეთრი არწივი, თეთრი ვეფხვი და უფრო ლამაზი შოუც აქვთ. ამერიკაში ზიფრისა და როის კონცერტზე ბილეთს ვერ იშოვიდი. ამჟამად გაჩერებულები არიან. თეთრ ლომს ეთამაშებოდნენ, ვეფხვებმა ეს ვერ აიტანეს და დაგლიჯეს. სასტუმრო „მირაჟის“ წინ მათი ვარსკვლავია გახსნილი და „სტატუეტკა“ დგას – შუაში ლომი და აქეთ-იქით ზიფრი და როი. ტურისტები მიდიან და მათ პატივსაცემად ვარსკვლავთან სურათს იღებენ. მეც დავაპირე სურათის გადაღება. გავიხედე და, ვიღაც მაგარი ქალი დგას. ჩემს ძმაკაცს ვუთხარი: ეს ქალი ვიღაცას მაგონებს, მაგრამ, ვერ ვიხსენებ, ვის, მგონი, თბილისში მინახავს-მეთქი. ვიფიქრე, ავიღებ კარტებს, მივალ და გამოვეცნაურები: გამარჯობა, მე გია ფარადაშვილი ვარ, თბილისიდან-მეთქი... რა თბილისი, რის თბილისი, თურმე, შერია. იმ დროს ლას-ვეგასში კონცერტი ჰქონია ერთ-ერთი სასტუმროს – „ცეზარპალასის“ დარბაზში. ჩემი მეგობარი მეუბნება, ნახე ერთი, რა სამკაულები უკეთია, მოდი, მოვხსნათო. რა უნდა მოხსნა, ბი-ჭო, ამას მოხსნი და მერე ჩვენც მოგვხსნიან, საერთოდ აგვაორთქლებენ-მეთქი.

– თქვენთვის, ილუზიონისტებისთვის, ეგ ძნელი არ უნდა იყოს.

– არა, ცხოვრებაში ამას არ ვიყენებ.  ერთხელ თუ გააკეთე, ვეღარ გაჩერდები, თუმცა, ჩემი თითების პატრონს, რაც გამიკეთებია, ალბათ, ესეც კარგად გამომივიდოდა. მსოფლიოში პირველი ვიყავი თანამედროვე ილუზიის ხელოვნებაში, ვინც 1975 წელს „ბონიემის“ სიმღერის – „სანის“ აკომპანემენტით, მფრინავი ჯოხით და არა სასცენო კოსტიუმით, არამედ, თანამედროვე ტანსაცმელში ჩაცმული გამოვედი და დიდხანს მეკავა რეიტინგი ილუზიონისტებს შორის.  ერთადერთი, რაც გამოვიყენე, მაჯიდან საათის მოხსნა იყო. კლუბ „ამირანში“ კონცერტი ტარდებოდა, რომელსაც ბრეჟნევის სიძე ესწრებოდა. ბიჭებმა გადმომილაპარაკეს: ნახე, რა ოქროს საათი უკეთია. შენ თუ ამას მოხსნი, მაგარი იქნებიო. თან, მეორე მხრიდან მაფრთხილებდნენ: არ გაბედო, მერე ჩვენ აგვაორთქლებენ; ანდა, მოხსენი და ისევ ჩუმად გაუკეთეო. მე ვუთხარი: ვისაც მოვხსნი, მერე ვეღარ გავუკეთებ. შემიძლია, ჯიბიდან ამოვიღო და ვკითხო: – ეს თქვენი საათია-მეთქი? მაინც მოვხსენი და კარგა ხანს ვფიქრობდი, მიმეცა თუ არა. ერთხელ აფრიკის პრეზიდენტს მოვხსენი საათი. ნოდარ ვაშაძე (გრიგოლ ვაშაძის მამა) იყო ჩვენთან ერთად დელეგაციაში. ყველაზე მაგარ გაზეთებში ჩვენი სურათები იყო გამოქვეყნებული სათაურით „ქართველმა ლაწირაკმა ბიჭმა ჩვენს პრეზიდენტს საათი მოხსნა”. ვაშაძე მიყურებს გაოცებული და ჩუმად გადმომილაპარაკა – ახლავე დაუბრუნეო. მერე მითხრა, თუ ამას მოხსენი, მაშინ, გუბერნატორსაც მოხსენიო. ისეთი სიცილი ატყდა დარბაზში... მერე ადგა პრეზიდენტი და გადამეხვია. თუ გინდა, ეს საათი ჩემგან საჩუქრად გქონდესო. უარი ვუთხარი, რადგან, გვერდზე საელჩოს წარმომადგენლები ისხდნენ და თვალებით მანიშნეს, დაუბრუნეო. ახლა ძალიან მოდაშია ფოკუსები იუმორით და, კიდევ, ახალი რაღაც შემოვიღე: თვითონ აღარ ვაკეთებ არაფერს, მაყურებელი ამომყავს სცენაზე და მას ვაკეთებინებ, იმიტომ რომ, ოცდამეერთე საუკუნეა და ვერავის ვერაფრით ვეღარ გააოცებ. 

– ერთხელ, მგონი, თვითონ გაქრი სცენაზე. 

– დასავლეთში ვიყავი, კონცერტი მქონდა. სცენაზე ლაკი იყო წასმული და ფეხი სრიალებდა; თან, დაქანება იყო და სუფლიორის ორმოს თავი ჰქონდა მომძვრალი. განათება ისე მჭრიდა თვალს, რომ ვერ დავინახე და იმ ორმოში ჩავვარდი. არადა, ახალი დამთავრებული მაქვს სკოლა, 17 წლის ბიჭი ვარ, მიხარია, რომ კონცერტს ვატარებ, ჭკუაზე არ ვარ... დავამთავრე ნომერი, ტაშია და, უცებ, ეს შენი გია აღარ არის. მაყურებელი გაოცდა, სიჩუმე ჩამოვარდა, მერე ფეხზე წამოდგნენ, ტაშს უკრავენ და „ბრავოს“ ყვირიან. რა დროს ბრავოა-მეთქი, ვფიქრობ. გამწარებული სადღაც ვაგდივარ, ხელი მოვიტეხე და სიმწრისგან არ ვიცი, რა ვქნა, ხმასაც ვერ ვიღებ. ნელ-ნელა თავი ამოვყავი და ჩემთვის ჩავილაპარაკე: „ვაიმე, დედა!“ დაინახეს, რომ თავი ლაპარაკობს და, იფიქრეს, ესეც, ალბათ, რაღაც ფინალური სცენააო და უფრო მეტად უკრავენ ტაშს. სცენა ძალიან მაღალზე იყო და ხალხმა კარგად ვერ დაინახა, სინამდვილეში რა მოხდა.

 

скачать dle 11.3